№46 ექიმის რჩევები
კითხვა: ვარ 70 წლის ქალბატონი. მიჭირს სიარული. მტკივა ფეხები (განსაკუთრებით მუხლს ქვემოთ), კისერი, წელი. ვგრძნობ სისუსტეს. ტომოგრაფიის დასკვნა ასეთია: ისახება ცირკულარული პროტრუზია 3-4, 4-5, 5-9, ასევე, ოსტეოპოროზი, სპონდილოართროზი, პოლიდისკოპათია. ვის უნდა მივმართო და თუ ექვემდებარება მკურნალობას? მქონდეს რამის იმედი?
პასუხი: მდგომარეობა საყურადღებოა, მაგრამ ემორჩილება მკურნალობას, უნდა მიმართოთ ორთოპედს ან რევმატოლოგს.
კითხვა: მაინტერესებს, რამდენად საშიშია მცირე თალასემია და რამე განსაკუთრებული მკურნალობა თუ სჭირდება?
პასუხი: მცირე თალასემია შესაძლოა, უსიმპტომოდაც მიმდინარეობდეს, უმეტესად კი კლინიკური სიმპტომები გამოხატულია, თუმცა უფრო მსუბუქად, ვიდრე დიდი თალასემიის დროს. მცირე თალასემიას ახასიათებს მსუბუქი ანემია, ავადმყოფი არ არის დამოკიდებული ტრანსფუზიაზე და შესაძლოა, სრულფასოვნადაც იცხოვროს. მცირე (ბეტა) თალასემია, ჩვეულებრივ, მკურნალობას არ საჭიროებს, ვინაიდან ავადმყოფის საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ინფექციური გართულებებისა და ორსულობის დროს კი ფოლიუმის მჟავა ინიშნება.
კითხვა: როგორ უნდა მოვიქცეთ, ჩვილი რომ არ გაიგუდოს?
პასუხი: უბედურ შემთხვევათა ასარიდებლად გვირჩევენ ჩვილები მყარი ზედაპირის მქონე საწოლში დავაძინოთ, ყოველგვარი ზედმეტი ნივთების გარეშე (ბალიში, რბილი სათამაშოები თუ საბანი). ძილის დროს რეკომენდებული მდგომარეობა ზურგზე წოლაა.
კითხვა: მაინტერესებს, შეიძლება ორსულობა ყვითელი სხეულების არსებობის გარეშე მიმდინარეობდეს, ანუ, ტესტი და „ხეგე“ არ აჩვენებდეს, მაგრამ იყოს ორსულობა?
პასუხი: ორსულობის ადრეულ ვადაზე ტესტი შეიძლება აჩვენებდეს უარყოფითს და იყოს ორსულობა, მაგრამ თუ მენსტრუაციის ვადა გადაგიცდათ და ტესტი უარყოფითია, ასევე „ხგ“ არ არის მომატებული, ეს ნიშნავს, რომ ორსულობა არ არის.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე