№47 მოქმედებს თუ არა მაჯის საათი ადამიანის ხასიათზე
ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი
დღეს, როცა ცხოვრება ასე აჩქარდა, ინფორმაციის უზარმაზარ ნაკადში, ერთი ადგილიდან მეორეზე ან სულაც სხვა ქვეყანაში სწრაფი გადაადგილებისა და მუდმივი დაძაბულობის პირობებში, დროის კონტროლი გარდაუვალი გახდა. ბევრი ამისთვის მობილურ მოწყობილობებსა თუ სხვა გაჯეტებს იყენებს, მაგრამ უმრავლესობა მაინც მაჯის საათს ანიჭებს უპირატესობას. როცა საქმე დროს ეხება, ციფრულ მოწყობილობებზე მეტად, საათი მაინც ყველაზე სანდო პარტნიორია – პატარა ერთგული მეგობარი, რომელიც სულ შენთანაა. თან, როგორც მოდური აქსესუარი, ზოგჯერ გავლენისა და ღირსების მანიშნებელიც კია „ძლიერთა ამა ქვეყნისათა“. ამ ყველაფერთან ერთად, ექსტრასენსთა მტკიცებით, მაჯის საათი დამცავი თილისმაცაა, თუ, რა თქმა უნდა, სწორად შეარჩევთ. მისი დახმარებით საკუთარი ბედის კორექტირებაც კი შეგიძლიათ. მაგრამ, ხომ არ ავნებს ის ჩვენს ორგანიზმს? ამ კითხვაზე და ყველა დანარჩენზეც პასუხს გაგვცემს ეზოთერიკოსი, ბატონი ლადო მ.
– მოსაზრებები იმის თაობაზე, თუ რა გავლენას ახდენს მაჯის საათი ადამიანზე, სხვადასხვაგვარია. მაგალითად, არსებობს ლეგენდა, რომ საათი გრძნობს ადამიანის ბიოველს. ამ შემთხვევაში ლაპარაკია არა საათის ადამიანზე გავლენის შესახებ, არამედ – პირიქით. ხშირია, როცა მაჯის საათი მუდმივად ჩამორჩება ან პირიქით – წინ მიდის. პატრონი ამაში, ძირითადად, საათის მწარმოებელს ადანაშაულებს, მაგრამ ექსტრასენსები სულ სხვაგვარად ხსნიან ამ ფაქტს: საათი ადამიანის ბიოველს ექვემდებარება და თუ გავლენა ნამდვილად ძლიერია, შეიძლება, მექანიზმიც კი გააჩეროსო. ასეთი ენერგეტიკის ადამიანს, აზრებისა და ემოციების საშუალებით, დამანგრეველი ეფექტის გამოწვევაც კი შეუძლია და საათის მექანიზმზე რომ იმოქმედოს, რა გასაკვირია?!
– მაგრამ თვითონ საათი არ მოქმედებს ადამიანზე?
– როცა საათს მაჯაზე მუდმივად ატარებ, შეიძლება, სპეციალური ენერგეტიკული წერტილების საშუალებით შენზეც იმოქმედოს, რასაც ექსტრასენსები ასე ხსნიან: ადამიანს მარცხენა მაჯაზე აქვს სამი განსაკუთრებული წერტილი, რომლის საშუალებითაც რეგულირდება მისი სასიცოცხლო ბალანსი. საათი კი მას ლითონის ელემენტებით არღვევს. ამიტომ, თუ მუდმივად შინაგანი „დანგრევის“ შეგრძნება გაქვთ, მაჯის საათი მარჯვენა ხელზე გადაიტანეთ. ამ თეორიის ავტორებს არგუმენტად რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მაგალითი მოჰყავთ, რომელიც საათს ყოველთვის მარჯვენა ხელზე ატარებს. სხვათა შორის, საათის მწარმოებელმა ფირმებმაც გაითვალისწინეს ეს და გადაწყვიტეს, ხარვეზი გამოესწორებინათ – უახლესი ტექნოლოგიებით ისეთი მოწყობილობა შეიმუშავეს, რომელიც დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე. მისი მექანიზმის რიტმი დედამიწის ბუნებრივ სიხშირეს ეფუძნება, რომელიც სრულ ჰარმონიაშია ადამიანის სიხშირესთან. გამოგონება ამ ენერგიის ერთგვარი მინი გენერატორია და პატრონის ძილის ნორმალიზებასა და გუნება-განწყობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. იშვიათ შემთხვევაში კი, ორგანიზმის განახლების ბატარეაცაა. შეიძლება თუ არა ასეთი სასწაულმოქმედი გამოგონების ნდობა, არჩევანი თქვენზე მოგვინდია.
მეცნიერებიც დაინტერესდნენ, თუ რა გავლენას ახდენს მაჯაზე გაკეთებული საათი ადამიანის ბიორიტმზე ანუ მის შინაგან საათზე და სათანადო ექსპერიმეტების შემდეგ, მივიდნენ დასკვნამდე: ორგანიზმის ბიოლოგიური საათი ექვემდებარება დროის გარეგან ათვლას და მისთვის უფრო მნიშვნელოვანია, რასაც ტვინი აღიქვამს ამ შემთხვევაში – ციფერბლატზე. ასე რომ, საათს შეუძლია, განგვისაზღვროს არა მხოლოდ ცხოვრების რიტმი, არამედ ორგანიზმის რიტმიც და უფრო მეტიც, მოატყუოს ბიოლოგიური საათი.
– საათის ფორმასა და ზომასაც ხომ აქვს მაგიური გავლენა პატრონზე?
– ზემოხსენებულზე არანაკლები მნიშვნელობა აქვს საათის ფორმასა და ზომას. ხალხური გადმოცემებისა და მინიშნებების გარდა, ეზოთერიკოსებსაც მიაჩნიათ, რომ ეს ყველაფერი ადამიანის კარმაზე ახდენს გავლენას. ამიტომ, აუცილებელია, იცოდეთ, როგორ მოექცეთ ამ ნივთს და დაუჯეროთ მინიშნებებს, რომელსაც შეუძლია, ბედს გწიოთ. საათის ფორმა ადამიანის ქცვის მანერასა და ხასიათზე მოქმედებს. დავიწყოთ კვადრატული ფორმის მაჯის საათით და გეტყვით, რომ ის უნდა ატაროს თავქარიანმა და არაორგანიზებულმა პირმა, რომელსაც ბევრ რამეში უშლის ხელს თავისი ხასიათი. მაშინ საათი იქცევა თილისმად და უფრო სერიოზულსა და მოწესრიგებულს გახდის პატრონს. რომბის ფორმის საათი სულიერ წონასწორობასა და სიმშვიდეს დაგიმკვიდრებთ, ოღონდ არ გაიკეთოთ სამსახურთან დაკავშირებული სერიოზული საკითხების გადაწყვეტისა და აქტიური მოქმედებისას. მრგვალ საათს თუ კონსერვატორი, ცრურწმენების ტყვეობაში მყოფი ადამიანი ატარებს, უფრო მომთმენი გახდება და ზედმეტ კრიტიკასაც თავს დაანებებს. ოვალური საათი მათთვისაა, ვისაც ხალხთან კონტაქტი და მათი კეთილგანწყობის მოპოვება უჭირს. თუ სამსახურში დაწინაურება გინდათ, მაგრამ ხელმძღვანელი ვერ ამჩნევს თქვენს პროფესიონალიზმს, ეს საათი ნამდვილ მხსნელად მოგევლინებათ და თქვენს დიპლომატიურ მონაცემებს გაააქტიურებს. სამკუთხედი საათი ლიდერთა ხვედრია, რადგან თავდაჯერებას, სიმტკიცესა და თვითშეფასებას აგიმაღლებთ, თუმცა დიდხანსაც ნუ ატარებთ, თორემ ზედმეტი თავდაჯერება შეიძლება ამპარტავნებასა და პატივმოყვარეობაში გადაიზარდოს. ექვსკუთხა საათი აძლიერებს ინტუიციას და უფრო გამჭრიახს გაგხდით, რაც ახალი იდეების დაბადებას შეუწყობს ხელს. ამიტომ ის შემოქმედი, ხელოვანი ადამიანების წილია, რადგან ჰარმონიას უქმნის საკუთარ თავსაც და გარე სამყაროსაც. არის უცნაური ფორმის საათებიც, რომელიც ისეთ ადამიანს შეეფერება, ვინც დაგეგმილ, სტაბილურ ცხოვრებას ვერ იტანს. ასეთი საათის პატრონს მუდმივი ცვლილებები და მოულოდნელი სიტუაციები არ მოაკლდება, თუმცა ცვლილებები და სიურპრიზები ყოველთვის როდია სასიკეთო. ამიტომ, ყველაფერს მომზადებული უნდა დახვდეთ.
– ყველამ იცის, რომ საათის ჩუქება ცუდის ნიშანია...
– მართლაც ასეა. მაგალითად, ქორწილში მისი საჩუქრად მიტანა ახალდაქარწინებულებს მალევე გაყრას უქადის; დაბადების დღეზე კი – ნათქვამია, იმწუთიდან იწყებს დროის ათვლას პატრონის სიკვდილამდეო. ღირს კი, ასეთი საჩუქრის მიღება? – მხოლოდ მაშინ, თუ მჩუქნელს სანაცვლოდ მონეტას მისცემთ: საათი დაკარგავს ნეგატიური გავლენის უნარს. მემკვიდრეოიბით მიღებული საათი ძლიერდამცავი თილისმაა და აუცილებლად გწევთ ბედს. მასში დაგროვილი წინაპართა ენერგია პატრონს ჯადოსა და გათვალვისგან იცავს.