№46 რატომ აპირებს ფრანგი თინეიჯერების საკუთარ მსხვერპლად გადაქცევას ავთო აბესლამიძე და რის გამო გადაწყვიტა მან გარეგნობის შეცვლა
ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი
მომღერალ ავთო აბესლამიძის კარიერაში სიახლეებია. ის უკვე არაერთ მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობდა და ყველა ქვეყნიდან, ყველა კონკურსიდან გამარჯვებული დაბრუნდა. ავთო ახლა უკვე ფრანგულ „ვოისში“ აპირებს მონაწილეობას, სადაც თავისი ლამაზი, საინტერესო ხმის ტემბრით ეცდება მსმენელის მოხიბვლას.
ავთო აბესლამიძე: ამ ეტაპზე საკუთარი თავის გადაკეთებაზე ვმუშაობ ვიზუალის კუთხით. გარდა ამისა, ჩემს ბენდზეც ვმუშაობ და ამ ეტაპზე სახელი მინდა, მოვიფიქრო. სოციალურ ქსელშიც კი დავწერე სტატუსი ამის შესახებ და ნიკა გვარამიამ დამიწერა: „აბესლა“ დაარქვიო. ჩემი ბენდის წევრებიც მეუბნებიან, რა კარგიაო. სხვებმაც მომწერეს, რა კარგი სახელიაო. მოკლედ, ვფიქრობ. ბენდის წევრებიც შერჩეული მყავს და ახლა ბექებს ვეძებ, ოღონდ გოგონებს. ასევე, მინდა, ერთი მომღერალი დავიმატო, სავარაუდოდ, ბიჭი იქნება. ვნახოთ.
– როგორც ვიცი, საფრანგეთში გეგმავ გამგზავრებას და კონკურსში მონაწილეობას.
– საფრანგეთის „ვოისში“ მინდა მონაწილეობის მღება. მგონია, რომ ტემბრალურად და ასევე, სიმღერის კულტურის მხრივ, ახლოს ვართ მე და საფრანგეთი. კონკურსი, სავარაუდოდ, თებერვალში იქნება და ჩემს მონაცემებს უკვე ვაგზავნი. ყველა სეზონს გადავხედე, ვფიქრობ, ჩემი ხმის ტემბრი საფრანგეთში ერთგვარი კოზირი იქნება. თან, მგონია, რომ ფრანგული სიმღერები მომიხდება. ყაზახეთშიც ჩემმა, როგორც ბიჭის განსხვავებულმა ტემბრმა მოიგო და ჩემს შემთხვევაში, ყველგან ეს თემაა ხოლმე აქტუალური.
– საკუთარი თავის გადაკეთება დავიწყეო და რას გულისხმობ?
– მოკლედ, კბილებს ვისწორებ. წონაში ძალიან დავიკელი და გადავწყვიტე, ვარჯიში დავიწყო. მინდა, სხვაგვარად შეფუთული ტიპი წარვდგე საფრანგეთის სცენაზე. ცხოვრების ახალ ეტაპზე სიახლეები უნდა შეიტანო, მინდა, რომ ჩემი ვიზუალი ხმისგან ძალიან განსხვავდებოდეს, ჟიური გაოცებული დარჩეს და პლუს, თინეიჯერები გახდნენ ჩემი მსხვერპლი. თუმცა, არა მხოლოდ თინეიჯერები, უბრალოდ, მათ ყველაზე დიდი ქომაგობა იციან. შეიძლება, იმიჯიც შევიცვალო ან თავი გადავიპარსო – ჯერ არ ვიცი, რა დამარტყამს თავში. უბრალოდ, არ მინდა, ისევ ისეთი ტიპი „გავიჩითო“, როგორიც „X ფაქტორში“ ვიყავი და თქვან, რომ გავიზარდე, სხვანაირი ვარ. შეიძლება, ეს ერთგვარი რისკიც იყოს, არ მომიხდეს, მაგრამ ზოგჯერ მსგავს რისკებზე წასვლა აუცილებელია. მოკლედ, თებერვლისთვის ვემზადები – მთელი დიეტებით, სიგარეტზე, გართობაზე უარის თქმით.
– გიყვარს გართობა, ქეიფი, დალევა?
– თუ ავყევი, ვერ ვჩერდები ხოლმე. არ უნდა ავყვე. ამ ზაფხულს ჩემი სამეგობრო აქ იყო, ბათუმში და ერთი დღე არ ჩაგვიგდია, რომ დილამდე ერთად არ ვყოფილიყავით. გართობას ყოველთვის მოვასწრებ და არ მინდა, რომ ამან ახლა ჩემი ცხოვრების დიდი დრო წაიღოს. კლუბები, ფლირტი, მეგობრებთან ერთად ყოფნა მიყვარს. თან, ზაფხული იყო, ბათუმი... სავსე იყო აქაურობა უცხოელებით და რა გააჩერებს ქართველ კაცს, თან სისხლი რომ უჩქეფს. გოიმი უნდა იყო, რომ თავი შეიკავო და არ გაერთო. ჩემი აზრით, სექსი სპორტია და ხელოვნება და უნდა დაკავდე ამით. ხელოვნებაა, რადგან სილამაზეა და სპორტია, რადგან სექსის დროს ყველა კუნთი მუშაობს. კალორიებისგანაც იცლები და თან ამ ემოციისგან თუ არ დაიცალე, მერე ეს სხვა რაღაცებში შეგიშლის ხელს. როცა ორ ადამიანს უნდა, სისხლის დუღილი ერთმანეთში გაცვალონ, რატომაც არა. სექსი, ეს ორი სხეულის ტანდემია, დიდი სილამაზე და რა პრობლემაა, თუ ეს ყველაფერი სიმთვრალეს მოჰყვება.
– პირად ცხოვრებაში გაქვს სიახლეები?
– არა, რადგან ახლა ამ კუთხით, ცოტა დეპრესული ვარ. ჩემს მეგობრებს რომ ვუყურებ, ცოლები ჰყავთ, შვილები. ჩემი ცხოვრება კი სხვა კუთხით წავიდა – რომ მღერი და ჯერ ისეთ ეტაპზე ხარ, რომ სხვა რაღაცები გაქვს გასაკეთებელი. ზოგჯერ არის ხოლმე შეხალისების მომენტები: აუ, რა მაგარია, მეც მინდა, სახლში რომ მივალ, ჯიგარი ცოლი რომ გყავს და არ გეტყვის: ამ დროს სტუმრებს რა უნდათო და პირიქით, გემრიელად გადაგყვება ზედ. ანუ გამგები ადამიანი უნდა იყოს. მე ისეთი ტიპი ვარ, მჭირდება, რომ ესმოდეს ჩემი, კარგად გამიგოს, მაგრამ ჯერჯერობით ასეთი ტიპი არ გამოჩნდა ან მე არ მქონია დიდხანს ვინმესთან ურთიერთობა. ფლირტი და ერთთვიანი ურთიერთობა ამას ვერ მოგიტანს, თან ფლირტი კი იცი ხშირად საითკენ მიდის. ან არ მქონია სერიოზული ურთიერთობა, ან არ მინახავს ასეთი ადამიანი, ან იმალება და გამოჩნდება ოდესღაც, მეც დამარტყამს. არის მომენტები, როცა გგონია, რომ ეს ის არის, მაგრამ მერე ის არ აღმოჩენილა. მქონდა ურთიერთობა, რომელიც დამთავრდა და გადავყევი.
– რატომ დაშორდით?
– დაშორების შემდეგ არ მინდა ხოლმე, მის შესახებ რამე გავიგო, ან ვნახო, შეიძლება, ფოტოებიც კი წავშალო. იმიტომ კი არა, რომ იმ ადამიანის დანახვა არ მინდა ან მეზიზღება, უბრალოდ, საკუთარ თავს ვეხმარები ხოლმე. დავბლოკე სოციალურ ქსელში, ფოტოები წავშალე, რადგან თუ იცი, რომ ასე გადაწყვიტე, უნდა დაეხმარო საკუთარ თავს. ერთმანეთს მშვიდად, ჯიგრულად დავშორდით, უბრალოდ, მე მჭირდებოდა ეს ყველაფერი, რომ ადვილად გადამეტანა. სოციალურ ქსელში რომ არის, მერე გიწევს შესვლა, ათვალიერებ და ღიზიანდები. მე ეს გაღიზიანება ხასიათში გადამდის ყველასთან ურთიერთობაში, საქმეში. ამიტომ ვბლოკავ და საკუთარ თავს ვაჯერებ, რომ სიზმარია. ვერ ვიქნებოდით ერთად და ჯობდა, ცალ-ცალკე ვყოფილიყავით. შინაგანად ძალიან ცუდად ვიყავი და უკვე ისე გამოვხატავდი, რომ მეგობრებიც ბრაზდებოდნენ. ამიტომ საკუთარ თავს ვებრძოდი.
– თურქ პროდიუსერებთან თანამშრომლობდი და ძალიან ბევრი წარმატებაც გქონდა. სიმღერა ჩაწერე, კლიპი გადაიღე და ამ სიმღერამ თურქეთში Golden Palm Avards-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე, ნომინაციაში – „წლის ჰიტი“ – გაიმარჯვა.
– დღემდე ვთანამშრომლობ მათთან. ახლა ჩამოვლენ და რაღაც დეტალები უნდა გადავწყვიტოთ. ერთ წელი არც იყო გასული, ამ სიმღერამ რომ გაიმარჯვა, რადიოში ჰიტი გახდა და პლუს, დამაჯილდოეს.