№45 რა ნივთი დაუბრუნა ჩერჩილმა სტალინს 36 წლის შემდეგ
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
მიუხედავად იმისა, რომ სტალინზე დღემდე ვრცელდება ათასი ცილისწამება, რომლებიც საბჭოთა ბელადის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად, სიმართლე ერთია და თანდათან ის ადამიანთა ფართო მასებისთვისაც ხდება ხელმისაწვდომი... ისტორიკოსი პეტრე კალინინი წერს: „ანტისტალინური ჭორებიდან ერთ-ერთი ყველაზე აბსურდული და სასაცილოა ის, რომ თითქოს „კობა“ (სტალინის პარტიული ფსევდონიმი) გვიან ჩაერთო იატაკქვეშა საქმიანობაში და ლენინი კი ლამის ოქტომბრის რევოლუციის წინა დღეებში შეხვდა პირველად და მხოლოდ მაშინ გაიცნო... სტალინი ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როდესაც ალარეგალური მოღვაწეობა დაიწყო და ეს ისეთი აშკარა და დამაჯერებელი ფაქტია, რომ მასზე შეჩერება არც ღირს. სწორედ სტალინის დამცირების მიზნით წერდა მისი დაუძინებელი მტერი, ტროცკი: „კობა“ მეასეხარისხოვანი რევოლუციონერი იყო და სხვებისგან განსხვავებით, არალეგალურ საქმიანობაში არანაირ როლს არ ასრულებდა. მას ილიჩი (ლენინი) არ იცნობდა და პირველად 1917 წელს შეხვდაო... თავისსავე ტყუილის საწინააღმდეგოდ, ტროცკი სტალინისადმი მიძღვნილ წიგნში, „სტალინი“, ამბობს: 1902 წელს ლენინთან ვენაში ვიმყოფებოდი, როცა მას სტალინი ესტუმრა და სამი საათი პირისპირ ისაუბრესო. იმავე წიგნში ტროცკი ყვება 1907 წელს ლონდონში ჩატარებულ რუსეთის სოციალ-დემოკრატთა ყრილობის შესახებ და სტალინის დასამცირებლად აღნიშნავს – „კობას“ ლონდონში არსებობა არ შემიმჩნევიაო. ლონდონის ყრილობას ტროცკი შემთხვევით არ ახსენებს, რადგან იქ ლენინის ბოლშევიკურმა ფრაქციამ გაიმარჯვა და ამაში მას სტალინი (მაშინ – „კობა“) და მისი თანამოაზრეები დაეხმარნენ. ხოლო ტროცკი კი მხოლოდ თავისი პიროვნების განდიდებაზე ზრუნავდა და ლენინის კრიტიკაც დაიმსახურა. ლონდონში სტალინი მიხა ცხაკაიასთან და სტეპან შაუმიანთან ერთად ჩავიდა. ეს სამეული კავკასიის სოციალ-დემოკრატებს წარმოადგენდა. მოგვიანებით მიხა ცხაკაია იხსენებდა: „სტალინმა, შაუმიანმა და მე ბათუმიდან ინგლისურ პორტ ხარვიჩამდე ძალიან მომქანცველი გზა გავიარეთ. სტიოპა (შაუმიანი) ფეხზე ძლივს იდგა, არც მე მადგა კარგი დღე. სოსო (სტალინი) კი მხნედ იყო. შაუმიანი ვერ იტანდა ხომალდის რყევას და სტალინი მას ეხუმრებოდა – ზღვას იმიტომ ვერ იტან, რომ სომხებს არ გაქვთ. ცარიზმს რომ დავამხობთ, საქართველოს შემოუერთდით და ჩვენი ზღვით გასარგებლებთო. სამივე გამოცდილი იატაკქვეშელი ვიყავით და არ გაგვჭირვებია „ოხრანკის“ აგენტების ამოცნობა. ისინი (სულ ოთხნი იყვნენ) ჯერ კიდევ ბათუმიდან გამოგვყვნენ და გვითვალთვალებდნენ. ხარვიჩიდან ლონდონამდე მატარებლით ვიმგზავრეთ და „ლივერპულ-სტრიტში“ ჩამოვედით. ჩასვლის წინ „კობამ“ მე და შაუმიანი ფანჯარაში გაგვახედა და გვითხრა:
– აი, იმ შავქურთუკიანებს რომ უყურებთ, დარწმუნებული ვარ, აქ ჩვენს დასაკავებლად არიან. მათ ჩვენი „შპიკი“ ესაუბრებოდა და ალბათ, ჩვენი აღწერილობა და ჩაცმულობაც გადასცა. ამიტომ ერთად ჩასვლა არ ივარგებს. უნდა განვცალკევდეთ და ერთმანეთს ყრილობის შტაბში შევხვდეთო.
ჩვენ ილიჩთან 5 ათასი გირვანქა სტერლინგი მიგვქონდა, რაც ყრილობის დაფინანსების ლომის წილი იყო და სოსომ ის ბაქოდან მას შემდეგ ჩამოიტანა, რაც „კამომ“ და მისმა საბრძოლო ჯგუფმა ექსპროპრიაციით მოიპოვეს. ეს თანხა სტალინს ჰქონდა. მან ფული შუაზე გაყო, ნახევარ-ნახევარი ჩვენ მოგვცა, თავად კი 20 შილინგი დაიტოვა. მატარებლიდან მარტო ჩავიდა და ის მართლაც იქვე დააკავეს. მე და შაუმიანი კი სხვადასხვა ვაგონებში გადავედით, მატარებლიდან უსაფრთხოდ ჩავედით და დანიშნულების ადგილამდე მშვიდობიანად მივაღწიეთ. „კობა“ მხოლოდ თორმეტსაათიანი პატიმრობის შემდეგ შემოგვიერთდა და სინანულით გვითხრა: პოლიციამ მხოლოდ 20 შილინგი დამიბრუნა, ჩიბუხი და ჩემი ნათლობის ჯვარი კი – არაო“.
საგულისხმო ფაქტია, რომ ჯერ კიდევ ჩვილობაში მონათლული სტალინი მუდმივად ატარებდა ალუმინის უბრალო, ნათლობის ჯვარს და ის მეფის პოლიციას, „ოხრანკასაც“ კი არ ჩამოურთმევია, განსხვავებით „სკოტლანდ იარდისა“ (ბრიტანეთის პოლიცია). საინტერესო ფაქტია ისიც, რომ 1907 წელს ლონდონში 29 წლის რევოლუციონერ „კობასთვის“ პოლიციელების მიერ ჩამორთმეული ნათლობის ჯვარი, 36 წლის მერე, 65 წლის ბელადს, სტალინს დაუბრუნდა. ვიაჩესლავ მოლოტოვი ყვებოდა: „თეირანის კონფერენცია რომ დასრულდა და დიდი სამეულის ლიდერები ერთმანეთს გამოსამშვიდობებელ ბანკეტზე შეხვდნენ. პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი სკამიდან წამოდგა, სტალინთან მივიდა, პატარა ყუთი მისცა და უთხრა:
– ბატონო სტალინ, აქ ის ჯვარია, რომელიც თქვენ 36 წლის წინ ლონდონის პოლიციამ ჩამოგართვათ და უკან გიბრუნებთ. სამწუხაროდ, იმ ძველი ჩიბუხის დაბრუნება არ ხერხდება, მაგრამ ჩემგან საჩუქრად „დანჰილის“ ფირმის ჩიბუხი მიიღეთო.
სტალინმა ყუთიდან ჯერ ჯვარი ამოიღო, შეათვალიერა და კისერზე ჩამოიკიდა. შემდეგ ჩიბუხსაც შეავლო თვალი. ჩერჩილს მადლობა გადაუხადა და მისი სადღეგრძელო დალია. შემდე:გ დაჯდა. ნაჩუქარი ჩიბუხი დატენა და გააბოლა...“
სტალინის ნათლობის ჯვარი საბჭოთა ბელადს სიკვდილის მერეც კისერზე ეკიდა, ის არავის მოუხსნია. ხოლო ჩიბუხი და მისი მცირერიცხოვანი პირადი ნივთები ჯერ მუზეუმში გამოფინეს, შემდეგ კი ხრუშჩოვმა იზრუნა და უკვალოდ გააქრო.“