კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№46 ერის ისტორიაში შესული ისტორიის პროფესორი

ნინო კანდელაკი ნინო კანდელაკი

  ისტორიკოსს, მეცნიერს, პედაგოგსა და მკვლევარს – შალვა გოგიძეს 25 ოქტომბერს 95 წელი შეუსრუდებოდა, მაგრამ 9 აპრილის ღამეს თეატრალური ინსტიტუტის შენობაში გაშვებულმა მომწამლავმა აირმა  სიცოცხლე 64 წლის ასაკში მოუსწრაფა. შალვა გოგიძის წყალობით გაიგო ქართველმა ხალხმა ჩვენი ორი თანამემამულის ისტორია, რასაც მან რუსეთის ძნელად შესაღწევ არქივებში მიაგნო და დაწერა მონოგრაფიები – „გამომგონებელი ვლადიმერ ბექაური“ და „ამხანაგი თავადი – განძეულობათა გადამრჩენი“.
  2014 წელს, 1989 წლის 9 აპრილიდან 25 წლისთავზე, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, დანარჩენ 23 გარდაცვლილთან ერთად,  სიკვდილის შემდეგ, შალვა გოგიძე წმიდა გიორგის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა, რაც ერთადერთი ურყევი საფუძველია 30 წლის წინ 9 აპრილის მოვლენების შედეგად დაღუპულთა რაოდენობისა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის დასახლებაში ერთ-ერთ ქუჩას შალვა გოგიძის სახელი მიენიჭა.
  9 აპრილთან დაკავშირებით ბათუმში, გმირთა ხეივანზე დაიდგა მონუმენტური ძეგლი (მოქანდაკე თეიმურაზ მახარაძე), რომელიც ამ ტრაგედიას მიეძღვნა. იდეა ეკუთვნის   შალვა გოგიძის შვილს, ექიმს, პროფესორ თეიმურაზ გოგიძეს, რომელიც მამამისის ღირსეული ცხოვრების დეტალებს ჩვენთან ინტერვიუში იხსენებს.  
თეიმურაზ გოგიძე: მამაჩემი თბილისის გარეუბანში, უბრალო ოჯახში დაიბადა. ოქროსუბანში მამიდასთან იზრდებოდა. თავიდანვე ძალიან აქტიური იყო. გლდანის ერთ-ერთ სკოლაში (ამჟამად 209-ე საჯარო სკოლა) მოაწყო ბიბლიოთეკა და მუდმივად ამარაგებდა წიგნებით. მისი გარდაცვალების შემდეგ ამ სკოლას, პედაგოგებისა და მოსწავლეების ინიციატივით, შალვა გოგიძის სახელი მიენიჭა. სკოლა წარჩინებით დაამთავრა და უგამოცდოდ ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე. მოგვიანებით  დაამთავრა  ბაქოს სალეიტენანტო სასწავლებელი და ოფიცრის ჩინით მონაწილეობა მიიღო მეორე მსოფლიო ომში. დაჯილდოვდა სამამულო ომის პირველი და მეორე ხარისხის ორდენებით.
დემობილიზაციის შემდეგ ავჭალის  სადაბო საბჭოს თავმჯდომარედ მუშაობდა, მისი თაოსნობით, შაბათობებზე გაკეთდა ავჭალის ხიდი, მახსოვს, რამდენჯერაც იმ ადგილას გამოვივლიდით, გამაჩერებინებდა  მანქანას და ხიდზე ფეხით გადმოდიოდა.
– თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტების გადმოცემით, მათი საყვარელი პედაგოგი იყო.
– შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში ჯერ ისტორიის კათედრის უფროსი მასწავლებელი იყო,  შემდგომ – დოცენტი, პროფესორი, კათედრის გამგე და ბოლოს – ინსტიტუტის პრორექტორი. შეიძლება ითქვას,  თეატრალური ინსტიტუტით ცხოვრობდა. დღეს ცნობილი მსახიობები რომ მხვდებიან, მეუბნებიან, ჩვენი პატრონი და ფაქტობრივად, მეორე მამა იყოო. სტუდენტების დალევასთან და ცელქობასთან დაკავშირებით თუ რამე ინციდენტი მოხდებოდა, პირდაპირ მამაჩემთან რეკავდნენ ხოლმე, ხშირად შუაღამეს მიდიოდა განყოფილებაში და თავის სტუდენტებს თავდებში უდგებოდა. აქტიურად იყო ჩართული მათ ცხოვრებაში. შაბათ-კვირასაც აკითხავდა სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში, აინტერესებდა, როგორ ცხოვრობდნენ. სტუდენტებსაც ძალიან უყვარდათ.
– როგორ შეაღწია მოსკოვის არქივებში, საიდანაც  მნიშვნელოვანი ინფორმაციები გამოიტანა.
– საკუთარი ხარჯით დადიოდა მოსკოვსა და პეტერბურგში, სადაც  ძნელად შესაღწევ არქივებში ეძებდა ქართველების კვალს ისტორიაში. მაშინ პრეზიდიუმის თავმჯდომარე ანასტას მიქოიანი გახლდათ. არ ვიცი, მოსკოვში როგორ მოახერხა მასთან შეხვედრა და ნებართვის მოპოვება. მიქოიანს ორი პოლკოვნიკი მიუჩენია, ალბათ, კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია რომ არ მოეპოვებინა. მიზანმიმართულმა კვლევამ აპოვნინა ორი  უსამართლოდ მივიწყებული სახელოვანი თანამემამულე – ვლადიმერ ბექაური და ივანე რატიშვილი.
  ვლადიმერ ბექაური ცნობილ აკადემიკოსებითა და მაღალჩინოსანი სამხედრო პირებით დაკომპლექტებული, განსაკუთრებული ტექბიუროს, ყოფილი
საბჭოთა კავშირის იარაღის ტაქტიკურ-ტექნიკური სრულყოფის ცენტრის „თვითნაბადი“ ნიჭიერი ქართველი ხელმძღვანელი გახლდათ, რომლის გამოგონებებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მეორე მსოფლიო ომში მოპოვებულ გამარჯვებაში.
  ხოლო ივანე რატიშილი (რატიევი) იყო ზამთრის სასახლის კომენდანტი, მეფის არმიის პოლკოვნიკი, რომელმაც ვაჟიშვილთან ერთად სიცოცხლის ფასად რევოლუციის მძიმე დღეებში გადაარჩინა ერმიტაჟის მსოფლიო საგანძური გაქურდვისა და განადგურებისგან იმ დროს, როცა ყველა პასუხისმგებელი პირი საკუთარი ტყავის გადასარჩენად იყო გაქცეული და ზამთრის სასახლე ბედისა და ამ ქართველი კაცის სინდისის ანაბარა დარჩა.
  გარდა იმისა, რომ მამამ ეს ადამიანები გააცნო ქართულ საზოგადოებას, ყველაფერს აკეთებდა მათი სახელის უკვდავსაყოფად. ვლადიმერ ბექაური დედულეთში, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში ყოფილა გაზრდილი და სოფლისთვის ძალიან ბევრ სასიკეთო საქმეს აკეთებდა – ააშენა საავადმყოფო, სოფელს შეუძინა ტრაქტორი და ასე შემდეგ. მამაჩემის ინიციატივით, მისი წარმოშობის ადგილზე, სოფელ კიტოხში დაიდგა მისი მონუმენტი და ამ მოვლენას უკავშირდება ბექაურობის აღნიშვნაც. ბექაურის შვილმა, ფიზიოლოგიის პროფესორმა ქალბატონმა ნინამ, რომელსაც მამაჩემის ძალისხმევით, პეტერბურგში საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესეს, მამაჩემს უთხრა: შვილი მე კი არა, თქვენ ყოფილხართ, ბატონო შალვა, იმდენი რამ გაუკეთეთ მამაჩემსო. რატიშვილი ქსოვრისიდან გახლდათ, ბევრს დადიოდა მამაჩემი მცხეთის რაიონის იმდროინდელ ხელისუფლებასთან, რომ ბექაურის მსგავსად,
მისი სახელის უკვდავსაყოფადაც გაეკეთებინა რამე.
– 9 აპრილის ტრაგედიას ემსხვერპლა, მომიტინგეთა შორის იყო?
– გართულებული გრიპის გამო საავადმყოფო ფურცელზე იყო, სახლში იწვა და მკურნალობდა. ეს ამბავი რომ გაიგო, რა მოასვენებდა, ასეთ დროს ინსტიტუტსა და სტუდენტებს ვერ მივატოვებო, ადგა და ინსტიტუტში გაიქცა. როგორც მოგეხსენებათ, თეატრალურმა ინსტიტუტმა კარი გაუღო, შეიფარა და გადაარჩინა ძალიან ბევრი ადამიანი. ფანჯრებს ამტვრევდნენ და შენობაში ისროდნენ კაფსულებს, ეს იყო ძლიერი მომწამვლელი გაზი. 64 წლის კაცი, ფაქტობრივად, სიკვდილზე წავიდა, ავადმყოფი სარდაფში ჩავიდა და ნივთმტკიცებებს ეძებდა.  მაშინ მიიღო მძიმე მოწამვლა, თუმცა მახსოვს 10-11 აპრილს მაინც ინსტიტუტში იყო და ლექციებს ატარებდა. მერე დაეწყო თვალების წვა, ცრემლდენა, გამონაყარი, საავადმყოფოში გადავიყვანეთ, თავის სტუდენტებთან ერთად იწვა, ჩვენ  ბოლომდე გვჯეროდა, რომ ეს არ იყო ისეთი მოწამვლა, რომელიც არ გაივლიდა. მის სანახავად მოდიოდნენ ეროვნული მოძრაობის ლიდერები. მისი გარდაცვალებიდან სამი დღე მამას ცხედარი ექსპერტიზაზე იყო, რამაც საბოლოოდ დაადასტურა, რომ  მისი სიკვდილის მიზეზი მოწამვლა იყო.



скачать dle 11.3