კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 რატომ არ არის კიბერშეტევის მიზანი მხოლოდ საინფორმაციო ვაკუუმის შექმნა და როგორ შეუძლიათ მათ სასურველი ინფორმაციის გავრცელებით ქვეყანაში უმართავი პროცესების დაწყება

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  კიბერუსაფრთხოება თანამედროვე მსოფლიოს ნომერ პირველი პრობლემაა და საქმე იქამდეცაა მისული, რომ თვით სტრატეგიული პარტნიორები და მოკავშირეებიც კი ცდილობენ, ერთმანეთს ინფორმაცია მოჰპარონ. ვინაიდან ინფორმაციაა ის იარაღი, რომელიც გარანტირებული გამარჯვების საწინდარია. გარდა გონებრივი მონაცემისა, ამ საქმისთვის თავის წარმატებულად გართმევას ფინანსებიც სჭირდება. კიბერთავდასხმები, მით უფრო, თანამედროვე ჰიბრიდული ომის პირობებში, არც საქართველოსთვისაა უცხო და მისი ზემოქმედების შედეგი 2008 წლის ომის შემდეგაც ვნახეთ, როდესაც სახელმწიფო სტრუქტურები გახდნენ კიბერთავდასხმის ობიექტი. იქიდან გამომდინარე, რომ ჰაკერები ისედაც ნიჭიერი ხალხია, ხოლო ჩვენი მეზობელი ქვეყნის სპეცსამსახურები საკმაოდ წარმატებულებიც არიან ამ საქმეში, დიდ სირთულეს არ წარმოადგენს ქართულ სახელმწიფოზე კიბერშეტევა და სულ ახლახან ერთ-ერთ პროვაიდერზე თავდასხმამ თვით ტელევიზებიც კი გამოიყვანა ჩვეული რეჟიმიდან, რამაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა, თუ რამდენად დიდი საფრთხეა ციფრული ეპოქა, მიუხედავად ციფრული ტექნოლოგიების მიერ მოტანილი სიკეთისა. ბესიკ ალადაშვილთან ერთად ვიმსჯელებთ, რა იყო ამ თავდასხმის მიზანი და, საერთოდაც, ასეთ პირობებში შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ჩვენს ქვეყანაში რამე მაინცაა დაცული საიდუმლოდ და შეუძლია კი ისეთ ქვეყანას, როგორიცაა საქართველო, უზრუნველყოს თავისი კიბერუსაფრთხოება?
  ბესიკ ალადაშვილი: რამდენიმე საკითხს შეეხეთ და მივყვეთ თანმიმდევრობით. კიბერუსაფრთხოება მსოფლიო პრობლემაა. გლობალიზაციამ მოიტანა ტექნოლოგიების განვითარება, ამას კი აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი შედეგი. რაც უფრო თანამედროვე ხდება ინფორმაციის მიღება, მით მეტად იოლდება ამ ინფორმაციის უკანონოდ ხელში ჩაგდებაც, ანუ ტექნოლოგიები იმ მიმართულებითაც ვითარდება. ასე რომ, ეს არა მარტო საქართველოს, არამედ გლობალური პრობლემაა.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, იმდენად მგრძნობიარე თემაა, რომ სტრატეგიული პატრნიორებიც კი არ ენდობიან ბოლომდე ერთმანეთს, განსაკუთრებით, ბოლო წლებში, როდესაც აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია ევროკავშირთან ისეთ თბილ პოლიტიკას არ აწარმოებს, როგორც სხვა პრეზიდენტების ადმინისტრაციები. ანუ ქვეყნები ყველა კარტს არ ხსნიან. ფაქტობრივად, თითქმის ყოველთვიურად ვიღებთ ახალ-ახალ ინფორმაციას კიბერთავდასხმების შესახებ და ისინი გასცდა სუფთა კომერციულსა და კრიმინალურ საფუძველს და გადაინაცვლა სტრატეგიულსა და ტერორისტულ სფეროებში. იმიტომ რომ ინფორმაციის მოსაპოვებლად მუშაობენ როგორც სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურები, ისე ტერორისტული ორგანიზაციებიც. და ეს გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია, იმიტომ რომ სახელმწიფოები კიბერთავდასხმებს ერთმანეთზე ახორციელებენ საიდუმლო, სტრატეგიული ინფორმაციის მოპოვების მიზნით.
– და არ ანადგურებენ ერთმანეთს ფიზიკურად.
– რა თქმა უნდა. დღეს, როდესაც ციფრულადაა აგებული ძალიან ბევრი ქვეყნის სატრანსპორტო სისტემა, განსაკუთრებით, საჰაერო, იგივე მეტრო, წარმოიდგინეთ, რა შეიძლება, გამოიწვიოს კიბერშეტევებმა და რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიძლება შეიწიროს. ამდენად, სტრატეგიული პრობლემაა, რომ ტერორისტებს არ მიუწვდებოდეთ ხელი კიბერშეტევებზე.
– ჩვენ, ალბათ, ტერორისტებისგან ჯერჯერობით დაცულები ვართ, არ ვაინტერესებთ.
– მენტალური, ვთქვათ ასე, ისტორიულ-ტრადიციული ფარიც გვაქვს. ჩვენი ტოლერანტობა აქაც ჩანს, სხვათა შორის. არ მინდა, მაღალფარდოვნად გამომივიდეს, მაგრამ იგივე ქისტები თავისი თავის იდენტიფიცირებას აკეთებენ საქართველოსთან, როგორც სამშობლოსთან და ამანაც შეასრულა გადამწყვეტი როლი, რომ ჩვენთან ტრაგიკული ტერაქტი არ მომხდარა. რაც შეეხება ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფას: ჩვენ ვსაუბრობთ ელექტრონულ ინფორმაციაზე. საქართველოს კანონი ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ საქართველოს სპეცსამსახურებს აძლევს გარკვეულ უფლებებს, აკონტროლოს ინტერნეტსივრცე, რათა თავიდან ავიცილოთ კრიმინალური თუ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, თუმცა, იქ არსებობს დათქმებიც. აქ უკვე ოფიციალური, კანონით დაშვებაა საიდუმლო ინფორმაციაზე და არა მარტო ჩვენს სპეცსამსახურებს აქვთ ეს უფლება, ყველა ქვეყანაში ასეა. გახსოვთ, რამხელა პროტესტი გამოიწვია შეერთებულ შტატებში „პატრიოტის აქტმა“. მაგრამ, მეორე მხრივ, ხომ არ შეიძლება, რომ სპეცსამსახურების დაშვება საინფორმაციო ბაზებთან გახდეს პოლიტიკური? ანუ პოლიტიკური ოპონენტებისგან ინფორმაციის მიღების საშუალება?! აი, ეს პრობლემა საქართველოსთვის რეალურია, მით უმეტეს, რომ არჩევნები ახლოვდება.
– ფიქრობთ, მხოლოდ ხელისუფლებას აქვს ეს ბერკეტი? იქნებ რომელიმე პარტიასაც ან პარტიებს?
– ამის შესახებ მოგახსენებთ. უბრალოდ, იმას ვამბობ, რომ შესაძლოა, ეს გამოიყენონ ბოროტად და ამის გაკონტროლება საზოგადოებისთვის ურთულესია, ფაქტობრივად, შეუძლებელი. საქართველოს გეოპოლიტიკურ სივრცეში თავად ჩვენი ქვეყნისა და აქ მომუშავე სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური სტრუქტურებისადმი იმდენი ინტერესი იკვეთება, რომ, ბუნებრივია, ყველა აქტიურად მუშაობს. რამდენიმე დღის წინათ ერთი დღით იყო გათიშული რამდენიმე ვებგვერდი და, ჩემეული ანალიზით, შეიძლება, ეს ყოფილიყო შესაძლებლობების მოსინჯვა. რა თქმა უნდა, ამ ოპერაციის უკან იდგა სპეცსამსახური, ეს არ იყო რომელიმე კრიმინალური, ჰაკერული ჯგუფის ანცობა, იმიტომ რომ ამით ვერანაირ მოგებას ვერ მიიღებენ და არც არავის აუღია თავის თავზე პასუხისმგებლობა. ცნობილია, რომ სხვადასხვა დაჯგუფებები კიბერთავდასხმის და, ზოგადად, თავდასხმის შემდეგ აცხადებენ, რომ ეს მათ მიერ ჩატარებული ოპერაციაა, რადგან, გარკვეულწილად, ეს პრესტიჟის საქმეცაა, ამიტომ, რაკი არავის აუღია პასუხისმგებლობა, მიანიშნებს, რომ ეს არის რომელიღაც სპეცსამსახურის მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია.
– რა მიზნით?
– რამდენად შეუძლიათ მათ, ერთი პროვაიდერის გათიშვით ათასამდე დომენის პარალიზება. რეალურად ეს მოხდა. არ იყო სამიზნე მხოლოდ ტელევიზიები, ეს იყო იმ კონკრეტული პროვაიდერის წინააღმდეგ განხორციელებული შეტევა, რომელსაც შემოაქვს ეს მომსახურება და ყიდის ინტერნეტმომსახურებას, და წარმოიდგინეთ, როგორი ეფექტიანი იყო შემტევისთვის – ერთი გასროლით რამდენი კურდღელი დახოცეს. ეს იყო ძალების მოსინჯვა, რომ, თუ საჭირო გახდა, იქს დროს, მათთვის სასურველ პერიოდში, მოხდეს ასეთი მასშტაბური გათიშვა, რაც შექმნის ინფორმაციულ ვაკუუმს საქართველოში, იმიტომ რომ ვხედავთ, არც სახელმწიფო სტრუქტურები არიან დაცული.
– შესაძლებელია სახელმწიფო სტრუქტურის დაცვა მაშინ, როდესაც ის მომსახურებას იღებს პროვაიდერისგან და ამ პროვაიდერზე ხორციელდება კიბერთავდასხმა?
– სახელმწიფო სტრუქტურაც ამ პროვაიდერისგან ყიდულობს მომსახურებას.
– დიახ და ამას ვამბობ, როგორ იქნება დაცული სახელმწიფო სტრუქტურა, თუკი პროვაიდერია დაუცველი? სახელმწიფოს პასუხისმგებლობა როგორია, თავისი პროვაიდერი უნდა ჰყავდეს?
– ეს, დაახლოებით, ისეა, ფუტკრის სკას მთლიანად თუ შეექმნება პრობლემა, ყველა ფიჭას შეექმნება. ამიტომ, როდესაც კიბერუსაფრთხოებაზე საუბრობენ, ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა. არსებობს სპეციალური დანაყოფები შსს-შიც, თავდაცვის სამინისტროშიც და თუ სწორად მახსოვს, ამ მხრივ, თავდაცვის სამინისტროა წამყვანი სტრუქტურა, „ნატოს“ ქვეყნებთან ერთად და ტალინშია მათი შტაბბინა. ეს საკითხი მათ აქამდეც უნდა განეხილათ. არ არის ეს რთულად გასათვლელი. გადაწყვეტის გზები უნდა არსებობდეს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ აღმოვჩნდებით კატასტროფის წინაშე. იქმნება არა მარტო ინფორმაციული ვაკუუმის საფრთხე. კონკრეტული ინფორმაციაც გავრცელდა იმ კიბერთავდასხმის დროს.
– ანუ, შესაძლოა, დეზინფორმაცია გავრცელდეს ასეთი კიბერთავდასხმის დროს და ამას დამატებული ფეთქებადი ქართული ხასიათი, კრიტიკული ანალიზის მიუღებლობა, ნიშნავს, რომ ნებისმიერ უმართავ პროცესს გამოიწვევ ქვეყანაში.
– რა თქმა უნდა. ანუ ჰაკერული შეტევის მიზანი იქნება არა ინფორმაციის მოპოვება ან ინფორმაციის გათიშვა, არამედ აქტიური, შემტევი საინფორმაციო ომის დაწყება, რომლის კატასტროფული შედეგების გათვლა წინასწარ შეუძლებელია. მაგალითად, გავრცელდეს დეზინფორმაცია რომელიმე პოლიტიკური ან სასულიერო პირის მკვლელობის შესახებ და ამან გამოიწვიოს უმართავი პროცესები. ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ სამწუხარო სცენარი ბევრია, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ იმ ქვეყნების სპეცსამსახურებს, რომელთა ინტერესია დესტაბილიზაცია საქართველოში, ასეთი ტრაგიკული სცენარებიც ექნებათ. მეორე მთავარი საკითხია, რას აკეთებენ ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურები, იგივე სპეცსამსახურები და არის თუ არა მათი მუშაობა ეფექტიანი?! სამწუხაროდ, ვხედავთ შედეგს –  ასეთი შემოტევების თავიდან აცილება ვერ ხერხდება.
– როგორაა შესაძლებელი ამის თავიდან აცილება, მაგალითად, პროვაიდერზე თავდასხმის? ტექნიკური საშუალებები უნდა გქონდეს, პროფესიონალები უნდა გყავდეს?
– ეს ურთულესი ტექნიკური საკითხია. იგულისხმება, რომ ჩვენს სპეცსამსახურს უნდა ჰქონდეს საამისო ტექნიკური საშუალებები. აბა, ჩვენსავით თუ დასხდებიან და გააანალიზებენ, ეს არაფრის მომცემია. მათ ჰყავთ შესაბამისი კადრები, აქვთ შესაბამისი ტექნიკური საშუალებები, რომ თუ პრევენციას ვერ მოახდენენ, შეასუსტონ მაინც ამ ჰაკერული შეტევის ნეგატიური გავლენა. იცით, რომ რუსეთი ქმნის პარალელურ ინტერნეტსა და ვიკიპედიას. ჩვენ უნდა შევქმნათ „ობიექტური“ ისტორიული ვიკიპედიაო, – განაცხადა პუტინმა, რაც, ფაქტობრივად, საინფორმაციო ველის ხელში ჩაგდებას გულისხმობს. ეს დიდი იდეოლოგიური ნაღმია და ნიშნავს ისტორიის ხელახლა გადაწერას.

скачать dle 11.3