№45 რატომ ეძახიან ნინი მოხევიშვილს ქუჩაში „სულელას“ და როგორ ცდილობენ მის გათხოვებას
ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე
ახალი სატელევიზიო შოუს – „გვიანი შოუს“ თანაწამყვანი ნინი მოხევიშვილი ეკრანზე გამოჩენისთანავე ყურადღების ცენტრში მოექცა. მისი სილამაზე და ნიჭიერება ყველასთვის შესამჩნევი გახდა და შეიძლება ითქვას, ნინის სახით საზოგადოებას ახალი, საყვარელი ტელესახე შეემატა – ქართველი ლივ ტაილერი. „ჰოლივუდის“ მსახიობსა და ნინი მოხევიშვილს შორის შესამჩნევი ფიზიკური მსგავსებაა და ამას ყველა ერთხმად აღიარებს.
ნინი მოხევიშვილი: პროფესიით ჟურნალისტი არ ვარ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. თუმცა, ჟურნალისტად ვმუშაობდი – ჯერ „მიუზიკ ბოქსში“ ერთ-ერთი საბავშვო გადაცემის წამყვანი ვიყავი, შემდეგ ონლაინ ჟურნალ Street Stryle-ში. შემთხვევით გავიგე, რომ „ფარულ კონვერტში“ ია ფარულავასთან ცხადდებოდა ქასთინგი ჟურნალისტის სტაჟირებაზე და მას შემდეგ „რუსთავი 2-ში“ ვარ. სექტემბერში, ტელევიზიაში რომ დავბრუნდი, შემომთავაზეს „კომედი ჯგუფის“ განყოფილების კოორდინატორობა და მეც დავთანხმდი. რაც შეეხება „გვიან შოუს“, ამიკოსთან თანაწამყვანობა უცებ მოხდა. ჩვენი ერთ-ერთი პროდიუსერი შემოვიდა და მითხრა: იცი, ნინ, შენ შეხვალ და იმღერებ. ეს ყველაფერი ხუმრობად აღვიქვი. ერთ საათში ისევ შემოდის და წინ სიმღერის ტექსტს მიდებს. ვერ წარმოიდგენთ, რა დამემართა, კიდევ მეგონა, რომ მეხუმრებოდნენ... წავედი, ტექსტი ვისწავლე და მეორე დღეს გადავიღეთ.
– როგორ ჩაიარა პირველმა გადაღებამ ამ ემოციის ფონზე?
– ეს ჩემთვის სიახლე იყო, მაგრამ მსგავს გარემოში რომ შედიხარ, თავადაც კომედიურ პერსონაჟად გარდაიქმნები. პირველი სიმღერა იყო „სინიორიტა“ და გადაღების დროს რა მჭირდა, ვერ აღგიწერთ – ნერვიულობისგან თავიდან ბოლომდე ვკანკალებდი. მიჭირს იმ ემოციის სიტყვებით გადმოცემა. ყველაზე მეტად ხალხის რეაქციაზე ვნერვიულობდი – რა კომენტარები მოჰყვებოდა ამ ყველაფერს. გამოცდილება არ მქონდა, ჩემთვის პირველი იყო, ვღელავდი და მნიშვნელოვანი იყო, როგორ შემაფასებდა ხალხი. თუმცა, საბოლოო ჯამში, კარგი გამოვიდა. ამიკო არაჩვეულებრივი თანაწამყვანია და უშუალოდ „კომედი ჯგუფის“ თანამშრომლებიც ძალიან კარგები არიან – ასმაგად მხიარულები რეალურ ცხოვრებაში.
– სიმღერასთან კავშირი ბავშვობიდან გაქვს?
– კი, ბავშვობიდან ვმღერი მოყვარულის დონეზე. ყოველთვის მქონდა ორი ოცნება: გამოვსულიყავი ჟურნალისტი ან მომღერალი. ხელში სულ მეჭირა ნივთი, რომელსაც მიკროფონის დანიშნულება ჰქონდა. ორივე ოცნება ამიხდა, რასაც ვერც კი წარმოვიდგენდი.
– ტელეეკრანზე გამოჩენის შემდეგ თაყვანისმცემლების რიცხვი მოიმატებდა. როგორია შენი დამოკიდებულება პოპულარობის მიმართ?
– სხვათა შორის, გადაცემის მეორე დღესვე ქუჩაში მხვდება ჩემი ასაკის გოგო და მეძახის „სულელას“, თავიდან ვერ გავაანალიზე, რადგან ეს ჩემთვისაც ახალი იყო. მერე მომიახლოვდა და მკითხა: შენ ის არ ხარ „სულელა სინიორიტა“ რომ იმღერეო (იცინის). მაშინ მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც შეიცვალა. იმდენად დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ამ ყველაფერს, რომ ალბათ, ბედნიერებისთვის მეტი არც არის საჭირო. არ ვთვლი, რომ ეს შემაწუხებელია, პირიქით, სასიამოვნოა, როცა გეუბნებიან, რომ კარგად მღერი. პირველი გადაცემის შემდეგ, „ფეისბუქზე“ მოზღვავებული მეგობრობის თხოვნები მომივიდა. ყველაზე სასაცილო ისაა, რომ ქუჩაში მეძახიან „სინიორიტას“. სახელი შემერქვა და „სინიორიტა“ ვარ (იცინის).
– შენს თაყვანისმცემლებს „კომედი ჯგუფშიც“ შეამჩნევდნენ, რას გეუბნებიან ხოლმე?
– კი და მეხუმრებიან ხოლმე: შენ არავინ არ მოგწონს, უნდა გაგათხოვოთო. ეს ადამიანები ოჯახის წევრები არიან და სურვილი აქვთ, რომ გამათხოვონ და მერე ქორწილში იქეიფონ (იცინის).
– რა ხდება პირად ცხოვრებაში?
– არაფერი ხდება, არც შეყვარებული მყავს და არც არავინ. თავიდან ბილომდე ამ საქმეში ვარ გადაშვებული და სხვაზე არაფერზე ვფიქრობ. ამჟამად ვარ მარტო. მყავდა შეყვარებული და დაახლოებით, ორი წლის წინ დავამთავრეთ ურთიერთობა. დღეს ძალიან კარგი მეგობრები ვართ. კი ამბობენ ხოლმე, ყოფილთან მეგობრობა არ შეიძლებაო, მაგრამ ამ სტერეოტიპს ვარღვევ (იცინის). კარიერისტი ვარ-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ პირველ ადგილზე მაინც სამსახურს ვაყენებ. 24 წელი არ არის ის ასაკი, რომ ჩქარა შეყვარებული გავიჩინო და გავთხოვდე.
– როგორი უნდა იყოს ბიჭი, რომ მოგეწონოს?
– ვერ გამოვყოფ რაღაც კრიტერიუმებს, მაგრამ მე რომ ბიჭი მომეწონოს აუცილებლად ყურადღებიანი უნდა იყოს. ვიზუალურ მხარესაც მნიშვნელობა აქვს, რადგან ჯერ თვალი ხედავს (იცინის). უნდა ჰქონდეს იუმორის გრძნობა – ამას დიდ ყურადღებას ვაქცევ. ვთვლი, რომ იუმორი დღეს ბევრს არ აქვს, ვითომ კი „ღადაობენ“, მაგრამ რეალურად საშინელებებს ამბობენ. თან, კომედი სკეტჩებით რომ ვარ გარშემორტყმული, უკვე თითოეულ სიტყვას ვაკვირდები.
– „ჰოლივუდის“ მსახიობს, ლივ ტაილერს გამსგავსებენ...
– მამსგავსებენ, მაგრამ სიმართლე გითხრა, ვერ ვხვდები, რატომ. ძალიან ბევრს უთქვამს, თუმცა მე ვერ ვიმსგავსებ. ვგიჟდები მაგ მსახიობზე, ძალიან მიყვარს და როცა მეუბნებიან, რომ მას ვგავარ, დიდი კომპლიმენტია ჩემთვის.