№46 რაზე თქვა უარი ზეინაბ დვალიშვილმა სიყვარულის გამო და რით მოიგო სიდედრის გული ზაზა ფაჩულიამ
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
მსახიობი ზეინაბ დვალიშვილი 25 წლის შემდეგ საკუთარ პროფესიას დაუბრუნდა. თავის დროზე არჩევანი ოჯახისა და სიყვარულის სასარგებლოდ გააკეთა, მაგრამ წლების შემდეგ, მოულოდნელად, მის ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო.
ზეინაბ დვალიშვილი: ჩემს პროფესიაზე უკვე ხელი მქონდა ჩაქნეული. მართალია, უკვე ოცდახუთი წელია, სკოლაში სასცენო ხელოვნებას ვასწავლი და სპექტაკლებს ვდგამ, მაგრამ, თუ ოდესმე მსახიობობას დავუბრუნდებოდი, ვერ წარმომედგინა. ექვსი შვილიშვილი მყავს, მეუღლე, შვილები – ჩემ გარშემო აბსოლუტურად სხვა რეალობაა. სრულიად მოულოდნელად დამირეკა ეკა მჟავანაძემ. ჩემი ცამეტი წლის შვილიშვილი ხშირად დადის ქასთინგებზე და ვიფიქრე, რომ მას ურეკავდნენ. მაგრამ ეკა მეუბნება, მინდა, თქვენ დაგიბრუნოთ თქვენი პროფესია და როლი შემოგთავაზოთო. ძალიან დავიბენი, შოკში ჩავვარდი. აი, გათამაშებებში ავტომობილებს რომ იგებენ და რეაქცია არ აქვთ, ხმას რომ ვეღარ იღებენ, ასეთ ადამიანებზე ძალიან ვბრაზობდი ხოლმე. სულ ვამბობდი, მე რომ მათ ადგილას ვიყო, ალბათ, ჩემი კივილი წაიღებს უბანს-მეთქი. ახლა კარგად მივხვდი მათ მდგომარეობას, ხმას საერთოდ ვეღარ ვიღებდი (იცინის). წარმოიდგინეთ, 1984 წლის შემდეგ, როცა მე ამ პროფესიას დავემშვიდობე, რამდენი წელი გავიდა და უცებ როლს გთავაზობენ. მთელი ოჯახი „შევყარე“, მეუღლე ოლიმპიური სიმშვიდით მიყურებდა, ვერაფრით დაიჯერა (იცინის). ქასთინგზე ისეთი ემოციებით წავედი, სერიოზულად გეუბნებით, არ მახსოვს, ის გზა როგორ გავიარე. წამოსვლისას ეკას ვუთხარი, იმდენად ბედნიერი ვარ, რომ ვიღაცას კიდევ გავახსენდი, უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა ამიყვანთ თუ არა-მეთქი. მეორე დღეს მირეკავს, დამტკიცებული ხარო. ვეღარაფერს ვაკეთებდი, სულ ამაზე ვფიქრობდი. ვინმე რომ დამელაპარაკებოდა, ნერვები მეშლებოდა, ჩემი ყურადღება სხვა რამეზე რომ გადაჰქონდა. თან მინდოდა, ბევრისთვის მეთქვა, თან თავს ვიკავებდი – მოდი, მერე ვეტყვი, საქმეს ბოლომდე რომ გავაკეთებ-მეთქი. პირველი ჩემს დას დავურეკე, შემდეგ მულს – კიოდნენ. მოკლედ, სერიოზული ამბავი მქონდა (იცინის).
– არასდროს წარმოგიდგენიათ თავი, თუნდაც ამ სერიალის ნაწილად?
– ჩემი თავი კინოში ვერასდროს წარმომედგინა. სტუდენტობისას, ტელევიზია დიქტორობაზე რომ გამოაცხადებდა კონკურსს, ჩემი მეტყველების პედაგოგი ყოველთვის მე მიშვებდა. მაგრამ საკუთარ თავს ეკრანზე რომ ვხედავდი, საშინლად არ მომწონდა. კატეგორიულად ვამბობდი, ეკრანი ჩემი საქმე არ არის-მეთქი. ერთადერთი, ამაზე მწყდება გული, ალბათ, შემეძლო კარგი დიქტორი ვყოფილიყავი. წარჩინებული სტუდენტი ვიყავი და თეატრალური ინსტიტუტიდან დაწყებული, სულ მთავარ როლებს ვთამაშობდი. მაგრამ არა რომ ვთქვი, მერე ყველაფერი ჩავკალი ჩემს თავში.
– ამდენი წლის შემდეგ, პირველი გადაღება როგორი იყო?
– ძალიან კარგი და შინაურული გარემო დამხვდა. ყოველგვარი დაძაბულობა გაქრა. რეჟისორმა მითხრა, მკაცრი დედა უნდა იყოო და არ დამჭირდება
თამაში, ცხოვრებაშიც საკმაოდ მკაცრი დედა ვარ-მეთქი (იცინის). განსაკუთრებით გოგოს მიმართ ვიყავი მკაცრი. ცხრა საათზე აუცილებლად სახლში უნდა ყოფილიყო. სულ ვაკონტროლებდი მასაც და ბიჭებსაც. ერთ წარბს რომ ავწევდი, ყველაფერი დამთავრებული იყო (იცინის). მოკლედ, მთელი კვირა ვღელავდი, რა იქნებოდა, როგორი გამოვიდოდა. სერია ეთერში რომ გავიდა და ოჯახი ეკრანთან შეიკრიბა, მე ჩემს შვილიშვილთან ერთად ცალკე გავედი, რომ მარტოებს გვეყურებინა (იცინის). რაღაცები მომეწონა, რაღაცების გაკეთება უკეთესად შეიძლებოდა. შემდეგ ატყდა ზარები: ვაიმე, ზეიკო, თვალებს არ ვუჯერებდითო. სკოლიდან ისეთი დაღლილი მოვდივარ ხოლმე, ორი საათი თუ არ დავისვენე, არაფრის გაკეთება არ შემიძლია. 11-ზე დაწყებული ჩაწერა 10-ის ნახევარზე დასრულდა და ისე ენერგიულად ვიყავი, კიდევ ჩავწერდი ოთხ სერიას. ეს არის ჩემი საქმე, საერთოდ არ დავღლილვარ. უდიდესი სიამოვნება, მონატრება – ყველაფერი ერთად ვიგრძენი. სიძემ დამირეკა, ისე არ ითამაშო, შენი ნომერი ამოვშალო ტელეფონიდანო (იცინის).
თამაში, ცხოვრებაშიც საკმაოდ მკაცრი დედა ვარ-მეთქი (იცინის). განსაკუთრებით გოგოს მიმართ ვიყავი მკაცრი. ცხრა საათზე აუცილებლად სახლში უნდა ყოფილიყო. სულ ვაკონტროლებდი მასაც და ბიჭებსაც. ერთ წარბს რომ ავწევდი, ყველაფერი დამთავრებული იყო (იცინის). მოკლედ, მთელი კვირა ვღელავდი, რა იქნებოდა, როგორი გამოვიდოდა. სერია ეთერში რომ გავიდა და ოჯახი ეკრანთან შეიკრიბა, მე ჩემს შვილიშვილთან ერთად ცალკე გავედი, რომ მარტოებს გვეყურებინა (იცინის). რაღაცები მომეწონა, რაღაცების გაკეთება უკეთესად შეიძლებოდა. შემდეგ ატყდა ზარები: ვაიმე, ზეიკო, თვალებს არ ვუჯერებდითო. სკოლიდან ისეთი დაღლილი მოვდივარ ხოლმე, ორი საათი თუ არ დავისვენე, არაფრის გაკეთება არ შემიძლია. 11-ზე დაწყებული ჩაწერა 10-ის ნახევარზე დასრულდა და ისე ენერგიულად ვიყავი, კიდევ ჩავწერდი ოთხ სერიას. ეს არის ჩემი საქმე, საერთოდ არ დავღლილვარ. უდიდესი სიამოვნება, მონატრება – ყველაფერი ერთად ვიგრძენი. სიძემ დამირეკა, ისე არ ითამაშო, შენი ნომერი ამოვშალო ტელეფონიდანო (იცინის).
– როგორი იყო თქვენი კარიერის დასაწყისი?
– თბილისში დავიბადე და გავიზარდე, ძირძველი ნახალოვკელი ვარ (იცინის). დედა პედაგოგი იყო, მაგრამ მთელი ცხოვრება ნოსტალგია ჰქონდა – უნდოდა, მსახიობი ყოფილიყო, მაგრამ მშობლებმა არ გაუშვეს. ხუთი წლის ვიყავი, როცა რკინიგზელთა სახლში გოგუცა კუპრაშვილთან შემიყვანა, მხატვრულ კითხვაზე. ეს იყო მსახიობი, რომელიც ბიჭების როლებს თამაშობდა. პირველად რომ სცენა დავინახე, იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რომ ყველა დეტალი მახსოვს, სხვა სამყაროში მოვხვდი და მას შემდეგ ამ სამყაროს აღარ მოვშორებივარ. გადავწყვიტე, მსახიობი გავმხდარიყავი. ორად-ორი ხუთიანი დაიწერა იმ წელს თეატრალურ ინსტიტუტში – მე და მარინა საღარაძემ მივიღეთ. ჯერ ლევან მირცხულავას ჯგუფში მოვხვდი, შემდეგ – გიზო ჟორდანიასთან. სპექტაკლში – „განთიადი კი აქ წყნარი იცის“ მთავარ როლს ვთამაშობდი, ჯავარა ვითამაშე „მოკვეთილში“, დეიდა ახსა „მეცხრე წმინდანში“. შემდეგ გავთხოვდი. მეუღლეც მსახიობი იყო, ჩემი ჯგუფელი და ორივე ერთად სოხუმის თეატრში გაგვანაწილეს. მერე, იცით, რომ ჩვენი შენობიდან გამოგვყარეს. თავიდან ზუგდიდის თეატრმა შეგვიფარა, შემდეგ ფილარმონიის შენობა მოგვცეს. გახსნაზე გიზო ჟორდანიამ „მარადისობის კანონში“ გიჟი მარგო მათამაშა. ეს ჩემი საუკეთესო როლი იყო. ბოლოს „ვენეციელ ვაჭარში“ ვითამაშე პორციას როლი. მოკლედ, დიდი მოლოდინი მქონდა მომავალთან დაკავშირებით. მერე ოჯახი დამენგრა, მაგრამ ბედნიერი ვიყავი, რომ შვილი მყავდა – ივიკო. თუმცა იქ აღარც მე გავჩერდი და აღარც მშობლებმა გამაჩერეს.
– შემდეგ რა მოხდა თქვენს ცხოვრებაში?
– შემდეგ შევხვდი ჩემს თანაკლასელს, რომელიც არანორმალურად მიყვარდა. ჩვენ პირველი კლასიდან ერთად მოვდიოდით. ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი და თითქმის, ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. თუმცა მერე წავკინკლავდით, რაღაც ვერ ვაპატიე და ჯინაზე სპონტანურად გავთხოვდი.
– ამის შემდეგ საერთოდ არ გინახავთ, არ გისაუბრიათ?
– შვიდი წელი საერთოდ არ მინახავს. მოსკოვში მივდიოდი გასტროლებზე და ორი დღით ვიყავი თბილისში. ბიძაშვილთან მივედი, სადაც მისი მეგობარი იყო. თურმე იმ დღეს შალვას დაბადების დღე იყო. ჩემი ბიძაშვილი ეუბნება, ზეიკო შალვას კლასელიაო. უი, რას ამბობო, დაურეკა შალვას და ყურმილს მაწვდის. არ მინდა-მეთქი, მაგრამ შემდეგ დაველაპარაკე. მივულოცე, ძალიან გაუკვირდა: საიდან, როგორ, მეუღლესთან ერთად ხარ ჩამოსულიო? და არა, ოჯახი დამენგრა-მეთქი, ვუთხარი. მოსკოვიდან რომ ჩამოხვალ, შემხვდიო. დავეთანხმე, მაგრამ რომ ჩამოვედი, რა თქმა უნდა, არ მითქვამს. მერე თვითონ დავუნახივარ და იაქტიურა. ძალიან მალე მოვაწერეთ ხელი. დიდად არ ესიამოვნებოდა, რომ ჩემი საქმე გამეგრძელებინა. წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ხომ არ ჯობია, ოჯახს მივხედოთო? (იცინის). მეუღლე იმდენად მიყვარდა, ამ სიყვარულის გამო დავთმე ყველაფერი და ამის გაკეთება ნამდვილად არ გამჭირვებია. მერე გაჩნდა თიკა, გიორგი და მალე ჩვენს ქვეყანაში ურთულესი პერიოდი დაიწყო. წლების შემდეგ, ჩემი გოგონა რომ სკოლაში შევიყვანე, შემთხვევით მუსიკის გაკვეთილზე მოვხვდი. მასწავლებელმა მითხრა, „წითელქუდას“ სპექტაკლის გაკეთება მინდა, მაგრამ მიზანსცენებს ვერ ვდგამო. მე არ ვმუშაობდი და დახმარება შევთავაზე. ძალიან მოეწონათ, რაც გავაკეთე და მთხოვა სხვა სპექტაკლიც გამეკეთებინა. უნიჭიერესი პოეტი მარიამ წიკლაური-
ძიძიგური ჩემი დეიდაშვილია, რომელმაც სამი არაჩვეულებრივი სცენარი დამიწერა და მას შემდეგ სხვადასხვა სკოლაში ვმუშაობ, ერთი წუთით აღარ გავჩერებულვარ, წელიწადში ცხრა სპექტაკლს ვაკეთებ.
ძიძიგური ჩემი დეიდაშვილია, რომელმაც სამი არაჩვეულებრივი სცენარი დამიწერა და მას შემდეგ სხვადასხვა სკოლაში ვმუშაობ, ერთი წუთით აღარ გავჩერებულვარ, წელიწადში ცხრა სპექტაკლს ვაკეთებ.
– რაც შეეხება ოჯახს. ძალიან კარგი სიძე გყავთ, მთელი ქვეყანა რომ ამაყობს, ისეთი.
– ჩემი ცხოვრება საოცრებებითაა სავსე. ჩემი ბავშვობის მეგობრის შვილი და ზაზა ერთად დადიოდნენ კალათბურთზე. ერთ დღეს, ჩემი მეგობარი მირეკავს, კალათბურთელების მშობლები მყავს სტუმრად და გეხვეწები, ჩამოდი, ღომი გამიკეთეო. მაშინ მეშვიდე კლასში იყვნენ. მივედი და ვხედავ, ორმეტრიანი ქალი აკეთებს ღომს. მეგრელიაო, მითხრეს და რა თქმა უნდა, დავთმე პოზიციები (იცინის). ამასობაში ბავშვები ამოვიდნენ, მხიარულობენ და ცელქობენ. ერთი ბიჭი შემოვიდა, წარბების ქვემოდან იყურება. ეს მარინას შვილია, ნახე, როგორი სერიოზულიაო. ასე შევხვდი პირველად ზაზას და დედამისს. ყველაზე მაღალი და სერიოზული იყო. წლების შემდეგ იგივე მეგობარი მირეკავს, ზაზა ფაჩულია ნახე რეკლამაში – ეს ის ბიჭიაო და გამახსენა ეს ამბავი.
ერთ დღეს, თიკა მოვიდა „ასა-ფართიდან“ და მიყვება: შესვენებაზე რომ გამოვედი, ერთი ბიჭი მეუბნება – ვგიჟდები სუხიშვილებზე და თქვენს ცეკვაზეო. ვაიმე, დედა, ავხედე და რომ აღარ დამთავრდა, სიცილი ამიტყდა, ცუდად მოვიქეციო. მე თიკას ყველა კონცერტზე დავდიოდი და ერთხელ, შემთხვევით თიკას მეგობარს და ზაზას შევხვდი კიბეებზე. ვაიმე, როგორ ვღელავ-მეთქი, ჩემი ემოციები გავუზიარე და ზაზას მეგობარი, რომელიც თან ახლდა, ამბობს: რავა ყველა ღელავს დღესო (იცინის)... მერე თიკას გასტროლები ჰქონდა ამერიკაში და გადაწვიტეს, ბარემ დარჩენილიყო, მშობლების თანხმობა უკვე ჰქონდათ. დათი რომ უნდა გაჩენილიყო, მე მაშინ წავედი და ზაზა უფრო ახლოს გავიცანი. მივხვდი, რომ კარგი იუმორის გრძნობა ჰქონდა, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამით მოიგო ჩემი გული და მას შემდეგ სულ მაშაყირებს (იცინის).
ერთხელ, ტოსტერში პური დაგვეწვა და სიგნალიზაცია ჩაირთო. ძიძამ – არ შეგეშინდესო და არ გამიმახვილებია ყურადღება, ბავშვი მყავდა ეზოში გაყვანილი და ვასეირნებდი. მაგრამ ეს ყველაფერი სან-ფრანცისკოში ხდება და უცებ, ყველა მხრიდან შეიარაღებული პოლიციელები მიახლოვდებიან. გული გამისკდა, რა ხდება-მეთქი?! ნუ ბოლოს, ყველაფერი გავარკვიეთ, დაგვაჯარიმეს და წავიდნენ. მოვიდა ზაზა დაღლილი. ძალიან რთული რეჟიმი აქვს: უნდა ისადილოს, დაისვენოს, ყავა დალიოს და ვარჯიშზე წავიდეს. მაგრამ ვინ აცადა!? (იცინის). ჭამს, მივიდა სიდედრი და სიტყვა-სიტყვით უყვება რა მოხდა. კაცი ზის, დასვენება უნდა, ათასი საფიქრალი აქვს, მაგრამ სიდედრი არ ჩერდება. იცი, რა ქნეს, აი, ასე დამადგნენ იარაღებით-მეთქი, ხელით ვუჩვენებ და უცებ, ტაში შემოჰკრა და მერე, ვერ გესროლეს? თან სახლში არ ვიყავი და მე არ დამბრალდებოდაო. ისტერიკა დამემართა (იცინის). ოჯახი, სპორტი, მისი წარმატებები – ეს ყველაფერი ძალიან მახარებს. ბედნიერი და ამაყი ვარ ასეთი ადამიანი რომ არის.
– მკაცრი დედა ვიყავიო, ბებიის ამპლუაში როგორი ხართ?
– მკაცრი ბებიობაც გამომდიოდა, მაგრამ ახლა აღარ გამომდის. ეს უკვე სხვა თაობაა. ექვსი შვილიშვილის ბებია ვარ. ზაფხულში მე მიმყავს ხოლმე დასასვენებლად. ქუჩა სავსეა ბავშვებით და სახლში ვეღარ შემომყავს ხოლმე, გიჟდებიან აქაურ ურთიერთობებზე, ამერიკაში ხომ ასე არაა.
– დაბოლოს, ახლა რას ფიქრობთ თქვენს პროფესიაზე?
– ახლა მომინდა ახალგაზრდობა, ერთი ათი წელი რომ ჩამომაკლო, ძალიან ბევრ რამეს გავაკეთებდი. არ ვიცი, რა იქნება მომავალში, მაგრამ ჩემთვის ესეც ძალიან დიდი ბედნიერებაა.