№46 ცოლებისგან მიტოვებულის აღსარება
ნინო კანდელაკი ბაია თაბაგარი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #43-45(984)
***
სიმართლე გითხრათ, საკმაოდ გამართო და გამახალისა ამ მოგონებებმა, თუმცა კარგა მაგრადაც დავიღალე ემოციურად და, შესაბამისად, ადრენალინის პატარა დოზაც მივიღე.
ადრენალინზე გამახსენდა: არცთუ პატარ-პატარა დოზას თითქმის ყოველ საღამოს ვიღებ. საქმე ისაა, რომ ვცხოვრობ პირველ სართულზე. სადარბაზო ყოველთვის ღიაა, უფრო სწორად, კარი საერთოდ აღარ აქვს, განათება კი აღარც ეზოშია, აღარც სადარბაზოში – სენსორები გაკეთებიდან ორ კვირაში გადაიწვა და ამით ჩვენს მოჟამულ და ჩაშავებულ კორპუსში ცივილიზაციისა და კომფორტის ერთადერთი სხივიც ჩაქრა.
ამ ყველაფერმა ახალი პრობლემა შემიქმნა: ყველა ლოთი, ნარკომანი, გზააბნეული თუ ბაცაცა უკარო და ბნელ სადარბაზოში მოშარდვის ან ვენაში დოზის მიღების შემდეგ ჩემს კარს მოადგება, განსაკუთრებით – უმთვარო ღამეში ან გამთენიისას და მონჯღრეულ კარზე შიშის მომგვრელად ჩუმად, პაროლივით აკაკუნებს. მიუხედავად იმისა, რომ წასაღები და წასართმევი არაფერი მაქვს და არც ჩემი მოკვლით აშენდება ვინმე (ვის დავკარგვივარ), თავიდან მაინც შიშისგან გული მიჩერდება ხოლმე. მაგრამ ყურის მოყრუებას აზრი არ აქვს, ჯობია, შევეხმიანო, თორემ, ჩემი კარის დაჟანგულ ანჯამებს ერთი მსუბუქი წიხლითაც მოერევა ნებისმიერი დაუპატიჟებელი სტუმარი და მერე შეიძლება უარესი მოხდეს – ვინც არ უნდა იყოს პატივცემული უცნობი, ინვალიდის ეტლში მჯდარი ვერ გავუმკლავდები. ამიტომ, თავს ვიფხიზლებ, კართან მივგორდები და მოგონილი თავაზიანობითა და გულითადობით ვეკითხები:
– ვინ ბრძანდებით? – თან ვცდილობ, ჩემი ხმა მხნედ ჟღერდეს. არ გეგონოთ, რომ მშიშარა ვარ. უბრალოდ, ჩემმა ხეიბრობამ ფრთხილი და წინდახედული გამხადა – რა აზრი აქვს უჭკუო სიმამაცეს?!
ძირითადად სხვადასხვა სიტყვისგან (ან სიტყვებისგან) შემდგარი ფრაზები ან კითხვები მესმის პასუხად:
– უკაცრავად, გიუშკი მინდა, რა!.. – ეს აშკარად კაიფშია და აზრზე არ არის, ვის კარს მიადგა.
ან:
– ძმაო, მარშრუტკაზე ოცი თეთრი დამაკლდა და მაიტა, რა, ხვალ დაგიბრუნებ! – ეს, სავარაუდოდ, გაგლეჯილი მთვრალია.
ან:
– ბოდიში, ჩვენ სვეტამ დაგვიბარა, გაგვიღეთ, თუ შეიძლებოდეს! – ესენი უაზროდ მთვრალები არიან, თანაც სოფლიდან ახალჩამოსულები (მგონი, მეგრელები), თორემ, ეცოდინებოდათ, ვიღაც სვეტა სად უნდა ეძებნათ.
ერთი სიტყვით, მრავალფეროვანი ტექსტები ისმის ხოლმე კარის მიღმიდან, მაგრამ პასუხის გაცემას ვერ ვასწრებ, რადგან მათ ხმაზე ჩემი ერთგული ჯეჯე ფხიზლდება და ისეთი ომახიანი ყეფა-გრგვინვით გამორბის კარისკენ, რომ ჩემი „სტუმრები“ ზღაპრული ჯინებივით ქრებიან სადარბაზოდან.
მოკლე ხანში, მსგავს საზოგადოებაში, როგორც ჩანს, ხმა გავრცელდა, რომ ჩემს ბინაში ბასკერვილების ძაღლია დაბანაკებული და ამის გამო ისე ხშირად აღარ მაკითხავენ. ბოლოს ამ რამდენიმე დღის წინ მომიკაკუნეს. უკვე თენდებოდა და რადგან ამ დროს მღვიძავს ხოლმე, მაშინვე შევეხმიანე, როგორც ყოველთვის, თავაზიანად და სტანდარტული სიტყვებით:
– ვინ ბრძანდებით?
– გააღე! – მესმის კაცის უხეში ხმა.
– ვინ ხართ და რა გნებავთ? – ჯერჯერობით ისევ თავაზიანი ვარ.
– გაიღე და გაიგებ! – ხმაში მუქარა და ძალადობა იგრძნობა, აშკარად არ მყვება თავაზიანობაში.
– უკაცრავად, მაგრამ ვერ გავაღებ, ინვალიდის ეტლში ვზივარ! – არ ვეშვები თავაზიანობას.
– აბა, როგორ გადიხარ გარეთ? – თავს ანებებს მუქარას.
– მომვლელი მოდის და იმას გავყავარ, – ვცრუობ მშიშარა ქალივით და თან ჯეჯეს ვეძებ თვალით – მიკვირს, რომ ყეფით არ იკლებს იქაურობას. როცა ჯეჯე დაუპატიჟებელ სტუმრებს უყეფს, გაცილებით უფრო მშვიდად და იმედიანად ვარ.
– რომელზე მოდის? – მკაცრად მეკითხება უცნობი.
– ვინ? – ვერ ვხვდები, ვისზე მეკითხება, რადგან უცებ დამავიწყდა, რა მოვატყუე ათიოდე წამის წინ.
– შენ რა, ღადაობის ხასიათზე ხარ ამ უთენია? – მიბრაზდება „სტუმარი“.
– აა, ჰო, მომვლელზე მეკითხებით? – მახსენდება ჩემი ტყუილი, – როცა მე დავურეკავ.
კარს მიღმიდან ჩაცინება მომესმა – აშკარად მიმიხვდა ფანდებს.
– როცა ის არ არის, მთელი დღე მარტო ხარ სახლში? – ძალიან საეჭვოდ დაინტერესდა ჩემი დღის რეჟიმით.
– არა, გაწვრთნილი ავჩარკა მყავს, – ვამბობ და თვალით ისევ ჯეჯეს ვეძებ.
– მერე, შენი გაწვრთნილი ავჩარკა ყრუ-მუნჯია? – დამცინის.
– ყრუ-მუნჯი შენ თვითონ ხარ! – შეურაცხყოფად ვიღებ ჩემი ძაღლის დამცირებას და მთელი ხმით ვუძახი: – ჯეჯე, მოდი ჩემთან!
ეტყობა, ჯეჯემ ჩემს ყვირილში შიში თუ რაღაც ამდაგვარი დააფიქსირა და ომახიანი ყეფით, ჩორთით გამოიქცა ჩემკენ საშველად.
– ახლა გჯერა? – ამჯერად მე დავცინი, – ხომ გაგეპარა სული ტ...ში?
– კარგი, კიდევ მოგაკითხავ. მაინც ვერ დამიძვრები ხელიდან, გამოგიჭერ როგორმე მარტოს! – მემუქრება კბილების ღრჭიალით და გაბრაზებული კაცის ნაბიჯით ტოვებს ჩემს ძუნძგლიან სადარბაზოს. ამდენი ველაპარაკეთ ერთმანეთს და ბოლოს ისე სწრაფად წავიდა, ვერ მოვასწარი, მეკითხა, რას მერჩი-მეთქი.
როგორც კი წაბრძანდა, შვებით ამოვისუნთქე, მაგრამ გული ისე გამალებით მიცემდა, კორვალოლი დავლიე. რატომ შემეშინდა ასე ძალიან, არ ვიცი. მოსაკლავად ნამდვილად არ იყო მოსული, არ გასაქურდავად. ბოლო-ბოლო, დამარტყამდა (თუ ამის საშუალებას ჯეჯე მისცემდა) და წავიდოდა, თუმცა აზრზე არ ვიყავი, რატომ უნდა ვეცემე. შეიძლება, უთენია რომ დამადგა თავზე, ამის გამო დავიძაბე და დავიგრუზე. ერთი სიტყვით, კარგა მაგრად კი დამაფრთხო, მაგრამ სამაგიეროდ, ადრენალინის სერიოზული დოზაც მივიღე და მხოლოდ ორიოდე საათის შემდეგ გავაცნობიერე, რომ ამ ყველაფერმა საკმაოდ გამართო.
ეს ამბავი (ანუ უცნობი სტუმარი და ჩვენი „გულითადი“ დიალოგი) წეღან ადრენალინის ხსენებამ მოიტანა და ამიტომ მოვყევი.
***
ახლა ისევ ჩემს ქალებს დავუბრუნდები და, აქედან გამომდინარე – ქალებისა და მამაკაცების ურთიერთობის მარადიულ თემას.
გოგოები მოწიფულობის ასაკიდან ოცნებობენ განსაკუთრებულ, რომანტიკულ სიყვარულზე. ავთანდილისა და ტარიელის მსგავს რაინდებზე და ასე შემდეგ, ის კი არ იციან, რომ ასეთი რაინდები ბუნებაში არ არსებობენ, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის რომანტიკა კი, ისიც განსაზღვრული დოზით, ჩემი აზრით, მხოლოდ ქორწინებამდელ ხანმოკლე თუ ხანგრძლივ (უფრო კი – ხანმოკლე) კავშირშია, იმის მიუხედავად, ცალმხრივი სიყვარული იქნება ეს, ორმხრივი ტრფობა, მხოლოდ ხორციელი ვნება, გულწრფელი ჭაბუკური გატაცება თუ ანგარებიანი გათვლები. ქორწინების შემდეგ კი ძალიან მალე, ქალისთვის საოცნებო ოჯახურ-ცოლქმრული იდილია ნელ-ნელა (ხშირად კი ჩქარ-ჩქარაც) გაივლის რამდენიმე უსიამოვნო ფაზას და შედის იმ შეუცნობელ სამყაროში, რომელში აღმოჩენისთანავე იმედგაცრუებული და სასოწარკვეთილი რჩება, რადგან ჩვენ, კაცები, ვიღლებით რაინდის როლის თამაშით, ვიხსნით ნიღაბს და ცოლის წინაშე ვრჩებით ჩვენი რეალური სახით, რაც სულაც არ აღმოჩნდება ხოლმე ქალისთვის აღმაფრენის მომგვრელი.
არ მინდა, მამაკაცებმა ისე გაიგონ ჩემი ნათქვამი, თითქოს მხოლოდ ქალი რჩება იმედგაცრუებული და ყველა ცოდვა ცოლ-ქმრის ურთიერთობაში კაცს ეკისრება. რა თქმა უნდა, არა. ახლა ჩემს დაკვირვებას მოგახსენებთ: უამრავზე უამრავია, უფრო ზუსტად თუ ვიტყვი, ასეთი შემთხვევები 49-49-ზეა და ცოლქმრული წყვილების მხოლოდ 2 პროცენტი რჩება (შეიძლება ამდენიც არა) სიცოცხლის ბოლომდე ურთიერთკმაყოფილი. უკმაყოფილო ცოლებსა და ქმრებს შორის კი ის განსხვავებაა, რომ პირველი იმედგაცრუებული ქორწინების შემდეგ კაცი უფრო ფრთხილია შემდეგი არჩევნის გაკეთებისას, ან, იმის შიშით, რომ უარესი ალქაჯი არ შერჩეს ხელში, სულაც აღარ ქორწინდება მეორედ (თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ყოველი მომდევნო რჩეული უფრო მეტი სინანულის მიზეზი ხდება). აი, ქალი კი, თუნდაც ათჯერ გათხოვდეს უიღბლოდ, მაინც აქვს იმედი, რომ მეთერთმეტე ქმარი მაინც იქნება ის პრინცი, რომელსაც მთელი ცხოვრება ელოდა – ამ საკითხში ქალი გამოუსწორებელია. მაგრამ ქალების ამ ხასიათს აქვს მეორე მხარეც: როგორი იდეალურიც არ უნდა იყოს ქმარი, ცოლს ის მაინც არ მოსწონს, თუმცა იმავე ქმრის ნებისმიერი ქმედება მოსწონდა და აღფრთოვანებულიც კი იყო, სანამ გვირგვინს იფსკვნიდნენ. ამას ასე დარწმუნებით იმიტომ ვამტკიცებ, რომ ერთხელ, სრულიად შემთხვევით, თვითონ გავხდი მოწმე, როგორ შესჩიოდნენ ქალები ერთმანეთს ქმრებზე. მაშინ მესამე ცოლთან, თათასთან ერთად ვცხოვრობდი. ერთ დღეს თათამ მითხრა, საღამოთი გოგოები უნდა მოვიდნენ საჭორაოდ და ყავის დასალევად და, თუ გინდა, სადმე წადი – ან დედაშენთან, ან ბიჭებთანო. ცხადია, წავედი – არ შემეძლო მათი სისულელეების მოსმენა. ღამის 11 საათზე დავბრუნდი სახლში. მეგონა, უკვე წასულები იქნებოდნენ, მაგრამ, რა წასულები! ბოლი ასდიოდათ, ისეთი გამწარებულები ჭორავდნენ ქმრებს. ქალები სამზარეულოში ისხდნენ და არც კი გაუგიათ ჩემი დაბრუნება (მათ შორის, არც ჩემს ცოლს). ერთმანეთს არ აცლიდნენ ჩემი საბრალო თანამოძმეებისა და „კოლეგების“ ლანძღვას, რომლებისთვისაც თითოეულმა მათგანმა თავის დროზე ლამის მსოფლიო ომი წამოიწყო. თავიდან მათი გაცხარებული საუბარი ყაყანის სახით აღწევდა ჩემს ოთახამდე; შიგადაშიგ, როცა რომელიმე მათგანი ქაქანით დაიღლებოდა და სულის მოსათქმელად ჩერდებოდა, დანარჩენების ფრაზები შედარებით გარკვევით მესმოდა; მერე კი, როცა რამდენიმე დამაინტრიგებელ წინადადებას მოვკარი ყური, მეც ჩამითრია მათმა ისტორიებმა და ჩემგან დამოუკიდებლად დავიწყე ყურის მიგდება. ასე გავხდი სხვათა საიდუმლო ისტორიების გაზიარების მოწმე, თუმცა, ღმერთი, რჯული, ეს წინასწარ განზრახულად არ ჩამიდენია. განსაკუთრებით კი მაშინ დამაინტერესა მათმა ქაქანმა, როცა რამდენიმე ქალის გაკაპასებულ ხმაში ჩემი ცოლის – თათას ხმაც მოსწვდა ჩემს სმენას. მართალია, სხვებივით მიწასთან არ გავუსწორებივარ, თუმცა არც საქებარი სიტყვები გაუმეტებია, რამაც ძალიან დამწყვიტა გული, რადგან მანამდე მეგონა, რომ ვიყავი სანიმუშო ქმარი, ყველა ქალის ოცნება მამაკაცი; როგორც მაშინ ნახევრად ხუმრობდნენ ხოლმე – „მუჟჩინა ურაგან ი მუჟჩინა ტაიფუნ“, ფანტასტიკური საყვარელი და ნამდვილი რაინდი კავალერი; თათამ კი, მსუბუქად რომ ვთქვა, ძალიან გულგრილ ფრაზაში მიგულისხმა, კერძოდ, სიტყვაში – „ყველა“, როცა რომელიღაც დაქალმა საყვედურის ტონით უთხრა, შენ რატომ არაფერს ამბობ, რა, შენი ქმარი ჩვენს ქმრებზე უკეთესიაო?! სწორედ მაშინ წარმოთქვა თათამ ის არაფრის მთქმელი, ამავე დროს, მრავლის მომცველი წინადადება: „ყველა კაცი ერთნაირი არარაობაა“. როგორი მოსასმენია ეს სიტყვები ქმრისთვის, რომელსაც ჰგონია, რომ ცოლი მასზე აფანატებს და თავს უბედნიერეს ქალად მიიჩნევს, ასეთი ავთანდილის, ტარიელის, მზეჭაბუკისა თუ ამირანის ცოლობა რომ აღირსა უფალმა?! ის კი, არარაობაო, ამბობს. უფრო თვალსაჩინო რომ იყოს ცოლების მიერ ქმრების შეფასება, მათდამი განწყობა და დამოკიდებულება, შევეცდები, შეძლებისდაგვარად სრულად გავიხსენო რამდენიმე იმედგაცრუებული ცოლის „ცხელ-ცხელი“ გრძნობები. ნამდვილად აღარ მახსოვს, რა ერქვათ თათას დაქალებს, ამიტომ პირობითად დავარქმევ დღეს ყველაზე გავრცელებულ სახელებს:
ლიკა: – ნახეთ, რა ბეჭედი მომართვა ქმარმა დაბადების დღეზე?
ნინი: – მართლა ბრილიანტია? ყოჩაღ, ნამდვილად არ მეგონა ასეთი ხელგაშლილი და ყურადღებიანი თუ იყო (ჩემს ოთახამდეც კი მოაღწია ნინის ხმაში გამოჟონილმა ცუდად დაფარულმა შურმა).
ლიკა: – არ იქნება და!.. სხვაში არაფერში უქნია ღმერთს და ესეც არ გააკეთოს?!
ქეთა (რაღაცნაირი დადარაჯებული ხმით ეკითხება ლიკას): – „სხვა არაფერში“ ლოგინს გულისხმობ?
ლიკა: – არამარტო ლოგინს.
ნუნუკა: – აბა, კიდევ რას?
ლიკა: – რას და, მაგალითად, ინტელექტს, ოჯახიშვილობას, სიტყვა-პასუხს, ბოლოს და ბოლოს – გარეგნობას... (წარმოვიდგინე, როგორ კეცავდა ამ ყველაფრის ჩამოთვლის დროს მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითით მარცხენა ხელის თითებს, თუ, რა თქმა უნდა, ცაცია არ იყო).
ნუნუკა: – საერთოდ არ გიყვარს?
ლიკა (ირონიული ჩაცინება): – ჰა, ჰა, ჰა!..
ნინი: – არც არასდროს გყვარებია?
ლიკა: – ნუ მაცინებ, გოგო!
ქეთა: – აბა, რატომ გაჰყევი ცოლად, მარტო იმიტომ, რომ ბრილიანტები ეჩუქებინა?
ლიკა: – მაგიტომაც და კიდევ, პატიკოს ჯინაზე გათხოვება მინდოდა ვინმე მაყუთიან ტიპზე.
ქეთა: შენ თუ უყვარხარ ქმარს?
ლიკა: – რა ვიცი! რომ ჰკითხო, გიჟდება ჩემზე, მაგრამ მთელი მისი გრძნობები და ზრუნვა პერიოდულად სამკაულის მოტანით ამოიწურება. სხვა მხრივ არც კი ვახსოვარ (ხმას ნამდვილად სევდა და ტკივილი შეეპარა, არ მომჩვენებია).
თათა: – ვერ გავიგე, საერთოდ არ გაქვთ სექსი?
ლიკა (უკვე აშკარად მთვრალია): – შენი აზრით, ეგ საჭიროა? (როგორც ჩანს, კონიაკის წრუპვამ თავისი გაიტანა).
თათა: – საჭირო კი არა, აუცილებელია. აბა, ისე რანაირი ცოლ-ქმარი ხართ?
ლიკა: – დაახლოებით ასეთი ცოლ-ქმარია ნახევარზე მეტი საქართველო, ოღონდ, ძირითადად, ბრილიანტების გარეშე, – მწარედ ჩაეცინა ლიკას.
ქეთა: – ანუ, უსექსო, უბრილიანტებო და უყურადღებო?
ლიკა: – ჰო, ქართველი ქმრების უმრავლესობას რაც ეხება, ყველა მსაზღვრელი სიტყვა უ-თი იწყება და ო-თი მთავრდება.
ნუნუკა: – შენ, ლიკა, ფილოლოგი ხარ და ენათმეცნიერულად შეაფასე. აი, მე, მათემატიკოსმა, რომელი წესი ან კანონი უნდა მივუსადაგო? – ნუნუკა აშკარად ცდილობდა, დაძაბულობა იუმორით გაენეიტრალებინა და გულში შევაქე კიდეც, მაგრამ ლიკამ ცივი წყალი გადამავლო.
ლიკა: – ეგეც მე გასწავლო, გოგო? ამ წესს ხომ, მგონი, დაწყებით კლასებში ასწავლიან ბავშვებს: ნებისმიერი რიცხვი, გამრავლებული ნულზე, ანუ არაფერზე, უდრის ნულს, ანუ არაფერს.
გაგრძელება შემდეგ ნომერში