№45 სამხრეთელის ამბიციები
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
ანუ გარღვევა
რუხი ნივთიერების დეფიციტშია
მაშინ, როდესაც ჩვენი საზოგადოება, ჩვენივე მასმედიის ძალისხმევით, საეკლესიო ამბებს არჩევდა, თურქეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და თურქეთის პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართა.
მიუხედავად იმისა, რომ ვიზიტი ერთდღიანი იყო, გარდა ერდოღანისა, გახარიას თურქეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოში დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, მუსტაფა შენთოფმა უმასპინძლა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და თურქეთის მნიშვნელოვან როლს რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის და, ცხადია, თურქეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა.
თუ ამ შეხვედრისა და ამ შეხვედრისას გაკეთებული განცხადებების ფონს გადავხედავთ, ერთი მხრივ, რუსეთისა და თურქეთის თანამშრომლობას, მათ შორის, ახლო აღმოსავლეთსა და ეკონომიკურ პროექტებში, მეორე მხრივ კი, აშშ-სა და თურქეთს შორის იმ ზღვრამდე მისულ დაპირისპირებას, რომ აშშ-ს კონგრესმა აღიარა 1915 წლის სომეხთა გენოციდი, აშკარაა, რომ გახარია-ერდოღანის ვიზიტს ჩვენთვის დაფარული ქვემოტივიც ჰქონდა.
ოღონდ, რაკი იმ შეხვედრაზე არავის წამოუძახებია უწმაწური სიტყვები, მშობლიურ მედიას თავი დიდად არც მოუკლავს პროცესების გაანალიზებით, აქედან გამომდინარე კი, კვლავაც აქტუალურია ცნობილი შეგონების პერიფრაზი, სანამ პეტრე მოვიდა (ამ კონკრეტულ შემთხვევაში პეტრეს ამბები ირჩეოდა), პავლეს (ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ) ტყავი არ გასძვრესო, იმას გარდა, რომ თვალშისაცემია რუხი ნივთიერების მწვავე დეფიციტიც.