№46 როგორ იხსნა სტალინმა საფრანგეთი დაქუცმაცებისგან
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
მავანნი მიიჩნევენ, რომ სტალინი ძლიერი მმართველი იყო, თუმცა მის შორსმჭვრეტელობას უარყოფენ, რაც რბილად რომ ვთქვათ, საერთოდ არ შეეფერება სიმართლეს და სტალინის დასაკნინებლადაა მოგონილი... პუბლიცისტი ანატოლი პროხოროვი წერს: „რა თქმა უნდა, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს იმის მტკიცება, რომ სტალინს გლობალური პოლიტიკის თითქმის არაფერი გაეგებოდა და ის მხოლოდ და მხოლოდ მკაცრი მმართველი იყო. პირიქით, იოსებ სტალინს გლობალური, სტრატეგიული პოლიტიკის გაგების უნიკალური ნიჭი ჰქონდა და მას ამაში ვერავინ შეედრებოდა. შეუძლებელი იყო პოლიტიკაში სტალინის გაცურება. საბჭოთა ბელადმა ყოველთვის უშეცდომოდ უწყოდა, თუ საიდან და საით „უბერავდა ქარი“. სტალინი არასოდეს აჰყოლია ემოციებს ამა თუ იმ საერთაშორისო საკითხის გადაწყვეტისას და ყოველთვის კომპლექსურ მიდგომას ამჯობინებდა, რომელიც მომავალზე იყო გათვლილი. ასე მოხდა, ეგრეთ წოდებული, „ფრანგული საკითხის“ გადაჭრისას და თამამად შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა ბელადმა საფრანგეთი ოკუპაციისგან, დანაწევრებისა და აქედან გამომდინარე, დასუსტებისგან იხსნა.
საქმე ის იყო, რომ საბჭოთა კავშირზე თავდასხმამდე ზუსტად ერთი წლით ადრე – 1940 წლის 22 ივნისს საფრანგეთის „ვიშისტურმა“ მთავრობამ ჰიტლერთან კაპიტულანტურ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ამ დოკუმენტის შედეგად ფრანგულმა არმიამ იარაღი დაყარა და ყველა გერმანელი ტყვე გაათავისუფლა, თუმცა ფრანგი ტყვეები ჯერ კიდევ ფაშისტების ბანაკებში რჩებოდნენ და მათ იძულებით ამუშავებდნენ. მოგვიანებით, ლეგენდარული ფრანგი პრეზიდენტი, შარლ დე გოლი თავის მემუარებში წერდა: „ჯერ კიდევ პოლკოვნიკი ვიყავი, როდესაც ვიშისტებმა ეროვნული ღალატი ჩაიდინეს და სამარცხვინო კაპიტულაციას მოაწერეს ხელი. მეტიც, გარდა იმისა, რომ მათ ოკუპანტს კარი გაუღეს, ვალდებულება აიღეს, რომ გერმანელები კმაყოფაზე ეყოლებოდათ და მათ ყოველმხრივ შეუწყობდნენ ხელს. ეს იმას ნიშნავდა, რომ ფაშისტებს ხელი შეეწყობოდათ ჩვენი ქვეყნის როგორც ტერიტორიულ დაქუცმაცებაში, ასევე ერის, ფრანგების სულიერად დაცემასა და შერცხვენაში. აი, ასეთი მდგომარეობა სუფევდა ჩვენთან და ამას მე ვერასოდეს შევეგუებოდი. ამ სიტუაციაში ჩავფრინდი ლონდონში და ჩემს ფრანგ ერს იქიდან მოვუწოდე, რომ ზურგი ექციათ ფაშისტებისთვის, მედგრად და მამაცურად შებმოდნენ ოკუპანტს და ჩაბმულიყვნენ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ მაშინ ნაკლებად მიცნობდნენ. არცერთი ორგანიზაცია გვერდით არ მედგა და ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ...“ ლეგენდარული ფრანგი გენერალი სიმართლეს წერს, მაგრამ აქ არის ერთი მაგრამ... კერძოდ კი ის, რომ ჩერჩილ-რუზველტისგან განსხვავებით, რომლებიც დე გოლს „ხუშტურიან დიდ ბავშვსა“ და „საზიზღარ გენერალს“ უწოდებდნენ, იოსებ სტალინი მიხვდა, თუ რა დიდი მნიშვნელობა ექნებოდა მომავალ გეოპოლიტიკაში საფრანგეთს და რომ იტყვიან, დე გოლს „ჩაავლო“... საიდუმლო დიპლომატიის მეშვეობით, სტალინმა დე გოლს დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა და ეს სიტყვები ფრანგ გენერალს ლონდონში საბჭოთა ელჩმა ალექსანდრე ბოგომოლოვმა გადასცა. სწორედ იმ პერიოდში დაედო სათავე საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობას, რომელსაც დე გოლი ხელმძღვანელობდა. ჩამოყალიბდა ფრანგული არმია, რომელიც უკვე ბრძოლის ველზე უწევდა წინააღმდეგობას ჰიტლერს და დაფიქსირდა, რომ ფრანგები არა კაპიტულანტები, არამედ მოკავშირეები იყვნენ. ეს ყველაფერი კი სტალინის შორსმჭვრეტელური სტრატეგიული აზროვნების შედეგი იყო.
ვიაჩესლავ მოლოტოვი ყვებოდა: „1945 წლის თებერვალში, როდესაც ყირიმში „დიდი სამეული“ შეიკრიბა, ომის ბედი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი იყო. მსჯელობა მიმდინარეობდა ახალ გეოპოლიტიკურ რეალობებზე. რუზველტს და, განსაკუთრებით კი, ჩერჩილს უნდოდათ, რომ ფრანგებისთვის ტერიტორიები ჩამოეჭრათ. ამის საბაბად კი ვიშისტური მთავრობის კაპიტულანტურ ხელშეკრულებას იშველიებდნენ. სტალინმა ამ ყველაფრის მიმართ უმტკიცესი პოზიცია დაიკავა და მოკავშირეებს უპრინციპულესად განუცხადა:
– ფრანგები ჩვენი მოკავშირეები არიან და მათი მეთაური, გენერალი შარლ დე გოლი კი – ეროვნული გმირი. რა შუაში არიან ერთი მუჭა ვიშისტები, როდესაც ჰიტლერის წინააღმდეგ გმირი ფრანგების მილიონიანი არმია იბრძვის. საფრანგეთი ტერიტორიულად განუყოფელია და ამ აზრს ჩვენ არანაირ შემთხვევაში არ შევიცვლითო...
ჩერჩილსა და რუზველტს სტალინის ამ პოზიციის წინააღმდეგ არანაირი არგუმენტი არ აღმოაჩნდათ და საფრანგეთი არა მხოლოდ გადაურჩა დაქუცმაცებას, არამედ მან გერმანიის მოსაზღვრე ტერიტორიებიც შეიერთა...“
ცნობილი ფაქტია, როდესაც ფელდმარშალი კეიტელი კაპიტულაციას აწერდა ხელს, საბჭოთა, ბრიტანელ და ამერიკელ წარმომადგენლებთან ერთად, ფრანგებიც რომ დაინახა, მათი მისამართით გაკვირვებულმა თქვა, ამათაც დაგვამარცხესო.. რა თქმა უნდა, „დიდი სამეულის“ როლი ჰიტლერის დამარცხებაში განუზომელი იყო, მაგრამ სტალინის ძალისხმევით, მათ ფრანგებიც მიემატათ. დიახ, საბჭოთა ბელადმა გადაარჩინა საფრანგეთი, სამაგიეროდ, ბრიტანეთის და გერმანიის საპირწონედ ევროპის შუაგულში დიდი, მეგობრული სახელმწიფო მიიღო. აგრეთვე, სტალინის დამსახურება იყო ის, რომ გაეროში საფრანგეთი უშიშროების საბჭოს წევრი გახდა და მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების რიგს დაუბრუნდა. ამ სტრატეგიულმა შორსმჭვრეტელობამ სტალინს დიდი კოზირი მისცა ხელში და ეს საბჭოეთსაც აძლევდა ხელს და საფრანგეთსაც.“