№44 რატომ არ ეშინიათ ქალებს ცოლიან მამაკაცებთან ურთიერთობის და რაში სჭირდებათ ეს
ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე
ფსიქოლოგებს არაერთგვაროვანი მოსაზრება აქვთ სასიყვარულო სამკუთხედის შესახებ. პლუსები და მინუსები ცოლიან მამაკაცთან ურთიერთობაში, რა თქმა უნდა, არსებობს. რისკებიც ამ ურთიერთობის თანმდევია. ძნელი სათქმელია, რატომ აბედნიერებს ზოგიერთ ადამიანს სახიფათო კავშირი ან აბედნიერებს კი საერთოდ? სკანდალი, ნერვიულობა, ცრემლები... ნუთუ ეს არის ბედნიერება? რა თქმა უნდა, ბედნიერების გასაზომად ყველას ჩვენი კრიტერიუმი გვაქვს, თუმცა, მთავარია, თქვენი ბედნიერება სხვისი უბედურების ხარჯზე არ ააგოთ, რადგან ის ძალიან მყიფე და მტკივნეული იქნება. მაინც რა აიძულებს გათხოვილ ქალს, უღალატოს მეუღლეს და პრობლემები შეუქმნას საკუთარ თავს.
მარიკა (43 წლის): შეცდომის დაშვება ნებისმიერ ასაკში შეიძლება. ახლა ამ გადმოსახედიდან მიმაჩნია, რომ ჩემი საქციელი შეცდომა იყო. თუმცა, იმ პერიოდში საკუთარ თავს ვეუბნებოდი – შენ დიდი და დამოუკიდებელი გოგო ხარ, რომელმაც ზუსტად იცის, რა უნდა ცხოვრებისგან. თამამი იყავი. ბედნიერებაზე უარი არ თქვა.
– როგორც თქვით, გათხოვილი იყავით, მეუღლესთან ურთიერთობით კმაყოფილი და ამ დროს, უეცრად, ცოლიან მამაკაცთან დაიწყეთ ურთიერთობა. რაში გჭირდებოდათ ეს?
– ალბათ, თქვენ ფიქრობთ: „რა კოშმარია. რამ გადარია ეს ქალი. რატომ არ რცხვენია საკუთარი საქციელის?“ მოდით, ასე ვთქვათ: ყველა მედალს აქვს ორი მხარე. მე ვარ ცოლი და ვიყავი საყვარელიც. მე და ჩემმა საყვარელმა ერთმანეთი საკმაოდ ბანალურად გავიცანით – სოციალურ ქსელში. ორივე ქორწინებაში ვიყავით და ინტერნეტსივრცეში ვეძებდით იმ დეფიციტის შევსებას, რომელიც ალბათ, გვაკლდა ჩვენს ოჯახურ ცხოვრებაში.
– რა დეფიციტზე საუბრობთ. რა იყო ეს – სიყვარული? ყურადღება? სითბო?
– ალბათ, ყველაფერი ერთად. ეს დეფიციტი ისე გაჩნდა, ვერც კი მივხვდი. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. დავიწყეთ მეგობრობით და ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ მასთან განშორება არ შემეძლო – ერთად ძალიან მხიარულად ვიყავით. ჩემი ყველა საზრუნავი მავიწყდებოდა. ზოგჯერ გვეჩვენებოდა, რომ ყველაფერი ბევრად უფრო სერიოზულ სახეს იღებდა და ასეთ მომენტებში მეშინოდა. არც ქმრის მიტოვება მინდოდა და არც ოჯახის დანგრევა.
– ანუ, ქმარიც გინდოდათ და საყვარელიც?
– მე, რა თქმა უნდა, მესმოდა, რომ ასე სამუდამოდ ვერ გაგრძელდებოდა. თუმცა, სანამ ჩვენ ურთიერთობაში ვიყავით, მისთვის მეუღლის მიტოვება არ მითხოვია. არც ჩემი ოჯახის დანგრევა მინდოდა, არც მისი.
– საერთოდ, რისთვის გინდოდათ ეს ურთიერთობა. მით უმეტეს, ამბობთ, ქმარი მიყვარდაო.
– როგორ გითხრათ. რაღაცნაირი ადრენალინია. ბევრი ამას ვერ გამიგებს. მაგრამ ასეთ დროს ფიქრობ, რომ შენ ხარ ქალი, რომელსაც არ ეშინია სირთულეების. იმიტომ, რომ რომანი დაოჯახებულ მამაკაცთან, როცა თავადაც გყავს ოჯახი საკმაოდ დიდი სირთულეა.
– ცოლქმრობა არ არის ურთიერთობა პასუხისმგებლობის გარეშე.
– გეთანხმებით. ამიტომ, როცა დაიღლები ამ ურთიერთობით, სურვილი გიჩნდება ვინმესთან დაიცალო. ოჯახური ვახშამი, დღესასწაულების აღნიშვნა. მეგობრები, ნათესავები.... ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ ერთგვარი ტვირთიცაა. რომანტიკა დამაკლდა. აღმაფრენა და მძაფრი განცდები. ალბათ, ეს იყო ის, რაც საყვარელმა მომცა.
– ეს იყო ბედნიერების განცდა?
– რა თქმა უნდა, იყო. ხანმოკლე შეხვედრები ადრენალინის დიდ დოზებს მაძლევდა.
– თუ ეს იყო ბედნიერება, რატომ დაშორდით საყვარელს?
– ასეთი ურთიერთობის დასრულება ყოველთვის მოგიწევთ. პაემნები ყოველთვის ფარულია და დიდხანს ვერაფერს დაფარავ. ყოველთვის დაძაბული იქნები, იმიტომ რომ არ გინდა შენი საიდუმლო გამჟღავნდეს. ეს „კვანტური“ ადამიანია შენს ცხოვრებაში – ხან არის და ხან არა. ამიტომ აუცილებლად დადგება დღე, როცა აღარ იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში გულახდილი უნდა იყო საკუთარ თავთან. ამ ტიპის ურთიერთობის ყველა პლუსი და მინუსი კარგად უნდა აწონო. რისკები უნდა გააანალიზო.
– გათხოვილ ქალებს ურჩევთ საყვარელი გაიჩინონ?
– არა, რას ამბობთ. მე ვის რას ვურჩევ. ამხელა ამბიცია ნამდვილად არ მაქვს. ყველას თავისი არჩევანი აქვს და საკუთარ შეცდომებზეც ყველა თავად აგებს პასუხს. ალბათ, მკითხავთ, ვნანობ თუ არა, საყვარელი რომ მყავდა. არ ვნანობ. იმ მომენტისთვის ძალიან დადებითი განცდები მქონდა. ეს ჩემს მეხსიერებაში ლაქად არ დარჩება. მართალია, ქმარი მოვატყუე, მაგრამ როგორც უკვე გითხარით, მედალს ორი მხარე აქვს. ახლა მას ჰყავს გაცილებით ბედნიერი ცოლი. რაც პირდაპირპროპორციულად აისახება თავად მის კარგად ყოფნაზე.
– რომელ კაცსაც ცოლი არ ღალატობს, ის კარგად არ არის, ანუ, ღალატი აუცილებელია?
– მე ვთქვი, რომ ღალატი აუცილებელია? მსგავსი არაფერი ყოფილა. ჩემს ცხოვრებაზე ვლაპარაკობ და იმაზე, რაც უშუალოდ ჩემს თავს მოხდა. მე ამით ის სიცარიელე შევივსე, რაც ქმართან ურთიერთობაში მქონდა. ბევრი ვისწავლე და დასკვნებიც გავაკეთე. მე რომ საყვარელი არ გამეჩინა, შეიძლებოდა, ოჯახი დამნგრეოდა.
– რატომ? ასეთი რა პრობლემა გქონდათ ქმართან?
– ყურადღების, სითბოს დეფიციტი. თუ მიგაჩნიათ, რომ ეს უმნიშვნელო რაღაც არის, ნამდვილად ცდებით. ყველა ქალი მეცოდება, რომელსაც ქმრის უყურადღებობა ცხოვრებას უნგრევს. ნებისმიერ ადამიანს სჭირდება სითბოთი, სიყვარულით და ალერსით დაკმაყოფილება. ჩემი ქმარი ძალიან კარგი ადამიანია, მაგრამ არც სიყვარულის გამოხატვა შეუძლია, არც სითბოსი. ასეთი ხასიათი აქვს.
– რატომ მაინცდამაინც დაოჯახებული მამაკაცი, თუ ეს შემთხვევით მოხდა?
– შემთხვევით არ მომხდარა. ცოლიან კაცთან ურთიერთობა გაცილებით უკეთესია, იმიტომ რომ უფრო დაცული ხარ. ის არ დაგიწყებს უაზროდ უკან დევნას და შენზე მეტად გაფრთხილდება, რომ ამ ამბავმა არ გაჟონოს. მე ვიცი, რა დღეში არიან ის ქალები, რომლებსაც საყვარლად დაუოჯახებელი მამაკაცები ჰყავთ. პრობლემები ექმნებათ. შეიძლება შეუყვარდე და ქმარს გაეყარეო, მოგთხოვოს. ასეთთან დაშორებაც შარია. მე ჩემს საყვარელთან მშვიდად, უმტკივნეულოდ დავასრულე ურთიერთობა. ჩემს ოჯახს ამით არაფერი დაკლებია.