№45 როდის არ ანებებს ახალდაქორწინებულ წყვილს ეშმაკი თავს და რომელ სამ ფიქრს უნდა მიაქციოს ადამიანმა ყოველდღე ყურადღება
ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი
„სამწუხაროდ, დღეს ჩვენი გულები წყალივით არის, წყალში ჩაყრილია ყველა ღვთის სიტყვა, რაც გვესმის. არადა, სწორედ, ჩვენი გულები უნდა იყოს მზად, რომ ღვთის სიტყვები ჩაითესოს და გამოიღოს ნაყოფი“ – ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):
– ძალიან საინტერესოა, როდესაც წყვილი დაქორწინდება, ჯვარს დაიწერს და მეორე კვირას ისინი ისევ მოდიან ეკლესიაში. ჩვენ ქორწინების შემდეგ პერიოდს „თაფლობის კვირას“ ვეძახით. ხშირად კი, ახალგაზრდები რომ დაქორწინდებიან, მადლს გაინაღდებენ, მერე მიდიან ეკლესიიდან და ისე ტკბებიან, რომ ბოლოს მწარდებიან და ერთმანეთს ეჩხუბებიან. არადა, უნდა იარონ ეკლესიაში, რადგან მათ ეშმაკი მანამ არ დაანებებს თავს, სანამ პრობლემებს არ შეუქმნის. დღეს არსებობენ ადამიანები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ცუდზე ფიქრობენ, იმაზე თუ ვინ განიკითხონ, ვისზე თქვან ცუდი: ამას უყურეთ, მამაო, ნახეთ, ამან რა თქვა, ამ მიტროპოლიტმა რა მოყვა... ბევრიც კარგი ხდება, ამიტომ პოზიტივი შევქმნათ, კარგზე ვილაპარაკოთ. განსაკუთრებით ბავშვებს უნდა მოვუფრთხილდეთ, რომლებიც დღეს, ძირითადად, სხვადასხვა თამაშებით არიან გართულები. მშობლები საქმეში არიან ჩართულები და ბავშვებს არ ეუბნებიან: შვილო, ახლა მე წირვაზე მივდივარ და შენც წამოდი. იფიქრე იმაზე, რომ ნორჩი ხარ, პატარა და თუ გინდა, კარგი ადამიანი გაიზარდო, უნდა გიყვარდეს იესო ქრისტე. სტიქარს კი არ ჩაგაცმევ, საკურთხეველში კი არ შეგიყვან, არამედ გარკვეულ რაღაცებზე თქვი უარი, კარგად ისწავლე, დაემორჩილე გონიერ მასწავლებელს და ეს იქნება შენი ქრისტიანობა. ბუნებითი მასწავლებელი იესო ქრისტეა და ჩვენ, ყველანი, კურთხეული და დალოცვილები ვართ კარგი საქმეების აღსრულებისთვის. ვინც არაფერს არ იქმს, ის საბრალოა, უდები, მონა. თუ ბავშვები გაზარმაცდებიან, წიგნებს არ წაიკითხავენ, ეკლესიაში არ ივლიან, მათი მომავალი სავალალო იქნება.
– იესო ქრისტეს იგავები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და ბევრ დარიგებას შეიცავს.
– მაცხოვარი მოციქულებს ეუბნება: თქვენ მოცემული გაქვთ, რომ ყველაფერი იცოდეთ, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლბსაც იგავებით უნდა ვესაუბროო. მთესველის შესახებ იგავი განსაკუთრებულად გამორჩეულია, რომელსაც მოციქული ამბობს და თავადვე განმარტავს. მთესველი არის ღმერთი, რომელიც სიტყვას თესავს ეკლესიის, სასულიერო პირების საშუალებით. პირველი მარცვალი შარაზე დაეცა, რომელიც ფრინველებმა აკენკეს. ასეთია ბევრი ადამიანის გული, როგორც კი ღვთის სიტყვას გაიგებენ, ის სიტყვა მაშინვე ქრება მათი გულიდან, რადგან მათი გული ყველაფრისთვის ღიაა და არაფერი რჩება. მეორე მდგომარეობა არის კლდე, რომელზეც ეცემა ღვთის სიტყვა და იმდენად ცოტაა მიწა, როგორც ადამიანის გულში თავმდაბლობა, ამპარტავნება მას მაშინვე მოახრჩობს და გაუხმება ფესვი. მესამე მდგომარეობა ეკალ-ბარდებია, სადაც მცენარეს მომავალი არ ექნება. ეკალ-ბარდები ამქვეყნიური გარკვეული მოთხოვნილებები, გატაცებები, ფიქრებია, რომელიც ადამიანის გულში დათესილ მარცვალს ბოლომდე, ღრმად განვითარების საშუალებას არ აძლევს. ბერ პაისს აქვს ძალიან კარგი ნაშრომი, რომელსაც „ფიქრების ფაბრიკა“ ჰქვია.
– რატომ მოსდით ადამიანებს ცუდი ფიქრები, როგორ უნდა ებრძოლონ მათ?
– ბერი პაისი სამ განსაკუთრებულ ფიქრზე საუბრობს. პირველი: როგორც კი გათენდება მობილური კი არ უნდა ჩართო მაშინვე, ტელევიზორი, არამედ როგორც კი თვალებს გაახელ, თქვი: „დიდება შენდა, ღმერთო, ჩვენო, დიდება შენდა ღმერთო, ჩვენო“. ადამიანი, რომელიც გაღვიძებისთანავე თავის სულსა და გულს ღმერთს შეუერთებს, მთელი დღე კარგად დამუხტული იქნება. თუ ღმერთს არ შეუერთდები, შეუერთებელი არ დარჩები, ეშმაკი შეგიერთდება და მთელი დღე ბოღმით, შურით, მწუხარებით იქნები სავსე. ამიტომ დილიდან პირველი ფიქრი უნდა იყოს იმაზე, რომ ღმერთი არსებობს, ადიდე და შენი ყველა დარდი, მწუხარება დაგტოვებს. თუ ღმერთს ელაპარაკები, იცოდე, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის. რადგან ღმერთი გეუბნება: რასაც ითხოვ ჩემი სახელით, მე ყველაფერს მოგცემ, თუ ამის რწმენა გექნებათო. მეორე: იფიქრე იმაზე, რაც გუშინ, გუშინწინ შესცოდე, ღმერთს გულით სთხოვე, რომ შეგინდოს, გაპატიოს: ღმერთო, შენ ხომ იცი როგორი ნაძირალა ვარ, მტვერი და შეიძლება, სახლიდან რომ გავიდე, ვერც შევიდე საღამოს სახლში, ამიტომ მაპატიე და მადლობა ყველაფრისთვის. თუ ჭირში იქნები მადლიერი, აუცილებლად შეგეწევა ღმერთი და ლხინი მოგეწევა. მაგრამ ჩვენ ღმერთისგან მხოლოდ ლხინი გვინდა. ჭირის შეწყნარების გარეშე ლხინი არ არსებობს. სერბეთის დიდი მოძღვარი, წმიდა ნიკოლოზ ველიოროვიჩი ასეთ რამეს ამბობს: როცა ღმერთს უნდა ამა თუ იმ ერის სინანულში მოყვანა, წმიდანებსა და მართლებს კი არ უგზავნის, არამედ უგზავნის უღმერთოებსა და მტარვალებს. დღეს რაც ხდება, ყველაფერი იცით. მამა გაბრიელი ამბობდა: თქვენ გინდათ, ქართველებო, თქვენი პრეზიდენტი თამარ მეფე იყოს და წმიდა ნიკოლოზი წირავდეს ყოველკვირა. უსინდისოები და უნამუსოები ხართ, ამას რომ ითხოვთ. გყავდათ და რატომ არ ხართ კარგ მდგომარეობაში? ამიტომ არ გვეყოლება კარგი მთავრობა, სანამ ჩვენი გულები, სინდისი არ იქნება განწმენდილი. ცოცხალი წმიდანი, ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქი 1977-იდან 2019 წლამდე ქადაგებს და არავინ უჯერებს, თავად მაღალი იერარქებიც და კიდევ გვინდა, რომ რამე გვეღირსოს და კარგი მდგომარეობა იყოს? ველოდებით წმიდა ნიკოლოზს, ახალ თამარს და როგორ გვეყოლება, ვიმსახურებთ? გვეკუთვნის წყალობა? რა თქმა უნდა, არ გვეკუთვნის. მესამე ფიქრი ის კი არ არის, რომ გავალ, ვის როგორ დავეხმარო, ვის სჭირდება ჩემი თავი, არამედ, ვინ რას მომცემს. ჩვენ სულ იმაზე ვფიქრობთ, დღეს ვინ რა მარგო და რომ მივხვდებით, არავინ არაფერი გვარგო, მერე დაბოღმილები მივუსხდებით ტელევიზორებს. დავიმახსოვროთ ეს სამი ფიქრი და გამოვსწორდებით. ქვეყანაშიც არ გვეყოლება ასეთი მმართველები – ყველა ვხედავთ როგორ მიექანება ჩვენი ქვეყანა უფსკრულისკენ. სასულიერი პირებიც მძიმე მდგომარეობაში ვართ. თუ არ გამოსწორდება ბერი, არ გამოსწორდება ერი. თუ არ გამოსწორდება ხალხი, ნაბუქოდონოსორი მონაგონი იქნება. იდეოლოგიით გაგვანადგურებენ და ჩვენს მომავალს ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებენ.