№45 მაიკო ჭაფოძე: გადაწყვეტილება უკვე მივიღე და ვნახოთ, რა იქნება იანვარში
ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი
26 ოქტომბერს ჟურნალისტი, მაიკო ჭაფოძე და მისი მეუღლე, დათო ბახტურიძე პატარა ზუკას მშობლები გახდნენ. „თბილისელები“ ულოცავს მათ შვილის დაბადებას, ჯანმრთელობას და ბედნიერ მომავალს უსურვებს.
მაიკო ჭაფოძე: ზუკა ბახტურიძე 26 ოქტომბერს დაიბადა, დილის სამ საათსა და ოცდაშვიდ წუთზე. ბოლოს ერთი სული მქონდა, როდის დაიბადებოდა. ცოტა კი გაგვაწვალა, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა. შუადღეს, 12 საათზე დამეწყო ტკივილები: ხან წელი მტკიოდა, ხან მუცელი. ერთხელ მივედი – გამომიშვეს, მეორედ მივედი – კიდევ გამომიშვეს, მთელი დღე მაწვალა, მაწვალა და ბოლოს, რომ მივედი, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ზურა დარახველიძეს, რომელმაც ჩემი მშობიარობა მიიღო.
– შენი მეუღლე დაესწრო მშობიარობას?
– ბოლო წუთამდე, გაუტკივარების დროსაც ჩემ გვერდით იყო, დაახლოებით, 6-7 საათის განმავლობაში. უშუალოდ მშობიარობის დროს ჩემი თხოვნით გავიდა გარეთ. ზუკა რომ დაიბადა, ჭიპლარი გადაუჭრეს და მკერდზე დამაწვინეს, დათო სწორედ მაშინ შემოვიდა და ფოტოები გადაუღო. ზუსტად 3 წუთით დაგვტოვა.
– მამები ხშირად მშიშრები არიან ხოლმე, ახლადაბადებულ ბავშვს ხელშიც ვერ იყვანენ. დათო როგორია?
– დათო ახლა უფრო ნერვიულობს, ვიდრე აქამდე. ზუკა რომ წამოიტირებს: ვაიმე, რა სჭირს, ხომ არ შია, რატომ ტირის, რამე ხომ არ სტკივა. ხელშიც აჰყავს, აჭმევს კიდეც, უბრალოდ, სულ შეშინებულია: თუ ხელი არ გაქვს დაბანილი, ბავშვს არ მიგაკარებს. ყველას ეკითხება, ხელი ხომ დაიბანეო. მოკლედ, ძალიან მზრუნველია. მიუხედავად იმისა, რომ ორივეს გააზრებული გვქონდა, მშობლები ვხდებოდით, არც ჩემგან და არც დათოსგან ასეთ რეაქციებს არ ველოდებოდი. არც ის მეგონა, რომ ასე შეცვლიდა ყველაფერს, ორივეს უდიდესი საზრუნავი გვექნებოდა და ასე მოვუფრთილდებოდით. რომ დაიბადა, იმ მომენტში თვალები მქონდა დახუჭული. რომ ვიკითხე: დაიბადა-მეთქი, დათოს ხმა გავიგე: კი, კი დაიბადაო, თავიდან არ ტიროდა. თვალები რომ გავახილე, ისეთი პატარა და საყვარელი იყო... ალბათ, ყველა დედისთვის ასეა, მართლაც საოცარი ემოციაა. რომ ამბობენ: ყველაფერი გავიწყდება, არც ის 9 თვე გახსოვს, არც ტკივილი – არ მჯეროდა ხოლმე. რა უნდა შეიცვალოს ერთ წამში-მეთქი – ვფიქრობდი, თუმცა მართლა ასე ყოფილა. გულზე რომ გაწვენენ, ისეთი სიტკბოა, მართლაც ყველაფერი გავიწყდება. ახლა, რაც მთავარია, ერთი მიზანი მაქვს: წონაში დავიკლო, ფორმაში ჩავდგე და ახალი წლიდან შევუდგე მუშაობას.
– ვინმე გეხმარება ბავშვის გაზრდაში?
– პირველი დღეები ცოტა რთულია, რომ წაიტირებს, არ იცი, რა უნდა, მუცელი ხომ არ სტკივა... ჭამას ვარეგულირებთ, უკვე ვხვდები, როდის შია. დედაა ჩვენთან, მეხმარება, ასევე, დედამთილიც გადმოდის ხოლმე და გვეხმარება. პირველად რომ ჩავაცვი პამპერსი, ხელები მიკანკალებდა, ყველანი ერთად ვაცმევდით, ბოლოს მივხვდით, ეს როგორ უნდა გაგვეკეთებინა. პირველად ექთანმა აბანავა, დამოუკიდებლად ჯერ არ გვიბანავებია და ფსიქოლოგიურად ვემზადები, თოთო რომ არის, უსუსური, მეშინია.
– მშობიარობამდე, მთელი ორსულობა, ძალიან აქტიური იყავი.
– კი, აქტიური ვიყავი. ფაქტობრივად, ორი კვირა მომიწია სახლში ჯდომა და არააქტიურად ყოფნა, რადგან ფეხების დასიებამ, წელის ტკივილმა და წონამ – 18 კილო მოვიმატე, თავისი ქნა. მთელი ცხოვრება, რომ 53 კილო ხარ და უცებ ამხელა წონა ხდები, სიარულიც ცოტა რთულია. თუმცა, მანამდე მე და დათო ერთად აქტიურად ვსეირნობდით, ფეხით დავდიოდით. დაახლეობით ერთ-ორ კვირაში კვებასაც გავაკონტროლებ და ახალ წლამდე ფორმაში ჩავდგები, 18-ს თუ არა, 10 კილოს მაინც დავიკლებ – ეს არის შემდეგი დასახული მიზანი. იმედია, მალე ვარჯიშსაც დავიწყებ და ესეც დამეხმარება.
– როგორ შეარჩიეთ სახელი?
– სახელზე დიდხანს ვფიქრობდით. ბოლო თვეში გადავწყვიტეთ. ბოლო წამამდე არ ვამბობდით, რას ვარქმევდით, არავინ იცოდა. ჩემს მამამთილს ჰქვია ზურა, დათოს ძმას – ზუკა და შესაბამისად, ეს გახლავთ ზუკა ბახტურიძე მესამე. ეს სახელი ძალიან მოუხდა.
– შენს ცხოვრებაში ხშირად არის სიურპრიზები: ხელის თხოვნა, ბავშვის სქესის გაგება და ასე შემდეგ. ახლაც მოგიწყო დათომ სიურპრიზი?
– მგონი, წინ მაქვს ეს ყველაფერი. ისეთი პერიოდი დაემთხვა, უამრავი ვირუსია, მეც არ გავდივარ გარეთ, სახლშიც არ მოდიან. დათო გვანებივრებს ხოლმე – ხან ყვავილებს მაჩუქებს, ხან ბუშტებს მოიტანს, ჩამოკიდებს, რომ ბავშვს უხაროდეს. ის ჯერ ვერ აღიქვამს, მაგრამ მაინც. ჯერჯერობით ასე ვარ, თან, ყველაზე დიდი და მთავარი სიურპრიზი ზუკაა.
– როგორი დედა ხარ?
– მშიშარა არ ვარ, არც ზედმეტად ყურადღებიანი, უფრო – ზომიერი და დედაც რომ ჩემ გვერდით არის, უფრო მშვიდად ვარ, გათამამებულიც. ერთადერთი, ვერ ვიტან, როცა ოთახში მარტო რჩება. მე რომ გავდივარ, ყველას ვეუბნები: დაუჯექით, უყურეთ, დაუჯექით, უყურეთ... ალბათ, შინაგანი ფორიაქი მაქვს, ზოგჯერ ხელს იდებს პირში და ცოტა ვფორიაქობ ხოლმე. ზოგადად ემოციური ვარ. მარტივად შემიძლია, ავყვე ემოციებს, უბრალოდ, მშიშარა არ ვარ და ეს, ალბათ, გადაწონის. ერთ წამში შემიძლია, საკუთარ თავს შემოვუძახო, დავამშვიდო, მობილიზება გავუკეთო – ეს მეხმარება კიდეც.
– შენი ორსულობა „რუსთავი 2-ში“ განვითარებულ მოვლენებსაც დაემთხვა.
– კი. გინდა არ გინდა, მაინც მოქმედებდა. ძალიან განვიცდიდი, ვცდილობდი, რომ ყველაფრის საქმის კურსში ვყოფილიყავი. ბოლოს აღარ მივდიოდი სამსახურში, რადგან ძალიან განვიცდიდი და არ მინდოდა, ემოციურად დავტვირთულიყავი, რადგან ამდენი ადამიანი რომ განიცდის და შენ უყურებ, არ არის მარტივი.
– რა გადაწყვეტილება მიიღე – დარჩები „რუსთავი 2-ში“ თუ გადახვალ ახლადგახსნილ რომელიმე არხზე?
– სად დავბრუნდები, ამას ახალი წლიდან ნახავთ. დიდი წარმატება მინდა, ვუსურვო ჩემს კოლეგებს, რომლებიც „რუსთავის 2-ის“ დილაში არიან და ისევ ისეთ დილას აკეთებენ, როგორიც იყო და ასევე მინდა, წარმატებები ვუსურვო ჩემს მეგობრებს, „ფორმულაზე“. მეც შევხედავ და იანვრიდან მიხილავთ რომელიმე არხზე. რაღაც გადაწყვეტილება უკვე მივიღე და ვნახოთ, რა იქნება იანვარში.