კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 რატომ გაუჩნდა ერდოღანს ამბიცია, მოაგვაროს სამხრეთ კავკასიის კონფლიქტები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  აშშ-ს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, არა ისეთმა, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს, მაგრამ არც მთლად ხელწამოსაკრავმა, გამოთქვა აზრი, რომ სირიიდან გაყვანილი ამერიკული კოტინგენტის განთავსება საქართველოშიც შეიძლება, კერძოდ, ახალციხის ბაზაზე, სადაც უწინ რუსული სამხედრო ბაზა იყო განთავსებული. ამ მოსაზრებას ჩვენს ქვეყანაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ჯერ კიდევ 2002 წელს გაფორმდა სამთავრობოთაშორისო შეთანხმება ამერიკელი სამხედროების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისა და განთავსების შესახებ, ადრე თუ გვიან, ეს შეთანხმება უნდა იქცეს რეალობად. მეორე მხრივ, შესაძლოა, ზემომოტანილი ინიციატივა ერთი კონკრეტული ადამიანის მოსაზრებაა, თუმცა, ამის მიუხედავადაც, მნიშვნელოვანია, ვიმსჯელოთ საქართველოში აშშ-ს სამხედრო ბაზის განთავსების დადებითსა და უარყოფით მხარეებზე და კავკასიის ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარესთან, ზაალ კასრელიშვილთან, სწორედ ამ საკითხს განვიხილავთ.
– მაშინაც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, ამერიკული ტანკები ორჯერ ტყუილად არ ჩაუტარ-აუტარებიათ ამერიკელებს ჩვენს ცენტრალურ მაგისტრალზე, ცხინვალის შემოგარენში გაშენებული რუსული სამხედრო ბაზის სიახლოვეს, ჩემი აზრით, მიანიშნეს, აქეთა ტერიტორია ჩემიაო. ვფიქრობ, ჯობია, თუ ამერიკული სამხედრო ბაზა განთავსდება ჩვენს ქვეყანაში, თქვენ როგორ ფიქრობთ?
– უპირველესად, მინდა, მადლობა გითხრათ, ყოველთვის მნიშვნელოვან თემებს რომ მთავაზობთ ინტერვიუსთვის. 1992 წლის სამხედრო გადატრიალებიდან დღემდე, ეგრეთ წოდებული, ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტი, საზოგადოებრივად აქტიური ადამიანები და, სამწუხაროდ, ზოგიერთი მედია-საშუალებაც  ყოველ დილას იწყებენ საუბარს თემაზე, ხელ-პირი რომ დავიბანო, პეტრეს ეწყინება თუ არა, დანა-ჩანგალი რომ ვიხმარო პეტრეს არ ეწყინება, მაგრამ ეწყინება პავლეს და პირიქით. გარდა ამისა, ჩვენს მედიასივრცეში გახშირდა ისეთი თემები, რაც ჭიქაში ქარიშხლის ატეხვას ჰგავს. ერთი თვის წინათ, თუ გახსოვთ, „ნატოს“ ყოფილმა გენმდივანმა „ნატოში“ გაწევრიანების შესახებ განცხადება გააკეთა, ორი-სამი კვირა ქოთქოთებდა ამის გამო მთელი ქართველი საზოგადოება და ბოლოს გაირკვა, რომ არანაირი განცხადება ის არ ყოფილა. ამ თემაზეც იგივე აზრი მექნებოდა, რომ არა სირიაში განვითარებული მოვლენები. მინდა, გითხრათ, რომ, რაც სირიაში მოხდა, ამის ამერიკული დიპლომატიის ბრწყინვალე გამარჯვება ჰქვია. ანტიდასავლური კოალიციის სამი ქვეყანა: თურქეთი, ირანი და რუსეთი, სირიის ტერიტორიაზე ერთმანეთს ინტერესებით დააპირისპირა, პარალელურად, შეინარჩუნა ტერიტორია, რომელიც მისთვის უფრო მნიშვნელოვანია და მისი სახელმწიფოებრიობისთვის უფრო საჭიროა.
– შევახსენოთ მკითხველს, რომ ამერიკელებმა არ შეუშვეს სირიის სამთავრობო არმიისა და პროთურქული დაჯგუფებების სამხედრო ნაწილები სირიის იმ ნაწილში, რომელიც უკავიათ ქურთებს და სადაც არის ნავთობსაბადოები და ცეცხლი გაუხსნეს.
– დიახ და, რაც ჩამოვთვალე, იქიდან გამომდინარე, მივიღეთ შედეგიც: 35 კილომეტრით გადასწია თურქეთმა სირიის საზღვარი, ქურთები მიიღებენ ავტონომიას, ანუ, პირდაპირ რომ გითხრათ, შეერთებული შტატების დიპლომატიამ სირიაში რუსებს ცხინვალიც გაუკეთა და აფხაზეთიც და ამის პარალელურად, რუსეთის, თურქეთისა და ირანის ხარჯებითაა აღსადგენი სირია. თუ ეს სამი დიდი ქვეყანა სირიაში თანხას არ ჩადებს და, ფაქტობრივად, განადგურებულ ქვეყანას ეკონომიკურად ფეხზე არ დააყენებენ, მათ ძალიან მალე სირიის მოსახლეობა აუჯანყდება, თუ ერთმანეთი არ დაჭამეს მანამდე. ასე რომ, ეს მათი პრობლემაა, ჩვენ, უბრალოდ, პროცესები გავაანალიზეთ, ამიტომაცაა აქტუალური ის კითხვა, რომელიც თქვენ დასვით და ამიტომაც გავაკეთე ეს მცირე ექსკურსი. არც ერთ ოფიციალურ პირს არ განუცხადებია, რომ საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზები უნდა განთავსდეს, მეორე – საქართველოში ამერიკული ბაზების განთავსება შესაძლებელი იყო აქამდეც, როდესაც ავღანეთსა და ერაყში თავისი სამხედრო კონტინგენტის რაოდენობა შეამცირა ტრამპმა. არც ავღანეთიდან და არც ერაყიდან აქეთ არ გადმოუსროლიათ სამხედრო დანაყოფები, რომლებიც შემცირებაში მოჰყვნენ და, მესამე, აშშ-სა და „ნატოს“ საქართველოში სახმელეთო ბაზაც აქვთ, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებიც, ჯავშანტექნიკის საწინააღმდეგო საშუალებებიც და ბუქარესტისა და თურქეთის საზღვაო ბაზებიდან შავი ზღვის აკვატორიასაც საკმაოდ წარმატებულად აკონტროლებენ. ამდენად, საჭიროება იმისა, რომ დღეს აქ მან ჯარი შემოიყვანოს, არ არის. მეორე საკითხია, რას გეგმავს სამომავლოდ აშშ და ერთად განვიხილოთ ეს თემები.
– შესაძლოა, ამ კონკრეტულ მომენტში არ დგას ეს საკითხი, რაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა ვიმსჯელოთ სამომავლო პერსპექტივაზე, თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით, თუ ჩვენ ვრჩებით დასავლეთის ორბიტაზე, ადრე თუ გვიან, ეს ბაზა აქ განთავსდება, რუსეთი კი, დათა თუთაშხიასი არ იყოს, თქვენ ის კაცები არ ხართ, მე რომ მესვრითო, ჩვენ თუ გვესვრის, ოღონდ არა  – ამერიკულ სამხედრო ბაზას.
– მარტო ამერიკელებს არა, თურქებსაც რომ ვერ ესროლეს, ეგ ხალხია.
– დიახ. სამხედრო თვითმფრინავი რომ ჩამოუგდო პროთურქულმა ძალებმა და შეარჩინეს.
– და ახლა ცხვირწინ წაართვა თურქმანებით დასახლებული ტერიტორია სირიაში. თუ გახსოვთ, იყო ამაზე საუბარი, ამბობდნენ, ოსმალეთის იმპერიის ნაწილია სირიის ტერიტორიაო, ზუსტად ის ტერიტორია წაიღეს თურქებმა და იმ ტერიტორიის იქით ჩადგა რუსული სამხედრო პოლიცია, რომ უფრო შორს არ წავიდეს და არ მივიდეს ბაშარ ალ-ასადამდე. მართალს ბრძანებთ, ჩვენ რომ მოგვერევა და მილიონ 200 ათას ჩეჩენს რომ დაბომბავს ქიმიური იარაღით, ეგ ხალხია რუსები.
  ისევ ბაზებს რომ დავუბრუნდეთ: ვფიქრობთ, რომ 2020 წლიდან ახალი პოლიტიკური რეალობის წინაშე აღმოვჩნდებით სამხრეთ კავკასიაში, რადგან სირიაში წარმატებით განხორციელებული სამხედრო ოპერაციის შემდეგ ერდოღანი ჩავიდა სირიაში და ყარაბაღისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისა და უკრაინაში მიმდინარე პროცესების შესახებ საკმაოდ ხმამაღალი და მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. მან თქვა, ჩემი სიტყვებით ვამბობ – ჩვენ არავის ტერიტორია არ გვინდა, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გამო გადავდგით სირიაში ის ნაბიჯი, რაც გადავდგით, ყარაბაღში მოუგვარებელი პრობლემის უკან კი დგას რუსეთი, რომელიც აზერბაიჯანში, საქართველოსა და უკრაინაშიც ყოველთვის ვიღაცის მხარესაა, ხოლო ჩვენ სიმართლის მხარეს ვართო. ეს იყო გზავნილი, რომ სირიის შემდეგ, მას პოსტსაბჭოურ სივრცეში ყარაბაღის პრობლემის მოგვარების პრეტენზია ექნება, იმიტომ რომ აზერბაიჯანი მისი სტრატეგიული პარტნიორია. უკრაინის პრობლემის მოგვარებაზე ექნება პრეტენზია იმიტომ, რომ ყირიმს ისინი თავიანთ საკუთრებად მიიჩნევენ და საქართველოში პრობლემის მოგვარებაზე ექნება პრეტენზია იმ მარტივი მიზეზით, რომ, თუ ცხინვალისა და აფხაზეთის პრობლემები არ გადაიჭრა, ვერც აზერბაიჯანში მოაგვარებს და ვერც ყირიმში. შეიძლება, ვინმემ თქვას, რომ თურქეთს აქვს ბათუმის ინტერესი, მაგრამ პირიქითაა, რადგან თურქეთი უნდა გააქტიურდეს საქართველოს სასარგებლოდ პრობლემების გადასაწყვეტად, იმიტომ რომ 2022 წელს ყარსის ხელშეკრულებას, ლენინისა და ათა თურქის 1922 წლის ხელშეკრულებას საქართველოს გაყოფის შესახებ, ვადა გასდის.
– ყარსის ხელშეკრულება უვადოა და, ამას გარდა, როდესაც გასული საუკუნის 90-ანი წლების დასაწყისში თურქეთსა და საქართველოს შორის გაფორმდა ჩარჩო-ხელშეკრულება, საქართველომ ცნო ყარსის ხელშეკრულება.
– კი ბატონო, მაშინ საკითხი სხვანაირად დავსვათ: არის ლეგიტიმური ეს ხელშეკრულება?!
– აი, ლეგიტიმაცია მართლაც სათუოა, იმიტომ რომ ყველა ხელშეკრულებას, რომლებიც ლენინმა ათა თურქთან გააფორმა და ეხებოდა საქართველოს, ხელი უნდა მოეწერა პირველი რესპუბლიკის მთავრობას, მათ კი ხელი არ მოაწერეს.
– დიახ და არც ლენინის ხელისუფლება იყო აღიარებული და ლეგიტიმური და არც ათა თურქის. მეორე კოზირსაც გეტყვით – საერთაშორისო საზოგადოებამ 1918 წელს აღიარა საქართველო და რა ჩარჩოებშიც გვაღიარა, აი, ისაა ჩვენი ლეგიტიმური საზღვრები. მე იმას კი არ ვამბობ, რომ ვინმეს ტერიტორიები უნდა წავართვათ, არამედ იმას ვამბობ, რომ ნუ ვიღვიძებთ ყოველ დილას შიშით, ვინმემ რამე არ წაგვართვასო. პირიქით, ისეთი კოზირები გვაქვს, რომ აქეთ შევუქმნით სამეზობლოში ყველა მეზობელს პრობლემას ლეგიტიმურად და კანონიერად. მით უმეტეს, რომ დღეს უკვე არსებობს საერთაშორისო სასამართლოები. უარესები გაგვივლია და ამ პრობლემებსაც ღირსეულად გადავატარებთ, თუმცა ყველამ ვერ შეინარჩუნა ღირსეული სახე, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ 1992 წლის გადატრიალებიდან დღემდე ვერ გაგვტეხეს და ვერ დაგვაჩოქეს და მომავალიც ბრწყინვალე გვექნება, რადგან საქართველოს ფასი ერთი ათასამდე გაიზარდა, თუნდაც, იმ მარტივი ახსნა-განმარტების გამო, რაც მცირე პოლიტიკურ ექსკურსში შემოგთავაზეთ. სირიაა, ირანია, რუსეთი ხომ არის და არის თუ ქურთების პრობლემაა, რასაც, როგორც ჩანს, მოჰყვება ერთიანი, დიდი ქურთული სახელმწიფოს შექმნა, კვანძი არის საქართველო.  შავი ზღვის აუზის პრობლემების გადაწყვეტისას ვერავინ აუვლის გვერდს საქართველოს ინტერესებს, ამიტომ კი არ უნდა ვიკანკალოთ, უნდა გამოვიყენოთ კოზირები და გავიმყაროთ პოზიციები. შევთანხმდეთ იმაზე, ჩვენ რა გვინდა, ჩვენ როგორ სახელმწიფოს ვაშენებთ და რა არის ჩვენი მიზანი. ან 90-ანებში დამოუკიდებლობა რატომ გამოვაცხადეთ, ან ის დამოუკიდებლობა რეალობად რატომ ვერ ვაქციეთ და რატომ დარჩა მხოლოდ ქაღალდზე, ვინ არის დამნაშავე, რომ ისევ გაჭირვებულები ვართ, მაშინ, როდესაც საქართველოს ყველაფერი აქვს, რომ გახდეს თვითკმარი ქვეყანა: გაზიც, ოქროც, ნავთობიც, წყალიც და მიწისზედა რესურსიც იმდენი, რომ 12 მილიონ ადამიანს გამოკვებავს, თუ მეტს არა.
– 12 მილიონი ადამიანის გამოკვება ნამდვილად შეგვიძლია ჩვენივე სოფლის მეურნეობის პროდუქციით.
– ჩვენს სამეზობლოში, შორს რომ არ წავიდეთ, 3 მილიარდი დოლარის ხილის მოთხოვნაა, ჩვენ კი მხოლოდ 50 000-სას ვაწარმოებთ, ხედავთ, ხომ სხვაობას?! ასე რომ. მიმდინარე გლობალური პოლიტიკური პროცესები ჩვენთვის ცუდი არ არის, მაგრამ შენთვის რომ სასიკეთო და სასარგებლო გახდეს, თავად შენ უნდა გაინძრე. შენ უნდა დახაზო სქემები, შექმნა პროექტები და დაარწმუნო სამეზობლოც და საერთაშორისო საზოგადოებაც, რომ ასე ჯობია და არა ისე, როგორც ისინი თავს გახვევენ.

скачать dle 11.3