№44 რატომ აჯანყდნენ ორბელები გიორგი მესამის წინააღმდეგ და როგორი წესით უნდა დაქორწინებულიყო დემნა უფლისწული
ნინო კანდელაკი გია მამალაძე
ორბელიანთა გასომხებული შტოს წარმომადგენელი, სომეხთა მღვდელმთავარი სტეფანოს ორბელიანი გადმოგვცემს, თითქოს, 1177 წელს შეთქმულები მეფე გიორგი მესამეს გადაყენებას უპირებდნენ და არა მოკვლას. სტეფანოსის თქმით, შეთქმულების გეგმით, მეფე გიორგი უნდა დასჯერებოდა იმ ნაწილს ქვეყნისას, რომელიც მისთვის მამას, დიმიტრი პირველს გამოუყვია თავის დროზე.
აქ ლაპარაკი უნდა იყოს საუფლისწულო მამულზე, თითქოს, მეფე დიმიტრიმ თავის მეორე ვაჟს რომ გამოუყო. ქართული წყაროებით ვიცით, რომ სინამდვილეში, დიმიტრი მეფემ, თავისი უფროსი ვაჟის, დავით მეხუთის გარდაცვალების მერე, თანამოსაყდრედ გამოაცხადა მეორე ძე, გიორგი.
ქართული გადმოცემით, არ ჰყვარებია მეფე დიმიტრის უფროსი ვაჟი, დავითი. მან ხომ ორჯერ მოუწყო შეთქმულება მამა-მეფეს და საბოლოოდ, გადააყენა. შესაძლოა, დიმიტრი მეფის გადაწყვეტილება გიორგის გამეფებისა, ითვალისწინებდა კიდეც სამეფო მემკვიდრეობის გაგრძელებას გიორგის ხაზით. ამგვარად, გიორგი დიმიტრის ძისთვის საუფლისწულოს გამოყოფის ამბავი, რასაც სტეფანოს ორბელიანი გვიამბობს, მართალი არ უნდა იყოს, რადგან საუფლისწულოს გამოუყოფენ ხოლმე მეფის ძმა უფლისწულებს და არა მეფეებს.
თუმცა, ლეგიტიმიზმით დადგენილ ტახტის მემკვიდრეობის საკითხში ცვლილებები ვერ მოხდა, ანუ შეთქმულთა წარმოდგენით, მეფე გიორგი მესამის ხაზით მემკვიდრეობას გაგრძელება არ ეწერა, რადგან, მეფეს მხოლოდ სამი ქალიშვილი ჰყავდა. მაშინდელ საქართველოში წარმოუდგენლად ეჩვენებოდათ ქალის ტახტზე ასვლა, რადგან ქალი სარდალი ვერ იქნებოდა და ჯარს ვერ გაუძღვებოდა ბრძოლაში. ამრიგად, შეთქმულების აზრით, ტახტის მემკვიდრე შეიძლება, ყოფილიყო მხოლოდ დემნა, მეფე გიორგის ძმისწული.
სტეფანოს ორბელიანი დიდად აქებდა თავის ნათესავ-წინაპრებს. თითქოს, გიორგი მესამის დროინდელი საქართველოს გამარჯვებებში, ძალიან მნიშვნელოვანი, ზოგჯერ გადამწყვეტი როლი ჰქონდა ივანე ორბელს და მის ძმას.
სტეფანოსის მტკიცებით, მეფე გიორგის ტახტზე ასვლითა და სპასალარად ივანე ორბელის დამტკიცებით, „მიეცა ფართოება სამეფოსა მისსა, და მრავალი ომი გადაიხადა თავით თვისით. და შემწეობითა მხნისა სპასალარისა ივანესითა ყოველი სპარსეთი და თურქისტანი შეაძრწუნა. ამან გიორგიმან აიღო ანის ქალაქი... და ყოველი ქვეყანა შირაქისა და უბოძა ამირსპასალარსა ივანეს, ძესა დიდისა სუმბატ ორბელიანისა, და დაემკვიდრა მათ მამულად. ივანემ დაამარცხა ერთგზის შაჰიარმენ, რომელიც მოსულიყო 40 000 კაცით ანის ქალაქზე. თუმცა შეეწეოდა მას მეფე გიორგი, მაგრამ ესე იყო მებრძოლი“.
ესე იგი, მეფე კი შეეწეოდა, მაგრამ, მთავარი მებრძოლი იყო ივანეო.
შემდეგ, ივანე ორბელის შესახებ სტეფანოს ორბელიანი წერს: ივანემ „ერთგზის ლტოლვილ-ჰყო დიდი ათაბაგი ელიტიკოზი მინდორსა გაგისა, რომელიც მოსულიყო 100 000-ითა კაცითა გიორგისა ზედა. და ენება ამოწყვეტა ყოველთა ქართველთა და შეპყრობა მეფისა, რომლიც დიდი მანქანებით და სიმკაცრისა მხნეობით ეგოდენ შეაწუხა ივანემ, ვიდრე საშუალსა ღამისასა დატოვეს კარავნი, საჭურველნი და ურიცხვნი უნჯნი, და თავადნი ლტოლვილ იქმნენ. თუმცა ყოველსა ამას ჰყოფდა და სხვასაცა ამას ღვაწლსა სდებდა და დიდ-დიდსა საქმესა მოქმედებდა სასარგებლოსა მეფისასა“.
თითქოს, ათაბაგის შემოჭრისას, ივანე ორბელიანის გეგმითა და ტაქტიკით გაუმარჯვიათ ქართველებს.
სინამდვილეში, ქართული წყაროებით და სხვა მონაცემებითაც ვიცით, რომ მეფე გიორგი მესამე დიდი მეომარი გახლდათ და კარგი სარდალი. სწორედ, იმიტომაც, ადიოდნენ ტახტზე მხოლოდ მამაკაცები, რომ ბრძოლებში მათი მეთაურობა იყო აუცილებელი და გადამწყვეტი. მართალია, ჩვენი ხელმწიფე დამჯერი ადამიანი გახლდათ და ყურს უგდებდა ხოლმე დიდებულების თათბირს, მათ შორის, ბრძოლებშიც, მაგრამ, სარდალი და გამარჯვებების მთავარი ავტორიც ის იყო.
სტეფანოს ორბელიანის მიერ ივანე ორბელის გადაჭარბებული ქება გასაგებია, ის ადიდებდა საკუთარი გვარის წინაპარს და მას სძულდა მეფე გიორგი.
სტეფანოს ორბელიანს შემდეგ ცნობაში კი უნდა ვენდოთ, ალბათ. იგი წერს: მეფე გიორგი „თვალღებით, უდიდესისა დიდებითა და პატივითა აღამაღლებდა მას (ივანე ორბელს - გ. მ.), გარნა მოშიშობდა მარადის გულსა შინა ყრმისა მისთვის, რომელიც მისდა იყო შევედრებულ, და ეძიებდა ჟამსა მარჯვესა, რათა ევნო მისთვის ფარულითა მანქანებითა, და ვერა ჰპოვებდა. იცოდა ეს ივანემცა“.
მართლაც, შესაძლოა, მეფეს, ბოლო ხანს ჰქონდა ეჭვი ივანე ორბელისადმი, რადგან, უფლისწული დემნა, როგორც ჩანს, ივანესთან იზრდებოდა და მისი ქალიშვილიც მოიყვანა ცოლად.
დემნას, როგორც ტახტის მემკვიდრეს, ცოლად უნდა მოეყვანა თანასწორი სტატუსის მქონე ქალი, სამეფო ან სამთავრო ოჯახიდან. ასეთი იყო წესი დიდ საქართველოში. მართალია, ამ წესის დარღვევა ტახტის მემკვიდრეობიდან, ალბათ, ვერ გამორიცხავდა უფლისწულს, მაგრამ, მაინც არასასურველი იქნებოდა.
შეიძლება, დემნა უფლისწულმა იმიტომ ითხოვა ივანე ორბელის ქალი, რომ ორბელების ძალიან გავლენიანი ოჯახის საშუალებით ასულიყო ტახტზე. მაგრამ, ეს არ მგონია, მართალი იყოს, რადგან მეფე გიორგის გარდაცვალების შემთხვევაში, ის ისედაც ავიდოდა ტახტზე, რადგან სხვა ვაჟი ბაგრატიონთა სამეფო ოჯახში არ იყო. დემნას მხოლოდ უნდა დაეცადა თავისი დროისთვის.
ალბათ, სიყვარულით დაქორწინდა დემნა უფლისწული ივანე ორბელის ასულზე. ისინი, ხომ, სავარაუდოდ, ერთად გაიზარდნენ და შეიძლება, ბავშვობიდან შეუყვარდათ ერთმანეთი.
უფრო დიდებულების, განსაკუთრებით ორბელების, ამბიციის მსხვერპლი მგონია ჩვენი უფლისწული დემნა. ორბელების საგვარეულოს გაუჩნდა შანსი, მათი წარმომადგენელი გამხდარიყო დედოფალი. ეს ძალიან, ძალიან დიდი პატივი იქნებოდა და კიდევ უფრო დააწინაურებდა ორბელებს. გარდა ამისა, მომავალი მეფეც, დემნას ვაჟი, დედით ორბელიანი იქნებოდა, ორბელთა წრეში გაზრდილი და ბუნებრივად, ნათესავთა მოყვარე. ესეც დიდ პერსპექტივებს უსახავდა ორბელებს. სწორედ, ასეთი შესაძლო ნეპოტიზმის თავიდან ასაცილებლად არსებობდა წესი, რომ ხელმწიფე უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, თუნდაც, ვასალის ასულზე უნდა დაქორწინებულიყო და არა ქვეშევრდომზე.
მაგრამ, მხოლოდ, ორბელების ამბიციის გამო არ მომხდარა აჯანყება. რადგან, ვიცით, რომ აჯანყებაში თავიდან ჩართული იყვნენ სხვა გვარის დიდებულები, რომელთაგან ბევრი ორბელთა კონკურენტი იყო და რომლებსაც ორბელების კიდევ უფრო აღზევება ხელს არ აძლევდათ.
აჯანყებამ შეძრა საქართველოს სამეფო...