№46 როდისაა აუცილებელი გულის გამოკვლევა
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
გულის დაავადებათა სიმპტომები დაავადების სახეობაზეა დამოკიდებული.
გულის ათეროსკლეროზული დაავადებების დროს სიმპტომები ქალებსა და მამაკაცებში შესაძლოა, განსხვავებული იყოს. მაგალითად, მამაკაცებს უფრო ხშირად აღენიშნებათ ტკივილი გულმკერდის მიდამოში. ქალებში სჭარბობს სხვა ხასიათის ჩივილები – დისკომფორტი გულმკერდის მიდამოში, ჰაერის უკმარისობა და ქოშინი, გულისრევა, ძლიერი საერთო სისუსტე.
გულის სხვადასხვა დაავადების დროს ადამიანებს განსხვავებული სიმპტომები აღინიშნებათ:
* გულის ანგინა-სტენოკარდიის დროს: ტკივილი, შებოჭვის შეგრძნება, ზეწოლა და დისკომფორტი გულმკერდის მიდამოში;
* პერიფერიული სისხლძარღვოვანი დაავადებების დროს: ტკივილი, დაბუჟება, სისუსტისა და სიცივის შეგრძნება ქვემო კიდურებში;
* ეგრეთ წოდებული, ატიპური ლოკალიზაციის ტკივილი გულის ანგინისას: ტკივილი კისრის, ყელის, ყბების, ეპიგასტრიუმის, ზურგის მიდამოში.
ასიმპტომურ პირებში გულის დაავადებათა დიაგნოსტირება რთულია სტენოკარდიის, ინსულტის ან გულის უკმარისობის გამოვლინებამდე. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სიმპტომი უნდა შეფასდეს ექიმთან ერთად, რაც გულის დაავადებათა ადრეული გამოვლენის საშუალებას მოგვცემს.
ტკივილი გულმკერდის არეში – თუ ადრე ადამიანი ადვილად ადიოდა მეხუთე სართულამდე და ახლა უსიამოვნო შეგრძნებების გამო ნახევარ გზაზე ჩერდება, ეს საგანგაშო სიგნალია. სიარულისას ტკივილისა და მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში სტენოკარდიის ერთ-ერთი გავრცელებული სიმპტომია.
ორთოპნოე გულის უკმარისობის დამახასიათებელი სიმპტომია, როდესაც ძილის დროს რამდენიმე ბალიშია საჭირო. ჰაერის უკმარისობის გამო, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ძილი არაკომფორტული ხდება. დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად სხეულის მდებარეობის შეცვლას ბალიშების საშუალებით ვცდილობთ.
ქოშინი და დაღლილობა – გარკვეული მანძილის გავლისას დაღლა, ჩვეულ დატვირთვაზე ქოშინი ექიმთან ვიზიტის მიზეზი უნდა გახდეს. ქოშინი შესაძლოა, მრავალი დაავადების სიმპტომი იყოს, მათ შორის, სტენოკარდიისა და გულის უკმარისობის.
მაღალი არტერიული წნევა – შესაძლოა, არტერიული წნევის მატება ვერანაირი სიმპტომით ვერ იგრძნოთ.
ფეხების შეშუპება – როდესაც გული ვეღარ უმკლავდება დატვირთვას, ვითარდება გულის უკმარისობა, რაც არა მარტო ქოშინით, არამედ შეშუპებითაც ვლინდება. ბევრი ამ სიმპტომს ყურადღებას არ აქცევს და ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების შედეგი ჰგონია. მაგრამ თუ საღამოს წინდის რეზინის კვალი ჩანს ფეხებზე, ეს შეშუპების აშკარა მაჩვენებელია.
ქოლესტერინის მომატება – სისხლში ქოლესტერინის დონის მომატება ინსულტისა და ინფარქტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამომწვევია.
არასწორი კვება, უმოძრაო ცხოვრების წესი, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება, სტრესი და დაბინძურებული ჰაერი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების რისკ-ფაქტორებია.
ტკივილი გულის არეში, ხშირი დაღლა, წნევა – არის თუ არა ეს სიმპტომები რეალურად კავშირში გულთან? რა თქმა უნდა, ეს სიმპტომები, ხშირ შემთხვევაში, სწორედ გულთან არის კავშირში. კერძოდ, სიმძიმის შეგრძნება, წვა გულმკერდის არეში, სპაზმური სახის ტკივილები ყელისა და ქვედა ყბის არეში ცივი ოფლის თანხლებით, სტენოკარდიის ექვივალენტად შეიძლება ჩაითვალოს. იმ ადამიანებში, ვისაც დიაბეტი აქვს, ტკივილის ფენომენი ძლიერად არ არის გამოხატული, ამიტომ პაციენტმა ადვილად დაღლისას, ქოშინისას, რაც სტენოკარდიული გამოვლინებაა, სპეციალისტს უნდა მიმართოს და გარკვეული გამოკვლევები ჩაიტაროს. ძალიან ხშირად ბევრი სახის ტკივილს არ აქცევენ ყურადღებას, ფიქრობენ, რომ აქვთ გასტრიტი, კუჭის წყლული, სქოლიოზი, რომელიც შეიძლება მართლაც იყოს, თუმცა უნდა ჩატარდეს კვლვევა, რომ მოხდეს დიფერენცირება. გულის ტკივილი ასაკობრივიც არის და არის ახალგაზრდა ასაკშიც, თუმცა იშვიათად. გულის პრობლემები მამაკაცებში 35 წლის ზემოთ იწყება, ვისაც ჭარბი წონა, მაღალი არტერიული წნევა და დიაბეტი აქვს, ეს ადამიანები რისკის ჯგუფში შედიან და ზემოთ ჩამოთვლილი ჩივილებისას აუცილებელია ექიმთან ვიზიტი.