№45 სქოლიოზი და სპორტი
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
ბავშვთა სქოლიოზი, უხშირესად, მხოლოდ პირველი და მეორე ხარისხისაა. ნორმიდან გადახრა ასეთ დროს დიდი არ არის და დაავადებაც უსიმპტომოდ მიმდინარეობს. მესამე-მეოთხე ხარისხის სქოლიოზის დროს უარესდება ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობა, დაავადებამ შესაძლოა, სხვა სისტემების ფუნქციობაზეც იმოქმედოს, მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქ სისტემებზე. შესაბამისად, ფიზიკური ვარჯიში მესამე-მეოთხე ხარისხის სქოლიოზის დროს უფრო მეტად იზღუდება, ვიდრე საწყისი ფორმების დროს. ზუსტი რეკომენდაციების გაცემა ექიმ-ორთოპედის კომპენტენციაა.
სხეულის სიმეტრიის ამ პათოლოგიამ შესაძლოა, სხვა დაავადებებიც გამოიწვიოს. დატვირთვის არათანაბარი გადანაწილების გამო მოსალოდნელია ბრტყელტერფიანობის ან კიდევ სახსრების პათოლოგიის – ართრიტის ან ართროზის განვითარება. ხერხემლის გამრუდება ზოგჯერ იწვევს არითმიას, ბრონქიტს, ბრონქოპნევმონიას. ხდება პათოლოგიური დატვირთვა ხერხემლის გარკვეულ ნაწილებზე, რაც აღრმავებს დეგენერაციულ პროცესებს ხერხემლის დისკებში.
ფიზიკური ვარჯიშები სქოლიოზის დროს უნდა იყოს სიმეტრიული, მშვიდი, რეგულარული და ყველა ჯგუფის კუნთს, მათ შორის, ზურგის კუნთებსაც, ამაგრებდეს.
სქოლიოზის დროს არ არის რეკომენდებული:
* სხეულის ერთ მდგომარეობაში (პოზიციაში) ხანგრძლივად ყოფნა, აუცილებელია გავარჯიშება და ზურგის მოდუნება ყოველ 1-2 საათში;
* სიმძიმეების ერთი ხელით ტარება, ჩანთის ერთ მხარზე გადაკიდება, ბავშვებისათვის უმჯობესია ზურგჩანთების გამოყენება;
* მკვეთრი მოძრაობების შემცველი ვარჯიშების შესრულება, მაგალითად, ვარდნების, მალაყების, ძლიერი ხტომებისა და სხვა.
სქოლიოზი სხეულის სერიოზული დეფექტია, ამიტომაც სპორტის ნებისმიერი სახეობის პროფესიულ დონეზე მიმდევრობა უკუნაჩვენებია. ეს განპირობებულია იმით, რომ პროფესიონალურად მომზადებისათვის აუცილებელია ინტესიური ვარჯიში, რაც სქოლიოზის დროს არ შეიძლება. სამოყვარულო ვარჯიშებიიდან კი სქოლიოზიანი ბავშვები უნდა მოერიდონ:
* არასიმეტრიულ სპორტს (ჩოგბურთი, ბადმინტონი, ფარიკაობა);
* ხერხემალზე ვერტიკალურ დატვირთვებს (სირბილი, ველოსიპედით სეირნობა და საცხენოსნო სპორტი);
* სპორტის ტრავმულად საშიშ სახეობებს (კრივი, ძიუდო, ორთაბრძოლა, ჰოკეი);
* ისეთ აქტივობებს, რომლებთანაც გადახრით მკვეთრი მობრუნებებია შეუღლებული (ცურვა კროლის სტილში);
* სპორტის იმ სახეობებს, რომლებიც სიმძიმეების აწევას უკავშირდება (მძიმე ათლეტიზმი).
სქოლიოზის დროს აკრძალულია სირბილი, რადგან ამ დროს სხეული ირყევა, რყევა კი უარყოფითად აისახება ხერხემალზე. ორთოპედები ნებას რთავენ დამზოგველ დატვირთვას: სირბილს არა ასფალტზე, არამედ სპეციალურ რეზინის ან გრუნტის სარბენ ბილიკზე. სირბილი ზომიერი უნდა იყოს, ზურგი ამ დროს არ უნდა იღლებოდეს. ჩვეულებრივ ყოფაში ბავშვებისათვის სირბილისა თუ ხტუნვის შეზღუდვა მეტად ძნელია. ამიტომ, ამორტიზაციული ტრავმების ასარიდებლად, სპეციალისტები სპეციალური ორთოპედიული ღაბაშების ტარებას ურჩევენ.
ცურვა – ნაკლებად საშიში სპორტია აღნიშნული პათოლოგიის დროს. რეკომენდებულია ცურვა ბრასის სტილში ან ზურგზე. ცურვა თანაბარზომიერ დატვირთვას ახდენს ზურგზე, ზურგის კუნთებს დამზოგველ რეჟიმში აიძულებს ფუნქციობას, განამტკიცებს ტანდეგობას და ადუნებს ხერხემალს. სკოლიოზის ცურვით მკურნალობის დროს საჭიროა სპეციალისტის დახმარება, რათა მან დაავადების ხარისხზე დამოკიდებულებით შეარჩიოს სპეციალური ვარჯიშები.
ციგურაობა და თხილამურებით სრიალი – ეს აქტივობები სასარგებლოა სქოლიოზიანი ბავშვებისათვის იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება აჩქარებაზე (სიჩქარის მომატებაზე) მიმართული. აუცილებელია ისეთი სიტუაციების არიდებაც, რომლებიც ვარდნისა და ტრავმირების რისკებს მოიცავს. თუ ეს საკითხები იქნება გათვალისწინებული, მაშინ აღნიშნული სპორტის სახეობები არათუ არგებს, გამოაჯანმრთელებს კიდეც ბავშვს. ასევე სასარგებლოა სიარული, სამკურნალო ფიზკულტურა, სამეჯლისო თუ სხვა სახის ცეკვა.