№46 კართან რიგში
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
ანუ დასხეს ორპირში
აწ უკვე ორმაგად სასიხარულოდ გვაქვს საქმე, იმიტომ რომ გასულ კვირას „ნატოს“ გენმდივანმა (თვით იენ სტოლტენბერგმა) ერსა და ბერს აუწყა, რომ უკრაინა ალიანსის წევრი გახდება!
მომყავს ამის დამადასტურებელი ციტატა (ცხადია, „ნატოს“ გენმდივნისა): „ყველა მოკავშირე ქვეყანა შეთანხმდა, რომ უკრაინა „ნატოს“ წევრი ქვეყანა გახდება. მონტენეგრო ალიანსს 2 წლის წინ შეუერთდა. ჩრდილოეთ მაკედონია რამდენიმე თვეში შემოგვიერთდა. პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები – ყველა ალიანსის წევრია.“
საინტერესო ისაა, რომ ეს ამბავი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თავკაცმა რუსულ გამოცემას უამბო (რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინის თავზე შავი რუსული ღრუბლები კიდევ უფრო ინტენსიურად შექუჩდებიან).
შესაძლოა, გულუბრყვილო მკითხველს გულიც გადაუქანდეს და იფიქროს, უკრაინამ შეგვასწროო, თუმცა შურნარევი სიხარული ნაადრევია, იმ მარტივი მიზეზით, რომ გენმდივანმა იქვე შენიშნა, რომ დაეხმარებიან კიევს რეფორმების გაძლიერებაში, რათა ქვეყანამ ალიანსის წევრობა შეძლოს.
მანამდე კი, ანუ ოქტომბერში, „რადაში“ სიტყვით გამოსვლისას ბ-ნმა სტოლტენბერგმა ისიც შენიშნა, რომ უკრაინისთვის „ნატოს“ კარი ღიაა.
ოღონდ, აქედან გამომდინარე, მაინც სასიხარულოდ გვაქვს საქმე – იმ ღია კარში მარტო მაინც არ ვისხდებით, მაგრამ მაინც ფრთხილად ვიყოთ, კართან რიგში პირველობა არ წაგვართვან.