№45 როგორ არ ემორჩილებოდნენ მთავრები იმერეთის მეფეს და რამ გამოიწვია ჭანეთის დაკარგვა
ნინო კანდელაკი გია მამალაძე
1547 წელს ქაიხოსრო ჯაყელმა და ოთარ შალიკაშვილმა, სულთან სულეიმანის დახმარებით, მოახერხეს და მესხეთში ქაიხოსრო ათაბაგად დაბრუნდა. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ სულთნის ჯარებმა დაიკავეს ციხეები მესხეთის სამხრეთში და ჯაყელი და შალიკაშვილი მხოლოდ ფორმალურ მმართველებად იქცნენ. ამიტომ, მესხეთში მოიწვიეს ირანის შაჰი, თამაზი და მას შეჰპირდნენ ყმობას და სამცხის გადაცემას მის დაქვემდებარებაში.
შაჰ-თამაზს გაუხარდა ათაბაგი ქაიხოსრო ჯაყელისა და მისი ვაზირის, ოთარ შალიკაშვილის მის მხარეზე გადასვლა და გამოემართა მესხეთისკენ დიდი ჯარით. „ვარძია, თმოგვი, და ვანის ქუაბი, და აწყური, ასპინძა, ვარნეთი და სრულიად სამცხის ციხეები აღიღო, და ვარძიისა ღმრთისმშობელი და სრულიად ციხეები ბატონს ქაიხოსროს მოსცა“. ეს შეიტყო სულთან სულეიმანმა. სულეიმანიც ჯარით გამოემართა მესხეთისკენ, სპარსთა სამცხიდან გასარეკად და ქაიხოსრო ჯაყელისა და ოთარ შალიკაშვილის დასასჯელად.
როგორც გვამცნობს „ახალი ქართლის ცხოვრება“, რომ შეიტყო შაჰ-თამაზმა სულეიმან სულთანი ჯარით აპირებდა გამოლაშქრებას მესხეთში, მოერიდა ძლიერ მეტოქესთან პირდაპირ შებრძოლებას, საბაბი მოძებნა და მისწერა ოთარ შალიკაშვილს: „ესე უწყოდე, არას კეთილისათვის და არას საქმითა არას ფერობით მე შენ მოუკლავს არ გაგიშუებო“.
ოთარ შალიკაშვილმა კარგად გამოიყენა შაჰ-თამაზის წერილი, გადაუგზავნა ის სულთან სულეიმანს, იმის დასამტკიცებლად, რომ ყაენი თამაზი მიბრაზდება, მაშასადამე, შენთვის არ მიღალატიაო. ჩვენი მემატიანე ასე გადმოგვცემს ოთარის წერილს სულთნისადმი, რომელიც მიაყოლა შაჰ-თამაზის წერილს, სულთნისთვის გადაგზავნილს: „თქუენცა მიწყრებითო და უფროსად ყაენი მიწყრებაო: რა ვქნა აწ მეო, მოსამართლე ღმერთი იყოს შუა თქუენსა და ჩუენშიაო“.
სულთანი სულეიმანი დარწმუნებულა, რომ შაჰ-თამაზი არ შეიჭრებოდა მესხეთის სამხრეთში და ამიტომ, თვითონაც გაბრუნებულა თავისი ჯარით უკან. ფაქტობრივად, მესხეთის გაყოფაზე შეჯერდნენ ოსმალეთი და ირანი.
იმერეთის მეფე ბაგრატ მესამემ, სოხოისტას ველზე ქართლის, იმერეთისა და გურიის გაერთიანებული ლაშქრის ოსმალებთან დამარცხების შემდგომ, გადაწყვიტა დაესაჯა მოღალატეები. მიიწვია თავისთან ოდიშის ერისთავთ-ერისთავი, გამთავრების მოსურნე ლევან დადიანი, თითქოს სტუმრად. შეიპყრო ხონის ჭალაში, რადგან დადიანი არ დაეხმარა მეფეს და სხვა ქართველებს სულთნის წინააღმდეგ ბრძოლაში. ბაგრატ მეფემ დადიანის შეპყრობისთანავე წერილი გაუგზავნა გურიელს და მისწერა: „დადიანი დავიჭირე და ხელთ მყავსო, წარვიდეთ ოდიშს, ვილაშქროთო, ნახევარი შენი იყოს და ნახევარი ჩემიო“.
მაგრამ როსტომ გურიელი დაეჭვდა – თუ დადიანი დაიჭირა და ოდიშს შეიერთებს, მეც წამართმევს ქვეყანას და ამასაც თავის სამეფოს მიუერთებსო და არ ეახლა.
მემატიანის აზრით, მართლაც ასეთი გეგმა ჰქონდა ბაგრატ მეფესო. ძნელი სათქმელია, ბაგრატ მეფე რას ფიქრობდა, მაგრამ, დასავლეთ საქართველოს გაერთიანება რომ სწადდა და სამცხის დაბრუნებაც, ფაქტია.
მემატიანე წერს, მეფესაც მსგავსად უფიქრია, რომ გურიელი და დადიანი არ გაერთიანდნენო, უნდოდა დადიანისთვის ღალატის გამო თვალები დაეწვა, მაგრამ, გადაიფიქრა და გელათის სამრეკლოში გამოკეტა.
ეს ამბავი შეიტყო ქაიხოსრო ათაბაგმა. მას ხელს არ აძლევდა დასავლეთ საქართველოს გაერთიანება, მით უმეტეს, მეფე ბაგრატ მესამის მიერ, რადგან, ბაგრატ მეფე სეპარატიზმის მტერი იყო, მოღალატეებს არ სწყალობდა და მეფის გაძლიერება სახიფათო იქნებოდა ჯაყელისთვის – სამთავროს დაჰკარგავდა. ამისთვის მოისყიდა ხოფილანდრო ჩხეიძე. გააპარებინა გელათის სამრეკლოდან დადიანი და სამცხეში შეიფარა. შემდეგ ჯაყელმა მოახერხა და გურიელიც დაარწმუნა, მას მიმხრობოდა.
ათაბაგმა და გურიელმა ჯარით ჩაიყვანეს დადიანი ოდიშში და ისევ გაამთავრეს.
როგორც გვამცნობს ჩვენი მატიანე, სულთან სულეიმანი გაბრაზებული ყოფილა როსტომ გურიელზე, შენ რომ არ მიხმარებოდი ბაგრატ მეფეს ბასიანში, ამდენ ჯარს ვერ ამომიწყვეტდაო და გადაუწვეტია გურიელის დასჯა. ვერ უშველა გურიელს ბაგრატ მეფის მტრებთან შეკვრამ. სულეიმანმა „გამოუსია ჯარი და მოვიდნენ ბათომს და დაუწყეს ციხეს შენება კატარღებითა და ნავებითა“.
მაშინ ბათუმი, აჭარა და ჭანეთი გურიელის მფლობელობაში იყო. იქ ციხის დაკავება კი მასში ოსმალთა გარნიზონის ჩაყენებას ნიშნავდა. ამგვარად, გარშემო მიდამოები ოსმალეთის დაქვემდებარებაში გადადიოდა, ხოლო ბათუმის ციხიდან ოსმალური ექსპანსია ქართულ მიწებზე გაგრძელებოდა, მათ შორის, გურიაზე. გარდა ამისა, გურიელს ზღვას უკეტავდნენ და სხვა.
ამის დაშვება ურთულეს მდგომარეობაში ჩააგდებდა გურიის სამთავროს. ამიტომ, გურიელმა შეჰყარა ლაშქარი და ოსმალების წინააღმდეგ გაილაშქრა. მიადგნენ გურულები ბათომს, შეუტიეს იქ დაბანაკებულ ოსმალებს და გაიმარჯვეს. თურქები ხმელეთიდან გააგდო გურიელმა, დასხდნენ თავის ნავებზე და ზღვაში შევიდნენ. ზღვა ღელავდა და ჭოროხს გადაღმა აღმოჩნდნენ თურქნი. წყალდიდობა იყო და გურულთა ჯარი ვერ გავიდა ჭოროხზე.
ცოტა ხანში ოსმალებმა გონიოს ციხე დაიკავეს და გამაგრებას შეუდგნენ. უამრავი ჭანი დახოცეს, ჭანეთი ააოხრეს და წაართვეს გურიელს.
გააგზავნა როსტომ გურიელმა კაცი სამეგრელოში, ლევან პირველ დადიანთან და შეუთვალა: „უკეთუ ამათ მე წამახდინეს, მას უკან თქუენზედაც მოიწევა ამათ მიერ დიდი ვნება“.
დადიანს ჭკუაში დაუჯდა გურიელის თათბირი, შეკრიბა ოდიშის ჯარი, მოიხმო აფხაზთა ჯარიც და გაემართა გურიელის დასახმარებლად და დადგა რიონთან.
იმერეთის მეფე ბაგრატი დააფიქრა დადიანისა და გურიელის სამხედრო კავშირმა. მას ეშინოდა, სეპარატისტი მთავრები გაერთიანების შემდეგ იმერეთზეც გაილაშქრებენო. გააგზავნა თავისი ძმა, ვახტანგი ხუთასი მეომრით გურიელის დასახმარებლად, თან დაავალა, ეცადე, დადიანი გურიელს არ მიეშველოსო.
მივიდა ვახტანგ ბატონიშვილი საჯავახოსთან და მაშინ შეუთვალა ლევან დადიანს: „მე ხომ შენი ფიცი ვარო, ესე უწყოდე, რომე ჩემს ძმას ბაგრატს და გურიელს ერთი პირობა აქუსთ, და რაჟამს მოხვალ გურიას, დაგესხმიან თავსა და მოგკვლენო“.
ეს რომ მეგრელებმა გაიგეს, გადაწყვიტეს აღარ მიხმარებოდნენ როსტომ გურიელს და არ დაიძრნენ რიონიდან. მივიდა ვახტანგ ბაგრატიონი ბათომთან, როსტომ გურიელი და გურულები იქ დახვდნენ. მაგრამ, რადგან დადიანი არ მიეშველა მათ, კატარღები და ნავები ვეღარ იშოვეს და ვერ გადავიდნენ ჭოროხს გადაღმა. ეს შეიტყვეს ოსმალებმა, დაიკავეს ციხეები და საბოლოოდ, დაიპყრეს ჭანეთი.