კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№46 რა მიზნით მოიარა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბაქო, ერევანი და ანკარა და უკავშირდება თუ არა გახარიას თურქეთში ვიზიტი საქართველოში აშშ-ს სამხედრო ბაზის განთავსებას

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქეთი მოიარა და პრეზიდენტ ერდოღანსაც შეხვდა და თურქეთის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავკაცსაც. მხარეებმა ხაზი გაუსვეს რეგიონში სტაბილურობის მნიშვნელობას, თურქეთის პირველმა პირმა კი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი კვლავაც მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა. მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა, სირიაში წარმატებით ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შემდეგ, ბაქოში განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა, ჩაერთოს სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მოგვარებაში, რადგან ეს კონფლიქტები საფრთხეს უქმნის რეგიონის უსაფრთხოებას. გასაგებია, რომ უპირველესად, ყარაბაღი იგულისხმა, თუმცა, ცხადია, რომ ცხინვალიცა და სოხუმიც. ისმის კითხვა, ამბიცია გაუჩნდა თურქეთს, რომ იმ არეალში ჩაერიოს, რასაც რფ თავისად მიიჩნევს? პრემიერ-მინისტრის ვიზიტსა და თურქეთის გეგმებზე დიპლომატიის მკვლევარ სიმონ კილაძესთან ერთად ვისაუბრებთ.
– როგორ გამოეხმაურა თურქეთის მედია გახარიას ვიზიტს?
– რა თქმა უნდა, ყურადღებით ვადევნებდი თვალს თურქულ მედიას, როგორც კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთში ჩავიდა. ძირითადად, ეს არის ინგლისურენოვანი გაზეთი „დეილი საბახი“, იქ, სხვათა შორის, ხშირად იბეჭდება ხოლმე სტატიები საქართველოზე, ჩვენი ელჩის სტატიებიც იბეჭდება, ასევე, არის გაზეთები „სტარი“, „ჰურიეთი“, „თურქიე“, რომლებსაც თითქმის ყოვედღიურად ვადევნებ თვალს. მე ვიტყოდი, რომ ძალიან ვრცლად და ფართოდ ეს ვიზიტი არ გაშუქებულა, შესაძლოა, იმიტომ რომ თურქეთს დღეს სხვა პრობლემები აღელვებს – სირიასთან დაკავშირებული და საქართველოზე წერისას მხოლოდ მშრალი ინფორმაციით შემოიფარგლნენ.
– თუმცა თავად ის ფაქტი, რომ სირიაში ასეთი მდგომარეობის მიუხედავად, მაინც შეხვდა ერდოღანი გახარიას, აღძრავს ეჭვებს.
– რასაკვირველია, თავისთავად ცხადია, როდესაც თურქეთი დაკავებულია ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემით, როგორიც სირიაა და ამ დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩადის თურქეთში, ეს მოწმობს, რომ თურქეთის პრეზიდენტმა დაუთმო მას დრო მოუცლელობის ჟამს. საკმაოდ დიდხანს ისაუბრეს და, სხვათა შორის, მათი ერთობლივი პრესკონფერენცია ფართოდ გაშუქდა, ოღონდ მხოლოდ, როგორც ფაქტი, რა თქვა ერდოღანმა და რა თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ანალიზი, კომენტარი ან მსგავსი რამ, რამდენიმე დღე გავიდა და თურქეულ პრესაში არ მინახავს. თუმცა, თუ თვალს გადავავლებთ უშუალოდ გაზეთებისა და თურქეთის საინფორმაციო სააგენტოების  მასალებს, მათ შორის, სამენოვნებს, ცოტა განსხვავებაა ჩვენ მიერ და მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას შორის, რომელიც ვიზიტს ეხება.
– რა თემა გამოტოვა ქართულმა მედიამ?
– საკმაოდ მნიშვნელოვანი, ჩემი აზრით. ორმხრივ შეხვედრაზე აღინიშნა ორმხრივი პროექტების მნიშვნელობა, რაც ქართულმა მხარემაც გააშუქა, მაგრამ თურქული მედია აღნიშნავს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ქართულ დელეგაციასთან შეხვედრისა და მოლაპარაკების შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ერდოღანმა თქვა, რომ მზადყოფნა გამოხატეს, ერთად იმოქმედონ ყველა ტერორისტული ორგანიზაციის, მათ შორის, „ფეტოს“ წინააღმდეგ. ქართულ მასალებში ეს არ არის.
– აშშ-ში მყოფი გიულის წინააღმდეგ ბრძოლაში ითხოვა, ესე იგი, თანადგომა.
– დიახ და, რაკი ეს არ გაუშუქებია ქართულ მედიას, მნიშვნელოვან განსხვავებად ჩავთვალე. გახსოვთ, რომ საქართველოში, თურქეთის მოთხოვნით, დაიჭირეს თურქეთის მოქალაქეები, დაიხურა თურქეული სკოლები, რომლებიც თითქოსდა „ფეტოს“ საქმიანობასთან იყო დაკავშირებული და ამიტომაც გაუსვა ხაზი ერდოღანმა ამ საკითხს. თითქოს, არ არის ეს მნიშვნელოვანი, მაგრამ, რადგან ერდოღანმა აღნიშნა, როგორც ჩანს, თურქული მხარისთვისაა მნიშვნელოვანი.
– რამ გამოიწვია, თქვენი აზრით, ერდოღანის სურვილი, ჩაერთოს სამხრეთ კავკასიის პრობლემების მოგვარებაში? სირიის შემდეგ ამბიცია გაუჩნდა?
– ვერ ვიტყვი, რომ სირიის მოვლენებმა თურქეთის ყურადღება გაამძაფრა კავკასიის კონფლიქტებისადმი, რასაკვირველია, ყველა კონფლიქტი, რომელიც კავკასიაში ან მის სიახლოვესაა, თურქეთისთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა მიზეზის გამო, რადგან კონფლიქტები უარყოფით გავლენას ახდენს თურქეთზეც. აქ გადის თურქეთისთვის მნიშვნელოვანი კომუნიკაციები, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, მილსადენები. ვინაიდან სირიის კონფლიქტი ახლოსაა, იქ კი დუღს და გადადუღს ყველაფერი, პირდაპირი გაგებით – ომია, ცხადია, თურქეთი დაინტერესებულია კავკასიაში სტატუსკვოს შენარჩუნებით. შესაძლოა, ვიფიქროთ, რომ თურქეთს ან საქართველოს რაღაცამ უბიძგა აქეთკენ, მიუხედავად იმისა, რომ ვიზიტი წინასწარ მზადდება. ჩვენ ვიცით, ჩვენი პრემიერი, როგორც კი დაინიშნა, ჩავიდა აზერბაიჯანში, შემდეგ – სომხეთში. თითქოს ასეთი ინფორმაციაც გაკრთა, მე დავწერე ამის შესახებ, რომ ერევნიდან ჩავიდოდა თურქეთში, თუმცა, რადგან დაემთხვა სირიაში ომის აქტიურ ფაზას, შეიძლება, ცოტა ხნით გადაიწია. სინამდვილეში არავინ იცის, რა ხდება და რატომ შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ისეთიც არაფერი ხდება, თურქეთში სასწრაფოდ ჩასულიყო.
– მაგრამ, სამაგიეროდ, ხდება ამერიკასა და თურქეთს შორის.
– ამერიკასა და თურქეთს შორის ხდება და შეიძლება, ეს იყო გამოხმაურება. ზოგიერთი, შეთქმულების თეორიაზე დაყრდნობით, ამბობს, რომ თურქეთში განთავსებული ამერიკის შეიარაღება შეიძლება, საქართველოში გადმოიტანონ, აქ განთავსდეს აშშ-ს სამხედრო ბაზა და ამიტომ თურქეთიც დაინტერესებულია, რომ გაიგოს, მართლაც გაიტანს თუ არა ამერიკა თურქეთიდან საქართველოში შეიარაღებას. შეიძლება, ამაზეც ვიმსჯელოთ, თუმცა არ მიმაჩნია ეს სერიოზულად და არ მგონია, ერდოღანს ეკითხა გახარიასთვის, მართლაც აპირებს თუ არა ამერიკა ამის გაკეთებას.
– თურქეთისთვის საფრთხე შეიძლება, იყოს აშშ-ს ბაზის საქართველოში განთავსება?
– ჩვენ ჰიპოთეტურად ბევრი რამის თქმა შეგვიძლია.
– დიახ, ჰიპოთეტურად ვთქვათ, თურქეთისთვის გამაღიზიანებელი ფაქტორი იქნება?
– თურქეთს შეიძლება, ეწყინოს, რომ ამერიკა აღარ ენდობა და საქართველოში მიაქვს თავისი სამხედრო ბაზები, დროებით თუ მუდმივად. დიახ, ერდოღანისთვის შეიძლება, ეს საწყენი იყოს, მაგრამ, როგორც მე ვიცი და ახლახან წავიკითხე, თურქეთის დელეგაცია ბრიუსელში შეხვდა „ნატოს“ ხელმძღვანელობას. ბაზების თემა არის თამაშის საკითხი, რაღაც ინტერესის გამო დაიწყებენ მსჯელობას: დაიხურება თუ არა „ინჯირლიყი“, გაიტანს თუ არ გაიტანს ბომბებს ამერიკა.
– შევახსენოთ მკითხველს, რომ ინჯირლიყის ბაზაზე აშშ-ს კუთვნილი 40-ზე მეტი ბირთვული ბომბია.
– დიახ, 50-მდე ბირთვული ბომბია და, ამდენად, მე ვერ ვიტყვი გადაჭრით, გააქვს თუ არა ამერიკას ეს ბომბები.
– მაგრამ ინჯირლიყის ბაზა ამერიკის ბაზაა და არა „ნატოსი“?
– დიახ, ხელშეკრულებით, ამ ბაზას იყენებს ამერიკა.
– ამიტომაც ვამბობ, ბომბებიც აშშ-საა და ბაზაც და, ამდენად, „ნატოსთან“ რაზეც უნდა ესაუბრა თურქეთის დელეგაციას, ისინი „ინჯირლიყზე“ ვერაფერს იტყოდნენ.
– „ნატოს“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე ეჭვიც კი არ გამოთქმულა, რომ თურქეთმა „ნატო“ უნდა დატოვოს, პირიქით, ლაპარაკი იყო იმაზე, რომ თურქეთი არის სტრატეგიული ქვეყანა, რომელიც ერთგულად ემსახურება „ნატოს“. ლუკაშენკოც თამაშობს რუსეთთან, თუ გაზს არ მომცემ, დასავლეთს დავუმეგობრდები და მისთანანი, თურქეთიც ანალოგიურად იქცევა, თუმცა უფრო შორს მიდის და ერდოღანი ზოგჯერ არ ხუმრობს და სიტყვის პატრონია, მაგრამ თურქეთი უახლოეს 5 წელიწადში „ნატოდან“ არ გამოვა და იმაზე რომ ავიღოთ ორიენტაცია, არიქა, თურქეთი გამოდის „ნატოდან“ და აშშ ემზადება საქართველოში შემოსასვლელადო, არ იქნება მართებული.
– თავად ის ფაქტი, რომ თურქეთს აქვს ამერიკული ბირთვული ბომბები და მისი გატანა, მართლაც, ბადებს უხერხულობას, ეს იქნება თურქეთისკენ ზურგით მიტრიალების ჟესტი და ისიც ვიცით, ერდოღანი უკმაყოფილოა, რომ მას არ აძლევენ ბირთვული იარაღის შექმნის უფლებას. თითქოს ჰაერშია გამოკიდებული იმ ბირთვული ბომბების ბედი, არადა მაინც ბირთვული ბომბებია.
– ამას წინათ აშშ-ის პრესაში გამოქვეყნდა საინტერესო სტატია, არის თუ არა შესაძლებელი ინჯირლიყის ბაზიდან ბომბების გატანა და შეესაბამება თუ არა სინამდვილეს ეს ხმები. გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ამერიკელები ემზადებიან ბირთვული იარაღის გასატანად და არჩევენ ადგილს, გამოქვეყნდა ინტერვიუ აშშ-ის თავდაცვის უწყების ერთ-ერთ მაღალჩინოსანთან, სხვათა შორის, ქალია, რომელიც ამბობს, მუდმივი არაფერია. შეიძლება, ბომბები გქონდეს და გაიტანო, მაგრამ ბომბებს ვერ გაიტან ერთ ან ორ წელიწადში, ატომური ბომბის შენახვას სჭირდება სპეციალური საცავები, ელექტროგამომთვლელი მანქანები, კომპიუტერული უზრუნველყოფა, სპეციალური დაცვა, ანუ მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და ადამიანური რესურსი, რაც აშშ-მა უზრუნველყო თურქეთში ამ წლების განმავლობაში და აქვს ინჯირლიყის ბაზაზე შესაბამისი პირობები. ბირთვული ბომბების ახალ ადგილას გადატანას კი სჭირდება შესაბამისი მომზადება, ამ მომზადებას კი – წლები. მართალია, არ უთქვამს, გააქვთ თუ არა ბომბები, მაგრამ ახსნა პროცესი. თუმცა, ჩვენ არ ვიცით, რა მოხდება 5 წლის შემდეგ. ჯერჯერობით ბირთვული ბომბები არის თურქეთში, აკონტროლებს აშშ და, თუ აშშ აწარმოებს კიდეც მოლაპარაკებას რომელიმე ქვეყანასთან ამ ბომბების შესახებ, ეს არის საიდუმლო და ჩვენ ამას არავინ გვეტყვის.

скачать dle 11.3