№44 რა ცოდვა აწევთ კისერზე გენერალ გიორგი კვინიტაძესა და ნოე ჟორდანიას
ნინო კანდელაკი ეკა პატარაია
„საქართველოს რუსიფიკაცია ცხოვრების ყველა სფეროში მიმდინარეობდა. სასამართლო, ადმინისტრაცია, სასწავლო დაწესებულებები – ყველაფერი, ყველაფერი გარუსებული იყო. იქამდეც კი მივიდნენ, რომ აიკრძალა ბავშვების მონათვლა ქართველთა სათაყვანებელი სახელებით, როგორიცაა, ვთქვათ: ვახტანგი, თამარი, რუსუდანი, ირაკლი და ასე შემდეგ. ხალხი იძულებული იყო, ბავშვები მოენათლა სახელებით – ოლღა, ალექსანდრე და სხვა“... – ასე იწყება გენერალ გიორგი კვინიტაძის 2014 წელს გამოცემული მოგონებების დღიურები, რომელიც მთლიანად მის საქართველოსთან დამოკიდებულებაზე და თავდადებულ ბრძოლებზე, საინტერესო ეპიზოდებზეა აგებული.
***
„მენშევიკთა პარტია გაბატონებული იყო. მათ მიაღწიეს, რომ ჩვენი დამფუძნებელი საკრებულოს შემადგენლობის 90 პროცენტი მენშევიკები იყვნენ. ამ წარმმართველ, ინტერნაციონალურ იდეებზე აღზრდილ და აღმზრდელ პარტიას თანდათანობით გარშემო შემოკრებილი ხალხისგან თითქოს თვითონაც გადაედო ეროვნული იდეები. მეზობელ ხალხებთან ომი მხოლოდ ხელს უწყობდა ქვეყანაში პატრიოტიზმის განმტკიცებას. დამახასიათებელია ერთი ნიშანდობლივი გარემოება, რასაც დუმილით გვერდს ვერ ავუვლი. რევოლუციის დასაწყისში კავკასიაში, რუსეთის უმაღლესი წარმომადგენლობის სასახლეზე, რომელიც დამფუძნებელ საკრებულად გადაიქცა, წითელი დროშა ფრიალებდა – რევოლუციისა და ინტერნაციონალიზმის ნიშანი. შემდეგ მას დაემატა ორი პატარა ეროვნული დროშა, რომელთა თავზე ლივლივებდა დიდი წითელი დროშა. და ბოლოს, ყველა შეცვალა დიდმა ეროვნულმა დროშამ. დროშების ეს თანდათანობით ცვლა თითქოს ნიშანდობლივი მაჩვენებელი იყო ჩვენს მმართველ წრეებში ეროვნულობის იდეების შემოჭრისა. იმის თქმა როდი მინდა, რომ მმართველი წრეები გადასხვაფერდნენ. სულაც არა, მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ გარემოებათა ძალით, თვით ცხოვრებამ დააყენა ისინი სწორ გზაზე, თუმცა კვლავ ინტერნაციონალური იდეები შერჩათ და გულისტკივილით მიდიოდნენ დათმობებზე – უბრალოდ, უარს ვეღარ ამბობდნენ... მეთათბირებოდნენ, ჩემს თანამდებობაზე დავრჩენილიყავი – ჯერ გენერალ ოდიშელიძის ჩამოსვლამდე, მერე – როგორც სამხედრო საბჭოს წევრი. სხვათა შორის, ეს საბჭო არც არსებობდა. ვერაფრით დავარწმუნე ეს ხალხი, რომ მთავარსარდლის თანამდებობიდან მხოლოდ თადარიგში შეიძლება გასვლა; ასეა თუ ისე, მტკიცედ მოვითხოვდი, უარი არ ეთქვათ. მაშინ ნოე რამიშვილმა თავს უფლება მისცა, განეცხადებინა: „გენერალო, ამ დღეებში შემოვიღებთ შრომით ვალდებულებას და ამ ვალდებულებით გაიძულებთ, იმსახუროთ“. როგორ მოგწონთ? ასეთი რამ ბოლშევიკებსაც კი არ მოსვლიათ აზრად. უმაღლესი ჩინის სამხედროებს იწვევდნენ და ძველი რეჟიმისდაგვარად უწყობდნენ ცხოვრებას; მათ გადაბირებას ცდილობდნენ და შრომითი ვალდებულება ამ ხალხის წინააღმდეგ არასოდეს გამოუყენებიათ, რადგან მშვენივრად ესმოდათ, ამ თანამდებობაზე იძულებით კი არა, გულით უნდა იმუშაო. ნოე რამიშვილის მეთოდის მიხედვით კი, სულ იოლი იქნებოდა, ისეთი თანამდებობის პირები, როგორებიც იყვნენ მთავარსარდალი და სამხედრო მინისტრის მოადგილე, კახპებად გადაგექცია. „აი, სწორედ ეს ვითარება მაიძულებს, რომ უსათუოდ გავიდე თადარიგში, რადგან ამგვარი წესებით ყოვლად შეუძლებელია სამსახური“, – მივუგე და სხდომიდან წავედი. მაგრამ ნოე რამიშვილს თავისი თვალსაზრისი აქვს და თავისებურად წყვეტს ყველა საკითხს. რასაკვირველია, ეს არ ეხება მათ პარტიასა და პარტიულ ურთიერთობებს. სხვებთან კი მისი მეთოდია დაშინება, ყოველგვარ რთულ საკითხს დაპატიმრებით წყვეტს. პირწავარდნილი შჩედრინისეული გუბერნატორია. იმის მიუხედავად, რომ კატეგორიულად მსურდა გადადგომა, მთავრობამ, ნოე რამიშვილის თავმჯდომარეობით, დამნიშნა არარსებული სამხედრო საბჭოს წევრად... კავკასიის ფრონტის მიერ დატოვებული და მიტოვებული ქონება დასაცავად მთლიანად ბარდებოდა გვარდიას, რომელიც, როგორც მოგახსენეთ, ქვეყანაში მართლწესრიგის სადარაჯოზე იდგა. მაგრამ გვარდიას დაცვა საკმაოდ თავისებურად ესმოდა. ყველაფერი, რაც ხელში ჩაუვარდებოდათ, თავის საკუთრებად მიაჩნდა და შემდგომში ვერანაირი ძალით ვერ გამოჰგლეჯდი ხელიდან. აი, უფრო მკაფიო მაგალითი: ორი წლის შემდეგ, როცა სამხედრო სკოლის უფროსი ვიყავი, ერთ-ერთ კომისიაში მონაწილეობისას გვარდიელთა საწყობში ვნახე კოლტის ნიმუშის ტყვიამფრქვევები და საარტილერიო სათვალთვალოები. იქვე მყოფ ვ. ჯუღელს ვთხოვე, თითო ცალი გადაეცა სკოლისთვის, იუნკერებისა და ჯარისკაცების საწვრთნელად, რადგან ამგვარი ნიმუშები სკოლაში არ მოგვეპოვებოდა. პასუხად უარი მივიღე. ასე ითვისებდნენ გვარდიელები ქონებას, რომელსაც იბარებდნენ, რათა შემდგომ საერთო საქმისთვის გამოგვეყენებინა. მაგრამ მერე ისაკუთრებდნენ და მიიჩნევდნენ, რომ დანარჩენი ქონების მემკვიდრეებიც თვითონ იყვნენ.
***
...1919 წელს საქართველოს მთავრობამ რუსულ ენაზე გამოსცა წიგნი „ქართულ-სომხური ურთიერთობის ისტორიიდან“, რომელიც 1955 წელს, ემიგრაციაში ყოფნისას ჩამივარდა ხელში. მოგონებებს ვამზადებდი გამოსაცემად და აუცილებლად მივიჩნიე, ამ წიგნზე დაყრდნობით, რამდენიმე სიტყვა დამემატებინა. სომხებთან მოლაპარაკებას წარმართავდა სოსიკო მდივანი, ხელმოცარული დიპლომატი... ამ წიგნის მიხედვით ირკვევა, რომ ჩვენი ლიდერები 1917 წლიდან ჰპირდებოდნენ სომხებს საქართველოს იმ რაიონებს, სადაც უმრავლესობას სომხები შეადგენდნენ. ეს, ალბათ, იყო შედეგი ხალხთა თვითგამორკვევის ცუდად გაგებული და არასწორად გამოყენებული პრინციპისა. საქმე ისაა, რომ საქართველო ოდითგან იფარებდა თურქეთიდან გამოქცეულ სომხებს, ისევე, როგორც ახლა იფარებს ყველა ქვეყანა რუსეთიდან გამოქცეულებს. რასაკვირველია, შეიძლება, დავთანხმებოდით საქართველოდან სომხების გადასვლას ახალშექმნილ სამშობლოში, მაგრამ ვერ დავეთანხმებოდით გაცემას ტერიტორიებისა, რომლებიც მუდამ საქართველოს სახელმწიფოს ნაწილი იყო.
რაც შეეხება საქართველოს მხრიდან ომისთვის მზადებას, ასეთი რამ საერთოდ არ ყოფილა, არც საგარეო პოლიტიკაში და არც სამხედრო თვალსაზრისით. სომხებმა ეს კარგად იცოდნენ და რაკიღა ომისთვის უკვე მზად იყვნენ, იმედი ჰქონდათ, რომ უცებ მიიტაცებდნენ სასურველ რაიონებს... აღსანიშნავია, რომ ბათუმის ეპოპეისას ამ ქალაქის დაცვას უმთავრესად დასავლეთ საქართველო გამოეხმაურა; სომხებთან ომს კი – მთელი საქართველო. ომი ერთობ პოპულარული გამოდგა, თბილისთან მტრის სიახლოვე და ჩვენი ხელმოცარვა მხოლოდ აღაგზნებდა და გულს უნთებდა ხალხს...
***
...ხშირად შემინიშნავს ერთი საეჭვო მოვლენა. გვარდიელები რუსებთან ბრძოლაზე უარს აცხადებდნენ. ასე მოხდა 1920 წელს წითელ ხიდთან. იგივე განმეორდა ლაგოდეხის მიმართულებით, სადაც მათ რუსებთან დაძმობილება დაიწყეს. იგივე მოხდა 1921 წელს წითელ ხიდზე, სადაც სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე გვარდიელები მტერს ემეგობრებოდნენ (საგუშაგოს უფროსი მოწინააღმდეგესთან ჩაის მიირთმევდა). საგულისხმოა ტაბახმელის ფრონტზე გვარდიელებს შორის გამართული საუბარი, რომელიც ერთმა ოფიცერმა შემთხვევით მოისმინა. გარდა ამისა, ჩემთვის ცნობილია, რომ ომის დაწყების წინ, ერთმა ქალბატონმა მესანგრეთა ყაზარმებთან გავლისას, იქ შეკრებილ გვარდიელებს ჰკითხა: ბოლშევიკების არ გეშინიათო? მათ კი უპასუხეს: რისი უნდა გვეშინოდეს? ჩვენ ყველანი ბოლშევიკები ვართო. ყოველივე ეს გვარდიელების განწყობაზე მიგვანიშნებს... მთავრობაში არეულობა სუფევდა. მთავრობის თავმჯდომარისგან მხოლოდ აქ შევიტყვე, რომ თურქებს მათი ნეიტრალიტეტის სანაცვლოდ ართვინის ოლქი და არდაგანი დავუთმეთ. გამოკვეთილად უნდა აღვნიშნო: მთავარსარდალმა არაფერი იცოდა თურქებთან გამართული მოლაპარაკების შესახებ. ხელისუფლების აზრით, სამხედრო, თუნდაც მთავარსარდალი, პოლიტიკური საკითხების განხილვისას ზედმეტი იყო. ამიტომ თურქების ჩვენს საზღვრებში, განსაკუთრებით ბათუმში, გამოჩენა ჩემთვის სრულიად მოულოდნელი გახლდათ. ბათუმში ჩამოსულს ამ ციხესიმაგრის დასაცავად მომზადება მსურდა. ეს ჩვენი უკანასკნელი საყრდენი იყო და რადგან ზღვის მხრიდან გზა თავისუფალი გვქონდა, რესურსებს გარედან მივიღებდით და თავდაცვას გავაგრძელებდით. მაგრამ ბათუმში ფარული, თუმცა უთუოდ ბოლშევიკების მოკავშირე თურქი ჯარის ყოფნა, ამ შესაძლებლობას ხელიდან გვაცლიდა. მთავარსარდალს ამ მოლაპარაკებების შესახებ წინასწარ რომ სცოდნოდა, შესაძლებელი იქნებოდა, თურქები აჭარის წყალთან და ჭოროხის ხიდზე გაგვეჩერებინა. ამასობაში კი თურქები უკვე ბათუმის ოლქში შემოვიდნენ და ახალციხეში გადავიდნენ. ბათუმშიც ჩემს უნებართვოდ შემოვიდნენ და ბარცხანას ფორტში დაბინავდნენ. ბათუმის ციხესიმაგრის დაცვა შეუძლებელი გახდა, რადგან მტერი შიგნით იმყოფებოდა; რუსეთის მოკავშირე თურქეთს სხვანაირად ვერ აღიქვამდი. ბათუმში რომ ჩამოვედი, თურქების პატრული უკვე ქალაქში დადიოდა. უცნაური მდგომარეობა შეიქმნა. კომენდანტს ვკითხე, ამის ნება რატომ დართეთ-მეთქი. მიპასუხა, თურქებმა პატრულირება იმიტომ დააწესეს, რაიმე უწესრიგობა არ მოხდესო. ყაზიმ-ბეი მოვითხოვე და პატრულირების შეწყვეტა ვთხოვე. მან პასუხს თავი აარიდა. მაშინ ჩვენი პატრულის გამოყვანა ვბრძანე და ახლა ჩვენი ჯარისკაცები თურქების პატრულს უკან ჯგუფებად დაჰყვებოდნენ. იმავდროულად, ფორტების დაკავება დავიწყე, თურქებს ჩვენს მტრებად ვთვლიდი, ყაზიმ-ბეის სურვილიც გამოვიცანი – მას ბათუმის ხელში ჩაგდება უნდოდა... ბათუმში მთავრობისადმი მეტად მტრული დამოკიდებულება შეიქმნა. ჩემთან უამრავი ხალხი მოდიოდა, მათ შორის პოლიტიკური მოღვაწეებიც და მეუბნებოდნენ, მთავრობამ ხალხს უღალატა, ქვეყნის თავდაცვაზე არ ზრუნავდაო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ისინი მთავრობის დაპატიმრებას მოითხოვდნენ. ხალხი მოდიოდა და საიდუმლო საუბრის მიზნით, აუდიენციას ითხოვდა. მოდიოდნენ ოფიცრებიც, რომლებიც იმავეს დაუფარავად, ხმამაღლა აცხადებდნენ. შეიძლება, ვინმემ მისაყვედუროს, შენთან მოსული ხალხი რატომ არ დააპატიმრეო. მაგრამ მაშინაც და ახლაც მიმაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში, როდესაც საერთოდ განწყობილება მეტად ამაღლებული იყო, დაპატიმრება დასაშინებელ საშუალებად არ გამოდგებოდა, პირიქით, ეს მთავრობის წინააღმდეგ საერთო სვლებს მისცემდა ბიძგს, რაც საქართველოს მთავრობისთვის არასახარბიელო იქნებოდა. ჩვენ უცხოეთის მისიები გვახლდა. მე, პირიქით, ღიმილით ვპასუხობდი, ამის ნებას არ მოგცემთ, არ იფიქროთ, პასიური მოწმის როლში დავრჩები-მეთქი. ამის ნებას ვერ მივცემდი, რადგან საკმაოდ პატიოსანი ვიყავი საიმისოდ, რომ არა მხოლოდ არ დამეშვა მთავრობის წინააღმდეგ გამოსვლა, არამედ თუნდაც, გულგრილად მეყურებინა ამგვარი უკანონო აქტისთვის. ვერ მივცემდი მთავრობის დაპატიმრების ნებას მისი ცხოვრების ურთულეს მომენტში, მაშინ, როდესაც იგი თავს ყველასგან მიტოვებულად თვლიდა. ამგვარი საქციელი ჩემს ხასიათს არ შეესაბამებოდა. ცხოვრების მძიმე მომენტში უარის თქმა იმ ხალხზე, ვისთანაც ბედმა დამაკავშირა, უნამუსობა იქნებოდა. მაგრამ გასათვალისწინებელია პოლიტიკური ხასიათის სხვა გარემოებებიც. მთავრობა უნდა გადაგვერჩინა. იგი საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას განასახიერებდა...“
თბილისი, 2014 წელი.