№45 როგორ მოხვდა ქართველი გოლიათი კოლა ქვარიანი „ჰოლივუდურ“ ფილმში და აჯობა თუ არა მან ძალით სპილოს
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
კოლა ქვარიანი ის ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე იყო, რომელმაც ქართულ ჭიდაობას შორეულ ამერიკაში გაუთქვა სახელი. წარმოშობით ლეჩხუმელი 1900 წელს ქუთაისში, ცნობილი ვექილის, ნესტორ ქვარიანის ოჯახში დაიბადა. ჭიდაობა გიმნაზიაში სწავლის პერიოდში დაიწყო. იყო ტანმოვარჯიშეთა საზოგადოება „შევარდენის“ წევრი. მან პირველმა გადაცურა რიონის ყველაზე რთული ადგილი, რომელსაც შემდგომში მის პატივსაცემად „ქვარიანის ჩქერები“ უწოდეს. 1917 წელს კი აქტიურად დაიწყო მომზადება ცნობილ მწვრთნელ სერგო ქუთათელაძესთან, რომელმაც თბილისში წამოიყვანა და ფრანგ ჯოემორას გააცნო. ის დაოსტატდა კლასიკურ ჭიდაობაში და სახელიც გაითქვა. 1921 წელს, საქართველოში ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ, ექვთიმე თაყაიშვილის მიერ შეფუთულ და უცხოეთში გასაგზავნ ქართულ განძს ქუთაისში კონა ბადრიძესთან ერთად კოლა ქვარიანიც დარაჯობდა, მაგრამ საქართველოს მთავრობას ემიგრაციაში არ გაჰყვა და სამშობლოში დარჩა. 1922 წელს წარმატებით იასპარეზა ბაქოში გამართულ მოჭიდავეთა დიდ ტურნირში, სადაც დაამარცხა ცნობილი ფალავნები ილია მურომეცი, ერმაკოვი, მაკაროვი და სხვები.
1928 წელს კოლა ქვარიანი მოსკოვში გაემგზავრა, საიდანაც ცნობილმა რუსმა ფალავანმა ივან პადდუბნიმ ქართველი ფალავანი ამერიკაში მსოფლიო ჩემპიონატზე წაიყვანა. აქედან იწყება მისი სპორტული კარიერა ამერიკაში. იქ მალევე გაითქვა სახელი, იმავე წელს დაამარცხა ამერიკელთა კერპი ჟოზეფ ტოტსმინდი, ბეროვიკი, ცოტა მოგვიანებით კი, როგორც მოჭიდავეები ამბობენ, სუფთად დაამარცხა მსოფლიოში „მახრჩობელად“ ცნობილი ედ ლუისი, რომელთან გამარჯვებისთვისაც მან, ჰონორარის სახით, 200 ათასი დოლარი მიიღო. იმასაც ამბობდნენ, კოლა ქვარიანს ისეთი ძალა აქვს, ერთხელ სპილოსაც დაეჭიდა და წააქციაო. 1931 წელს კი ამერიკელ ფალავანთან, ჯონ კლიკსტორთან ორთაბრძოლა კი ისეთი უპირატესობით მოიგო, რომ წარმატებას მიჩვეულ ამერიკელ მოჭიდავეს მატჩის შემდეგ კოლასთვის მოულოდნელად თვალში თითები გაუყრია. ეს ქართველი ფალავნისთვის საბედისწერო აღმოჩნდა – მას თვალი სამუდამოდ დაუზიანდა. 1932 წელს კოლა ქვარიანმა ამერიკის შეერთებული შტატები დატოვა და საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა. საფრანგეთში მან გახსნა ქართული რესტორანი, სადაც თავს იყრიდნენ არა მხოლოდ ქართველი ემიგრანტები, არამედ 30-იანი წლების სახელოვანი სპორტსმენები. სპორტისთვის თავი არ დაუნებებია – საჭიდაოდ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იწვევდნენ. იასპარეზა გერმანიაში, პოლონეთში, შვედეთში, საბერძნეთში. მისი გამოსვლები ყველგან ტრიუმფით მთავრდებოდა. 1939 წელს წარმატებით გამოვიდა ინგლისში გამართულ ფალავანთა დიდ საერთაშორისო ტურნირზე. „ლონდონში კოლა ქვარიანის წაუქცეველი ფალავანი აღარ დარჩა“, – უთქვამს ტურნირის შემდეგ ქართველი ფალავნის მეგობარს, ინგლისში მცხოვრებ მერაბ კვიტაშვილს. მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ კოლა ქვარიანმა ევროპა დატოვა და ისევ ამერიკაში გაემგზავრა. სპორტის პარალელურად, აქტიურად იყო ჩართული ამერიკაში 1931 წელს დაარსებული ქართული სათვისტომოს საქმიანობაში. სპორტიდან ნაშოვნი ფულით დახმარებას უწევდა ქართულ-ამერიკულ ლიგას. ყველა ღონისძიებაზე კი, სადაც არა მხოლოდ ქართველები, არამედ კავკასიელები და ამერიკელები იყრიდნენ თავს, ქართულ ჩოხაში გამოწყობილი მიდიოდა და ჯერ კიდევ სამშობლოში ჩრდილოკავკასიელი მეგობრების ნაჩუქარ ქამარ-ხანჯალს იკეთებდა. ამერიკაში საგასტროლოდ ჩასულ თანამემაულეებს ის მუდამ გვერდში ედგა. ერთხელაც ამერიკაში ვლადიმირ მაიაკოვსკი პოეზიის საღამოებს მართავდა. პირველი შეხვედრა ნიუ-იორკში მოეწყო. დარბაზი სავსე იყო ამერიკელებითა და რუსი ემიგრანტებით. მაიაკოვსკის რევოლუციური პათოსით დაუწყია ლექსების კითხვა, მაგრამ ამერიკულ პუბლიკას არ მიუღია ბოლშევიკურ რუსეთში პირველ პოეტად აღიარებული მაიაკოვსკის შემოქმედება და სტვენა დაუწყია. მაიაკოვსკიმ, თურმე, ლექსების კითხვა შეწყვიტა და გაბრაზებულს ქართულად, ოდნავ იმერული კილოთი დაუწყია დედის გინება. მოულოდნელად ვიღაცამ დარბაზიდან ქართულად დაუძახია: „სადაური ხარ? ქუთაისელი ხარ შენ, ბიჭო?!“ – რეპლიკის ავტორი კოლა ქვარიანი ყოფილა. როგორც ამბობენ, მაიაკოვსკისთან მისულა, ხელი გადაუხვევია და აღელვებული ხალხიც დაუშოშმინებია.
1950 წელს გაიმართა ცნობილი ორთაბრძოლა ამერიკელ პროფესიონალ მოჭიდავე ჯინ სტენლისა და კოლა ქვარიანს შორის, რომელთა შერკინებაც ამერიკის ჭიდაობის ისტორიაში 10 საუკეთესო მატჩს შორის ერთ-ერთი იყო. ქართველმა ფალავანმა იმავე წელს დაასრულა სპორტული კარიერა, მაგრამ წლების განმავლობაში ცნობილი ამერიკელი მოჭიდავის, ანტონიო როკის მენეჯერი იყო. როგორც მისი მეგობარი, ამერიკაში მცხოვრები ქართული ემიგრაციის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, ალექსანდრე სულხანიშვილი იხსენებდა: „სახე უბრწყინდებოდა, როცა ქუთაისზე ვლაპარკობდით. უნდოდა, მისი ფერფლი ქუთაისის ქუჩებში მიმოებნიათ. ქუთაისისთვის ძვირფასი ბიბლიოთეკისა და მხატვრული ტილოების შესანიშნავი კოლექციის გადაცემა უნდოდა“. მისი ბავშვობის მეგობრები, მწერალი აკაკი ბელიაშვილი და რეჟისორი ნიკოლოზ პიპინაშვილი კი 1960 წელს ამერიკაში კოლა ქვარიანთან შეხვედრას ასე იხსენებენ: მაშინ ქართველი ფალავანი ნიუ-იორკში სასტუმრო „შოტლანდში“ მეუღლესთან, არიადნა ნოვაკთან ერთად ცხოვრობდა. კოლა ქვარიანის მოწვევით, გიორგი პაპაშვილიც სასწრაფოდ ჩამოსულა პენსილვანიიდან, მეუღლესთან ერთად. ბავშვობის მეგობრები ერთმანეთის ნახვით გამოწვეულ ემოციას ვერ მალავდნენ. განსაკუთრებული ემოცია კი ქართველ სტუმრებს კოლა ქვარიანისა და გიორგი პაპაშვილის მეუღლეების ქართულ სტუმარ-მასპინძლობაზე გამოუხატავთ. „აბა, რა ვქნათ, ქმრები ვერ გავაამერიკელეთ და ისევ ჩვენ გავქართველდით“, უთქვამთ არიადნასა და ელენეს.
ირაკლი მახარაძე (მკვლევარი, კინორეჟისორი): კოლა (ნიკოლოზ) ქვარიანი შესანიშნავი მოცურავე და დიდი ძალის პატრონი იყო. მწერალ აკაკი ბელიაშვილის გადმოცემით, ბავშვობაში ხან სვანებთან ჩხუბობდა, თურმე, ხან კი ნიძლავზე ეტლს უკანა ღერძში ხელებს ჩასჭიდებდა და „ჯაგლაგ ცხენებს ადგილზე დააბამდა“. მან წარმატებით დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და, ჯერ სრულიად ახალგაზრდა, კოლაუ ნადირაძემ და პაოლო იაშვილმა ჭიდაობის შესასწავლად შავკანიან ფალავან ჯოემორას მიაბარეს. 1918-19 წლებში ქვარიანი წარმატებით გამოდიოდა ქუთაისის ცირკში. შემდეგ მან წვრთნა თბილისში კლემენტი ბულთან განაგრძო. ჭიდაობდა საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქებში, როსტოვში კი მსოფლიო ფალავნის წოდება მიიღო. 1927 წელს ცნობილმა ფალავანმა ივან პადდუბნიმ ის ამერიკაში წაიყვანა საჭიდაოდ, სადაც საბოლოოდ დარჩა საცხოვრებლად. ის თურმე თავისუფლად ლაპარაკობდა ცხრა ენაზე. მას რამდენიმე მეტსახელი ჰქონდა: Nick the Wrestler, Slavik Buddha. 1956 წელს მან მონაწილეობა მიიღო თავისი მეგობრის, იმ დროისთვის ახალბედა რეჟისორისა და ჭადრაკის ენთუზიასტ სტენლი კუბრიკის ფილმში The Killing მკვლელობა (მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ნოვატორი კინემატოგრაფის, სტენლი კუბრიკის შემოქმედებას კარგად ვიცნობთ გახმაურებული ფილმებით: „სპარტაკი“, „ლოლიტა“, „კოსმიური ოდისეა“, „მექანიკური ფორთოხალი“, „ნათება“, „ფართოდ დახუჭული თვალები“ – ავტორი). ქვარიანი, რომელიც ჭადრაკის თეორეტიკოსიც გახლდათ, ბრუკლინში კუბრიკს ხშირად ეთამაშებოდა ჭადრაკს. ამერიკაში ქვარიანი იყო ერთადერთი მოჭიდავე, რომელსაც ჭადრაკში თანრიგი ჰქონდა. მას ნიუ-იორკში საჭადრაკო კლუბი The Flea House ჰქონდა გახსნილი. ფილმის ერთი სცენა სწორედ ამ კლუბშია გადაღებული. „მკვლელობამ“ მშვენიერი რეცენზიები მიიღო, ხოლო არაპროფესიონალი მსახიობის, კოლა ქვარიანის თამაშმა ყველა კინოკრიტიკოსი მოხიბლა. სურათში ის ასრულებს მორის ობუხოვის როლს, რომელსაც სთერლინგ ჰეიდენის გმირი ქირაობს, რათა მან ყურადღების გადატანის მიზნით, სანამ იპოდრომის სალაროს ძარცვავენ, ჩხუბი ატეხოს. სცენა, სადაც ქვარიანის გმირს ლამის ოცი პოლიციელი აშოშმინებს, მართლაც რომ შთამბეჭდავია. „ეს არის სიბრძნის ტრაგიკული სახე. ეს არის მშვენიერი სახე“, – ამბობდა მის შესახებ ცნობილი სცენარისტი და რეჟისორი დეივიდ მამეტი. 1980 წელს 77 წლის კოლა ქვარიანს ხუთ შავკანიან ახალგაზრდასთან ჩხუბი მოუხდა. როგორც ამბობენ, ორ-სამ კაცს ის იმ ასაკშიც ადვილად მოერეოდა, მაგრამ ხუთის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო. მიღებული ტრავმებისგან ის ჰოსპიტალში გარდაიცვალა.