კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 შეთქმულება

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #44(983)

***
  მიუხედავად იმისა, რომ ვინმე რეზოს საუბარი და „ფლეშკაზე“ ნანახი კადრები, ერთი შეხედვით, ძალიან დამაჯერებელი იყო, თემურ სალიას წამითაც არ შეჰპარვია ეჭვი თავის ნათლიაში. მეორე დღეს თბილისში დაბრუნდა. ზურაბ პეტრიაშვილს პირისპირ შეხვდა და ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა. ზურაბ პეტრიაშვილმა ოლიმპიური სიმშვიდით მოუსმინა ნათლულს. შემდეგ თავი გააქნია და სინანულით თქვა:
– არა შეჯდა მწყერი ხესაო... „შლეგიანს“ საბოლოოდ გაუფრენია და ვფიქრობ, მას ის წამლებიც აღარ შველის, რასაც ასმევენ. იციან, რომ ვერ მოგვიგებენ და ჩემი ლიკვიდაციაც ამიტომ გადაწყვიტეს, მაგრამ ფეხი არ ჩაუვათ. მე უფრო თქვენი ოჯახების უსაფრთხოება მადარდებს – შენი და ზადგენიძეების. რადგან ასეთი ნაბიჯი გადადგეს, გამორიცხული არაა, რომ ოჯახებზეც გაილაშქრონ. ამიტომ სასწრაფო ზომებია მისაღები.
– როგორ გაილაშქრონ? – იკითხა გაფითრებულმა თემურმა.
ზურაბმა ნათლულს ხელით ანიშნა, დამაცადეო. თან, ყურმილს დასწვდა და თავისი დაცვის უფროსს უთხრა:
– სასწრაფოდ გაგზავნე ბიჭები თემურ სალიასა და კაკო ზედგენიძის ოჯახებში. ყველანი ვერტმფრენით ჩემს საზღვაო აგარაკზე გადაიყვანონ, გაძლიერებული დაცვა დაუყენონ და ჩემს განკარგულებამდე ფეხი არსად გაადგმევინონ. პირობები გააკონტროლეთ, მათ ჩიტის რძეც არ უნდა მოაკლდეთ. არავინ გამოგრჩეთ. იცოდე, საკუთარი თავით აგებ პასუხს მათ უსაფრთხოებაზე!
ყურმილი რომ დაკიდა, ზურაბი თემურს მიუბრუნდა და უთხრა:
– როგორ გაილაშქრონ? და რა იცი, იმ „შლეგიანს“ კიდევ რა მოუვა თავში. გამორიცხული არაა, რომ თქვენი ოჯახების წევრები გაატაცებინოს და ამგვარად დაგაშანტაჟოს. შეურაცხადია ის უბედური და რას დააპირებს, არავინ იცის.
– მე კიდევ გასაგებია, რატომ და როგორ უნდა დამაშანტაჟოს, მაგრამ ზედგენიძეები? – თქვა თემურმა.
– არ გამოვრიცხავ, რომ ზედგენიძეები დაახოცინოს და მე დამაბრალოს. ახლა ის ყველა სისაძაგლეზე წამსვლელია და ასეთი ზომები იმიტომ მივიღე, – თქვა ზურაბმა და სინანულით დააყოლა: – ეჰ, კაკო, კაკო, მაინც საშინლად დაასრულა სიცოცხლე. მე კი ვაპატიე და შემოვირიგე, მაგრამ მაინც ჩემ წინააღმდეგ გამოიყენეს ის საცოდავი.
– რას გულისხმობ, ნათლია? – ჰკითხა თემურმა ზურაბს.
პეტრიაშვილს გაეღიმა. ნათლულს თავზე ხელი გადაუსვა და უთხრა:
– მაინც, რა მიამიტი ხარ, ბიჭო. „ფლეშკაზე“ რომ კაკოს ჩანაწერი განახვეს, იძულებითაა გაკეთებული. აშკარაა, რომ იმ გიჟის ხალხმა ის ჯერ იძულებით ალაპარაკა და შემდეგ მოწამლეს. ნუთუ ვერ მიხვდი?
– სიმართლე გითხრა, ნათლია, ამაზე არც კი მიფიქრია და ერთი სული მქონდა, ყველაფერი შენთვის მომეყოლა.
– კარგი. შენ ახლა წადი, ისადილე და დაისვენე, მაგრამ ფეხი არსად გაადგა. მე ახლა კონსულტაციები უნდა ჩავატარო და მოგვიანებით დაგიძახებ. შენი ოჯახი უსაფრთხოდაა. ნურაფერზე იდარდებ. ყველაფერი კარგად იქნება.
თემურმა ნათლიას გაუღიმა და წავიდა.
***
თემურ სალიას წასვლიდან ერთი საათის შემდეგ პეტრიაშვილის კაბინეტში ხუთთა თათბირი გაიმართა. ზურაბის გარდა,  მას ესწრებოდნენ გურამ გვასალია – ზურაბის დაცვის უფროსი, პეტრიაშვილის პარტიული მოადგილე ოთარ გეთიაშვილი, პიარსამსახურისა და სტრატეგიული დაგეგმვის შეფი ლევან კალატოზიშვილი და მრჩეველი პოლიტიკის დარგში ვიქტორ ქართველიშვილი. თათბირის დაწყებამდე ზურაბმა სალიებისა და ზედგენიძეების ამბავი იკითხა. როდესაც დარწმუნდა, რომ ისინი უსაფრთხოდ იყვნენ, თათბირი გახსნილად გამოაცხადა. ზურაბმა შეკრებილებს თემურის მონათხრობი გააცნო. შემდეგ მათ თვალი შეავლო და თქვა:
– რას იტყვით, როგორი ინფორმაციაა?
– შეიძლება? – იკითხა გვასალიამ.
ზურაბმა ხელით ანიშნა – თქვიო.
– თქვენს მონათხრობში „შლეგიანი“ პირდაპირ არაა ნახსენები, მაგრამ აშკარაა, რომ ამ ყველაფრის უკან სწორედ ის დგას. ჩემი აზრით, თქენი ნათლულის მეშვეობით პირადად მასზე უნდა გავიდეთ და სწორედ მისი პირიდან გაიჟღეროს თქვენი ლიკვიდაციის ბრძანებამ. ყველაფერი ეს კი ჩაიწეროთ და საჭირო მომენტში გავასაჯაროოთ, – თქვა გვასალიამ.
– მეც თითქმის ასე ვფიქრობ, მაგრამ ეს ტექნიკურად მოხერხდება? – იკითხა პეტრიაშვილმა.
– ასი პროცენტით, ბატონო ზურაბ. ისეთი მიკროაპარატურა გვაქვს, რომ ჩაწერას დაუბრკოლებლად შევძლებთ. მთავარია, „შლეგიანმა“ ეს თქვას, – მიუგო გვასალიამ და დაამატა, – საჭიროდ მიმაჩნია, დავიწყოთ ფარული გამოძიება აკაკი ზედგენიძის მკვლელობის ფაქტზე. როგორც ჩანს, ის „შლეგიანის“ დავალებით აიძულეს ასეთი ჩანაწერი გაეკეთებინა და შემდგომ მოწამლეს. მე როგორც ვიცი, ის მამათა მონასტერში თევზის კონსერვის მიღების შემდეგ გარდაიცვალა. სავარაუდოდ, ის ამ იძულებითი ჩანაწერიდან ორ-სამ საათში მოკლეს. ჩვენ კი ეს ყველაფერი წუთობრივი სიზუსტით, მაგრამ ფარულად, ხაზს ვუსვამ, ფარულად უნდა დავადგინოთ. აშკარაა, რომ ამ მკვლელობის ორგანიზატორი და შემსრულებელი პროფესიონალია. მათ ძალიან ზუსტად შეარჩიეს მკვლელობის ადგილი, რადგან დარწმუნებულები იყვნენ, რომ მამათა მონასტერში არავინ დაიწყებდა არამც თუ მკვლელის ძებნას, არამედ თავშიაც კი არავის მოუვიდოდა, რომ ადგილი ჰქონდა მკვლელობას. საჭიროა ცხედრის ეგსჰუმაცია და მრავალმხრივი ექსპერტიზის ჩატარება, რომელიც საწამლავის კვალს აღმოაჩენს. აი, ჯერჯერობით სულ ესაა.
– ძალიან კარგი. თათბირს რომ მოვრჩებით, დაუყოვნებლივ ამოქმედდი, – უთხრა ზურაბმა გვასალიას და სიტყვა მთავარ „პიარშჩიკს“ მისცა:
– აბა, ლევან, შენ რას გვეტყვი. როგორია ჩვენი რეიტინგები და როგორ მიმდინარეობს პიარკამპანია?
– პიარკამპანია გეგმაზომიერად მიმდინარეობს, ბატონო ზურაბ და როგორც ვვარაუდობდით, ყველაფერი პუნქტობრივად სრულდება. რეიტინგებითაც პირველები ვართ და სამოცი პროცენტი ჩვენია. ოცდაათი პროცენტი – შლეგიან-დიდთავა-გრძელცხვირას სამეულის. დანარჩენი ათი პროცენტი კი იმ წვრილ-წვრილი პარტიების, რომლებსაც ჯერჯერობით ნეიტრალური პოზიცია უკავიათ. სამეულში თხუთმეტი პროცენტი „შლეგიანისაა“, ცხრა – დიდთავასი და ექვსი გრძელცხვირასი. მათ ის ნეიტრალური ათი პროცენტიც რომ მივუმატოთ, რაც გამორიცხულია, მაგრამ მაინც, თანაფარდობა სამოცი-ორმოცზე იქნება ჩვენ სასარგებლოდ. ეს კი არჩევნებამდე ორი თვით ადრე მაღალი შედეგია და  დარწმუნებული ვარ, ამ დინამიკას შევინარჩუნებთ.
– აბა, მოგვიგია არჩევნები უმრავლესობით და ეგაა! – ღიმილით თქვა ზურაბმა, თან დააყოლა – ამას როგორ აპირებ?
– საგულისხმოა ის, ბატონო ზურაბ, რომ ამ ეტაპისთვის აქტიური ელექტორატის რაოდენობა სრული რიცხვიდან მხოლოდ ორმოცდათხუთმეტი პროცენტია, ორმოცდახუთი კი პასიურია. დავუშვათ, უკიდურეს შემთხვევაში, მათ ჩვენ წინააღმდეგ მისცენ ხმა, რაც არ მოხდება, მაგრამ მაინც, უმცირესობაში აღმოვჩნდებით. ამიტომ ჩვენ პასიური ელექტორატის ჩვენს მხარეზე მოზიდვა უნდა შევძლოთ და პროცენტებიც მოგვემატება და არჩევნებსაც დიდი უპირატესობით მოვიგებთ. ჩემი აზრით, თუკი თქვენი ლიკვიდაციის მცდელობაში „შლეგიანის“ მხილებას შევძლებთ, გარდა იმისა, რომ უპირობოდ გავიმარჯვებთ, ეს მისი – „შლეგიანის“ პოლიტიკური დასამარება იქნება და ის ყველგან და ყველანაირ მხარდაჭერას დაკარგავს, – კალატოზიშვილი გაჩუმდა და ზურაბს მიაპყრო მზერა.
ზურაბმა გურამ გვასალიას გახედა და უთხრა:
– ხომ გაიგონე, გურამ. შენზე ბევრი რამაა დამოკიდებული და შენი იმედი გვაქვს.
– დიახ, ბატონო ზურაბ. ყველაფერს ვიღონებთ და ვფიქრობ, გამოგვივა, – თქვა გვასალიამ.
– ოთარ, – პეტრიაშვილმა ახლა ოთარ გეთიაშვილს მიმართა, – ნეიტრალური, პასიური ელექტორატის მოზიდვა შენი საქმეა და რა ხდება ამ კუთხით?
– ვმუშაობთ, ბატონო ზურაბ და მთელი პარტია მობილიზებულია. კარდაკარ დავდივართ და პროპაგანდა-აგიტაციას ვაძლიერებთ. ვფიქრობ, ორ კვირაში ჩვენკენ დავძრავთ ხალხს, – თქვა გეთიაშვილმა.
ზურაბს გაეღიმა და უთხრა:
– ისე ნუ დაძრავთ ხალხს, რომ საპროტესტო ტრანსფარანტებით მოგვადგნენ. ეს – ხუმრობით, რა თქმა უნდა. მაგრამ, თუკი რამეს შეჰპირდებით, აუცილებლად გაუკეთეთ, თორემ შენ მიერ დაძრულ ხალხს „შლეგიანი“ გადაიბირებს და მართლა აქ მოიყვანს საპროტესტოდ. უფრო მეტი აქტიურობაა საჭირო. პირადად გააკონტროლე ყოველი წვრილმანი. ახლა დასვენებისა და წაყრუების დრო არაა და თითოეული ხმა ოქროს ფასია.
– დიახ. გასაგებია, – მიუგო ზურაბს პარტიულმა მოადგილემ.
– ვიქტორ, შენ რით გაგვახარებ, როგორია საერთაშორისო-პოლიტიკური მხარდაჭერა. ვინ გვაქებს, ვინ გვლანძღავს, ვის არ ვაღელვებთ? – უთხრა პეტრიაშვილმა ვიქტორ ქართველიშვილს, რომელიც მოთათბირეთა შორის ყველაზე ახალგაზრდა, მაგრამ ძალიან გამჭრიახი ადამიანი იყო.
ქართველიშვილი ფეხზე წამოდგა მოსახსენებლად, მაგრამ ზურაბმა ანიშნა, – დაჯექიო და ვიქტორმა თქვა:
– თუ არ ჩავთვლით „შლეგიანის“ მიერ დეზინფორმირებულ მცირერიცხოვან საერთაშორისო ჯგუფს, ძირითადად, გარე პოლიტიკური ფაქტორები ჩვენს სასარგებლოდ მოქმედებს და მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გვაქვს. როგორც ცნობილია, მთავარი საერთაშორისო პოლიტიკური მოთამაშეები დიდი ყურადღებით გვაკვირდებიან და თუკი „შლეგიანი“ და ძმანნი მისნი აქ პროვოკაციას ვერ მოაწყობენ, ეს დადებითი ტენდენცია შენარჩუნდება. აი, თუკი გურამი შეძლებს „შლეგიანის“ მხილებას, შიდა და გარე ფაქტორები ერთ პრიზმაში მოექცევა და არჩევნებში გამარჯვება, უფრო სწორად, ბრწყინვალე გამარჯვება, ჩვენ დაგვრჩება. მე და ჩემი გუნდი კი აქტივობას ყოველმხრივ ვაძლიერებთ და რომ იტყვიან,  ხელს არ  ვუშვებთ საერთაშორისო მაჯისცემის პულსს. ვფიქრობ, რომ ამ ტენდენციის პიკი არჩევნებამდე ორი კვირით ადრე დადგება და ის უნდა შევინარჩუნოთ. აი, სულ ესაა, ბატონო ზურაბ.
– გასაგებია, – თქვა პეტრიაშვილმა და დაამატა, – გურამის გარდა, ყველანი თავისუფლები ხართ.
ზურაბ პეტრიაშვილსა და გურამ გვასალიას ათიოდე წუთში თემურ სალიაც შეუერთდა. ზურაბმა მათ მოქმედების საკუთარი გეგმა გააცნო და ყველაფერი დეტალურად განიხილეს. ისე გავიდა ოთხი საათი, რომ ვერც კი შეამჩნიეს, რომ შებინდდა. განხლვას როცა მორჩნენ, პეტრიაშვილმა გვასალიას უთხრა:
– ჩემი ვერტმფრენი გაამზადე, ზღვისპირეთში მივფრინავთ.
გვასალია წავიდა. თემურმა კი ზურაბს უთხრა:
– მეც წავალ, ნათლია. უკვე გვიანია და ცოტას დავისვენებ.
პეტრიაშვილი, დაღლილობის მიუხედავად, კარგ გუნებაზე იყო. ნათლულს ღიმილით დაუქნია თითი და უთხრა:
– რაღაცას ეშმაკობ, თემურ.
ექიმი ვერ მიუხვდა ნათლიას და გაოცებულმა ჰკითხა:
– რას გულისხმობ, ნათლია?
– ცოლ-შვილი სახლში არაა და „გაგულავება“ გადაწყვიტე, ხომ?
– არა, რას ამბობ, ნათლია, რა „გაგულავება“. ჩემები ძალიან მენატრებიან და აქ რომ არ არიან, წავალ და ძილით მაინც შევიქცევ თავს.
– გეხუმრე. ვიცი, რომ გენატრებიან. მეც მომენატრა ჩემები ამიტომაც მივფირნავ მათთან. თუ წინააღმდეგი არ იქნები, მაშინ შენც ჩემთან ერთად გამოფრინდი, – თქვა  ზურაბმა.
თემურს სახე გაებადრა და უთხრა:
– ვეღარ შემოგბედე, ნათლია, მეც წამიყვანე-მეთქი.
ზურაბმა თავი გააქნია და ნათლულს უთხრა:
– რით ვერ გაიგე, ბიჭო, რომ ჩემი ოჯახის წევრი ხარ და რა შემობედვაზე ლაპარაკობ? ასეთი რამ აღარ თქვა, თორემ მაწყენინებ.
თემურს გაეღიმა და ზურაბს უხმოდ დაუქნია თავი. თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ კი ზურაბ პეტრიაშვილის ვერტმფრენი უხმოდ აიჭრა ღამის თბილისის ცაში და შავი ზღვისპირეთისკენ აიღო გეზი.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3