№45 რამაზ იოსელიანი: მარტო რომ დავრჩები და ფიქრს ვიწყებ, აი, იმ მომენტში საკუთარ თავს ვემალები
ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე
სახელი: რამაზი.
გვარი: იოსელიანი
პროფესია: მსახიობი.
– ბავშვობის მოგონება...
– როცა პირველად თოჯინების თეატრში მოვხვდი, მივხვდი, რომ სხვა სამყაროში ვიყავი. ინტერესთან ერთად შიშიც მქონდა. მაშინ 3-4 წლის ვიქნებოდი. რა ვნახე, არ მახსოვს, მაგრამ თვითონ შეგრძნება რაღაც სასწაულად დამამახსოვრდა. ისე, ძალიან საინტერესო ბავშვობა მქონდა.
– მწამს...
– საკუთარი თავის. ჩემი თავი თავად უნდა გადავარჩინო, სხვა ჩემი გადამრჩენი არავინაა. სწორედ ამიტომ ჩემი თავის ყველაზე მეტად მწამს.
– მაღიზიანებს...
– უყურადღებობა, დაუნახაობა და ადამიანების სიცივე. ადამიანში ვაფასებ ერთგულებას. ამაზე კარგი არაფერია. სხვისი გაჭირვების გაგება ყველას არ შეუძლია და ეს ნამდვილად დასაფასებელი თვისებაა.
– რა არის ცოდვა?
– უყურადღებობა და უგულობა. ადამიანს გული თუ არ აქვს, ის ცოდვის შვილია – უგულო კაცი კარგს არაფერს გააკეთებს.
– შეგშურებიათ?
– როგორც ყველა მოკვდავს, მეც შემშურებია. შემშურებია ჩემი კოლეგის, რომელმაც კარგად ითამაშა და მიფიქრია, ნეტა მე გამომივიდოდა თუ არა. ეს უფრო სურვილია, ვიდრე შური. შემშურებია, როცა არ მუშაობენ, მაგრამ უზრუნველად ცხოვრობენ. თუმცა, ამას არასოდეს გავუბოროტებივარ.
– სამაგიერო გადაგიხდიათ?
– აი, ეგ რომ არ შემიძლია, იმიტომ ვარ ასე. არ მახსოვს, ვინმესთვის სამაგიერო გადამეხადოს, არ მაქვს ამის სურვილი. მალე გადამდის გაბრაზება და ყველა მენანება ცუდისთვის – მტერიც კი.
– ბედისწერის გჯერათ?
– კი, მჯერა. განსაზღვრული და დაწერილია ყველაფერი. მას ჩვენ ვერ შევცვლით. ვიწვალებთ, ვიწვალებთ, მაგრამ მაინც ის მოხდება, რაც დაწერილია. პატარა რომ ვიყავი, ჩემთვის ვწერდი ხოლმე და ერთ-ერთ ჩანახატში მიწერია: როცა ადამიანი იბადება, ორი ანგელოზი დგას, რომლებიც მის ბედს წერენ. მერე სულ ვამბობდი: ნეტა ის ორი ანგელოზი დამაჭერინა, რატომ დამიწერეს ასეთი ბედი-მეთქი (იცინის). ბედზე შეწინააღმდეგება შეგვიძლია, მაგრამ შეცვლა – არა. უფალი ყველაფერია, ის წერს, ის გაგიჟებს, ის გარიგებს ჭკუას და სხვათა შორის, ცოდვებისკენაც ის გიბიძგებს. თუ ასე არაა, მაშინ უფალს ბოროტებაც არ უნდა გაეჩინა.
– სიზმრების გჯერათ?
– კი, „კუდიანი“ ვარ და ვიცი, წინასწარ რა მოხდება, ამას სიზმრიდან ვგრძნობ. ხანდახან ამ შეგრძნების მეშინია. სიზმარს თითქმის ყოველდღე ვხედავ – ცუდიც ამხდენია და კარგიც. ყველა უბედურებას შინაგანად მომზადებული ვხვდები. შეიძლება, ცუდი არც არაფერი შეგემთხვას, მაგრამ წინათგრძნობა იმდენად დაიჯერო, რომ აიხდინო. ისე გეშინია მისი, რომ თავად ისწრაფვი მისი შესრულებისკენ.
– სიყვარული – ეს არის?
– ღმერთი. მას ვერ გადმოსცემ სიტყვებით. ეს შენშია. სიყვარული ნაპერწკალი, სხივია სიცოცხლის. თუ სიყვარული არ გაქვს, ესე იგი, მკვდარი ხარ. სიყვარული – ეს არის ლოთი, მობოდიალე გრძნობა, რომელიც თავბრუს ახვევს ყველას.
– როგორია თქვენთვის იდეალური ქალი?
– იდეალური ქალი მეგობარი და ყოველდღე აღმოჩენა უნდა იყოს. მასთან ურთიერთობა კი – ხალასი, ადამიანური, სიცოცხლითა და სიურპრიზებით სავსე.
– ქალს ალამაზებს...
– ხიბლი.
– გღალატობდნენ თუ ღალატობდით?
– ორივე ერთად...
– ეჭვიანი ხართ?
– კი, ძალიან. სამწუხაროდ, ეს თვისება ურთიერთობებში „გატორმუზებს“, რაც ბუნებრივია, ხელისშემშლელი ფაქტორია.
– ყველაფრის პატიება შეიძლება?
– აბსოლუტურად ყველაფრის. ამას აქვს გამართლება – საკუთარი თავი უნდა ჩააყენო იმავე მდგომარეობაში. ყველას უნდა აპატიო, ყველაფერს თავისი ახსნა და გამართლება აქვს. მე ვერავის განვსჯი.
– რას ემალებით?
– საკუთარ თავს, მარტო რომ დარჩები და ფიქრს იწყებ, აი, იმ მომენტში ვემალები... რთულია საკუთარ თავს გაუსწორო თვალი და უსმინო მის დარიგებებსა თუ საყვედურებს.
– როდის ყვირით?
– სულ ვყვირი, უდისციპლინობაზე, დაგვიანებაზე და ყველაფერზე. იმ წუთში გამოვდივარ წყობიდან, თუმცა მალევე გამივლის და მერე ვნანობ, რა მაყვირებდა და რა მაღელვებდა-მეთქი.
– ბილწსიტყვაობთ?
– კი. ეს საშინელი ჩვევა მაქვს.
– მეშინია...
– მარტოობის...
– ბოდიშის მოხდა გიჭირთ?
– არ მიჭირს. ვთვლი, რომ ეს ნაბიჯი უფრო გულღიასა და თავისუფალს გხდის.
– რას ნანობთ?
– არაფერს. იმიტომ, რომ თუ ამაზე ვიფიქრე წინ ვერ წავალ...
– როდის ტირით?
– ო... ამ ბოლო დროს ყველაფერზე მომდის ცრემლი, ეტყობა, ვბერდები.
– ღმერთის ჩემეული აღქმა...
– თითოეული ადამიანი ღმერთის მატარებელია... მთავარია, ის მასში დაინახო.
– რა არ მოგწონთ საკუთარ თავში?
– სიფიცხე. დამღუპველია ეს თვისება. ბევრ ადამიანს ვტკენ გულს და მერე საშინლად განვიცდი, შინაგანად მანგრევს.
– რისკიანი ხართ?
– საშინელი, გამოუსწორებელი. ხშირ შემთხვევაში წამიგია, მაგრამ არ ვნანობ, იმიტომ, რომ ამას თავისი აზარტი აქვს.
– უფალს რომ პირისპირ შეხვდეთ, რას ეტყოდით?
– დაგიშავე რამე?!
– კმაყოფილი ხართ?
– ცხოვრება ხომ სასწაულია, სიგიჟეა, ვნებაა, აღმოჩენაა, ცრემლია, განშორებაა, სიყვარულია... ერთი პატარა გაელვებაა. განა ამისთვის არ ღირს ცხოვრება? შესაბამისად, კმაყოფილი ვარ.