კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 მგლები 6

ნინო კანდელაკი გოჩა მანველიძე

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #38-44(983)

  ეკა პალატის შუაში, მაღალ სამედიცინო საწოლზე იწვა. მის უკან და მარცხენა მხარეს უამრავი ხელსაწყო იყო განლაგებული, რომლებიც ოდნავ გასაგონად ზუზუნებდნენ.
  ახალგაზრდა მედდამ, რომელიც პაციენტთან მორიგეობდა, ხმადაბლა გადაულაპარაკა პალატაში შესულ ლუკას:
– მარტოს დაგტოვებთ. თუ მისი მდგომარეობა შეიცვალა, დაუყოვნებლივ დამიძახეთ. მე აქვე, გვერდით ოთახში ვიქნები, – და მაშინვე გავიდა ოთახიდან.
როგორც კი კარი მიიხურა, ლუკა საწოლს მიუახლოვდა და ეკას ხელზე შეეხო. მან მძიმედ გაახილა თვალები და ლუკას დანისლული მზერა მიაპყრო.
– მე ვარ, – ხმადაბლა თქვა ლუკამ, როდესაც მიხვდა, რომ ეკა მას ვერ სცნობდა.
– ლუკა, – ოდნავგასაგონი ხმით ჩაილაპარაკა მან.
– ჰო, – ლუკა თმაზე მოეფერა ეკას.
– რა მოხდა? – სუსტი ხმით განაგრძო ეკამ, – არაფერი მახსოვს. ორანჟერეაში ჩაის ვსვამდით. ნატო ხატავდა. იქ იყო ჯაბაც. შემდეგ... – ეკა ჩაფიქრდა, თითქოს რაღაცის გახსენებას ცდილობსო, – შემდეგ რაღაცამ დაიგრუხუნა, იქაურობა განათდა... კი არ განათდა... გაწითლდა და უეცრად ყველაფერი სიბნელეში ჩაიძირა. შემდეგ აღარაფერი მახსოვს. რა მოხდა იქ ლუკა? ექიმებმა არაფერი იციან. ან არაფერს მეუბნებიან. მხოლოდ ის მითხრეს, რომ სახლში რაღაც აფეთქდა. რას მიმალავენ? რა უნდა აფეთქებულიყო ჩვენს სახლში?!
– ორანჟერეას ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს.
– ყუმბარმტყორცნი?! – თვალები გაუფართოვდა ეკას, – სად არის ნატო?!
– აქაა... მეზობელ პალატაში. ნე ღელავ. ჯაბაც აქაა. ყველაფერი რიგზეა, – დაამშვიდა ლუკამ.
– ამჯერად გადავრჩით, – ჩაილაპარაკა ეკამ.
– ახლა მხოლოდ შენ ხარ ჩვენი საზრუნავი. ფეხზე წამოგაყენებთ და აქაურობას მოვშორდებით.
– როდემდე... როდემდე გაგვიმართლებს, ლუკა? როდემდე უნდა ვიცხოვროთ შემთხვევის იმედად?! – შიშით თქვა ეკამ.
– ახლა სხვა რამაა ჩვენი საფიქრალი, ეკა.
– ბავშვი... ჩვენი შვილი... – ეკამ მძიმედ მოისვა ხელი მუცელზე.
ლუკამ შუბლი მოისრისა.
– ექიმებმა შენი დამშვიდება მთხოვეს. მაგრამ მე კარგად გიცნობ და ვიცი, რომ შენთვის რაიმეს დამალვას აზრი არა აქვს.
– ყველაფერი მითხარი... გთხოვ, – მზერა გაუსწორა ეკამ.
– შენ გადაუდებელი ოპერაცია უნდა ჩაგიტარდეს. მე უკრაინიდან ექიმი რაზუმოვსკი და მისი ჯგუფი ჩამოვიყვანე. საოპერაციოს უკვე ამზადებენ. მაგრამ ექიმები ბავშვის გადარჩენის გარანტიას ვერ იძლევიან...
– დედა თუ შვილი?! – ასე დასვეს საკითხი. – ჩაილაპარაკა ეკამ.
– ასე იყო, – დაუდასტურა ლუკამ.
– და რა უპასუხე შენ?
– არაფერი. მე ასეთ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ. რასაც არ უნდა ვფიქრობდე, სხვის გასაგონად მაინც არაფერს ვიტყვი.
– მეც არ მეტყვი?
– რისთვის? მე ვიცი, რაზეც ფიქრობ შენ და შენც ხვდები, რაზეც ვფიქრობ მე.
– ვიცი... შენ მუდამ ერთი წესით ცხოვრობდი. „ან ყველაფერი – ან არაფერი“!..
– ასე ვწყვეტდი იმას, რაც მხოლოდ მე მეხებოდა. ახლა სხვა შემთხვევაა, – უპასუხა ლუკამ.
– ჩემგან ელი პასუხს?
– არა... შენი პასუხი არაფერს შეცვლის. მე არასოდეს გავაკეთებ ასეთ არჩევანს. არც კი ვიფიქრებ ამაზე. ვიცი, რომ რაზუმოვსკი ყველაფერს გააკეთებს თქვენს გადასარჩენად და ჩემი ნათქვამი არაფერს შეცვლის!
ეკა დიდხანს დუმდა. მერე თვალები დახუჭა და ჩუმად თქვა:
– მე ჩემი არჩევანი მაქვს... შენ თავად ხვდები, რასაც ვისურვებდი. მხოლოდ ერთ რამეს გთხოვ. არავის მისცე გადაწყვეტილების მიღების უფლება. რაც  უნდა მოხდეს, ჩვენმა შვილმა უნდა იცოცხლოს. მე თავად გავაკეთე არჩევანი. ვიცოდი, რომ შენ გვერდით მშვიდი ცხოვრება არ მექნებოდა, მაგრამ მაინც შენთან დავრჩი. ეს ჩემი არჩევანია. მას კი არ ჰქონია არჩევის შესაძლებლობა. ეს შენი და ჩემი ტვირთია. შესაძლოა, ოდესმე, დიდი ხნის შემდე,გ მან გადაწყვიტოს, ღირს თუ არა, შენ გვერდით ცხოვრება. მაგრამ დღეს – არა. დღეს მის მაგივრად მე მივიღებ ამ გადაწყვეტილებას!.. მპირდები ამას?..
– გპირდები, – უპასუხა ლუკამ, შემდეგ კი დაიხარა და ფრთხილად აკოცა ტუჩებში.
***
  ოპერაცია დაიწყო თუ არა, მოსაცდელში ნატოც გამოჩნდა. გოგონას ჯერაც არ განელებოდა გადატანილი მღელვარება. თავს ისევ სუსტად გრძნობდა, მაგრამ ლუკამ მაინც ვერ აიძულა, დაბრუნებულიყო პალატაში. დრო წარმოუდგენლად გაიჭიმა. ოპერაცია ორი საათის დაწყებული იყო, მოსაცდელში მყოფმა ლუკამ კი ჯერჯერობით არაფერი იცოდა მისი მიმდინარეობის შესახებ.
  პირველი ცნობა თავდამსხმელების შესახებ ვასილიჩმა მოიტანა. მთელი ამ დროის განმავლობაში ის, დაცვის უფროსთან ერთად, კრაკოვის პოლიციასთან ცდილობდა ვითარების გარკვევას.
– არის... – ვასილიჩი ლამის სირბილით შემოვარდა მოსაცდელში და მაშინვე ლუკას მიაშურა, – ბევრი არაფერია, მაგრამ დასაწყისისთვის ამასაც არა უშავს.
– გარეთ ვისაუბროთ, – ლუკამ ნატოზე მიანიშნა, შემდეგ კი ხელკავი გამოსდო ადვოკატს და ჯაბასთან ერთად აივანზე გაიყვანა.
– ის ნაბიჭვრები უკვე იპოვეს, – სწრაფად განაგრძო ვასილიჩმა, როგორც კი ჯაბამ კარი მიხურა.
– პოლიციამ აიყვანა? – ჰკითხა ლუკამ.
– საქმე მთლად ასე არ არის, – თავი გაიქნია ვასილიჩმა, – პოლიციამ მხოლოდ გვამებს მიაგნო.
– გასაგებად ამიხსენი.
– დამწვარ მიკროავტობუსს კრაკოვის გარეუბანში ვისლას ნაპირზე გამთენიაზე მიაგნეს... იქ რაღაც ფერმაა. თუ არ ვცდები მეფრინველეობის. იმ ფერმის დარაჯმა დილით მდინარის სიახლოვეს ცეცხლი შენიშნა და სახანძრო სამსახური გამოიძახა. ადგილზე მეხანძრეებმა დამწვარი მიკროავტობუსი აღმოაჩინეს. მიკროავტობუსში სამი გვამი იყო, ორი – სრულიად დამწვარი. მათი ამოცნობა შეუძლებელია. მესამე კი შედარებით ნაკლებად დაზიანდა. პოლიციელების აზრით, მესამე მიკროავტობუსის აფეთქებისას, აფეთქების ტალღამ გარეთ გამოისროლა. მისი ვინაობა უკვე დაადგინეს. მაგრამ რად გინდა, ამან საერთოდ აუბნიათ თავგზა.
– რატომ? – ჰკითხა ლუკამ.
– ის ტიპი ავღანელი აღმოჩნდა...
– რაღაც გეშლება, ვასილიჩ. რა საქმე აქვთ ჩვენთან ვიღაც ავღანელებს?! – ჩაურთო ჯაბამ.
– მეც კარგად ვიცი, რომ არაფერი. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. ის ტიპი ნაღდად ავღანელია და პოლიცია დარწმუნებულია, რომ დანარჩენი ორიც მისი მოდგმისანი იქნებიან. თავიდან დამწვარი მიკროავტობუსი არავის დაუკავშირებია ყუმბარმტყორცნების სროლასთან. უბრალო კრიმინალად ჩათვალეს. მაგრამ შემდგომ, მანქანის დათვალიერებისას, სალონში დამწვარი ყუმბარმტყორცნი აღმოაჩინეს. მოგვიანებით კი ამ თავდასხმაზეც გავრცელდა ინფორმაცია. პოლიციას მიკროავტობუსის აღწერილობა უკვე ჰქონდა და ეს ორი შემთხვევა თავისთავად დაუკავშირდა ერთმანეთს. ამჟამად საქმეები უკვე გაერთიანებულია და მასზე ერთი საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს.
– კიდევ რა გაარკვია პოლიციამ? – ჰკითხა ლუკამ.
– ამ საქმისთვის პოლიციას ჯერჯერობით კვალიფიკაცია არ მიუნიჭებია. მაგრამ ვითარებიდან გამომდინარე, ყველაფერი იქით მიდის, რომ საქმეს ტერორისტულ აქტად შეაფასებენ და შესაბამისად, გამოძიებაში პოლონეთის ეროვნული უშიშროების სამსახური ჩაერთვება.
– ეგენიღა გვაკლდნენ, – უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ჯაბამ.
– თავად განსაჯეთ, – განაგრძო ვასილიჩმა, – ჩვენ მათთვის უცხო ქვეყნის, თანაც არაევროკავშირის მოქალაქეები ვართ. ის ავღანელი პოლონეთში ლტოლვილის სტატუსით იმყოფებოდა. მეორე მხრივ კი, კარგად ორგანიზებული და მომზადებული თავდასხმა დაცულ ობიექტზე, თანაც, ყუმბარმტყორცნებით. ეს უკვე ბარში მთვრალების „რაზბორკა“ და გარტყმა-გამორტყმა არ არის, გაქანებული ტერორიზმია.
– ზედმეტი ხმაური ჩვენც არ გვჭირდება, – შუბლი მოისრისა ლუკამ, – თანაც, ასეთ მდგომარეობაში. პოლონეთში ყოფნა თავისთავად გვზღუდავს.
– მეც მაგას ვამბობ, – თავი დაუქნია ვასილიჩმა, – პოლონელები ყველანაირად შეზღუდავენ ინფორმაციის გავრცელებას და ჩვენ ვერაფერს მოვიმოქმედებთ ვითარების გასარკვევად!
– ეს მინაცემები საიდან გაქვს? – ჰკითხა ლუკამ, – სანდო წყაროა? შეიძლება, ვენდოთ?
– პოლიცია ამ საქმეს ახლოს არავის აკარებს. მაგრამ რადგან საქმე ჩვენ გვეხება, მოკვლევის პროცესში უკრაინის საელჩოც ჩაერთო. მონაცემები იქიდან მივიღე. გარდა ამისა, არაოფიციალური მოთხოვნაც გადმოგცეს.
– მე გადმომცეს? – ჰკითხა ლუკამ.
– პირადად გეგეშიძეს გადაეციო, არ უთქვამთ, მაგრამ ისედაც გასაგებია, ვინ ჰყავდათ მხედველობაში.
– რას ითხოვენ?
– ჩვენ, უბრალოდ, აკრძალული გვაქვს მოქმედება. საელჩოს წარმომადგენელმა გარკვევით მითხრა, რომ თუ მათ გაფრთხილებას არ გავითვალისწინებთ, უკრაინაში სერიოზული პრობლემები შეგვექმნება.
– ეშინიათ?
– ჰო... ეს ბუნებრივიცაა. ჯერჯერობით არავინ იცის, ვინ დგას ამ საქმის უკან. ის, რომ სასხლეტი მაინცადამაინც ავღანელებმა დაუშვეს, არაფერს ცვლის. ნებისმიერი იდიოტისთვის გასაგებია, რომ ისინი დაქირავებული მსროლელები არიან. ნაბიჭვრები!.. – ბრაზით წამოისროლა ვასილიჩმა, – ამ დაწყევლილი ქვეყნის მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა წერა-კითხვა არ იცის. სამაგიეროდ ნებისმიერი მათგანი შესანიშნავად ერკვევა „კალაშნიკოვის“ ავტომატში და ყუმბარმტყორცნში. თანაც, ევროპაში ფეხის ყველა ნაბიჯზე ირევიან. ასეთი საქმისთვის მათზე უკეთესი „ქილერის“ შერჩევა, უბრალოდ, შეუძლებელია. ფული შესთავაზეს. საქმე გააკეთებინეს და შემდეგ თავიდან მოიშორეს. ახლა მიდი და სცადე გარკვევა, მაინც ვინ დაიქირავა ის ნაბიჭვრები?! ამას საელჩოშიც ხვდებიან. ავღანელები მათ არ ადარდებთ. ჩვენ გვთვლიან პრობლემად. არ სურთ, რომ ჩვენ ჩვენი არხებით დავიწყოთ ამ საქმის ძიება და შემკვეთზე გასულებმა ჩვენ არ დავიწყოთ ყუმბარმტყორცნებით სროლა. არავინ იცის, ამ შემთხვევაში ვინ აღმოჩნდება ჩვენი სამიზნე. ვინ გამორიცხავს, რომ ამაში პოლონეთის მოქალაქეებიც არ იყვნენ ჩართულები. ვიღაცამ ხომ მოამარაგა ის ავღანელები – მისცა მანქანა, ყუმბარმტყორცნები, ეხმარებოდა თავდასხმის ობიექტის შესწავლაში. ჩვენს მთავრობას კი ძალიან არ სურს, რომ ამ საქმეში დაღუპულების სია პოლონეთის მოქალქეებით გაგრძელდეს. ასეთ შემთხვევაში, უკრაინასა და პოლონეთს შორის...
– ეგ გასაგებია. მაგრამ კონკრეტულად რას მოითხოვენ ჩვენგან? – შეაწყვეტინა ლუკამ.
– ჩვენ საერთოდ უნდა დავტოვოთ პოლონეთის ტერიტორია და თან, რაც შეიძლება, სწრაფად. მათ საერთოდ არ სურთ, რომ პოლონეთის უშიშროების სამსახურს რაიმე სახით შეხება ჰქონდეს ჩვენთან. არადა, ეს გარდაუვალია. გამოძიება ყველას დაჰკითხავს, ვინც თავდასხმის დროს იქ იმყოფებოდა, პირველ რიგში, ჯაბას, ნატოს და თავად ეკას. გასაგებია, რომ ეკას დაკითხვას ჯერჯერობით ვერავინ შეძლებს, მაგრამ ჯაბასა და ნატოს არ მოეშვებიან. ჯერჯერობით შენ მათთვის ნაკლებად საინტერესო ფიგურა ხარ, მაგრამ მხოლოდ ამ ეტაპზე. როდესაც პოლონელები შენ შესახებ გარკვეულ ინფორმაციას მოიპოვებენ, ეს, თავისთავად, შეცვლის საქმის ვითარებას!
– ისინი ხომ ხვდებიან, რომ ეკას მარტოს არ მივატოვებ!
– ხვდებიან და შემხვედრი ნაბიჯისთვისაც მზად არიან. საელჩოს წარმომადგენელმა პირობა მომცა, რომ ყველა საკითხს მოაგვარებენ. თვითმფრინავი, ეკას ტრანსპორტირება, საუკეთესო კლინიკა, საუკეთესო ექიმები... მოკლედ, ყველაფერი გადაწყდება. მხოლოდ ერთი პირობით... ამ წუთიდან და მომავალშიც ჩვენ არაფერს  მოვიმოქმედებთ და გამოძიების შედეგებს დაველოდებით. აი, ეს არის მათი მთავარი მოთხოვნა, – სწრაფად თქვა ვასილიჩმა.
– მერედა, ვინ მოგვცემს გარანტიას, რომ უკრაინაში იგივე არ განმეორდება?!
– რა თქმა უნდა, არავინ. მაგრამ უკრაინაში მოქმედების შესაძლებლობა მაინც გვექნება.
– ჯერ ადრეა ამაზე საუბარი. ვიდრე ოპერაცია არ... – ლუკამ სიტყვის დასრულება ვერ მოასწრო. ჯაბა მოულოდნელად სწვდა მხარში და მოსაცდელისკენ შეაბრუნა.
  მოსაცდელში ეკას მკურნალი ექიმი ნატოს ელაპარაკებოდა. გოგონამ დაბნეული მზერა ესროლა თანამოსაუბრეს, შემდეგ კი შებრუნდა და მთელი სისწრაფით გაქანდა აივანისკენ, სადაც ლუკა ეგულებოდა.

 გაგრძელება იხილეთ ჟურნალ "თბილსიელები"-ს 46-ე ნომერში

tbiliselebi.ge-ზე გამოქვეყნებული სტატიებისა და ფოტოსურათების მთლიანი ან ნაწილობრივი გადაბეჭდვა რედაქციასთან შეთანხმების გარეშე, ისჯება კანონით.



скачать dle 11.3