№47 სტალინმა არნახული პროტესტის მიუხედავად ბერიას კანდიდატურა გაიტანა
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

ძველი ბოლშევიკი, სტალინის განუყრელი მეგობარი რევოლუციურ-იატაკქვეშა საქმიანობაში, ფილიპე მახარაძე იხსენებდა: „1931 წლის ოქტომბერში მოსკოვში ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის ხელმძღვანელთა სხდომა მიმდინარეობდა, რომელსაც მეც ვესწრებოდი. დელეგაციის ხელმძღვანელი კი ლავრენტი ქართველიშვილი იყო. სტალინმა დამსწრეებს თავის გამოსვლაში სამხარეო კომიტეტის პირველი მდივნის პოსტზე ლავრენტი ქართველიშვილის, მის მოადგილედ კი ლავრენტი ბერიას კანდიდატურა შესთავაზა. თავად ბერია ამ შეკრებას არ ესწრებოდა და თბილისში იმყოფებოდა. სტალინს სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ ლავრენტი ქართველიშვილი ადგილიდან წამოიჭრა და სტალინს, ფაქტობრივად, დაუყვირა.
– კობა, იცოდე, რომ მე მაგ გაიძვერასთან არ ვიმუშავებო.
სტალინმა მშვიდად მიუგო.
– კარგი. ეგ საკითხი გადავდოთ და მოგვიანებით დავუბრუნდეთო.
მოგვიანებით სტალინმა მთელი დელეგაცია თავის კაბინეტში მიგვიწვია, სულ თორმეტნი ვიყავით და ლავრენტი ქართველიშვილმა მას უთხრა:
– ბერია „ჩეკისტია“. მკაცრი, სასტიკი ადამიანი, თანაც, ჩვენსავით ძველი პარტიული არაა. მას შეუძლია, საშინლად დასაჯოს დისციპლინის მცირე დამრღვევი. ერთი სიტყვით, მე და ჩემები უარს ვაცხადებთ მასთან მუშაობაზეო.
ქართველიშვილს, ჩემ გარდა, კიდევ ათი ადამიანი დაეთანხმა. სტალინმა მე მკითხა:
– რას იტყვი, ფილიპე, ბერია მართლაც შეუფერებელია იმ თანამდებობისთვის, რაზეც მინდა, დავნიშნო, თუ ლავრენტი (ქართველიშვილი) ჯოხის გადაღუნვას ცდილობს და არ იცის, რომ გატეხავს?
– კობა, ბერია ძალიან ნიჭიერი, საქმიანი ადამიანია. მკაცრი კი არის, მაგრამ ახლა ასეთი დროა და გასაკვირი არაფერია, – ვთქვი მე.
– გესმის, ლავრენტი, რას ამბობს ფილიპე? – უთხრა სტალინმა ქართველიშვილს. შემდეგ დანარჩნენებსაც შეავლო თვალი და დაამატა, – ტყუილად ცდილობ მის გაშვებას.
– კობა! მე... ჩვენ მასთან არ ვიმუშავებთ, – გაიმეორა ქართველიშვილმა.
სტალინმა ჩიბუხი გააბოლა, კაბინეტში გაიარ-გამოიარა, შემდეგ შედგა და ქართველიშვილს უთხრა:
– შენ ისე იქცევი... უფრო სწორად, თქვენ, გარდა ფილიპესი, როგორც მაფიოზები და თქვენს წრეში ბერიას შეშვება არ გინდათ, რადგან უცხოდ მიგაჩნიათ. არ იმუშავებ და ნუ იმუშავებ. მაშინ საქართველოსთან გამომშვიდობება მოგიწევს და შორეული აღმოსავლეთის საოლქო პარტორგანიზაციაში გაგამწესებთ.
სტალინის კაბინეტიდან რომ გამოვდიოდით, ლავრენტი ქართველიშვილმა მოღალატე მიწოდა და მითხრა: შენთან მეგობრობას ვწყვეტ და ბერიასთან იმეგობრეო. მე მისთვის არაფერი მითქვამს, რადგან ძალიან აღელვებული იყო და აღარ გავაღიზიანე. ბერიას დაწინაურებამ კი არნახული შედეგი გამოიღო. ამას ვერც მე წარმოვიდგენდი და მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სტალინს კადრების შერჩევაში ბადალი არ ჰყავდა და ლავრენტი ბერია სტალინის კადრებს შორის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი იყო...“
სტალინი ბერიას ყველგან იცავდა და მეუღლეს, ნადეჟდა ალილუევასაც კი წაეჩხუბა ამის გამო. სტალინის ქალიშვილი, სვეტლანა წერდა: „დედა ბერიას ვერ იტანდა და ამას მამას ეუბნებოდა. ურჩევდა მას, რომ თავიდან მოეშორებინა. მამა კი ყოველთვის ხუმრობით ცდილობდა დედაჩემის თავიდან მოშორებას, ძალიან უყვარდა და არ უნდოდა, ეწყენინებინა, ამიტომ ასეთ დროს ღიმილით ეუბნებოდა:
– ნადიუშა, ბერია ძვირფასი კადრია და მოდი, ამაზე ნუ ვიდავებთო.
დედა ხელს ჩაიქნევდა ხოლმე და ჩუმდებოდა. ერთხელ კი ასე აღარ მოქცეულა და მამას შეუტია.:
– სერგოს ძმა (ორჯონიკიძის) პაპულია დაიჭირა და დახვრიტა. ნაძირალაა, გეუბნები და მოიშორე.
მამას ღიმილი გაუქრა სახეზე, მაგრამ თავი შეიკავა. ხმისთვისაც კი არ აუწევია ისე უპასუხა:
– პაპულია მავნებელი იყო და რაც მიიღო, დაიმსახურა. თუ არ გჯერა, მაშინ მის ძმას, სერგოს (ორჯონიკიძე) ჰკითხე. შენ კი გირჩევ, რომ ჩვენს საქმეებში არ ჩაერიო და ჭორების მოსმენასა და გავრცელებას მოეშვი!
მამა სწრაფი ნაბიჯით გაეცალა ატირებულ ნადიას, რომელიც ვერ მშვიდდებოდა.“
არსებობს ჯერჯერობით დოკუმენტურად დაუდასტურებელი აზრი, რომ სტალინმა ბერია თბილისიდან ჩამოიყვანა, თავის კაბინეტში იხმო და თორმეტი საათის განმავლობაში ესაუბრა, რის შემდეგ საქართველოს ხელმძღვანელის პოსტი ჩააბარა. ამ ვერსიის ავტორი, როი მედვედევი ამტკიცებს, რომ სტალინმა ბერიას ამ საუბრის დროს ყველა თავისი სტრატეგიული გეგმა გაანდო და უღალატო გვერდში დადგომა სთხოვა, რაც ფაქტობრივად, ასეც მოხდა.“