კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№46 შეუძლებელი შემთხვევითობა

ჯეკ რიჩი

მხატვარმა ჯოის ლემპიერმა იქ  მყოფებს გადახედა და დაიწყო:
– ახლა, როცა ეს საიდუმლოებით მოცული ამბავი უნდა მოვყვე, არც კი ვიცი, საიდან დავიწყო. თავიდან ყველაფერი გასართობი ჩანდა, მხოლოდ ბოლოს გადაიქცა ტრაგედიად.
რეტოული მეთევზეთა პატარა და ლამაზი სოფელი იყო. იქ რამდენიმე კვირას ვაპირებდი დარჩენას და შემოგარენის ესკიზების ჩახატვას. სოფელში მხოლოდ ერთი ძველი შენობა შემორჩა, ერთადერთი ნაგებობა, რომელიც ათას ხუთას რომელიღაც წელს სასწაულით გადაურჩა ესპანური ფლოტის დაბომბვას. ამ ლეგენდას ყველა ადგილობრივი ყვებოდა.
დილით მოლბერტისთვის ადგილი შევარჩიე თუ არა, მთიდან ხმაურით დაეშვა ავტომობილი. სასტუმროს წინ გაჩერდა და  იქიდან ახალგაზრდა წყვილი გადმოვიდა. მალე კაცი ისევ ჩაჯდა და მანქანა სანაპიროსთან სადგომზე დააყენა. მერე  კიდევ ერთი ავტომობილი გამოჩნდა. საჭესთან ქალი იჯდა. ჭყეტელა  ფერის ტანსაცმელი ეცვა, ასეთი ცხოვრებაში არაფერი მინახავს! პირდაპირ ავტოსადგომისკენ გაქანდა. როცა უკან ფეხით ბრუნდებოდა, პირველი მანქანის მძღოლს თავისუფლად წამოეწია.
იმ კაცმა გაკვირვებისგან ხელები ცისკენ აღაპყრო.
– საოცრებაა არაა, კეროლ, მე და შენ, ამდენი წლის შემდეგ ერთმანეთს ამ მიყრუებულ ადგილზე შევხვდით. აქ მარჯერია, ჩემი ცოლი. წამოდი, გაგაცნობ!
ვიდრე ისინი ქუჩაზე მოდიოდნენ, პარმაღზე ქალი, სავარაუდოდ, მარჯერი გამოჩნდა და მათკენ გაემართა. ჩემამდე მათი საუბრის მხოლოდ ნაწყვეტები აღწევდა. მამაკაცი, რომელსაც დევისი ერქვა, ორივე ქალბატონს ნავით გასეირნებას სთავაზობდა. კეროლი ფეხით წასვლის მომხრე იყო – რყევას ევრ ვიტანო. ხმაურიანად კამათობდნენ, ვიდრე კომპრომისული ვარიანტი არ მოიფიქრეს: კეროლი ნაპირს ფეხით გაუყვებოდა, ხოლო დევისი და მარჯერი ნავით მივიდოდნენ დანიშნულების ადგილამდე.
მეც საბანაოდ წავედი. საღამოს, როდესაც სასტუმროში დავბრუნდი და ისევ მოლბერტს მივუჯექი, აივნის მოაჯირზე გადაკიდებული ორი საბანაო კოსტიუმი შევამჩნიე. მივხვდი, ჩამოსულებიც დაბრუნებულიყვნენ. ამ დროს სასტუმროში ერთი ადგილობრივი მეზღვაური შემოვიდა. საკმაოდ სიტყვაუხვი აღმოჩნდა. უკვე მერამდენედ, თავიდან მოვისმინე ყველა სახლის დანგრევისა და ასევე სასტუმროს მეპატრონის დრამატული დაღუპვის ამბავი, რომელსაც ესპანური მახვილი თავისივე სასტუმროს კართან მისწვდა.
– სისხლი კიბეებზე დაიღვარა, – დაასრულა მან. – და ამის შემდეგ უკვე რამდენიმე საუკუნეა, სისხლის ლაქები იქიდან ვერაფერმა გადარეცხა.
ვაღიარებ, ჟრუანტელმა დამიარა. როცა ამას ვუსმენდი, მექანიკურად სასტუმროს ეტიუდის ხატვას განვაგრძობდი. უცებ შევამჩნიე, რომ ტილოზე ის გამოვსახე, რაც სინამდვილეში არ იყო – კიბეზე სისხლის კვალი... მაგრამ წარმოიდგინეთ ჩემი შეძრწუნება, როცა პარმაღს კარგად დავაკვირდი და ნათლად დავინახე თეთრ ქვაზე მეწამული წვეთები. რომ არ დამეყვირა, ტუჩი მოვიკვნიტე და მეზღვაურს  ლაპარაკი გავაწყვეტინე.
– უკაცრავად, მე ახლომხედველი ვარ. ის ლაქები ახლაც იმ ადგილზეა?
– რა თქმა უნდა, არა. ხუთასი წლის განმავლობაში წაიშალა.
– მართალი ხართ, მაგრამ მომეჩვენა... – სიტყვები ყელში გამეჩხირა. თუ ის ვერ ხედავდა. მე ხომ დავინახე და არაფერი მომჩვენებია.
ამ დროს კიბეზე დილით ჩამოსული მამაკაცი გამოჩნდა. იგი პარმაღთან დადგა  და შეწუხებულმა ირგვლივ მიმოიხედა. აივანზე მისი ცოლი გამოჩნდა. მან გამშრალი საბანაო კოსტიუმები აიღო.
– მითხარით, თუ შეიძლება, – მამაკაცი მეზღვაურს მიუბრუნდა, – არ შეგიმჩნევიათ, დაბრუნდა, თუ არა სასტუმროში აი, იმ მანქანის პატრონი?
– ქალი ჟოლოსფერ კაბაში? არა, რაც დილით კლდეებთან შევხვდი, მას მერე არ მინახავს.
– ზუსტად ასეა. ჩვენ სამნი ერთად ვბანაობდით, მაგრამ ის მარტო წამოვიდა და მას მერე არ გამოჩენილა. იმედი მაქვს, თქვენი კლდეები საშიში არ არის.
– როგორ გითხრათ, სერ. რამდენიმე ბილიკი არსებობს.  ამიტომ, ჩამოსულებისთვის უკეთესია, გამყოლი დაიქირაონ.
– მარჯერი, – დაუძახა კაცმა ცოლს, – კეროლი ჯერ კიდევ არ გამოჩენილა. არ ფიქრობ, რომ ეს უცნაურია?
ცოლმა რაღაც გაურკვევლად  ჩაიბურტყუნა.
– ყოველ შემთხვევაში, ჩვენ გვაგვიანდება. უნდა წავიდეთ. შენ მზად ხარ? მანქანას მოვიყვან. ჩამოდი!
გაურკვევლობის უსიამონო განცდა მხოლოდ მათი წასვლის შემდეგ მომცილდა. სასტუმროს პარმაღზე ავედი და საფეხურებისკენ დავიხარე. იქ არავითარი ლაქა არ იყო. ამ დროს მეზღვაურის ხმა გავიგე:
– სერ, თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ სისხლი მართლა  დაინახეთ?
მე თავი დავაქნიე.
– იცით, – წარმოთქვა მან, – ჩვენთან სჯერათ, რომ საკმარისია, ვინმემ ეს მისტიკური წვეთები დაინახოს, რომ მალე... არა უგვიანეს, ერთი დღე-ღამისა, გვამი გამოჩნდება.
შემაჟრჟოლა. ზუსტად ამ დროს მთის ბილიკზე სწორედ ის ქალი, კეროლი დავინახე. იგი თითიქმის მორბოდა. შიშველი რუხი კლდეების ფონზე მისი ჟოლოსფერი კაბა ეგზოტიკურად გამოიყურებოდა. როდესაც მისი მანქანის ხმა გავიგონე, ვიფიქრე, უნდა, თავის ნაცნობებს დაეწიოს-მეთქი. მაგრამ კეროლი საწინააღმდეგო მიმართულებით წავიდა. შვებით ამოვისუნთქე.
რამდენიმე დღის შემდეგ კი  გაზეთში ასეთ სათაურს წავაწყდი: „სასიკვდილო ბანაობა“. იუწყებოდნენ, რომ მისის დეკრი, კაპიტან დევის დეკრის მეუღლე, კორნუოლის ჩრდილოეთით, ლენდერის ყურეში დაიხრჩო. ამბავი უბრალო იყო: ზემოთხსენებული ოჯახი საბანაოდ წავიდა, მაგრამ დღე ქარიანი გამოდგა და კაპიტანმა გოლფის თამაში ამჯობინა. მისის დეკრი პლაჟზე მარტო ჩავიდა. რადგან დიდხანს არ ბრუნდებოდა, კაპიტანი დეკრი თავის მეგობრებთან ერთად, მის საძებნელად გაეშურა. ნაპირზე მხოლოდ ქალის ტანსაცმელი იპოვეს, მისი გვამი კი ერთი კვირის შემდეგ გამოირიყა ყურის სამხრეთით. სიკვდილის მიზეზი მის  თავზე არსებული ღრმა ჭრილობა აღმოჩნდა. როგორც ჩანს, დაღუპულმა ჩაყვინთვისას თავი კლდეს დაარტყა. როდესაც რიცხვები შევადარე, დავრწმუნდი, რომ უბედური შემთხვევა ჩემ მიერ კიბეზე სისხლის ლაქების დანახვიდან ზუსტად 24 საათში მოხდა.
– ვაპროტესტებ, – შეაწყვეტინა  ჯოისს სერ ჰენრიმ, – ეს კრიმინალური ამბავი კი არა, ზღაპარია!
საუბარში მის რეილი ჩაერთო:
– საყვარელო ჯოის, თქვენ, კაცებს უსამართლოდ მოექეცით. ქალები, უპირველესად,  ყურადღებას ჩაცმულობაზე ვამახვილებთ. კაცებს აზრადაც არ მოუვათ, რომ ტანსაცმლის გამოცვლა ძალიან სწრაფად შეიძლება. დიახ, ის ქალბატონი ძალიან ბოროტი იყო. მისი თანამოაზრე კი – სასტიკი.
ჯოისმა თვალები დაჭყიტა:
– მის, ნუთუ თქვენ თავიდანვე იცოდით რა მოხდა?
– სისხლი საცურაო კოსტიუმიდან წვეთავდა. აივანი ხომ სწორედ საფეხურების ზევით იყო, არა? დამნაშავეებმა ამაზე არ იფიქრეს...
– კარგი, – თქვა ჯოისმა, – მოდით, თხრობას დავასრულებ. ერთი წლის შემდეგ  მეთევზეთა სოფელში ისევ წავედი. ერთ დილით, როდესაც ვხატავდი, უცნაური შეგრძნება დამეუფლა: თითქოს ჩემ თვალწინ ზუსტად იგივე სცენა თამაშდებოდა, როგორიც ერთხელ უკვე ვნახე. ჩემგან რამდენიმე ნაბიჯში ახალგაზრდა წყვილი იდგა. კაცი კი ვიღაც ქალს, რომელსაც ჟოლოსფერი კაბა ეცვა, აღფრთოვანებით ესალმებოდა: „ჰელოო, კეროლ! ეს ხომ სასწაულია, შეგხვდე აქ, ამდენი წლის მერე! ჯოანა ძვირფასო, ეს მისს ჰარდინგია, ჩემი ძველი ნაცნობი“.
კაცი მაშინვე  ვიცანი: ის დევისი იყო რეტოულიდან. აი, თანამგზავრი კი სხვა ახლდა და მას უკვე მარჯერი აღარ ერქვა. ყური დავუგდე და რადგან მალე საუბარი ერთად ბანაობაზე ჩამოვარდა, პოლიციის ადგილობრივ კომისარიატში გავიქეცი. აღმოჩნდა, რომ დეკრის უკვე სკოტლანდ იარდის ინსპექტორი უთვალთვალებდა. გვარი დეკრი, რა თქმა უნდა, გამოგონილი იყო. იგი საჭიროების მიხედვით იცვლებოდა. ეს ნაძირალა, მოკრძალებულ, ნაკლებშესამჩნევ, უპატრონო გოგონებს არჩევდა, შემდეგ მათ სიცოცხლეს დიდ თანხად აზღვევდა და... მისი ნამდვილი ცოლი კეროლი იყო... ისინი ერთი და იგივე სცენარით მოქმედებდნენ, რამაც სადაზღვევო კომპანიებს ეჭვი გაუჩინა. დეკრის მორიგი მსხვერპლი მიყრუებულ კურორტზე მიჰყავდა, სადაც თითქოს შემთხვევით, მისი თანამზრახველი ხვდებოდა და სამივე საბანაოდ მიდიოდა. საცოდავს კლავდნენ, კეროლი მის ტანსაცმელს იცვამდა და დეკრისთან ერთად სასტუმროში ნავით ბრუნდებოდა. სასტუმროდან ისინი სწრაფად მიემგზავრებოდნენ, თან ხმამაღლა გამოხატავდნენ გაკვირვებას ნაცნობის გაქრობის გამო. როცა თვალს მიეფარებოდნენ, კეროლი ისევ საკუთარ კაბას იცვამდა, რომელიც როგორც წესი, ძალიან მყვირალა ფერის იყო და შორიდანაც კარგად შეამჩნევდით. ისიც სასწრაფოდ მიემგზავრებოდა. მათ საგანგებოდ შეისწავლეს დინების მიმართულება. შესაბამისად, ყოველთვის ზუსტად იცოდნენ წყალი გვამს სად და როდის გამორიყავდა. როგორც ტურისტი ცოლ-ქმარი, იქვე ახლოს ჩერდებოდნენ. საჭირო დღეს კი კეროლი საბანაოდ სადმე, მიყრუებულ ადგილზე მიდიოდა. იგი მოკლულის ტანსაცმელს ნაპირზე ტოვებდა და ჩუმად, წინასწარ დათქმულ ადგილზე დეკრს ელოდებოდა.
როდესაც მარჯერის კლავდა, კეროლმა  ვერ შეამჩნია, როგორ შეეშხეფა სისხლი. წითელმა საბანაო კოსტიუმმა კი წვეთები შეისრუტა. სწორედ ეს წვეთები იყო საფეხურებზე. დამიჯერეთ, ეს საშინელი სანახაობა ახლაც თვალწინ მიდგას, – დაასრულა ამბავი ჯოისმა.
– მის რეილი, – მოხუცისკენ შებრუნდა რეიმონდი, – თქენ საიდანღა მიხვდით ყველაფერს?
– ჩემო ბიჭო, მზის ქვეშ ყველაფერი მეორდება. შენ შეიძლება, გახსოვს  მისის გრინი, რომელსაც ხუთი შვილი დაეღუპა და ყველა დაზღვეული ჰყავდა. ბოლოს მთელი სოფელი ლაპარაკობდა, რომ არ შეიძლებოდა, ეს შემთხვევითობა ყოფილიყო... რას იზამ, ვერ იპოვი ისეთ ადგილს, თუნდაც ყველაზე წყნარს, სადაც ბოროტება არ არსებობდეს.  
თარგმნა
ნინო წულუკიძემ
скачать dle 11.3