№44 დავით ღვინიანიძე: ჟიურის წევრები ფეხზე წამოდგნენ და ამ საოპერო თეატრის დასში იმ დღესვე ჩავირიცხე
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
„მსოფლიო ოპერის ვარსკვლავი“, ქართველი მუსიკოსი დავით ღვინიანიძე კლასიკური მუსიკის გამორჩეული და საამაყო წარმომადგენელია, რომელმაც აღიარებამდე ძალიან რთული გზა გაიარა.
დავით ღვინიანიძე: ექვსი წლიდან ვმღერი. როცა სკოლა დავამთავრე, მივხვდი, რომ მუსიკის გარეშე არ შემეძლო ცხოვრება. მაგრამ მშობლებისგან დიდი წინააღმდეგობა შემხვდა. დედა ექიმია, მამა აკადემიკოსი, ჩვენს ოჯახში არასდროს ყოფილა დიდი მუსიკოსი და არ იცოდნენ, საიდან უნდა ჰქონოდა მათ შვილს საოპერო მონაცემები. ახლა კარგად მესმის მათი აღელვების მიზეზი – თუ ისეთი ხმა არ აღმომაჩნდებოდა, რომლითაც მწვერვალებს დავიპყრობდი, უნდოდათ, ისეთი პროფესია მქონოდა, რომელიც „თავის შენახვის“ საშუალებას მომცემდა. აუცილებლად უნდა ჩააბარო სხვა განხრითაცო და დავთანხმდი, რომ პოლიტექნიკურში ვისწავლიდი, მეღვინეობაზე. ზუსტად ერთ წელში უნდა მოეცათ კონსერვატორიაში ჩაბარების ნება – ასეთი იყო ჩვენი შეთანხმება. ეს პირველი და ყველაზე დიდი ბარიერი იყო ჩემთვის.
– და, პარალელურად, სატელევიზიო ცხოვრებაშიც ჩაერთეთ?
– კლასიკური ვოკალის დაუფლება პროფესიონალურად ძალიან რთულია. ძალიან წარმატებული იყო ჩემი გადაცემა „ტენორი“, რომელიც ამ თემატიკას ეძღვნებოდა და გადიოდა აჭარისა და ასევე, ჩემი მშობლიური ქუთაისის ტელევიზიაზეც.
– პარალელურად საკუთარი ოცნების სისრულეში მოსაყვანად იბრძოდით. თუმცა, პირველი შეფასება, რომელიც როგორც მუსიკოსმა მიიღეთ, არ იყო მაინცდამაინც სასიამოვნო.
– პირველივე კურსიდან საოპერო თეატრის სოლისტი ვიყავი. ჯერ ქუთაისის ოპერაში მიმიწვიეს, შემდეგ – ბათუმის საოპერო თეატრში. ბავშვობაში ეზოში ვმღეროდი ხოლმე. ჩემ წინ მუსიკოსები ცხოვრობდნენ, ჩვენი საოპერო თეატრის წამყვანი სოლისტი და მისი შვილები. მახსოვს, მე რომ ვმღეროდი, ხუმრობდნენ ხოლმე, ამ ბავშვს დათვმა დააბიჯა ყურზე ფეხიო (იცინის). სიმღერა მინდოდა, მაგრამ გაგებაში არ ვიყავი. როცა ესტრადიდან კლასიკურ მუსიკაზე გადავედი და მოსასმენად კონსერვატორიაში მივედი, პედაგოგმა მითხრა: შენ არ გაქვს საოპერო ხმა და მოდი, ისევ ესტრადაზე გააგრძელე სიმღერაო. მაგრამ დიდი მონდომების და სწავლის შემდეგ, ეს პედაგოგი ჩემით ამაყობდა და ძალიან არ სიამოვნებდა იმის გახსენება, რომ ოდესღაც ასეთი რამ მითხრა. მაშინ ეს შეფასება ძალიან დიდი ტკივილი იყო ჩემთვის, მაგრამ მუსიკა იმდენად მიყვარდა, გადავწყვიტე, მემეცადინა იმდენი, რამდენიც საჭირო იქნებოდა ჩემი მიზნის მისაღწევად.
– როგორც ვიცი, იმისთვის, რომ საქართველოს მასშტაბებს გასცდენოდით, თქვენც და თქვენმა ოჯახმაც დიდი მსხვერპლი გაიღეთ მატერიალური თვალსაზრისით.
– ხშირად ცრემლებით ვიხსენებ იმ ყველაფერს. ერთ-ერთი გამოცდა მქონდა... თქვენ იცით, იმისთვის, რომ მომღერალს ენერგია ჰქონდეს, სასურველია ხორცი მიირთვას. მაშინ ძალიან უჭირდა ჩემს ოჯახს. ქვეყანაშიც დიდი გაჭირვება იყო. იმ გამოცდის წინ დედამ მოახერხა, ფული მოეგროვებინა და ჩემთვის ხორცი შეეძინა. მეტი საშუალება რომ არ იყო, მხოლოდ ჩემი ულუფა იყიდა. მომზადების დროს, ალბათ, სუნმა მიიზიდა ჩემი პატარა და და დედას სთხოვა, რომ მისთვისაც ეჭმია. დედამ ტირილით შეძლო, აეხსნა, რომ მის ძმას იმ დღეს გამოცდა ჰქონდა და ხორცის ეს ულუფა აუცილებლად უნდა მიეღო. როდესაც მიხვდნენ, რომ ამ პროფესიის გარეშე არ შემეძლო, ყველანაირად ხელს მიწყობდნენ. ხელფასით, რომელიც გადაცემებში ვიღებდი, სამასი დოლარი შევაგროვე. მშობლებმა ორასი დამიმატეს და ხუთასი დოლარით მოსკოვში წავედი, იმის მიუხედავად, რომ შვეიცარიიდან და ინგლისიდანაც იყო შემოთავაზებები.
– რუსეთში როგორი იყო გზა აღიარებამდე?
– ეს იყო ძალიან ეკლიანი გზა. რუსეთში დიდი წარმატება მას შემდეგ მოვიდა, რაც გავედი კონკურსზე, რომელშიც 186 კაცი იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნიდან და ყველას თეატრის სოლისტობა უნდოდა. პირველი არიის შემდეგ მთხოვეს, კიდევ ერთი შემესრულებინა და მე ფედერიკოს გოდება ვიმღერე. იმდენად ემოციური და ვირტუოზული იყო ჩემი შესრულება, რომ ჟიურის წევრები ფეხზე წამოდგნენ და მეორე ტურის გარეშე, იმ დღესვე ჩავირიცხე ამ საოპერო თეატრის დასში. ეს იყო პირველი ძალიან დიდი აღიარება. მაშინ ორიათასიანი წლები იყო და რუსეთიც არ ყვაოდა ეკონომიურად. ასი დოლარი მქონდა ხელფასი და ოთახში, რომელიც ნაქირავები მქონდა, სამოც დოლარს ვიხდიდი. ძალიან მიჭირდა, ხელფასი თვიდან თვემდე არ მყოფნიდა. ზოგჯრ ბაზარში მივდიოდი და სპეციალურად, ვადაგასულ პროდუქტებს ვყიდულობდი, რომ თავი გამეტანა. არ მინდოდა, როგორც მომღერალს, რესტორნისკენ გამეხედა. ჩემმა ერთ-ერთმა პედაგოგმა მითხრა, რაც არ უნდა მოხდეს შენს ცხოვრებაში, დაიმახსოვრე, რესტორანში არასოდეს იმღერო, თორემ ამ იარლიყს ვეღარასდროს ჩამოიშორებო. მიჭირდა, მაგრამ ამ პროფესიის სიყვარულმა გამაძლებინა. პირველი მოსწავლე რომ ავიყვანე, უბედნიერესი ვიყავი, შემდეგ მათი რაოდენობა ძალიან გაიზარდა. სკოლაშიც დავიწყე პედაგოგად მუშაობა და თანდათან გაჭირვება დავძლიე. მალე დაიწყო ძალიან წარმატებული კარიერა. მიწვევები სხვადასხვა საკონცერტო დარბაზებიდან და თეატრებიდან, გასტროლები... გადავწყვიტე, ჩემი ფონდი ჩამომეყალიბებინა, რომ ბევრი საქველმოქმედო პროექტი გამეკეთებინა. ეს ფონდი – „მსოფლიო ტალანტები“ დღემდე არსებობს სამ ქვეყანაში. ბედნიერი ვარ, რომ ღმერთმა ნიჭიერი ახალგაზრდების დახმარების საშუალება მომცა. პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში 2006 წელს მქონდა გასტროლი და ყველაფერი ამით დაიწყო. მივხვდი, ეს იყო ქვეყანა, სადაც უნდა მეცხოვრა. 2008 წელს, როგორც გამოჩენილ მომღერალს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „მწვანე ბარათი“ მომცა. მაგრამ, რადგან სხვადასხვა ქვეყანაში ბევრი გასტროლი და გეგმა მქონდა, მხოლოდ 2016 წელს შევძელი საბოლოოდ რუსეთის დატოვება და ამერიკაში გადმოსვლა. თუმცა, აქ მანამდეც მქონდა რამდენიმე დიდი წარმატება, არაერთი დიდი კონცერტი „კარნეგი ჰოლის“ სცენაზე. ჩემი ფონდის ეგიდითაც ბევრი კონცერტი ჩატარდა და მივხვდი, რომ ჩემი შესაძლებლობები აქაც ძალიან დიდ წარმატებას მომიტანდა, მაგრამ არ ველოდი, რომ ამდენი რამის შექმნას ასე უცებ, სამ წელიწადში მოვახერხებდი. ჩამოსვლიდან ერთ თვეში ფონდი „მსოფლიო ტალანტები“ ამერიკაშიც დაარსდა. „კარნეგი ჰოლმა“ მოგვცა უფლება, გამოგვეყენებინა მისი სახელი ჩვენი ფესტივალის დასახელებაში. შემდეგი დიდი წარმატებაა ის, რომ ჩვენი საერთაშორისო კონკურსი, რომელში გამარჯვებულებიც ფულად პრემიებს იღებენ, უკვე მესამედ ჩატარდება. ჩვენს კონკურსებში „მეტროპოლიტენის“ სოლისტები იღებენ მონაწილეობას და ძალიან ბევრი ნიჭიერი საოპერო მომღერალი გახდა გამარჯვებული. ამერიკის პრესამ ეს კონკურსი ყველაზე ობიექტურ კონკურსად შეაფასა. მესამე და უდიდესი წარმატება ისაა, რომ ქალაქ ფილადელფიაში დაარსდა ჩემი სახელობის კულტურის ცენტრი. ასეთი ცენტრები ამერიკის სხვა ქალაქებშიც გაიხსნება. ეს ყველა წარმატებული მუსიკოსისთვის დიდი ოცნებაა და ყველაფერი ხალხის ძალიან დიდი სიყვარულის შედეგია.
– საუბარი წარმატებისკენ მიმავალ გზაზე არსებული სირთულეებით დავიწყეთ და მინდა, მომიყვეთ ალექსანდრე ზაზარაშვილზე, ვისაც ამ გზის გავლა თქვენ გაუმარტივეთ.
– „გზა კარნეგი ჰოლისკენ“ – ეს პროექტი უამრავ ნიჭიერ მუსიკოსს აღმოაჩენს. შეირჩა 11 ბავშვი, ისინი აბსოლუტურად უანგაროდ ჩამოვიდნენ ამერიკაში და „კარნერგი ჰოლის“ სცენაზე, ძალიან დიდ კონცერტზე მოახერხეს მაყურებლის ფეხზე დაყენება. ამ კონკურსში ერთ-ერთი წარმომადგენელი ალექსანდრე ზაზარაშვილი იყო, რომელმაც 36 ლარი ძლივს მოაგროვა იმისთვის, რომ თბილისში მოსმენაზე ჩამოსულიყო. როცა ის სცენაზე გამოვიდა და პირველი ბგერა გააჟღერა, ჟიურის თითოეულ წევრს საოცარი რეაქცია ჰქონდა. განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეს მის მიმართ. პირველმა მან გაიმარჯვა ჩვენს კონკურსში და იხსენებს ხოლმე, როგორ არ ეძინა ღამეები, სანამ შედეგებს გაიგებდა. იცით, რომ მას დიდი წარმატება ხვდა წილად, ბევრ რამეზე უარის თქმა მოგვიწია და წინ კიდევ ძალიან დიდი წარმატება ელოდება. პირველად ხდება, რომ ჩვენი კონკურსიდან ბავშვი ამხელა მასშტაბის წარმატებას აღწევს და ძალიან ბედნიერი ვარ, ამ ყველაფრის ორგანიზება რომ შევძელი. ალექსანდრეს რომ ამხელა ტალანტი არ ჰქონოდა, ეს შეუძლებელი იქნებოდა. ისაა ბავშვი, რომელიც ალბათ, ას წელიწადში ერთი იბადება. თუმცა, ძალიან ბევრი ახალგაზრდაა, ვისაც გზის გაკვალვაში დახმარება სჭირდება და ბედნიერებაა, რომ ეს შევძელი. მანაც ისევე გაიარა გაჭირვების პერიოდები, როგორც მე. ჩვენ ძალიან დაგვაახლოვა საერთო ისტორიამ. ალექსანდრემ ისეთი სითბო მაჩუქა და ალბათ, მეც – მას, რომ ყოველთვის, როგორც მამა, ისე ვიქნები მის გვერდით.