№44 თირკმლის თანდაყოლილი ანომალიები
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
თირკმლის განვითარების ანომალიები თირკმლის აგებულებისა თუ ფუნქციის თანდაყოლილი დარღვევაა და თანდაყოლილ მანკებს შორის ყველაზე ხშირია. ერთი თირკმლის ანომალიის დროს სიმპტომები არ შეინიშნება, ორივე თირკმლის დაზიანებისას კი შესაძლოა, გამოვლინდეს:
* ტკივილი წელის არეში (განუწყვეტელი);
* არტერიული წნევის მომატება;
* შეტევითი „კოლიკები“ – მწვავე, პერიოდული ტკივილი წელის არეში;
* ჰემატურია (შარდში სისხლის არსებობა);
* შეცვლილი შარდი (შემღვრეული, ქაფიანი, „ხორცის ნარეცხის“ ფერი);
* სხეულის ტემპერატურის მომატება შემცივნებით;
* შეშუპებისადმი მიდრეკილება;
* ვარიკოცელე (სათესლე პარკის ვენების გაფართოება);
* გაძლიერებული წყურვილი, სიმწარის გემო პირში;
* თავის ტკივილები (შარდსაწვეთთან ერთად);
* გაორმაგება (ერთ-ერთი თირკმელი გაორმაგებულია);
უმრავლეს შემთხვევაში, თირკმლის განვითარების ანომალიების მიზეზები უცნობია. უფრო ხშირად კი მათ გენეტიკური დაავადებები და მავნე ფაქტორები განაპირობებენ. მავნე ფაქტორებიდან, რომლებიც ორსულობის დროს ნაყოფზე მოქმედებს, გამოიყოფა – მედიკამენტები, სიგარეტი, ალკოჰოლი, ნარკოტიკული საშუალებები, ფიზიკური ფაქტორები (მაღალი ტემპერატურა, გამოსხივება).
პროცესის უსიმპტომოდ მიმდინარეობისას მკურნალობა საჭირო არ არის, მაგრამ თუ პაციენტს ჩივილები აქვს, მაშინ აუცილებელია კონსერვატიული მკურნალობა, რაც მოიცავს დიეტოთერაპიას, არტერიული წნევის დამწევ საშუალებებს, ანტიბაქტერიულ პრეპარატებს.
თირკმლის ანომალიათა უმრავლესობა ოპერაციულ მკურნალობას საჭიროებს. სიცოცხლესთან შეუთავსებელი ზოგიერთი ანომალია კი (მაგალითად, ორმხრივი მულტიკისტოზური თირკმელი) დაბადებისთანავე იწვევს ახალშობილის სიკვდილს.
თუ ანომალია მხოლოდ ერთი თირკმლისაა ან უმნიშვნელოდ აქვეითებს თირკმლის ფუნქციებს, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის.
თუ დროულად ვერ ამოიცნეს ან სწორად ვერ შეაფასეს ანომალია, შესაძლოა, განვითარდეს გართულებები – ჰიდრონეფროზი, მწვავე ან ქრონიკული პიელონეფრიტი, შარდკენჭოვანი დაავადება, თირკმლის ატროფია, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა.
თირკმლის თანდაყოლილი ანომალიების განვითარების პრევენცია გულისხმობს ორსულისგან გარკვეული ღონისძიებების შესრულებას, ესენია: ორსულობის დაგეგმვა და მომზადება, მეან-გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტები, დიეტის დაცვა, სპეციალური ვიტამინების მიღება, ორსულის სამკურნალო ფიზკულტურა. ამასთან, დაუშვებელია ალკოჰოლი, სიგარეტი, ნარკოტიკები, ასევე, გარკვეული მედიკამენტების მიღება, სტრესული ნერვულ-ფსიქიკურ-ფიზიკური დატვირთვები.