№44 მეორედ გათხოვების გამო შვილებმა ზურგი მაქციეს და გერებს ვზრდი
მიუხედავად იმისა, რომ ადრეულ ასაკში გავთხოვდი, საკმაოდ კარგი დედაც ვიყავი, ცოლიც და დიასახლისიც, თუმცა, მაინც დამენგრა ოჯახი. ეს არც დედამთლის ბრალი ყოფილა და არც ქმართან ცუდი ურთიერთობის. უბრალოდ, ერთ დღესაც მივხვდი, იმ ოჯახში უსიყვარულოდ ვცხოვრობდი, ვერც ქმრის მიმართ განვიცდიდი რაიმე ვნებას და იქ, უბრალოდ, შვილების გამო ვჩერდებოდი. ჰოდა, ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, ქმარს გავშორებოდი. წამოვედი და შვილებიც თან წამოვიყვანე. ორივე ბავშვი ისე გავზარდე, არაფერი მომიკლია, სულ გვერდით მყავდნენ, წამით არ მიმიტოვებია. ყოფილი ქმარიც მეხმარებოდა და დედამთილიც. მათთან დღემდე ცივილური ურთიერთობა მაქვს. მოკლედ, ორი წლის წინ გავიცანი მამაკაცი, რომლის მიმართაც სასწაული ლტოლვა ვიგრძენი. მივხვდი, ეს ის ადამიანი იყო, ვის გვერდითაც კარგად ვიქნებოდი, ვნებიანი სიყვარულიც მექნებოდა და რომანტიკაც. დაქალებს რომ ეს ამბავი გავანდე, მირჩიეს: არ გინდა სიტუაციის გართულება და ყოფილ ქმართან და შვილებთან ურთიერთობის დაძაბვა. თუ ასე მოგწონს და გინდა ის კაცი, მისი საყვარელი იყავი და ამ ამბავს საერთოდ ნუ გაახმაურებო. ბუნებით ერთგული და მეოჯახე ვარ, არ მიყვარს, როცა რაიმეს ვმალავ. ჰოდა, გადავწყვიტე, ყველაფრისთვის თავისი სახელი დამერქმია. ანუ, საყვარლობას და მალულ შეხვედრებს მეორედ გათხოვება ვამჯობინე. იმ კაცს ცოლი გარდაცვლილი ჰყავს და ორ შვილს დამოუკიდებლად ზრდიდა. მართალია, და ეხმარებოდა, მაგრამ მასაც მისი ოჯახი აქვს და ყოველდღიურად მათთან სიარული უჭირდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, რამდენჯერმე შევხვდი ჩემს ახლანდელ მეუღლეს, გავიცანი მისი და და შვილები და დაოჯახება გადავწყვიტეთ. ეს რომ ჩემს შვილებს ვუთხარი, გადაირივნენ: ამხელა ქალი ხარ, რაღა დროს შენი გათხოვებაა, თან, იმ კაცს შვილები ჰყავს და მათი მონა გინდა გახდეო? მეწყინა, მეტკინა, მათი ასეთი დამოკიდებულება. მესმის, მამასთან იმდენად კარგად არიან, სხვა კაცის გვერდით ჩემი დანახვა გაუჭირდებოდათ, მაგრამ ასეთ მკაცრ რეაქციას, მაინც არ ველოდი. არავის ვუგდე ყური, მაინც გავყვევი ცოლად, იმ იმედით, რომ ცოტას გაიფხუკებოდნენ და მერე, შემირიგდებოდნენ. თუმცა, შევცდი. ჩემმა შვილებმა ზურგი მაქციეს, ჩემ გარეშე ყოფნა არჩიეს და ქმარის სახლში საცხოვრებლად არ წამომწყვნენ. ასე რომ, მომიწია 24 და 20 წლის ქალ-ვაჟის მარტო დატოვება და თავად ორ გერს ვზრდი. ჩემს ყოფილ ქმარს არ აღუქვია ისე მწვავედ ჩემი მეორედ გათხოვება, როგორც მათ. არადა, ამ კაცის გვერდით თავს დაცულად და მშვიდად ვგრძნობ, მაგრამ სრულყოფილი ბედნიერებისთვის ჩემი შვილები მაკლია. მათ კი დისტანცია უჭირავთ, ერიდებიან ჩემთან შეხვედრას. გამუდმებით ცდილობენ, თავი ამარიდონ. იმედია, გავა დრო და მიხვდებიან, არაფერი დამიშავებია. უბრალოდ, არ მინდოდა საყვარლის სტატუსი მქონოდა, მეც მინდოდა ოფიციალური ოჯახი, საყვარელი კაცის გვერდით მშვიდად ცხოვრება და თუ ამის გამო, შვილებიან კაცს გავყევი, დავაშავე რამე? იმ ბავშვებს, რომლებიც 12 და 9 წლის არიან და საკმაოდ ადრიანად დაობლდნენ, დედის სითბო და ალერსი ვაჩვენე, გულში ჩავიხუტე და ამის გამო, ვფიქრობ, ღმერთი საკუთარ შვილებს არ დამაკარგვინებს. კიდევ ვამბობ, საყვარლობას, ცოლობა ვარჩიე და ამის არპატიება შვილებისგან, ვფიქრობ, დანაშაულია. ახლა ვერ მიგებენ, თუმცა იმედი მაქვს, გავა წლები და მიხვდებიან, ისინი არ მიმიტოვებია, კაცში არ გამიცვლია და არც ცუდი მინდა საკუთარი შვილებისთვის. რა ვქნა, ასე გამოვიდა, ასე აეწყო ჩემი ცხოვრება. ყველა დედა მეზიზღება, რომელიც საკუთარ შვილს ტოვებს, კაცს გაეკიდება და დედაშვილობას სხვის სიყვარულში გაცვლის, მაგრამ მე ასე არ მოვქცეულვარ. უბრალოდ, შემიყვარდა, შევუყვარდი, არც ჩემი შვილები დამვიწყებია და მიმიტოვებია, პირიქით, მათ სახელზეც ვიზრუნე და უკადრებელი არ გავაკეთე. არც იმ კაცის შვილებისთვის ვარ ცუდი დედინაცვალი. ძალიან მინდა, ჩემი შვილები შემირიგდნენ და ერთად ვიცხოვროთ, მაგრამ თუ მაინც არ მაპატიეს, სხვა გზა არ მაქვს, შორიდან დავეხმარები, დავუდგები გვერდით და ყოველთვის შევახსენებ, რომ ისინი საკუთარი ბედნეირების გამო არ მიმიტოვებია.
ნინა, 44 წლის.