№45 რატომ არის ადამიანის შეყვარებაზე რთული, მასთან შექმნილი ოჯახის შენარჩუნება
ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე
ადამიანის შეყვარება იოლია, გაცილებით უფრო რთულია ცოლქმრული ურთიერთობის შენარჩუნება. ასევე, რთულია, სიძულვილად არ გადაიქცეს ის სიყვარული, რომელმაც ოჯახი შექმნა. უნდა გიხაროდეთ, თუ შეძელით ამ სირთულეების გადალახვა და დღეს ერთად ხართ. მით უმეტეს, თუ გრძნობთ რამდენად მნიშვნელოვანი ხართ თქვენი მეორე ნახევრისთვის. ზოგჯერ შეიძლება, ფიქრობთ და ვერ გაგიგიათ, როგორ შეუღლდით: როგორ შეძელით ერთად ცხოვრება ორმა აბსოლუტურად განსხვავებული ხასიათის ადამიანმა. მაგრამ იმასაც ხვდებით, რომ ეს ყველაფერი დიდ სიამოვნებას განიჭებთ. უბრალოდ, ბედნიერი ხართ... მაგრამ, თუ ქორწინებას ბზარი გაუჩნდა, აუცილებელია, ელაპარაკოთ ერთმანეთს. დაუსვათ შეკითხვები და მიიღოთ პასუხები. განქორწინებაზე საუბარი ფობიად არ გადაიქციოთ. ლაპარაკი ჯერ კიდევ არ ნიშნავს ქმედებას და არც თუ იშვიათად, თავიდან აგაცილებთ მას.
თეონა (37 წლის): ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ ეს ქორწინება ჩემი დიდი შეცდომა იყო და ცხოვრების ასე გაგრძელება ნამდვილად აღარ შემეძლო. ვერ ვიგებდი, რატომ ვერ შედგა ჩვენი ურთიერთობა, მე ხომ ცოლად ჩემს საყვარელ ბიჭს გავყევი და მთელი სიცოცხლე მასთან ერთად ვაპირებდი ცხოვრებას, ყველა სირთულის გადალახვას. ის ძალიან კარგი ადამიანია, მეც, არა მგონია, ცუდი ვიყო, მაშინ რატომ ვერ ავაწყვეთ ურთიერთობა?
– ურთიერთობის ვერ აწყობაში კონკრეტულად რას გულისხმობთ?
– გამუდმებულ გაუგებრობასა და პატარ-პატარა კონფლიქტებს, რომლებმაც ძალიან დამღალა. ის არც ცდილობს რაიმეს შეცვლას...
– თქვენ ცდილობთ?
– ვიცოდი, რომ ამას მკითხავდით. დიახ, ვცდილობ და ძალიან მინდა, შევცვალო ეს რეალობა. ერთ დილას ვკითხე ჩემს ქმარს, რა გავაკეთო, რომ შენი დღე უკეთესი იყოს-მეთქი. ის კი გაბრაზდა და უხეშად მიპასუხა: „არაფერი!“ არ დავნებდი და ამის შემდეგ კიდევ ორჯერ დავუსვი იგივე შეკითხვა. მეწყინა, როცა მან ცინიკურად მიპასუხა: „გინდა, რამე გააკეთო? წადი და სამზარეულო დაალაგე!“ მივხვდი, რომ მან ეს ნიშნის მოგებით მითხრა. მაგრამ ისე ვიყავი ოჯახური „ომებისგან“ დაღლილი, ავდექი და ის გავაკეთე, რაც მითხრა. რამდენიმე დღე დამჭირდა წყენას რომ გაევლო. მე არ ვარ ფსიქოლოგი და მთლიანად ინტუიციას ვიყავი მინდობილი. ისევ იგივე კითხვა დავუსვი. ამჯერად პასუხი დააგვიანა და მითხრა: „კარადა დაალაგე!”. ოღონდ შევატყვე, რომ ცოტა დაიბნა. მან იცოდა, რომ სწორედ იმ დღეს სამსახურში ბევრი საქმე მქონდა და ამიტომ, თავისი ჭკუით, სერიოზულ პროვოკაციაზე უნდოდა ჩემი წამოგება. მე რა გავაკეთე? – უკმაყოფილების გამოხატვის ნაცვლად, უხმოდ დავალაგე კარადა. ბევრიც არაფერი იყო დასალაგებელი.
– ამ ყველაფერს სერიოზულად აკეთებდით? არ ხუმრობთ?
– ნამდვილად ასე ვიქცეოდი და ასე გრძელდებოდა ორი კვირის განმავლობაში, სანამ ქმარმა არ მკითხა, რაში მჭირდებოდა ეს ყველაფერი. ვუპასუხე, რომ მიყვარდა და მზად ვიყავი მისი სურვილების შესასრულებლად. ისე შემომხედა, როგორც გიჟს. მაგრამ გაჭრა.
– ცოტა დაუჯერებელი მეთოდია.
– გეთანხმებით. მაგრამ ფაქტია, რომ ამან იმუშავა. მეორე დღეს მოხდა საოცრება. როდესაც ვკითხე, რა გაახარებდა იმ დღეს, მითხრა, რომ ჩემთან ერთად უნდოდა მთელი დღის გატარება. უთანხმოებამ თანდათან იკლო, მართლა... დავიწყეთ ერთმანეთზე ზრუნვა. ახლა ის მეკითხება, რა გამახარებს და რა მინდა. ყველანაირად ცდილობს, მასიამოვნოს. ეს ძალიან მაგარი გრძნობაა. თითქოს ყველაფერი თავის ადგილას დადგა.
– ალბათ, რთულია საკუთარ სურვილებზე უარის თქმა და მუდმივად დათმობა.
– ასეა. ვერ დავიფიცებ, რომ არ გამიჭირდა. ყველა ქალს აქვს გამოცდილი პარტნიორის ღალატი, უმრავლესობას მაინც, თუნდაც, ცხოვრებაში ერთხელ.
– ეს განქორწინების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ხოლმე. შეგიძლიათ მითხრათ, რა უბიძგებს ადამიანებს ღალატისკენ?
– ჩემი აზრით, რამდენიმე მიზეზია, მათ შორის, ზოგი საკმაოდ მოულოდნელიც იქნება საზოგადოებისთვის. მაგალითად, ღალატი მოსალოდნელია, თუ ემოციური საჭიროება არ იქნა დაკმაყოფილებული. ზოგიერთი კაცი ცდილობს, სიცარიელე სხვაგან და სხვისგან შეივსოს. ეს რომ არ მოხდეს, სპეციალისტები გვირჩევენ, პარტნიორს უფრო მეტი დოზით ვესაუბროთ. ზოგჯერ ადამიანის თვითშეფასების კოეფიციენტი იკლებს. ვინ აამაღლებს მას იმაზე უკეთ, ვიდრე საყვარელი პარტნიორი. ღალატს იშვიათად მოჰყვება პასუხად ღალატი. თუ გიყვარს, ღალატითვე ვერ უპასუხებ. ეს არ არის სწორი გადაწყვეტილება.
– ღალატი იყო თქვენი ურთიერთობის პრობლემა?
– არ ვიცი. მე ფაქტი არასოდეს მქონია. არც მიძებნია. ზოგიერთი ადამიანისთვის ღალატი ერთგვარი სპორტია. მათ მოსწონთ საფრთხის შეგრძნება და სხვადასხვა ადამიანს ხვდებიან. ასეთებზე არ არის საუბარი. ვერც ჩემს ქმარს მივაკუთვნებ ასეთების კატეგორიას. მგონი, ჩვენ უფრო კომუნიკაციის პრობლემა გვქონდა.
– ანუ, თუ ატყობ რომ ქორწინებას ბზარი გაუჩნდა, ქმარს უნდა ჰკითხო: „რა გინდა, რომ შენთვის გავაკეთო?“
– რატომაც არა?!
– მგონია, რომ ქმარი დაგცინებს.
– არც უმაგისობაა. მაგრამ არ უნდა დანებდე. კიდევ უნდა სცადო. მერე კიდევ... და ეს არ უნდა იყოს შენთვის სირცხვილი ან თავმოყვარეობის შელახვა. ხომ გიყვარს ეს ადამიანი. ხომ გინდა, მის გვერდით იყო, მაშინ რატომ არ უნდა გააბედნიერო?! ყველაფერი ბუმერანგია. რასაც გაუშვებ, უკანაც ის დაგიბრუნდება. სიყვარულს უნდა გაუფრთხილდე. უნდა შეინახო და გადაარჩინო. ეს საკუთარი თავისთვის უნდა გაკეთო და არა სხვისთვის. ამაზე როცა იფიქრებ, აღარ გაგიჭირდება. კაცები პატარა ბავშვებივით არიან. მარტივად იჯერებენ იმას, რისი დაჯერებაც უნდათ. მით უმეტეს, როცა საერთოდ არ ატყუებ. მე მიყვარს ჩემი ქმარი. რაც დავთმე, ჩემი ბედნიერებისთვის დავთმე.