№45 გიყვარს და პირიქით
ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე
რატომ უყვარს ქალს კაცი და პირიქით. ეს კითხვა ზოგჯერ ძალიან აქტუალურია. ჩვენ ხომ, უბრალოდ, გვიყვარს და მაშინ ვიწყებთ გრძნობის გაანალიზებას, როცა ურთიერთობაში პრობლემები ჩნდება. იქნებ ამ ყველაფერს უფრო მარტივად შევხედოთ – იქნებ ერთმანეთი ჩვენი განსხვავებულობის გამო გვიყვარს, იქნებ ასეც უნდა იყოს და ბოლომდე არ უნდა დავემსგავსოთ ერთმანეთს. ეს ვერ მოხდება იმიტომ, რომ:
* კაცები არასოდეს უკეთებენ კომენტარს იმას, რაზეც სერიოზულად ფიქრობენ;
* ქალებმა ყოველთვის იციან, რას ფიქრობენ კაცები, მაგრამ კაცებს ამის არ სჯერათ;
* კაცებს უყვართ ქალის სხეულზე დაკვირვება და იმის ლაპარაკი, რომ მთავარი მაინც ქალის სულია;
* ოცი წლის გოგოსაც კი შეუძლია, ძალიან ადვილად მოათვინიეროს მამაკაცი. თანაც ისე, რომ ის ამას ვერც მიხვდეს;
* კაცები ყველანაირად ცდილობენ, დამალონ საკუთარი სისუსტეები. მაგრამ არ გამოსდით;
* კაცს ყველაზე მეტად ეშინია იმის, რომ მის მამაკაცურ სრულყოფილებაში ეჭვი არ შეეპაროთ;
* რამდენიც უნდა უარყონ, არ შეუძლიათ სიცოცხლე ქალის გარეშე.
* როცა კაცს ქალი ეუბნება – „მე შენ მიყვარხარ“, კაცი ყოველთვის ითხოვს, აუხსნან ზუსტად როგორ უყვართ;
* იმიტომ, რომ ქუჩაში სეირნობისას ქალი ყოველთვის წინ იყურება. ვერ გაიგებ, რას და რატომ უღიმის;
* იმიტომ, რომ ქალებს აქვთ საკუთარი გზები პრობლემების გადასაჭრელად, რომლებსაც კაცები ვერასდროს იგებენ.
ცოტა უფრო უცნაური
ცნობილია და დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ კაცები, ქალბატონებისგან განსხვავებით, სიყვარულს ცოტა უცნაურად, მეტი სიფრთხილითა და კიდევ უფრო მეტი თავშეკავებულობით გამოხატავენ. ამის მიზეზი ქალების გადამეტებული მგრძნობელობაა. ბევრი მამაკაცი საკუთარ გრძნობებზე საუბარს თავს არიდებს და ჩუმად არის, ქალი კი ფიქრით თავს იმტვრევს – ვუყვარვარ? იქნებ საერთოდ არც ვადარდებ. ნერვიულობა საჭირო არ არის. უბრალოდ, დააკვირდით – არის სიმპტომები, რომლებიც მამაკაცის სიყვარულს თვალსაჩინოს ხდის.
* მამაკაცი, რომელიც სერიოზულად არის ქალზე შეყვარებული, აუცილებლად დაინტერესდება, როგორ ჩაიარა მისმა ერთმა ჩვეულებრივმა დღემ. შეყვარებული ადამიანის ბუნება ასეთია – მას უნდა იცოდეს, რამ გაახარა, ან თუნდაც გააბრაზა მისი რჩეული.
* შეყვარებული კაცი თქვენთვის დროს ყოველთვის იპოვის. გახსოვდეთ, არ არის აუცილებელი, მთელი თავისი თავისუფალი დრო თქვენ მოგიძღვნათ, თუმცა ის აუცილებლად ეცდება, რომ დღის გარკვეული მონაკვეთი ერთად გაატაროთ.
* ჩახუტება, შეხება... მამაკაცისთვის ფიზიკური კონტაქტი ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი მთელი ურთიერთობის განმავლობაში გამუდმებით ცდილობენ ამ „სითბოს“ სათანადოდ მიღებას.
* შეყვარებული ადამიანისთვის ერთგულება სიყვარულის გამოხატვის მთავარი ნიშანია, თუკი ადამიანს ნამდვილად უყვარს, ის ბოლომდე რჩება თავისი გრძნობების ერთგული.
წესები ოჯახის
წევრებისთვის
გადაღლილობა, ალბათ, ის მდგომარეობაა, რაშიც ყველა ქალი ერთმანეთს გაუგებს. საოჯახო საქმეები, საყიდლები, წესრიგისა და სისუფთავის შენარჩუნება, სამსახური, ვალდებულებები – ეს ყველაფერი საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს. მამაკაცებს, ოჯახის წევრებს არ ესმით, რით იღლებიან ქალები.
გადაღლილ ქალებს გთავაზობთ რამდენიმე რჩევას:
* აუცილებელია, შემოიღოთ წესები ოჯახის წევრებისთვის
სახლში სისუფთავე და წესრიგი თითქმის ყველა ქალის მოთხოვნილებაა, მაგრამ დალაგება-დასუფთავებას, მთელ დღეს ნუ დაუთმობთ, მით უმეტეს, არ არის საჭირო ეს ყოველდღე აკეთოთ. იქნებ ოჯახის წევრებს სთხოვოთ, დაიცვან წესრიგი. ასე სახლი ზედმეტად აღარ აირევა და დალაგებასაც მალე მორჩებით;
* გარემოს შეცვლა
რაც უნდა დაკავებული იყოთ, მაინც გამონახეთ დრო მეგობრებისთვის, თქვენი სამყაროსთვის. რა თქმა უნდა, ეს ადვილი არ არის, როცა უამრავი საქმე გაქვს. არ იფიქროთ – რა დროს მეგობრებია, საქმეს ჩემს მაგივრად ვინ გააკეთებს. გამოეწყვეთ და სახლიდან გადით. განტვირთვის შემდეგ ხომ ადამიანს მეტი ხალისი და ენერგია ეძლევა. ეს თქვენს ოჯახზეც, მეუღლესთან ურთიერთობაზეც აისახება;
* მოუარეთ თავს
ნუ დაივიწყებთ სილამაზის სალონის გზას, თორემ ყველაფერმა შეჩვევა იცის. ერთ მშვენიერ დღეს ზუსტად იმ ქალებს დაემსგავსებით, ვისი მოუწესრიგებლობა ყოველთვის გიკვირდათ და გაღიზიანებდათ;
* გამოიყენეთ მომსახურების სერვისებიც. ხანდახან გენერალური დალაგებისთვის ადამიანი დაიქირავეთ, ეს სულაც არ ღირს ძვირი. სამაგიეროდ, დრო და ენერგია დაგეზოგებათ;
* როცა ნერვებს ვეღარ თოკავთ, არვითარ შემთხვევაში არ იყაროთ ჯავრი ოჯახის წევრებზე. თუ ნერვები გიღალატებთ, მეორე ოთახში შედით და ბალიშს დაუშინეთ მუშტები. ქაღალდები დახიეთ, ჩაისუნთქეთ ღრმად და ასამდე დათვალეთ. ეს შველის. არ მიიყვანოთ საქმე კრიტიკულ მდგომარეობამდე. ეს ყველაფერს გაანადგურებს, პირველ რიგში კი – თქვენ.