№44 დღის რომელ პერიოდშია კარგი თმის დაბანა და რატომ უნდა დაასვენოთ ფრჩხილები
ნინო კანდელაკი ანი რევია
დამღლელი სამუშაო გრაფიკისა და დროის უქონლობის გამო, ადამიანი კანის, თმისა და ფრჩხილების მოვლას საკმარის დროს ვერ უთმობს. არადა, მხოლოდ დაბანა და ფრჩხილზე ლაქის წასმა, თავის მოვლას არ ნიშნავს.
ზაფხულის თაკარა მზეზე თმა განსაკუთრებულად ზიანდება – შრება, მბზინვარებას კარგავს, იყოფა თმის ბოლოები, რაც შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ხდება შესამჩნევი და თვალშისაცემი. ამას გარდა, თმას ხშირი დაბანა, დავარცხნა, შეღებვა და არასწორი დასაბანი საშუალებების გამოყენებაც აზიანებს. დაზიანებული თმის აღსადგენი ბევრი საშუალება არსებობს, მათ შორის ყველაზე ეფექტურად თმის ნიღბები მიიჩნევა, მაგრამ ის ყველამ ინდივიდულურად უნდა შეარჩიოს. სამკურნალო ნიღაბი თმის დაზიანებული ბოჭკოების აღდგენაში დაგეხმარებათ და მას ტენიანობასა და მბზინვარებას დაუბრუნებს. გამოიყენეთ ისეთი პროდუქცია, რომლებიც არც ზედმეტი ცხიმის გამოყოფას გამოიწვევს და არც თავის კანს გამოაშრობს. მნიშვნელოვანია ისიც, დღის რომელ მონაკვეთში დაიბანთ. მაგალითად, საღამოს დაბანის შემდეგ, თმა კანქვეშა ნივთიერებებს გამოყოფს, რომლებიც მას მთელი ღამის განმავლობაში მბზინვარებას უკარგავს. ამიტომაც, ყველანაირი ტიპის თმისთვის დილით დაბანა ჯობია. თუ საცურაო აუზზე დადიხართ და თმის დაბანა ყოველდღიურად გიწევთ, ქლორისგან ისედაც დაზიანებული სტრუქტურა კიდევ უფრო რომ არ გაუარესდეს, ნუ გამოიყენებთ შამპუნსა და კონდიციონერს. ქლორი, უბრალოდ, თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
რუჯის მიღებისას კანის სრულყოფილად დაცვას, მაღალი ხარისხის დამცავიც კი ვერ უზრუნველყოფს. ნამზეურის შემდეგ, პიგმენტური ლაქები რჩება, კანი იჭიმება და შრება. ეცადეთ, ზაფხულში გარუჯულ კანზე ისეთი კრემები იხმაროთ, რომელიც კანს პიგმენტური ლაქებისგანაც წმენდს. სასურველია, მათში შემავალ ინგრედიენტებს შორის A და E ვიტამინები იყოს. პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად ნიღბებიც არსებობს, რომლებიც მხოლოდ ღამის საათებში უნდა გამოყენოთ. მათი მიზანი, ლაქების გაქრობა და გამომშრალი კანის დატენიანებაა. თუმცა, დატენიანებასთან ერთად, კანის გაწმენდაც აუცილებელია. კანის გამწმენდი ეფექტური საშუალება კი თავადაც შეგიძლიათ დაამზადოთ: ერთმანეთში აურიეთ შაქარი, რძე და რამდენიმე სახის დაჭყლეტილი ხილი – მაგალითად, ყურძენი, ნებისმიერი სახის კენკრა ან ფორთოხალი. მიღებული მასა სახეზე თვეში ერთხელ წაისვით.
კანის მოვლის ერთ-ერთი პოპულარული საშუალებაა, აბუსალათინის ზეთი. მისი დახმარებით იოლად აღიდგენთ სახის კანის სტრუქტურას – დაუმატეთ ზეთს მცირე რაოდენობით ლიმონის წვენი და წაისვით დაძინებამდე ნახევარი საათით ადრე.
რაც შეეხება ფრჩხილებს, მათი პრობლემის გამომწვევი რამდენიმე მიზეზი არსებობს, მაგალითად, წყალი და ქლორიანი აუზები. წყალი ბაქტერიებს ამრავლებს და სოკოს წარმოქნის საფრთხესაც ქმნის. ამიტომ, ზაფხულის შემდეგ ფრჩხილების მტვრევა და გამოშრობა, ხშირია. ფრჩხილების სტრუქტურის აღსადგენად, სპეციალური დამატენიანებელი კრემები უნდა გამოიყენოთ. მოვლილი ფრჩხილი, მხოლოდ ლამაზად წასმულ ლაქს არ ნიშნავს, ლაქი უბრალოდ, დროებით ფარავს დეფექტს. ჭუჭყი და ლაქის ნარჩენები მოიშორეთ სითხით, რომელიც არ შეიცავს აცეტონს, წინააღმდეგ შემთხვევაში ფრჩხილი გამოშრება. წაუსვით საპონი კბილის ჯაგრისს და ფრთხილად დაამუშავეთ ფრჩხილები – ეს მოგაშორებთ კანის მკვდარ, გაუხეშებულ უჯრედებს. გამოიყენეთ დამცავი ბაზა, რადგან, შიდა დამცავი ბაზა იცავს ფრჩხილს ლაქისგან და ამავდროულად, ლაქის ფერს უფრო მკვეთრსა და ლამაზს ხდის. იმისთვის, რომ ლაქი ხანგრძლივად შეინარჩუნოთ, არ დაგავიწყდეთ ზემოდან დამცავი ფენის გადასმა. ფრჩხილის ლაქის შეძენისას, ეტიკეტზე, დააკვირდით მასში შემავალ ნივთიერებებს და გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ. ზოგიერთი ლაქი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ტოქსინებს შეიცავს, როგორებიცაა: დიუბუტილ ფტალტატი, ფორმალდეჰიდი და ტოლუენი. ისინი უკარგავენ ფრჩხილს ბუნებრივ მბზინვარებას, იწვევენ მის დაყოფას და მტვრევას. თვეში რამდენიმე დღე, დაასვენეთ ფრჩხილები ლაქისგან, მიეცით აღდგენისა და გამაგრების საშუალება. გახსოვდეთ, ლაქის მუდმივად ტარება აშრობს, ფერს უცვლის და ასუსტებს ფრჩხილებს.