კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 მამია გავაშელიშვილი: თურქეთში ექიმებმა მითხრეს, ღმერთს უყვარხარ, ასე მალე და შემთხვევით რომ შეიტყვე დაავადების შესახებო

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  თბილისის „ლოკომოტივის“ ფორვარდი, 24 წლის მამია გავაშელიშვილი სტადიონს დაუბრუნდა. ის მძიმე დაავადებას, სიმსივნეს ცხრა თვის განმავლობაში ებრძოდა. ეს ბრძოლა მისი გამარჯვებით დასრულდა! ფეხბურთელმა თავისი ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდზე, ასევე, კარიერასა და პირადზე მეუღლესთან, ანუნა იაშვილთან ერთად გვესაუბრა.
  მამია გავაშელიშვილი: რაჭაში, ქალაქ ონში ვცხოვრობდი. ფეხბურთის თამაში 12 წლის ასაკში დავიწყე. პატარაობიდანვე მიყვარდა და სულ სტადიონზე ვიყავი, მაგრამ 12 წლამდე, როგორც ასეთი, გუნდი არ გვყავდა.  16 წლამდე ონის გუნდში ვვარჯიშობდი. ჩემი ცხოვრება სტადიონი და სახლი იყო. 16 წლის ასაკში ქუთაისის „ტორპედოში“ გადავედი, თამაშის დროს მოვეწონე და ამიყვანეს. ორი წლის შემდეგ „ლოკომოტივში“ მოვხვდი და დღემდე აქ ვარ. ამ კლუბში ჩამოვყალიბდი, როგორც ფეხბურთელი. „ლოკომოტივი“ ისტორიული გუნდია და რთულია აქ მოხვედრა.
– რამდენი ხანია, რაც დაქორწინებულები ხართ და როგორ გაიცანით ერთმანეთი?
  ანუნა იაშვილი: ერთმანეთი მეგობართან გავიცანით, მამიას მოვეწონე, მაგრამ ურთიერთობა არ შედგა (იცინის). რამდენიმე ხნის შემდეგ შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს და აქედან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. ორ-სამ თვეში შეყვარებულები გავხდით და მალევე დავქორწინდით. სულ მალე ორი წელი შეგვისრულდება, რაც ოჯახი შევქმენით. გვყავს პატარა სანი, ძალიან მოუსვენარი და სასაცილო ბიჭი.
– მამია, როგორ გაიგე, რომ სიმსივნე გქონდა?
– თავიდან თიაქრის ოპერაცია უნდა გამეკეთებინა და ერთ თვეში ვარჯიში დამეწყო. ოპერაციის დროს შეხვდათ წანაზარდი. ბიოფსიის აღების შემდეგ,  საქართველოში ერთი თვე იკვლევდნენ, რა იყო ეს წანაზარდი.  ამის შესახებ არაფერი ვიცოდი, არ მითხრეს. ანუნას ჰქონდა ინფორმაცია და ის ელოდებოდა პასუხს. შემდეგ „ლოკომოტივის“ პრეზიდენტმა სამკურნალოდ თურქეთში გამიშვა. იქ გამოიკვლიეს და დადგინდა, რომ სიმსივნე მქონდა.
ანუნა: მამიას ჰქონდა შესვენება და ამიტომ გადაწყვიტა, გაეკეთებინა უმნიშვნელო ოპერაცია. ოპერაციის დასრულების შემდეგ ექიმმა მითხრა, რომ რაღაც წანაზარდები აღმოაჩინეს და აუცილებელი იყო კვლევის ჩატარება. იმ წუთიდან ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა, ძალიან შემეშინდა, მაგრამ არ მქონდა უფლება, ეს შიში მამიას შეემჩნია.  ექიმს ვთხოვე, რომ მისთვის ინფორმაციის დეტალები არ მიგვეწოდებინა, თავიდან უარზე იყო, თუმცა დიდი თხოვნის შემდეგ დამთანხმდა. ამაში „ლოკომოტივის“ გუნდის ექიმი დამეხმარა. სიმსივნეზე ეჭვების შესახებ ჩემ გარდა არავინ იცოდა. პასუხების მოლოდინში ჩუმად ვრეკავდი ექიმებთან. ძალიან რთული რეალობის წინაშე დავდექი, მაგრამ ბოლომდე მჯეროდა, რომ ცუდი არაფერი მოხდებოდა. თურქეთში პირველ-ორ ვიზიტზე ექიმებს ჰქოდნათ ვარაუდი, რომ ეს იყო თანდაყოლილი წანაზარდი.  შემდეგ უკვე დაისვა  სწორი დიაგნოზი, გადაწყდა ოპერაცია და  ხანგრძლივი მკურნალობა.
– რა რეაქცია გქონდათ, როცა დაავადების შესახებ გაიგეთ?
მამია: თავიდან შოკში ვიყავი, არც მიფიქრია ასეთი რამ. ვერც დავუშვებდი, რადგან ცხოვრების ჯანსაღი, სპორტული რეჟიმი მქონდა. ეს ჩემთვის წარმოუდგენელი იყო. სულ სხვა მიზნები და ფიქრები მქონდა. სიტყვა სიმსივნე რომ მესმოდა, ეგ ცალკე თემა იყო. იმ მომენტში ორი თვის შვილი მყავდა. ანუნა პირველივე დღიდან მაქსიმალურად დამიდგა გვერდში, რომ არა ჩემი შვილი და ის, ამ ყველაფრის გადატანა გამიჭირდებოდა.
ანუნა: ძალიან რთული პერიოდი იყო. არ ვიცი, ის განცდები როგორ აღვწერო. რთულია, როცა ნერვიულობა არ უნდა შეგეტყოს, მხნედ უნდა იყო და იცხოვრო ისე, როგორც ამ ამბის გაგებამდე ცხოვრობდი. ვცდილობდი, ისე მოვქცეულიყავი, როგორც ყოველთვის: გამეცინა იმაზე, რაზეც ადრე ვიცინოდი, მებუზღუნა იმაზე, რაც მეწყინებოდა. ორმაგად რთული იყო ამ მოჩვენებითობის დროს რამეზე მეკამათა მამიასთან. ვთვლი, რომ ასეთ დროს მუდმივად თავზე ხელის გადასმა უფრო დამთრგუნველია. ყველაზე რთული იყო ის თვე-ნახევარი, როცა თურქეთში ვცხოვრობდით და ბავშვის დატოვება თბილისში, ჩემს მშობლებთან მოგვიწია. მაგრამ ამაზე მეტად გამიჭირდა, როცა მამია საოპერაციოში შეიყვანეს და კარს მიღმა, უცხო ხალხთან სრულიად მარტო დავრჩი. არ ვიცი, ის ორსაათ-ნახევარი როგორ გავძელი. ვინც კი საოპერაციოსთან იდგა, ყველა ცდილობდა, დავემშვიდებინე. მახსოვს, ოპერაციის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე ძალები მოვიკრიბე და დავმშვიდდი, რადგან არ მინდოდა, მამიას ნამტირალევი დავენახე. ამ დროს მივხვდი, რომ ღმერთი განსაცდელის დროს ათასჯერ მეტ ძალას გაძლევს.
– მამია, ამბობენ, რომ ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური მომენტი. გეშინოდა? რაზე ფიქრობდი?
მამია:  ფსიქოლოგიური მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია და ვისაც მსგავსი დაავადება აქვს, მინდა, ვუთხრა, რომ არ დანებდეს, აუცილებლად იბრძოლოს და შედეგსაც დაინახავს. ყველაფრის დამარცხება შესაძლებელია, თუ ირწმუნებ. მსგავს სიტუაციებში რწმენა დიდ როლს ასრულებს. ჩემი ყოველი დღე თენდებოდა ფიქრით, რომ სტადიონზე იმაზე ძლიერი უნდა დავბრუნებულიყავი, ვიდრე იქამდე ვიყავი. ყოველდღე, ყველა გათენებისას ვფიქრობდი, რომ დაბრუნებას აუცილებლად შევძლებდი. არ ჩავთვალე, რომ ეს იყო განაჩენი. ჩემს თავს ვეუბნებოდი: მერე რა, იმკურნალებ და იქნები ჯანმრთელი, ისევ ივარჯიშებ, ისევ შენს ოჯახთან ერთად იქნები... არ შემშინებია, ცუდზე არც მიფიქრია.  
– მკურნალობის პერიოდი რამდენ ხანს გაგრძელდა? რომელი სტადიის სიმსივნე გქონდა?
– ცხრა თვე ვმკურნალობდი. ქიმიოთერაპია და სხივური თერაპიაც დამჭირდა. ეს იყო ყველაზე რთული. ჩემი დაავადება საწყისი ეტაპი იყო. გამიმართლა, რომ თიაქრის ოპერაცია დამჭირდა, ეს რომ არ გამეკეთებინა, დიდი ალბათობით, ვერც გავიგებდი. თურქეთში ექიმებმა მითხრეს: ღმერთს უყვარხარ, დაავადების შესახებ ასე ადრე და შემთხვევით რომ შეიტყვეო.
  ანუნა: ძალიან რთული იყო იმის მოსმენა, რომ ინიშნებოდა ქიმიოთერაპიის კურსი, მაგრამ ეს შიში ოდნავ შეგვიმსუბუქა იმ ფაქტმა, რომ ეს იქნებოდა მსუბუქი დოზები. ამასთან ერთად სხივური თერაპიაც დაგვჭირდა, რაც დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. გვეხმარებოდნენ გუნდი, ფეხბურთის ფედერაცია, ეროვნული ნაკრების ბიჭები, ეროვნული ლიგის გუნდები და ფეხბურთელები. დღეს რომ მამია ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს დაუბრუნდა, მათი დამსახურებაა. ქიმიოთერაპიის დროს ერთად გვეძინა, არც პალატაში ვასვენებდი, ჩავწევდი და მეც მის გვერდით ვწვებოდი. გადასხმის დროს ვცდილობდი, არ მოგვეწყინა და ბევრს ვიცინოდით ხოლმე.
  მამია: ქიმიოთერაპიის შემდეგ, თმა რომ გამცვივდა, ცოტა მოწყენილი ვიყავი, მაგრამ წინასწარ ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა. ღმერთის წყალობით, შედარებით მარტივად გადავლახე ეს პერიოდი. ქიმიოთერაპიის შემდეგ ძალიან ცუდად ვიყავი ხოლმე, მაგრამ მეუღლე, ოჯახის წევრები, ფეხბურთელები ყველა მამხნევებდა, ბიჭები სულ მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ, რომ ჩემ გვერდით იყვნენ. ეს ათი თვე ყველანაირად გვერდში მედგა „ლოკომოტივის“ პერსონალი, პრეზიდენტი, ფეხბურთელები – ფინანსურად მეხმარებოდნენ, თორემ მათ გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა. რამდენიმე დღეა, რაც ვარჯიში დავიწყე და იმაზე ბედნიერი და მოტივირებული ვარ, ვიდრე ადრე ვიყავი. ჩემს ცხოვრებაში გადაფასებები მოხდა და პირველ რიგში, ჯანმრთელობა დავაფასე.

скачать dle 11.3