№47 რა უნდა ვიცოდეთ ჩუტყვავილას შესახებ
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
ჩუტყვავილა ბავშვთა ასაკის მწვავე ვირუსული დაავადებაა. ავადმყოფი ადამიანი ვირუსს გამოყოფს ხველის, ცემინების დროს და ინფექციის წყაროს წარმოადგენს. ვირუსი გარემოში უმალვე იღუპება, ამიტომ ავადმყოფის ნივთებითა და მესამე პირით ინფექცია არ ვრცელდება. ჩუტყვავილას გადატანის შემდეგ ყალიბდება მყარი იმუნიტეტი და განმეორებითი დაავადების შემთხვევები არ გვხვდება. ადამიანი, რომელსაც ბავშვობაში ჩუტყვავილა არ გადაუტანია, ნებისმიერ ასაკში შეიძლება, დაავადდეს
ათიდან ცხრა დაავადებული 10 წლამდე ასაკის ბავშვია. 2-3 თვის პატარები დედისგან მიღებული პასიური იმუნიტეტის წყალობით ამ ინფექციისგან, ფაქტობრივად, დაზღვეული არიან. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ნაყოფს პასიური იმუნიტეტი არ გადაეცემა. ასეთ დროს ის ტრანსპლაცენტური გზით ინფიცირდება. მოსალოდნელია ახალშობილის დაავადებაც, თუ დედამ ორსულობის უკანასკნელ პერიოდში ავადმყოფობა გადაიტანა.
ფარული პერიოდი 13-14 დღეა. დაავადება იწყება ტემპერატურის მომატებით 37,5-38 გრადუსამდე, მადის დაქვეითებით, საერთო მოდუნებით. პირველ დღესვე კანზე ჩნდება კვანძოვანი გამონაყარი, რომელიც ძლიერ სწრაფად სითხით სავსე ბუშტუკებად იქცევა. შემდეგ სითხე შეიმღვრევა და ზოგჯერ ჩირქდება კიდეც. საბოლოოდ კი შრება და ქერქად გადაიქცევა. გამონაყარი, ძირითადად, პირსახიდან და გულმკერდიდან იწყება, შემდეგ თავის თმიან ნაწილებშიც ჩნდება. ყოველ ახალ გამონაყარზე ტემპერატურა მატულობს და ავადმყოფის მდგომარეობაც უარესდება. ჩუტყვავილა, ძირითადად, მსუბუქად მიმდინარეობს და 10-12 დღეში სრული განკურნებით მთავრდება.
გავრცელებული შეხედულება, თითქოს, ჩუტყვავილით დაავადებულის ბანაობა არ შეიძლება, არასწორია. პირიქით, ჰიგიენის ნორმები ამ დროს განსაკუთრებით უნდა დავიცვათ. ბანაობაც შესაძლებელია, ოღონდ ღრუბლის გარეშე, იმ საპნით, რომელსაც იქამდეც იყენებდნენ.
ჩუტყვავილა თვითგანკურნებადი დაავადებაა, მაქსიმალურად უნდა დავიცვათ კანის სისუფთავე, რადგან კანის დაზიანებული ზედაპირებიდან ორგანიზმში ინფექცია არ შევიდეს. ექიმების რეკომენდაციით, ბავშვებს უნდა დავაჭრათ ფრჩხილები, რათა ავიცილოთ თავიდან ქავილისას დამატებითი ინფექციის გავრცელება.
ჩუტყვავილის ვირუსი ძალიან ადვილად კვდება განიავებითა და გარემოს სველი წესით დამუშავებით.
ძალიან მაღალია სხვა ადამიანების დასნებოვნების რისკი იმ ადგილებში, სადაც ჩუტყვავილა დაფიქსირდა. თუ ისეთ გარემოში ბავშვი მოხვდა, სადაც ჩუტყვავილით დაინფიცირებულიც იმყოფებოდა, მაგრამ მას ჯერ არ აქვს გამონაყარი, პრევენციისთვის სასურველია, 72 საათის განმავლობაში ჩატარდეს ვაქცინაცია.
ინფექცია გადამდებია პირველი გამონაყრის გაჩენამდე 1-2 დღე-ღამის განმავლობაში და 3-7 დღე მისი გაქრობის შემდეგ. როდესაც უკანასკნელი გამონაყარი ფუფხად იქცევა, ავადმყოფი საშიში აღარ არის – ფუფხი ვირუსს არ შეიცავს. ეს კი დაახლოებით 2-3-კვირიანი პერიოდია.