№47 რის სანაცვლოდ დათანხმდა საქართველო ევროკავშირს, უარი თქვას ენერგომატარებლების ტრანზიტის საფასურზე ევროპელების სასარგებლოდ
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
2016 წელს საქართველო ევროპის ენერგეტიკული კავშირის წევრი გახდა, ამჟამად კი საქართველოს პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ, რომელშიც ასახულია ზემონახსენებ კავშირში გაწევრიანებისას აღებული ვალდებულებები. კერძოდ, ის, რომ საქართველო, ფაქტობრივად, უარს ამბობს, აიღოს მის ტერიტორიაზე განხორციელებული ტრანზიტის საფასური. რატომ მიიღო ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება, რატომაა გასუსული ოპოზიცია და როგორ დგება კითხვის ნიშნის ქვეშ ენერგომატარებლების ტრანზიტით მიღებულ შემოსავალზე დამყარებული დიდი ფინანსური იმედები. ამ საკითხში ენერგოომბუდსმენი დავით ებრალიძე გაგვარკვევს.
– ჩვენ საერთაშორისო მილსადენებიდან, რომელიც საქართველოზე გადის, უფასოდ ვიღებთ გატარებული გაზის 5 პროცენტს, ხოლო კიდევ 10 პროცენტს – შეღავათიან ფასად, რაც განაპირობებს ჩვენთან გაზის ტარიფის მეტ-ნაკლებ სიმცირეს, იმას გარდა, რომ ჩვენ ვიღებთ ტრანზიტის საფასურსაც. რატომ გავხდით იძულებულები, ხელი მოგვეწერა ჩვენთვის ეკონომიკურად წამგებიან შეთანხმებაზე, თუნდაც, ევროპასთან?
– თუ ჩვენ ოდესმე გავხდებით ევროკავშირის წევრი, ავტომატურადვე გავხდებოდით ევროპის ენერგეტიკული კავშირის წევრიც, რადგან ერთიანი კავშირი იქნებოდა. ენერგეტიკული კავშირი კი გულისხმობს, რომ ამ სივრცის შიგნით ენერგია ყოველგვარი ბარიერებისა და ზედმეტი გადასახადების გარეშე უნდა გადადიოდეს ერთი ქვეყნიდან მეორეში. არ უნდა არსებობდეს შემაფერხებელი ფაქტორები იმისთვის, რომ ენერგია ევროპის ყველა ქვეყნის მომხმარებლისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს. მაგრამ, როდესაც ჩვენ არ ვართ ევროკავშირის წევრი, გაუგებარია, რატომ ვიჩქარეთ და რატომ იყო ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი. ევროპისთვის რატომაა მნიშვნელოვანი, გასაგებია: მას აქვს თავისი ენერგეტიკული სტრატეგია და თვლის, როგორ უნდა მიიღოს ენერგია სხვა ქვეყნებიდან და ენერგიის მიღების ერთ-ერთი გზაა კავკასიის რეგიონი. აქ იგულისხმება როგორც ელექტროენერგია, ისე ბუნებრივი აირი. მათი ენერგოსტრატეგია გულისხმობს, რომ ამ გზით ენერგომატარებლები მიიღონ, რაც შეიძლება, იაფად და ტრანსპორტირების ხარჯი იყოს მინიმალური, რაც არის ენერგომატარებლების სიიაფის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი. ცხადია, ამ პოლიტიკას ევროკავშირი ავრცელებს და ამის გამოძახილია, როდესაც სხვა მეზობლებს, მათ შორის, საქართველოს სთხოვს, რომ გაწევრიანდნენ ამ ენერგეტიკულ კავშირში.
– ვთქვათ, მივაწვდი სატრანზიტო გადასახადის გარეშე ან მინიმალური გადასახადით, ანუ ვიზარალებ, მაგრამ ის რას მომცემს სამაგიეროდ? ევროკავშირის ქვეყნები გასაგებია, ყველა ხეირობს ამით, იმიტომ რომ მიმოცვლა აქვთ.
– ლაპარაკია იმაზე, რომ გადასახადები ტრანზიტზე არ უნდა იყოს განსხვავებული ევროპის ენერგეტიკული კავშირის ქვეყნებს შორის.
– ანუ, რა ფასადაც მე მომაწვდის თბილისში ელექტროენერგიას ან გაზს ჩვენი შიდა ქსელი, ჩვენც იმავე ფასად უნდა მივაწოდოთ ევროკავშირს ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი, რომელიც გაივლის ჩვენს ტერიტორიას?
– საქართველოში არსებული მილსადენებიდან ან გადამცემი ხაზებიდან მიწოდებულ ენერგომატარებლებზე მიწოდების გადასახადი უნდა იყოს იგივე, რაც შიდა გადასახადია. სწორედ აქ ისმის კითხვები: რის სანაცვლოდ დავთანხმდით ამას ჩვენ. რა პირობები დადო ევროპამ, რომ ჩვენ ასე უაპელაციოდ შევუერთდით ევროპის ენერგეტიკულ კავშირს მანამ, სანამ გავხდით ევროკავშირის წევრები?! პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების მოსმენებზე ეს არ ჩანდა, ამიტომ ვერ ვიმარჩიელებ. პირდაპირ კი ეს მიზეზი არ ჩანს. ამ საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები არაფერს ამბობენ, მხოლოდ იმას, რომ ეს პრობლემა არ არის, არადა, ეს ნიშნავს ჩვენი ენერგოპოლიტიკის კარდინალურ ცვლილებას. აქამდე ეს ასე არ იყო. აქამდე, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მოყოლებული, ჩვენ გვიმტკიცებდნენ, რომ, მართალია, არ გვაქვს ენერგოსაბადოები, არ გვაქვს ნავთობი, არ გვაქვს გაზი...
– მაგრამ გვაქვს გზა.
– სამაგიეროდ, ჩვენ გვაქვს გეოსტრატეგიული მდებარეობა, ენერგომარშრუტში მნიშვნელოვანი ადგილი გვიჭირავს და ამ გზაზე ენერგომატარებლების გატარებით მივიღებთ მნიშვნელოვან შემოსავლებს და მართლაც ასე ხდებოდა. შევახსენებ მკითხველს, რომ რუსეთიდან სომხეთისკენ გამავალი მილსადენით ჩვენ ვიღებდით მნიშვნელოვან შემოსავლებს, გატარებული გაზის 10 პროცენტს, რომელიც, სხვათა შორის, შემცირდა, რადგან რამდენიმე წლის წინათ, იცით, რომ გადაიხედა ეს ხელშეკრულება და კომერციული საიდუმლოების საბაბით არ გამჟღავნდა, თუ რა გადასახადი დაწესდა.
– უფრო ნაკლები, ვიდრე გატარებული გაზის 10 პროცენტით ვიღებდით.
– დიახ, არა მარტო ნაკლებია, არამედ პრინციპიც შეიცვალა და სწორედ პრინციპი იყო მნიშვნელოვანი, რადგან ამის გამო შემცირდა ჩვენი შემოსავალი არსებითად. მაგრამ არ ამჟღავნებენ. კილომეტრაჟის გადასახადზე გადავიდნენ, იმის ნაცვლად, რომ გაზის მოჭრილი რაოდენობა დარჩენილიყო. საქართველოს აქვს მცირე ტერიტორია და კილომეტრების მიხედვით დაწესებული გადასახადი, ცხადია, ნაკლები იქნება. ეს იყო პირველი დარტყმა ამ სექტორზე.
– გია ხუხაშვილმა მითხრა, რომ „გაზპრომი“ ითხოვდა ხელშეკრულების განახლებას, ქართული მხარე არ თანხმდებოდა, მაგრამ შემდეგ დათანხმდა და შედეგად, დავკარგეთ შემოსავალი.
– აქაც ჩვენს ხელში იყო, გადავხედავდით თუ არა იმ ხელშეკრულენას და ჩვენ არც ის ვიცით, ზემოქმედების რა ბერკეტი გამოიყენა „გაზპრომმა“, უბრალოდ, საზოგადოებას უნდა აუხსნან და უთხრან სიმართლე. თორემ 30 წელია, გვეუბნებიან, რომ ჩვენი გეოსტრატეგიული მდებარეობაა ჩვენი შემოსავლის წყარო...
– ეს მართლაც მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენი უსაფრთხოებისთვისაც და ჩვენი ეკონომიკისთვისაც.
– რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და ზოგიერთი ქვეყანა სწორედ იმით არსებობს, რომ მას ნავთობი და გაზი აქვს, ზოგიერთი ქვეყანა კი არსებობს იმით, რომ გეოსტრატეგიული მდებარეობა აქვს.
– ჩვენ რომ არ გავატაროთ, აზერბაიჯანი როგორ გაიტანს ევროპისკენ, რუსეთის გვერდის ავლით, თავის ნავთობსა და გაზს, რაც მას დამოუკიდებელი მოთამაშის სტატუსს ანიჭებს?
– რა თქმა უნდა. თქვენ იცით, რომ უკრაინაში მთელი გეოპოლიტიკური კონფლიქტი წარმოიქმნა, როდესაც რუსეთმა ევროპისთვის გაზის მიწოდება მოინდომა უკრაინის გვერდის ავლით. რადგან უკრაინას მნიშვნელოვანი შემოსავლები ჰქონდა ტრანზიტით, ამიტომ ჩრდილოეთის ნაკადი აამუშავა, მაგრამ უკრაინას გვერდით დაუდგა პოლონეთი, იჩივლა სასამართლოში, თუმცა იმის გამო, რომ ევროპის ქვეყნებს უნდათ იაფი გაზი და დანია ახლახან დათანხმდა, რომ ჩრდილოეთის ნაკადის მეორე განშტოებამ გაიაროს მასზე. ეს ქმნის კონფლიქტს, იმიტომ რომ ეს ახალი მარშრუტები უკრაინას, რომლისთვისაც ტრანზიტიდან შემოსავალს დიდი მნიშვნელობა აქვს, უქმნის საფრთხეს.
– ჩვენ კი ჩვენი ნებით ვიჩენთ საფრთხეებს.
– უკრაინა არ შეუერთდა ევროპის ენერგეტიკულ კავშირს, იმიტომ რომ არ უნდა ტრანზიტიდან მიღებული შემოსავლების დაკარგვა. ეს ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან დღეს საქართველოს მოსახლეობას გაზის ტარიფი მაღალი რომ არ აქვს, არის ტრანზიტის გადასახადების დამსახურება. თქვენ ახსენეთ, რომ აზერბაიჯანიდან წამოსული გაზის საერთო რაოდენობის 5 პროცენტი გვრჩება უფასოდ, დანარჩენი 10 პროცენტი – შეღავათიან ფასად.
– ამ კანონის ამოქმედების შემდეგ ამ შემოსავალს დავკარგავთ, ანუ ტარიფი გაიზრდება?
– გარდამავალ დებულებაში წერია, რომ ეს არ შეეხება 2026 წლამდე ჩრდილოეთ-სამხრეთის, ანუ რუსეთიდან სომხეთისკენ მიმავალ მილსადენს და, ასევე, სამხრეთის, ანუ აზერბაიჯანიდან თურქეთში გამავალ გაზის მილსადენს. ხოლო, რაც შეეხება თავად გაზს (მილსადენი და მასში გამავალი გაზი სხვადასხვა ცნებაა), მასზე არ იმოქმედებს.
– ანუ გაზის ტარიფზე?
– უფასო და შეღავათიანი გაზის ოდენობაზე არ იმოქმედებს, რადგან საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებობს ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულება და შეიძლება, ვინმეს მოეჩვენოს, რომ, ამ მხრივ, დაცულები ვართ. მაგრამ დავაკვირდეთ ერთ რამეს: არ მოქმედებს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მოძრავ გაზზე, ოღონდ არაფერი წერია, რა მოხდება, თუ შუა აზიიდან წამოვა გაზი ევროპისკენ. როგორც გითხარით, მილსადენის შესახებ წერია, რომ ეს ხელშეკრულება მასზე იმოქმედებს 2026 წლის შემდეგ. თუ გავიხსენებთ, რომ ევროპის სტრატეგია იქითკენაა მიმართული, რომ შუა აზიის ქვეყნებიდან წამოვიდეს ენერგომატარებლები ამ დერეფანში, ესე იგი, იქ იმოქმედებს ეს ხელშეკრულება.
– ვიცით, რომ მხოლოდ აზერბაიჯანის ნავთობი და გაზი ვერ დატვირთავს ჩვენზე გამავალ მილსადენებს და რაც ახლა გადის, არის ევროპის მოხმარების 1 პროცენტი მხოლოდ და ეს საერთაშორისო პროექტები გათვლილია ამ მილსადენებში თურქმენული და არა მხოლოდ, გაზისა და ნავთობის გასატარებლად რუსეთის გვერდის ავლით, რაც ჩვენ მოგვიტანს მნიშვნელოვან შემოსავალს. გამოდის, რომ იქიდან ვერც შეღავათიან ფასად მივიღებთ გაზს და ვერც უფასოდ?
– იმასთან შედარებით, რა პრინციპითაც დღეს ვიღებთ და გუშინ ვიღებდით, მივიღებთ უმნიშვნელო შემოსავალს და ეს იქნება ზღვაში წვეთი. თუ ვიღებდით 10 პროცენტს სომხეთისთვის გატარებული გაზიდან, ვიღებთ 5 პროცენტს უფასოდ აზერბაიჯანიდან გატარებული გაზისას და კიდევ ნაწილს – შეღავათიან ფასად, შუა აზიიდან გატარებული გაზიდან მიღებული შემოსავლები შეუდარებლად მცირე იქნება.
– არ მოგვცემს საშუალებას, გავიიაფოთ გაზის ტარიფი?
– რა თქმა უნდა, არ მოგვცემს და ტრანზიტული ფუნქცია, რაზეც ვამყარებთ იმედებს, არ გვექნება. მეტიც, იმავდროულად, სომხეთისთვის გატარებულ გაზზეც გავრცელდება ეს ხელშეკრულება.
– რატომ? არც რუსეთი და არც სომხეთი არ არის ევროპის ენერგეტიკული კავშირის წევრი?
– თუმცა, ამ კანონპროექტში ჩაწერილია, რომ ტრანსსასაზღვრო გადადინებებზე ეს ტარიფი ამოქმედდება, როდესაც პირდაპირ დავუკავშირდებით ევროპის ქვეყნებს, მთავარია, რომ ჩვენ ამ პრინციპს ვაღიარებთ და ჩვენზე აღარ იქნება დამოკიდებული, სომხეთი თუ შეუერთდება ამ კავშირს.
– ის არაფერს კარგავს, არავის არაფერს აწვდის.
– დიახ და ავტომატურად გამოიყენებს ამ კანონს.