№46 როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი საქართველოში მიმდინარე მოვლენების პარალელურად და არის თუ არა დღეს ეკლესიაში კრიზისი
ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი
დღეს ქვეყანაში, ეკლესიაში საკმაოდ დაძაბული და რთული სიტუაციაა. ადამიანების დიდი ნაწილი დაბრკოლდა მიმდინარე მოვლენებით, ნაწილი კი პირიქით – ეკლესიის წიაღში დაბრუნდა. როგორ მოვიქცეთ ასეთ რთულ პერიოდში, ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):
– სასიხარულოა, რომ ეკლესიას, იმ ფონზე რაც დღეს ხდება, კიდევ ემატება ხალხი. ამიტომ ყველას საკუთარი აზრი უნდა გაგვაჩნდეს, უნდა ვიყოთ განათლებულები, ინფორმირებულები, რომ არ ავყვეთ ფეხის ხმას და არ ვიყოთ წყველაში, კრულვაში, ლანძღვაში. სახარება საოცარი წიგნია, უცნაურიც კი, რადიკალიზმით არის სავსე.
– რას გულისხმობთ, მამაო?
– სახარებაში მუდმივად მოთხრობილია ორ უკიდურესობაზე. მაგალითად, მდიდარი და ღარიბი, ჯოჯოხეთი და სამოთხე, ცივი და ცხელი. ჩვენი ადგილი არ ყოფილა სახარებაში, რადგან ჩვენ არც იქით ვართ და არც აქეთ. კათოლიკეებმა „კარგად“ მოიფიქრეს და სალხინებელი მოიგონეს. თუ სამოთხეში ვერ მოხვდები, მაშინ სალხინებელში მოხვდები და რომელიმე წმიდანი დაგეხმარება და გადაგიყვანს სამოთხეში. ასეთი რამ არ არსებობს. ან უფროსი ძე ხარ, ან უმრწმესი, უძღები ძე, შუათანა შვილზე არ არის სახარებაში საუბარი. ახლა რასაც ვიტყვი, ეს არის, როგორც მოძღვრის ნათქვამი. ჩვენ ხომ ვამაყობთ: ქართულ ენას სახარებასა შინა ლაზარე ჰქვიაო. ხომ ასე არის და რა თქმა უნდა, ასეა. მაგრამ მე არ მესმის და ვერ ვიგებ, რასაც ვერ ვიგებ, ვერ ვიღებ. ვერ ვიგებ რას ნიშნავს – ქართულ ენას სახარებასა შინა ლაზარე ჰქვია. ალბათ, დადგება დრო, როცა ამას გავიგებ. ბერი ზოსიმე ამას ამბობს, ოღონდ ის გადამწერია, მისი სიტყვები არ არის, თუმცა ავიტაცეთ ქვეყანამ, ეკლესიამ და ლაზარეს დღე ჩვენი ენის დღეც არის, რასაც მივესალმები და მიხარია. მაგრამ თანამედროვე რეალობას რომ ვუყურებ, გავკადნიერდები და ვიტყვი: ლაზარე საქართველოა, მაგრამ არა მართასა და მარიამის ძმა, არამედ სახარებისეული ლაზარე, რომელიც ერთი ოლიგარქის ნასუფრალით იკვებება და ძაღლები კოცნიან მის წყლულებს. ლაზარე არის გაუბედურებული, მიგდებული, დაბეჩავებული ადამიანი, რომელიც სახარებაში აახელს თვალებს და მეც მიხარია, რომ ქართველებმაც იქნებ სამოთხეში ავახილოთ თვალები. თუმცა მხოლოდ ქართველობით ვერ ავახელთ თვალებს. ჩვენი დამსახურებაც არის, რომ დღეს ამ მდგომარეობამდე მივედით.
– მამაო, დღეს ჩვენი სულიერება, ეკლესია, რწმენა დიდ რყევებს განიცდის. ბევრი ადამიანი კიდევ უფრო ჩამოშორდა ეკლესიას, ღმერთს.
– გეტყვით ფორმულას, რომელიც უნდა დაიცვათ: 1. დედამიწაზე არის ჯვარი. შენ, რომ ხარ დედამიწაზე, უნდა იცოდე, რომ ეს არის ჯვარი, გოლგოთა, უნდა უარყო საკუთარი თავი, აიღო ჯვარი და გაჰყვე ქრისტეს. აქ ფუფუნება და ნეტარება არ იქნება, განსაკუთრებით ეკლესიაში. მოგვწყინდა მშვიდობიანი პერიოდი ეკლესიაში. რამდენი ხანი იყო ეკლესიაში მშვიდობა და ახლა, ფაქტია, რომ მშვიდობა არ ყოფილა. ეს ღმერთმა დაუშვა, რომ გამოვფხიზლდეთ: თქვენ რომ გგონიათ, ყველაფერი არ არის კარგადო. ამ დროს განკითხვა კი არ უნდა დაიწყო, ქრისტეს უნდა ჰკითხო: მე ხომ არ ვარ იუდა, მე ხომ არ გაგყიდე ან მე ხომ არ უნდა გაგყიდო, ღმერთო. ბევრი მეკითხება – ეკლესიაში კრიზისიაო. რა თქმა უნდა, არ არის. 12 მოციქულიდან ერთი რომ იყო იუდა, ამიტომაც არ იყო კრიზისი მოციქულებში. ახლაც 49-ში რომ ერთია, ეს კრიზისია? ეს სახარებისეული მოვლენებია. 49-იდან 49-ვე რომ მაგარია, ეს არის საეჭვო. ქრისტეს ჰყავდა იუდა და ჩვენ რომ გვყავდეს, რა არის ამაში გასაკვირი? ეკლესიაში რომ დაბრუნდები, მაშინ გაიგებ, რა ხდება ეკლესიაში და არა იმ დროს, წახვალ და იქიდან გაინტერესებს რა ხდება. მართლა არსებობს ეკლესიაში სოდომის ცოდვა, არსებობენ ცუდი მღვდლები, ჩემი თამადობით, თან, ძალიან ბევრი და ჩვენ თუ არ გამოვასწორებთ, მერე ღმერთი გამოგვასწორებინებს ცეცხლითა და მახვილით. მხოლოდ სოდომის ცოდვა კი არ არსებობს ეკლესიაში, არსებობს გარყვნილება, მრუშობა, ლოთობა, სიმონია – თითქმის ყველა მეორე ტაძარში ფულს ითხოვენ ჯვრისწერასა და ნათლობაში. კი არ უნდა დაბრკოლდეთ, იგინოთ, უნდა მიიხედ-მოიხედოთ: მე ხომ არ ვარ ცუდი, კარგი მღვდელი ვარ? ბევრი შეცდომა დავუშვი მეც, ბევრი დავაბრკოლე და ამ ყველაფერმა უნდა გაგვზარდოს, ლოცვები სხვანაირად უნდა წავიკითხოთ. მე არ მეშინია იეღოვას მოწმეების, სექტანტების, მეშინია ცუდი სასულიერო პირებისა და ფანატიკოსი მრევლის, რომლებმაც პატრიარქით ჩაანაცვლეს იესო ქრისტე. ჩვენ დიდი ხანია, აღარ გვყავს იესო ქრისტე, აღარ არის იესო ქრიტე ეკლესიაში. ეს პატრიარქის ბრალი კი არ არის, არამედ ჩვენი ქართული ხასიათის. ახლა, პატრიარქს რომ შეაგინეს, ხალხი ცინიკურად კითხულობს: რა ხდება, მამაო? არ უნდა აპატიოს ქართველმა ერმა ეს ყველაფერი, არ ვსაუბრობ იმაზე, ვინც ეს თქვა, რადგან მიტროპოლიტი კი არის, მაგრამ ჩვეულებრივი პაიკია, მის უკან დგანან გველეშაპები, ოლიგარქები. ახლა აინტერესებთ, როგორ მოვიქცევით. მე არ ვამბობ, რომ უნდა გამოვიდეთ და ვიყვიროთ. გულიანად უნდა ვილოცოთ, სიყვარული უნდა გაიზარდოს ჩვენში, რწმენა უნდა ამაღლდეს, არავინ უნდა განვიკითხოთ, არავის უნდა ვეჩხუბოთ, უნდა მივიდეთ პატრიარქთან და ვუთხრათ: შეგვინდე, ჩვენი ბრალია, ასე რომ მოგექცნენ, ჩვენ აგიყვანეთ ძალიან მაღალ კვარცხლბეკზე და ეს არ იყო სწორიო. ღმერთმა ჩვენზე დაუშვა ეს რყევები და ამ რყევებმა უნდა გამოგვაღვიძოს. თუ ვერ გამოგვაღვიძებს, მაშინ აღარ ვიცი, რა ეშველება ჩვენს ქვეყანას. ამაზე მეტი ცუდი რა შეიძლება მოხდეს. ჩვენთვის იესო ქრისტეს, ანგელოზების, საქართველოს, ეკლესიის მერე, ეს ადამიანია ყველაზე დიდი სანთელი და შენ კი აბობოქრდი, შეაგინე, მაგრამ მერე გაატარე. წამოდი ეკლესიაში, რამდენი ხანია, არ ყოფილხარ, მოინანიე და მერე ყველაფერი კარგად იქნება. ბევრი მამაო ამბობს: ახლა ქუჩაში ვეღარ გავალთ, ხალხი აღარ მოვაო. ვინც არ უნდა მოსულიყო, არც მოვა. ვინც ეკლესიაშია და ტყუილად არის, ის წავა. ვისაც უყვარს იესო ქრისტე, რაც უნდა მოხდეს, ის იყო, არის და იქნება ეკლესიაში. მხოლოდ ცოდვას შეუძლია, დაგვაშოროს ღმერთს, ოღონდ ჩვენსას და არა სხვისას. სიყვარულის ღმერთი სოდომ-გომორის ცოდვამ ააღელვა, მიწასთან გაასწორა და გგონიათ, ჩვენ დაგვინდობს?