კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№46 შეთქმულება

ნინო კანდელაკი დასასრული

დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #44-45(984)

***
რუდიკო სუხიშვილი შეპყრობილივით დადიოდა უზარმაზარ ოთახში. წამდაუწუმ საათს დაჰყურებდა და ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ვიღაცას მოუთმენლად ელოდა. რაც უფრო უახლოვდებოდა საათის ისრები დღის სამს, რუდიკოს მღელვარებაც მატულობდა. უცებ კარი გაიღო, ოთახში წამბლისფერთმიანი „შხვართი“ გოგონა შემოვიდა და მას უთხრა:
– მოვიდნენ. შემოვუშვა?
რუდიკომ ვნებით აათვალიერა „შხვართი“. შემდეგ ვნებიანად ამოიხვნეშა და უთხრა:
– ჯერ ბაგრატი შემოვიდეს.
გოგონა ოთახიდან გავიდა. იმ წუთშივე ოთახში ოცდაათიოდე წლის, „ჩასხმული“ ახალგაზრდა კაცი შემოვიდა და რუდიკოს უთხრა:
– მოვედით, ბატონო რუდოლფ.
– მოიყვანე, ხომ? – იკითხა რუდიკომ.
– დიახ.
– შეამოწმეთ?
– დიახ. საგულდაგულოდ. ჯერ აბანოში ვიყავით და სანამ ვბანაობდით, ბიჭებმა მისი ტანსაცმელი გულდასმით გასინჯეს. სუფთაა. არანაირი მოწყობილობა არ აქვს ჩამონტაჟებული და შეგიძლიათ, თავისუფლად ელაპარაკოთ.
– კარგი, კარგი, შემოიყვანე და არავინ შეგვაწუხოს, – თქვა რუდიკომ და კეფა მოიქექა.
ბაგრატი ის აკვალანგისტი იყო, ვინც თემურ სალიას იახტა „ზეროზე“ შეხვდა. ის რუდიკო სუხიშვილის მარჯვენა ხელი და ნდობით აღჭურვილი პირი იყო. რუდიკო სუხიშვილი კი ყოფილი მაღალჩინოსანი და ოპოზიციური პარტიის ემიგრანტი ლიდერი, რომელსაც „შლეგიანს“ ეძახდნენ. ბაგრატი რომ გავიდა, წუთიც არ იყო გასული, რომ ოთახში თემურ სალია შემოვიდა. „შლეგიანი“ მისკენ ისარივით გავარდა, გაუღიმა, მაგრად ჩამოართვა ხელი და უთხრა:
– სასიამოვნოა შენი გაცნობა. ბაგრატმა საუკეთესოდ დაგახასიათა და დამარწმუნა, რომ ნამდვილი პატრიოტი ხარ. მოდი, მოდი, დაჯექი. ჩაი, ყავა, ვისკი ან ღვინო ხომ არ გინდა?
– ჩემთვისაც სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, ბატონო რუდოლფ. თუ შეიძლება, ყავას დავლევ, – თქვა თემურმა და სავარძელში ჩაჯდა.
რუდიკომ „შხვართს“ ორი ყავა მოატანინა. თვითონ თემურის პირისპირ მოკალათდა და უთხრა:
– ბაგრატმა მითხრა, რომ ჩემთან კითხვები გაქვს და აქ ამიტომ ჩამოგიყვანე. აბა, გისმენ, ჩემო კარგო.
– ერთი მთავარი კითხვა მაქვს, ბატონო რუდოლფ და თქვენის ნებართვით გეტყვით.
– კი, აბა, რა, აბა, რა! გისმენ, დამისვი.
– აუცილებელია ნათლიაჩემის მოკვლა? რაც არ უნდა იყოს, ჩემი ნათლიაა და ჩემზე ამაგი აქვს. თანაც მძიმედაა ავად და მაქსიმუმ, ხუთი-ექვსი თვის სიცოცხლე დარჩენია.
– მართლა? – წამოიძახა მოულოდნელობისგან რუდიკომ და დაამატა, – რა დაემართა?
– სიმსივნე აქვს თავში.
– რას ამბობ, კაცო, რომ არაფერი ეტყობა? – თვალები გაუფართოვდა რუდიკოს.
– დიახ. ასეა. უკვე ორი წელია, ინტენსიურად ვმკურნალობთ  და პერიოდულად რომ არ ჩანს ხოლმე, ამის ბრალია. არაფერი კი იმიტომ არ ეტყობა, რომ მაკიაჟს უკეთებენ. ახლაც მკურნალობის კურსს გადის. ერთი კვირაა, რაც ჩაწვა და  კიდევ ერთი კვირა დასჭირდება.
„შლეგიანი“ ისე გაახარა ამ სიტყვებმა, რომ გადარეულივით, ძალიან უცნაურ ხმაზე გაიცინა და თქვა:
– ღირსია ეგ, მე გავუჩინე ტვინის კიბო, მაგრამ, ხუთი-ექვსი თვე ძალიან ბევრია და ეს ამბავი არჩევნებამდე უნდა „მოყომარდეს“. არჩევნებში თუ დავმარცხდით, მერე კიდევ წლები უნდა ველოდო უკან დაბრუნებას და არ მაწყობს, –  „შლეგიანმა“ ენაზე იკბინა და გამოასწორა, – მე კი არა, ჩემი ბედკრული და ტანჯული ერი უნდა გამწარდეს უფრო. არჩევნების მერე კი ის რომც მოკვდეს, თუკი ხელისუფლებაში მისი პარტია მოვა, ბევრი არაფერი შეიცვლება. ამიტომ, ჩემო თემურ, როგორც ნამდვილ სამშობლოს პატრიოტს და მოამაგეს, გეუბნები, ეგ საქმე მალევე უნდა „მოყომარდეს“. ეგ რომ ცოცხალი აღარ იქნება, მისი პარტია ქვიშის სახლივით დაიშლება და ჩვენ გავიმარჯვებთ.
– იცით, როგორ მიჭირს ამის გაკეთება, ბატონო რუდოლფ? – თქვა თემურმა და დააყოლა, – რაც არ უნდა იყოს, ჩემი ნათლიაა და ჩემზე ამაგი აქვს.
– ყველა დიდი საქმე რთულია, ჩემო ძმაო, მაგრამ სირთულეები უნდა დავძლიოთ. ნათლიაო, რომ ამბობ, შენმა ნათლიამ არ დაგიხოცა მშობლები და სიცოცხლეს გამოასალმა სპეტაკი კაცი კაკო ზედგენიძე? და, კიდევ მრავალი ისეთი ცოდვა აქვს, რაზე ლაპარაკიც ძალიან შორს წაგვიყვანს. და, რაც მთავარია, გაიხსენე ერი, ჩვენი ჩაგრული ერი, რომელიც სულმოუთქმელად მელოდება მე. ამიტომ, ეგ საქმე უნდა გაკეთდეს და გაკეთდეს მაქსიმუმ ერთ კვირაში, ათ დღეში, – რუდიკო სავარძლიდან წამოხტა. ოთახში გაირბინ-გამოირბინა. ბოლოს თემურის წინ შედგა და მიაყარა: – წევს და მკურნალობს ხომ?
– დიახ.
– ჰო და, ძალიან კარგი. ვერავინ მიხვდება, რომ მოწამლე და ყველა იფიქრებს, კიბომ მოკლაო.
– ეგ როგორ, ბატონო რუდოლფ. კიბოთი მკვდარი და მოწამვლით მკვდარი სხვადასხვა რაღაცებია. გაკვეთა აუცილებლად აღმოაჩენს დანაშაულის კვალს. ექიმი ვარ ბოლო-ბოლო და ვიცი.
– ეგეთები გვიქნია? – წამოიძახა რუდიკომ. შემდეგ ისევ ენაზე იკბინა და დააყოლა, – შენ დარდი ნუ გაქვს, ჩემო თემურ. ისეთ პრეპარატს მოგაწვდის ბაგრატი, რომ მკვლელობის კვალს ვერანაირი ექსპერტიზა ვერ აღმოაჩენს. შენ მხოლოდ ის წვეთოვანში უნდა შეურიო და საქმე გაკეთებული იქნება.
– დარწმუნებული ხართ, ბატონო რუდოლფ?
– მილიონი პროცენტით! – ხელები გაშალა რუდიკომ.
– აქედან გამატანთ თუ თბილისში მომაწვდით.
– არა. აქედან სახიფათოა. თბილისში მოგაწვდიან. ესე იგი, თანახმა ხარ, რომ ნათლიაშენის ლიკვიდაცია განახორციელო? – იკითხა რუდიკომ და თემურს მიაშტერდა.
– დიახ. თანახმა ვარ. მან მე მშობლები დამიხოცა, – კბილებში გამოსცრა თემურ სალიამ და ასეთი გარდასახვისთვის რომ მიეღწია, გურამ გვასალიას ხვლქვეითები მას ინტენსიურად ავარჯიშებდნენ.
– ჰოდა, ძალიან კარგი, ჩემო ძმაო. ერთმანეთს უკვე სამშობლოში შევხვდებით. იმის შეხსენება არ გჭირდება, რომ არც ერთმანეთს შევხვედრივართ და არც ეს საუბარი შემდგარა.
– რა თქმა უნდა, ბატონო რუდოლფ, – მიუგო თემურმა. ხელი ჩამოართვა და „შლეგიანის“ ოთახი დატოვა.
ათიოდე წუთის შემდეგ შლეგიანმა ბაგრატი იხმო და უთხრა:
– ყველაფერი რიგზეა. სულ მალე ის საძაგელი სულს გააცხებს და არჩევნებს რომ მოვიგებთ, ისევ ხელისუფლებაში მოვალთ. ეს ექიმი კი, როდესაც საქმეს გააკეთებს, უნდა გააქრო. გასაგებია?
– გასაგებია, ბატონო რუდოლფ, – უთხრა ბაგრატმა „შლეგიანს“ და ოთახიდან გავიდა.
***
თბილისში დაბრუნებულ თემურს „შლეგიანთან“ საუბრის სრული ჩანაწერი ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ექიმის ტანსაცმელი საგულდაგულოდ შეამოწმეს და არც სხეულზე ეტყობოდა მიკროაპარატურის არსებობა, ბაგრატის ბიჭებს მაინც გამოეპარათ მიკროვიდეოკამერა. ეს თანამედროვე მოწყობილობა თემურს თვალის ლინზაში ჰქონდა ჩამონტაჟებული. ლინზები კი უმაღლესი ტექნოლოგიით იყო დამზადებული და მათი აღმოჩენა შეუძლებელი იყო. ჩანაწერზე გამოსახულებაც უზადოდ ჩანდა, ხმაც შესანიშნავად ისმოდა და ყველაზე მაღალი ინსტანციის სასამართლოშიც გამოდგებოდა უტყუარ მტკიცებულებად. ჩანაწერი პირველად ზურაბ პეტრიაშვილმა და გურამ გვასალიამ ნახეს. იქვე იმყოფებოდა თემურიც და ჩვენება რომ დასრულდა, ზურაბმა თქვა:
– და ასეთ ადამიანს სურს ძალაუფლების დაბრუნება, მკვლელსა და შეშლილს, დემაგოგსა და კაცთმოძულეს. ჩათვალეთ, მეგობრებო, რომ არჩევნები მოგებული გვაქვს. როგორც კი ამ ჩანაწერს გავასაჯაროებთ, „შლეგიანის“ ელექტორატიდან შესაძლოა, ის ფანატიკოსებიც არ დარჩნენ, ვისაც მისი ბრმად სჯერათ. მაგრამ ჯერ ადრეა. როგორც ლევანმა გვითხრა, საარჩევნო პიკი არჩევნებამდე ორი კვირით ადრე დადგება და ამ ჩანაწერსაც მაშინ ვუჩვენებთ ხალხს. მანამდე კი სამი კვირაა და უნდა მოვიცადოთ. ჯერ კიდევ ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. თემურმა ამ დღეებში უნდა „მომწამლოს“. შემდეგ ჩემი მუმიფიცირებული ცხედარი არჩევნების დასრულებამდე უნდა შეინახონ. ერთი სიტყვით, მთავარი ამბები ჯერ კიდევ წინაა.
– ყველაზე მთავარი კი ისაა, ბატონო ზურაბ, რომ ამ ჩანაწერით „შლეგიანს“ ყველა ქვეყნის მთავრობა გადმოგვცემს, მის საქმეს სამართლიანად განვიხილავთ და თავის ადგილს მივუჩენთ, – თქვა გვასალიამ.
ზურაბს კი გაეცინა და მიუგო:
– ვინ იცის, ვინ იცის...
– რა, ეჭვი გეპარებათ ამაში, ბატონო ზურაბ? – თქვა გვასალიამ.
– ვნახოთ. მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ და დრო გვიჩვენებს, – ორაზროვნად თქვა ზურაბმა და თემური მიხვდა, რომ ნათლიამისს განსხვავებული კომბინაცია ჰქონდა ჩაფიქრებული.
***
ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა. „შლეგიანს“ თემურმა კოდირებულად აცნობა, რომ ზურაბი ლიკვიდირებული იყო და რომ ვერავინ მიხვდა ამას და ის კიბოსგან გარდაცვლილი ეგონათ. თუმცა, არჩევნების მოგების მიზნით, ზურაბის თანამოაზრეები მისი მუმიფიცირებული სხეულის არჩევნებამდე გადამალვაში შეთანხმდნენ და ამას საიდუმლოდ ინახავდნენ. „შლეგიანმა“ ამ ინფორმაციის მიღებისთანავე ჭორების მანქანა აამუშავა და მისი მომხრეები ზურაბის სახალხოდ გამოჩენას სთხოვდნენ. პეტრიაშვილის თანაპარტიელი მაღალჩინოსნები კი საეჭვოდ აცხადებდნენ, რომ ზურაბი ოდნავ შეუძლოდ იყო და სულ მალე დაენახვებოდა საზოგადოებას. „შლეგიანი“ უკვე წინასწარ ზეიმობდა არჩევნებში გამარჯვებას, რადგან სჯეროდა, რომ ზურაბის გამოჩენის დათქმული თარიღი გადაიდებოდა და სწორედ ბოლო ორი კვირის განმავლობაში აპირებდა გააქტიურებასა და მოწინააღმდეგე პარტიის მხილებას მათი ლიდერის გვამის გადამალვაში.
დაანონსებული თარიღიც დადგა. არჩევნებამდე ორი კვირა რჩებოდა და საღამოს ათ საათზე ზურაბს უნდა მიემართა საზოგადოებისთვის. „შლეგიანი“, რომელიც ევროპის ერთ-ერთი დედაქალაქის ძვირად ღირებულ სახლში ცხოვრობდა, სავარძელში მოკალათდა. ხელში ჩიპები და ფორთოხლის წვენი მოიმარჯვა. გვერდით „შხვართი“ მოისვა და საქართველოს ცენტრალური არხი ჩართო. წამყვანმა ზურაბის გამოსვლამდე სენსაციური ჩანაწერების ჩვენების განცხადება გააკეთა. „შლეგიანი“ ოდნავ შეკრთა, მაგრამ თავი მაინც შეიკავა. ჩანაწერის ჩვენება რომ დაიწყო, „შლეგიანმა“ მოუსვენრად სირბილი და გინება დაიწყო, ხოლო, როდესაც საღსალამათი ზურაბიც იხილა, წივილ-კივილი მორთო და თუკი ოთახში რაიმე ძვირფასი ნივთი იყო, ყველაფერი დაამსხვრია. საქმე იქამდე მივიდა, რომ ფსიქიატრიული ბრიგადა გამოიძახეს, „შლეგიანი“ გაკოჭეს და კლინიკაში გადაიყვანეს...
„შლეგიანის“ ამბავმა თბილისამდე მალევე ჩააღწია ზურაბმა რომ ეს გაიგო, იქვე მდგომ გვასალიას უთხრა.
– უბედური, რა დღეში ჩაიგდო თავი. ის უკვე გასამართლებას აღარ ექვემდებარება და ღმერთმა უწყის, საერთოდ თუ გამოუშვებენ „დურდომიდან“...


скачать dle 11.3