№45 სიახლოვე სულიერ შვილებთან
ერთ მრავალსართულიან სახლში მამა ეპიფანეს მეზობლად ცხოვრობდა ორი ბიჭუნა – მისი სულიერი შვილები. ერთი მათგანი ღარიბი, მშობლების ალერსს მოკლებული ობოლი იყო. ერთხელ ბერმა მას უთხრა:
– რადგანაც შენ მრავალი განსაცდელი გხვდა წილად, ორ რამეს გთხოვ: ჯერ ერთი, „მამა“ დამიძახე და, მეორე, შენობით მომმართე, როგორც საკუთარ მამას.
მაშინ მეორე ბიჭუნაც მოვიდა:
– გერონდა, შეიძლება, მეც შენობით გელაპარაკო?
– არა, შენ არ მომმართო შენობით, იმიტომ რომ, თუ ამის ნებას დაგრთავ, შემდეგ თავზე დამაჯდები.
***
სხვა დროს სულიერმა შვილმა ჰკითხა მამა ეპიფანეს:
– გერონდა, შეიძლება, შენობით გელაპარაკოთ?
მოძღვარმა უპასუხა:
– თუ ეს დაგეხმარება, შენი სულიერი მამა უფრო ძლიერ გიყვარდეს და უფრო მეტად დაემორჩილო მას – კი, ბატონო! თუ არა, მაშინ, არ შეიძლება.
***
ცნობილია, რომ მამა ეპიფანეს შეეძლო ერთდროულად რამდენიმე საქმე ეკეთებინა. მასთან საუბრის დროს იგი ხშირად კითხულობდა და წერდა. ერთი მნახველი აღშფოთდა:
– გერონდა, თქვენ ყურადღებას არ მაქცევთ. მე გელაპარაკებით, თქვენ კი კითხულობთ.
მოძღვარმა კითხვა შეწყვიტა, სათვალე მოიხსნა და ღიმილით ჰკითხა:
– გაგიმეოროთ თქვენი სიტყვები?
– მან სიტყვასიტყვით გაიმეორა მისი ნათქვამი. შემდეგ კი შესთავაზა – განაგრძეთ!
***
მამა ეპიფანეს სულიერი შვილი იგონებს:
– ერთხელ მანქანაში ჩემმა ქმარმა თავისი გასაჭირის შესახებ უამბო, რჩევა ჰკითხა მოძღვარს, რომელსაც პასუხი არ გაუცია. მოგვეჩვენა, რომ მამა ეპიფანეს გამორჩა ან დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭა იმას, რასაც ჩვენ ვეკითხებოდით. მეორე დღეს კი მან თავად დაგვირეკა და პრობლემის მოგვარებაზე საკუთარი აზრი შემოგვთავაზა.
„არქიმანდრიტ ეპიფანე თეოდოროპულოსის სწავლებანი და ეპიზოდები მისი ცხოვრებიდან“