№45 მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: თუკი დაქორწინებულ მამაკაცს, რომელსაც ჰყავს მეუღლე და შვილები, სურს ბერად შედგომა, როგორ უნდა მოიქცეს, რა წინააღმდეგობა შეიძლება, შეხვდეს მას ამ გზაზე?
პასუხი: ეკლესიური კანონით, ადამიანს ბერად შედგომის უფლება ორივე მეუღლის ორმხრივი თანხმობის შედეგად ენიჭება. თუ მეუღლეები ჯვარდაწერილები არიან, მამაკაცს ოჯახში დარჩენა მართებს მისი ყველა შვილის ზრდასრულ ასაკამდე.
კითხვა: იმ მღვდელმსახურის შესახებ, ვისთანაც დავდივარ, ვრცელდება ხმები, რაც ეჭვებში მაგდებს. ვირწმუნო თუ არა ისინი?
პასუხი: არასოდეს ერწმუნოთ მოარულ ხმებს, განსაკუთრებით, ცილისწამებებს, მით უმეტეს, თუ ეს ხმები მღვდელმსახურს ეხება. ჭეშმარიტი ღვთისმოსავი მრევლი, კიდევაც რომ ხედავდეს თავისი მოძღვრის გარკვეულ არასწორ საქციელს, თუ, რა თქმა უნდა, ეს ღვთის გმობასთან არ არის დაკავშირებული, მის ადამიანურ სისუსტეებს მიაწერს და გაიხსენებს, რომ ნაკლისგან არავინ არის დაზღვეული.
კითხვა: არის ხოლმე შემთხვევა, როდესაც ჩვენ წინ ავადმყოფი ადამიანი ემთხვევა ხატს, სვამს ნაკურთხ წყალს და ვშიშობთ, მის შემდეგ ხატზე მთხვევით და წყლის დალევით, რამე არ გადაგვედოს. ამით ვცოდავთ?
პასუხი: ეს შიში ბოროტისგან არის. მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ სიწმიდეებიდან არავითარი სენი არ გადადის. ქრისტიანები მუდმივად ვართ იმ სასწაულის მხილველნი, რომ ეკლესიაში ერთი ბარძიმიდან ათასობით ადამიანი ეზიარება, ბოლოს კი მღვდელი და დიაკვანი იღებენ ზიარებას, მაგრამ სენი არასოდეს არავის შეყრია.
კითხვა: ჩემდა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მაქვს კარგად განვითარებული ინტუიცია, წინათგრძნობის განცდა. როგორ გავიგო, ეს უფლის ნებით არის თუ ჩემზე ბოროტი ძალა მოქმედებს?
პასუხი: წინათგრძნობის უნარი, რაღაც დოზით, შესაძლოა, ყველა ადამიანს ჰქონდეს, ისევე, როგორც სხვა თანდაყოლილი შესაძლებლობები. თუმცა ჩვეულებრივ მოკვდავ ადამიანს ეს განცდა ისე არ განუვითარდება, რომ მასზე დაყრდნობით მიიღოს გადაწყვეტილებები და ისე იცხოვროს. მაგალითად, ხომ ხდება, რომ ველით კარგს და ცუდი ხდება ან პირიქით – გვეშინია ცუდის და მერე აღმოვაჩენთ, რომ სულ ტყუილად ვშიშობდით. ამიტომ, წინათგრძნობას არ უნდა მივანიჭოთ განსაკუთრებული ყურადღება. ეს ნიჭი ჰქონდათ წმიდანებს, რომლებიც თავისუფალნი იყვნენ მიწიერი ცხოვრებისგან. მათ ნათელხილვის ნიჭი ეძლეოდათ და წინ უსწრებდნენ მოვლენებს.
კითხვა: არ მქვია ქრისტიანული სახელი. მონათლული ვარ, მაგრამ არ მახსოვს, რა ქრისტიანული სახელი მიწოდეს ნათლობისას. მინდა, მქონდეს რომელიმე წმიდანის სახელი, რომ ამ წმიდანის მფარველობის ქვეშ ვიყო. როგორ მოვიქცე?
პასუხი: თუ თქვენი სახელი წმიდანთა შორის არ მოიხსენება და ქრისტიანობას არ უკავშირდება, უნდა გამოიცვალოთ. ქრისტიანული სახელის დარქმევა ნათლობის დროს ხდება, მაგრამ რადგან არ გახსოვთ, უნდა მიმართოთ მოძღვარს, რომელიც ქრისტიანულ სახელს შეგირჩევთ და ამ სახელით მიიღებთ მონაწილეობას საეკლესიო საიდუმლოებებში, გეყოლებათ მფარველი ანგელოზი, რომლის სახელზეც ილოცებთ. მას შესთხოვთ მფარველობას სიხარულისა და განსაცდელის დროს.