№47 რატომ არის დასაშვები ღალატი მხოლოდ კაცებისთვის და რით არიან ისინი მოღალატე ქალებზე უკეთესები
ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე
მოღალატე ქალი – ბევრისთვის ფრაზაც კი არასასიამოვნო მოსასმენია, მაშინ, როცა მამაკაცის ღალატი ყურს არავის ჭრის. ზოგადად, ღალატი მისაღები არავისთვისაა, აქ სქესი არაფერ შუაშია. ცუდია, რომ ჩვენს საზოგადოებას სტერეოტიპული დამოკიდებულება აქვს. რაღაც ნაწილს ვერც წარმოუდგენია მოღალატე ქალი, თან, ქართველი. მათთვის ეს ბევრად დიდი პრობლემაა, ვიდრე, უბრალოდ, ორგულობის ფაქტი მეუღლის მიმართ. ჩვენს ქვეყანაში ღალატი მხოლოდ მამაკაცებისთვისაა დასაშვები. აქ კაცები ფიქრობენ, რომ თუ ცოლებთან კარგი სექსი არ აქვთ (რაც ხშირად მათივე ბრალია), თუ მეუღლეები აღარ იზიდავთ ან, უბრალოდ, მრავალფეროვნება მოენატრათ – ფიზიოლოგია აძლევთ უფლებას, საყვარლები ჰყავდეთ ან, თუნდაც, უბრალოდ, გართობის მიზნით დაიწყონ ურთიერთობა რამდენიმე ქალთან ერთად. ალბათ, დროა ღალატს გენდერული შინაარსი მოვხსნათ და მოცემულობად განვიხილოთ: ან ქალს და კაცს, ორივეს, თანაბრად უნდა ეპატიოს ღალატი, ან შევთანხმდეთ, რომ ეს დანაშაულია.
ნინი (31 წლის): მოღალატე კაცებს ან, უბრალოდ, თუნდაც, ერთგულ მეუღლეებს, მაგრამ სტერეოტიპებში ჩარჩენილებს მინდა, ვკითხო – არ დაფიქრებულხართ, რომ შესაძლოა, ცოლსაც დიდად არ მოსწონს თქვენთან ცხოვრება? იქნებ, ისინი უფრო მეტს ელოდებიან... დიახ, ცოლებზეა საუბარი, მით უმეტეს, ერთგულ ცოლებზე. იცით, რომ დროთა განმავლობაში მათ მიმართ თქვენი განელებული ვნება, სექსუალური ცხოვრების გაუფერულება, ახალ შეგრძნებებზე უარის თქმა ქალის ფსიქიკაზე ძალიან ცუდად მოქმედებს? ოდესმე გიფიქრიათ, თუნდაც სამი-ოთხი წლის თანაცხოვრების შემდეგ, რა უნდათ თქვენს ცოლებს? არიან კი საერთოდ ბედნიერები თქვენ გვერდით? ხართ მათთვის ისევ ის მიმზიდველი, სიმპათიური და ძლიერი მამაკაცი, რომლის გამოც წლების წინ გულები უჩქარდებოდათ და მუხლები უკანკალებდათ? თუ მხოლოდ იმიტომ არ მიდიან თქვენგან, რომ „ოჯახი არ დაინგრეს“, რომ „ბავშვს მამა ჰყავდეს“, იმის გამო, რომ ეცოდებით და ასე შემდეგ...
– სერიოზული განაცხადია. მით უმეტეს, რომ ეს ზოგჯერ სამწუხარო რეალობაა.
– ზოგჯერ არა, ხშირად. რატომ არ ფიქრობენ ქმრები, რომ გაუთავებელი ჩხუბით, შეურაცხყოფითა და წყენით მიყენებული სულიერი ტრავმები ქალების ფიზიკურ მოთხოვნილებებზეც მოქმედებს და მათ, უბრალოდ, სურვილი აღარ უჩნდებათ, თქვენთან „სარეცელი გაიყონ“. ვერც მთელი დღე ჭურჭლის რეცხვა და ხეხვა-დალაგებაა ინტიმური განწყობის მოტივატორი, მით უმეტეს მაშინ, როცა თავს აღარ იკლავთ და მეუღლის სიამოვნება დიდი ხანია, თქვენთვის პრიორიტეტი აღარაა.
– ანუ ცოლებს სხვა პრიორიტეტები უჩნდებათ, როცა მათი ქმართან ურთიერთობა ჩიხში შედის?
– დიახ. უფრო სწორად, შეიძლება, გამოჩნდეს სხვა მამაკაცი. მინდა, თქვენი ჟურნალის საშუალებით მივმართო მოღალატე და თავდაჯერებულ ქმრებს: ბატონებო, რატომ ხართ ასეთი დარწმუნებულები, რომ ცოლები ამას არ „იკადრებენ“, თან, მაშინ, როცა თქვენ თვითონ ძალიან ხშირად სახლიდან მოშორებით იკმაყოფილებთ სურვილებს. და ის ფაქტი, რომ არ იცით, არ გესმით და ვერ ხედავთ, არაფერს ნიშნავს... დიახ, მამაკაცებო, ჩვენ უფრო ჭკვიანები ვართ, ვიდრე თქვენ, ჩვენ უფრო შეგვიძლია ვაკონრტოლოთ სიტუაცია, ვიდრე თქვენ და ზოგადად, ადამიანს თუ უნდა ღალატი, ქალი იქნება ის თუ კაცი, აუცილებლად უღალატებს. დაფიქრდით, რატომ უჩნდება ქალს ღალატის სურვილი.
ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, შეიცვალოს ქმრის დამოკიდებულება ცოლის მიმართ. უღელში შებმის შემდეგ მამაკაცები იცვლებიან და ცოლებს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. არავინ შემედავოს ამაზე. დააკვირდით საკუთარ ქმრებს, ისეთები არიან, როგორებიც შეყვარებულობისას იყვნენ? ამას დამატეთ დაუფასებლობა ქმრის მხრიდან. ხვდებით, ხომ, რაზეც ვსაუბრობ. როდესაც ქალები ცდილობენ ოჯახის შენარჩუნებას, ქმრებთან დალაპარაკებას, პრობლემების მოგვარებას, ურთიერთობის გახალისებასა და გაფერადებას, მაგრამ საპასუხოდ უარყოფით, ხშირად კი აგრესიულ დამოკიდებულებას აწყდებიან, დამერწმუნეთ, ასეთ დროს ქმართან ერთ ლოგინში დაწოლის სურვილი ვერაფრით გექნება. იცოდეთ, თქვენთან თქვენი მეუღლეები მხოლოდ იმიტომ რჩებიან, რომ ეცოდებით. ვიცი, არ გსიამოვნებით ამის მოსმენა, მაგრამ ზოგჯერ სიმართლე მწარეა ხოლმე.
უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენი ერთხელ ნათქვამი უხეში სიტყვაც კი ქალებს ძალიან დიდხანს ახსოვთ და იმაზე მეტად სტკენთ გულს, ვიდრე წარმოგიდგენიათ. დაფიქრდით, რა მოხდება, ერთ დღესაც, თქვენთან ჩხუბით და დაულაგებელი ურთიერთობის გამო დაღლილმა ცოლმა რომ გაბედოს და სხვას შეხვდეს. თანაც, ის სხვა თქვენზე სიმპათიური, ძლიერი, სექსუალური, თბილი, ყურადღებიანი პარტნიორი აღმოჩნდეს...
მერწმუნეთ, ქალი, რომელმაც ქმარს უღალატა, სულაც არ არის ურჩხული. მისი საქციელის პროვოცირება თქვენ მოახდინეთ. ნუ ეთამაშებით ცეცხლს, ნუ ცდით ცოლების მოთმინებას. გაუგეთ, დაელაპარაკეთ, ასიამოვნეთ, მიაქციეთ ყურადღება, გაამრავალფეროვნეთ ურთიერთობა. ნუ მისცემთ მიზეზს საყვარელ ქალს, სხვაზე იფიქროს მაშინ, როცა თქვენ გვერდით წევს.