№46 რატომ ჩაცხრილეს მანქანაში ცნობილი ქართველი ღვინის ტექნოლოგი
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
მთავარი გმირების სახელები შეცვლილია. მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
სამი მეგობარი
ბოგდან სარალიძე, მერაბ გოგიაშვილი და ბაკურ კორძაძე ბავშვობის მეგობრები იყვნენ. ჯერ კიდევ საბავშვო ბაღიდან მოყოლებული მეგობრობდნენ და სკოლაც ერთად დაამთავრეს. შემდგომ ისე მოხდა, რომ გოგიაშვილმა და კორძაძემ ტყუპი დები – ნანა და ქეთევან კანდელაკები შეირთეს ცოლად და ქვისლები გახდნენ. ბოგდანს ნანა კანდელაკი უყვარდა და მან რომ გოგიაშვილი აირჩია, სარალიძე მერაბს წაეჩხუბა და დაემუქრა: ამას სიცოცხლის ფასად დაგიჯენო.
24 წლის ბოგდან სარალიძე თბილისიდან გაემგზავრა და არავინ იცოდა, სად რას საქმიანობდა. მერაბ გოგიაშვილი ღვინის ტექნოლოგი გახდა, ბაკურ კორძაძე კი პარტიული ხაზით „გაიქაჩა“ და ჯერ კომკავშირის მაღალჩინოსანი გახდა, შემდგომ კი – კომპარტიის მაღალი რანგის ფუნქციონერობასაც მიაღწია.
25 წლის შემდეგ
49 წელს გადაბიჯებული ქვისლები საქართველოში ძალიან ცნობილი ადამიანები გახდნენ. ბაკურმა პარტიული იერარქიის ერთ-ერთ უმაღლეს მწვერვალს მიაღწია. მერაბმა კი ქართული მეღვინეობა საერთაშორისო ასპარეზზე გაიყვანა და დიდი სახელი მოუხვეჭა. ბოგდან სარალიძის შესახებ კი კვლავ არაფერი იყო ცნობილი... ამასობაში, ეგრეთ წოდებული, „პერესტროიკა“ დაიწყო. კრემლის მესვეურები ახალ კადრებს არჩევდნენ და ბაკური მოსკოვში, საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე გადაიყვანეს. მას მერაბის თან წაყვანაც უნდოდა, მაგრამ გოგიაშვილმა ქვისლს უარი უთხრა. ეს კი ასე დაასაბუთა, საქართველოში მეღვინეობა სტრატეგიული დარგია და ვერ მივატოვებ. პატრიოტი ვარ და ჩემს სამშობლოს ამ კუთხით უნდა ვემსახუროო... ერთი სიტყვით, გოგიაშვილი თბილისში დარჩა. ამ დროს კი რესპუბლიკის ხელმძღვანელობაც შეიცვალა და მათ ახალი კადრების მოზიდვას მიჰყვეს ხელი როგორც უმაღლესი, ასევე საშუალო და დაბალი თანამდებობების რგოლებში. ერთ-ერთი ასეთი მაღალჩინოსანი ბოგდან სარალიძე აღმოჩნდა, რომელიც რესპუბლიკის განახლებული მთავრობის ხელმძღვანელებთან ძმაკაცობდა და მას (ბოგდანი) ცეკაში ის სფერო ჩააბარეს, რომელიც გოგიაშვილის საქმიანობას კურირებდა. აქედან გამომდინარე, ყოფილი მეგობრების წარსულში ჩახედულ წრეებში ჩურჩულებდნენ: ჰაერში სისხლის სუნი ტრიალებს და ბოგდანი მერაბის განადგურებას შეეცდებაო... ეს ხმები იმითაც იყო გამაგრებული, რომ საქართველოდან გადაყვანილი ბაკურ კორძაძე მოსკოვმა საზღვარგარეთ გაგზავნა უსერიოზულესი სამუშაოს შესასრულებლად. ამიტომ ბაკური ყელამდე საქმეებში იყო ჩაფლული და დრო არ ჰქონდა. თანაც, ძალიან შორს იყო და ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, ქვისლის დახმარება არ შეეძლო.
დაპატიმრება
მერაბ გოგიაშვილი პიროვნულად ძალიან ვაჟკაცი ადამიანი იყო. არც წუწუნი ახასიათებდა და მიუხედავად იმისა, რომ სხვებს ყოველთვის ეხმარებოდა, თავად პირადი საჭიროებისთვის არავის არაფერს სთხოვდა. მათ შორის, არც ბაკური შეუწუხებია ოდესმე. მერაბს არაერთხელ ურჩიეს, რომ საქართველოს გარიდებოდა, მაგრამ ის ყოველთვის უარს ამბობდა და ღიმილით იტყოდა ხოლმე: მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტიაო. ორი თვეც არ იყო გასული, რომ ერთ დღეს მერაბ გოგიაშვილი პროკურატურაში დაიბარეს. როცა გამოცხადდა, მექრთამეობის უმძიმესი ბრალდება წაუყენეს და საპყრობილეში გადაიყვანეს. პარალელურად კი, მის უწყებაში რამდენიმე კომისია ამუშავდა, მაგრამ ხელჩასაჭიდად მხოლოდ ორი საშუალო რგოლის ხელმძღვანელის ჩვენება ჰქონდათ. ისინი აცხადებდნენ – გოგიაშვილს ჩვენთან დიდი თანხა მოჰქონდა ქრთამად და სამაგიეროდ, მის დანაშაულებრივ საქმიანობას ვმფარველობდითო. საგულისხმო კი ის იყო, რომ ცრუმოწმეები ვერ აკონკრეტებდნენ, თუ რაში მდგომარეობდა მფარველობა და არც ქრთამის კვალი ჩანდა. პროკურატურამ კი ეს ჩვენება რომ „გაემყარებინა“, გოგიაშვილის სახლში ჩხრეკა ჩაატარა და იქიდან 62 ათასი მანეთი ნაღდი ფული და 42 ათასი მანეთის ღირებულების სხვადასხვა ნივთი ამოიღო. მათ ქრთამის სახელი დაარქვეს და საქმე სასამართლოში გადაიტანეს. სხდომები აშკარად პროცესუალური ნორმების დარღვევით მიმდინარეობდა და საბოლოო სხდომაზე მერაბს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს.
ტყავის „ტროიკა“
კომუნისტურ საბჭოეთში არსებული კანონის თანახმად, მექრთამეობისთვის გასამართლებულ ადამიანებს უპირობო დახვრეტას უსჯიდნენ, თუკი გაფლანგული თანხა და კონფისკებული ნივთები 100 ათას მანეთს აჭარბებდა. ამოღებულ ნივთებზე კი ბრალდებულს მათი ნასყიდობის ქვითარი უნდა წარმოედგინა, მაგრამ მაშინ ქვითრებს არავინ ინახავდა. ბრალმდებლებს კი თავიანთი შემფასებლები ჰყავდათ და არც მერაბ გოგიაშვილს შეუნახავს ქვითრები. თუმცა ყველა ამოღებული ნივთი ან მემკვიდრეობით ერგო, ან აჩუქეს, ან პატიოსნად ჰქონდა შეძენილი... სასიკვდილო განაჩენი უმაღლეს სასამართლოში გასაჩივრდა, მაგრამ ისეთი პირი უჩანდა, რომ მას არავინ შეცვლიდა და მერაბი განწირული იყო. ამასობაში, საზღვარგარეთიდან ბაკურ კორძაძე დაბრუნდა და ქვისლს ძალიან კვალიფიციური და ცნობილი მოსკოველი ადვოკატი ისააკ გუცმანი გაუგზავნა. ახალმა ადვოკატმა საკასაციო სარჩელი შეიტანა და საქმის განხილვის დროს წარადგინა ქვითარი, რომელიც ადასტურებდა, რომ მერაბს ერთ-ერთი კონფისკირებული ნივთი – ტყავის სამეული, რომელსაც „ტროიკას“ უწოდებდნენ, 5 ათას მანეთად ჰქონდა შეძენილი მოსკოვის ანტიკვარულ მაღაზიაში...
საგულისხმო დეტალი იყო, რომ საკასაციო პროცესს მოსკოვში აკრედიტებული, „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ესწრებოდა. სწორედ ამ დეტალმა ითამაშა მერაბის გადარჩენაში მთავარი როლი, ქვითრის წარდგენის შემდეგ „ქრთამის“ ჯამური თანხა 99 ათას მანეთამდე ჩამოდიოდა და ბრალდებული დახვრეტას არ ექვემდებარებოდა... შეიქმნა დაბნეულობა. მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლე წინასწარ იყო ინსტრუქტირებული, ამერიკელის წინ ვერ გაბედა, კანონისთვის გადაებიჯებინა და გოგიაშვილს საბოლოო განაჩენი – 15 წლით პატიმრობა გამოუტანა...
აშკარა იყო, რომ მთელი ეს კომბინაცია ბაკურ კორძაძის მიერ იყო დაგეგმილი და შესრულებული – ქვისლი ქვისლს დაეხმარა და უდანაშაულო ადამიანი ყოფილი ძმაკაცის საშინელი შურისძიებისგან იხსნა... ამასობაში საბჭოეთი დაიშალა და ხუთწლიანი პატიმრობის მერე გოგიაშვილი ციხიდან გაათავისუფლეს. მერაბი ბიზნესმენი გახდა და კვლავ მეღვინეობას მისდევდა. ბოგდან სარალიძე კი კვლავ რუსეთში წავიდა და როგორც ამბობდნენ, იქიდან ცდილობდა შურისძიებას.
P.S. 90-იანი წლების არეულობის პერიოდში მერაბ გოგიაშვილი უცნობმა ნიღბიანებმა საკუთარი სახლის წინ სასტიკად ჩაცხრილეს მანქანაში. ეს საქმე გაუხსნელი დარჩა, თუმცა ქალაქში ამბობდნენ, რომ ამაში ბოგდან სარალიძის ხელი ერია.