№45 ზონალურად კრეატიული
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
საკუთარი თავის მტრობა
თბილისში პარკირება რომ მოსაწესრიგებელია, ბრმისთვისაც ნათელია და ამას სტატისტიკაც მეტყველებს: დედაქალაქში სულ 35 000 საპარკინგე ადგილია, ხოლო, რეალურად, 600 000-ზე მეტი ავტომანქანა მოძრაობს, ამიტომაც, ბუნებრივია, თბილისის მერიამ იფიქრა, იფიქრა და თავისთვის ოპტიმალური ვარიანტიც მოიფიქრა.
კერძოდ – იმას გარდა, რომ ზონალურ პარკირებას დაგვპირდა (როგორც არც თუ ძველ და „ნაციონალური“ დროების ნოვაციას, რაც მათაც კი ვერ განახორციელეს) და უკვე ნაწილობრივ აგვისრულა, ავტომანქანის პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმის 10 ლარიდან 50 ლარამდე გაზრდის შესახებაც გვაუწყა (პარლამენტმა, ჩვენი თხოვნით, უკვე მიიღო შესაბამისი კანონიო) და ისიც, რომ პარკირების ჯარიმები, საპატრულოს ჯარიმების დარად, სპეციალურ ვებ-გვერდზე განთავსდება და ჩაბარებულადაც ჩაითვლება.
ბუნებრივია, არავინ დაობს, რომ წესები არ უნდა დაარღვიო, თუმცა ამ ინიციატივას კოჭებშივე ეტყობა, რომ მიზანი (ისევე, როგორც ზონალური პარკირების) ქუჩებში ავტომანქანების რაოდენობის შემცირებაა (როცა იცი, რომ ავტოს ვერსად გააჩერებ და თუ იქ გააჩერებ, სადაც აკრძალულია, 50 ლარის დატოვება მოგიწევს, ფეხით კი არადა, ოთხით ივლი), რათა, მათ შორის, ჩინოვნიკებიც არ შეწუხდნენ „საცობებით“.
მეორე მხრივ, როგორც უნდა იყოს (თუნდაც, მხოლოდ პარკირების მოწესრიგების მოტივით), რატომ უნდა მოგივიდეს არჩევნების წინ ჯარიმის გახუთმაგების იდეა, თუ საკუთარი თავის (პარტიისაც) მტერი არ ხარ?!