№44 საერთაშორისო მტრედი
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
სანამ მშვიდობის აწ უკვე საერთაშორისო მტრედი პრ.-ი პუტინი სირიაში ისწორებს ფრთებს, აფრიკასაც სწვდება მისი მახვილი მზერა და კეთილმო...სურნე გული. ჰოდა, რაკი სწვდება, შევიტყვეთ, რომ აფრიკის ქვეყნებს რფ 20 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ვალს ჩამოაწერს.
ეს ამბავი რუს საზოგადოებას თავად პრ.-მა პუტინმა ამცნო. მეორე მხრივ, ისიც გაგვაგებინეს, რომ 1992 წლიდან რუსეთს, საერთო ჯამში, 152 მილიარდი აშშ დოლარი უპატიებია სხვადასხვა ქვეყნისთვის, მათ შორის არიან: ლიბია, ალჟირი, ვიეტნამი...
აქვე გეტყვით, რომ ეს საბჭოთა კავშირისდროინდელი ვალებია, ამდენად, მთლად პუტინის კეთილმო...სურნეობის ამბავიც არაა, რადგან ვალებთან ერთად რფ-მ სსრკ-სგან აქტივებიც მიიღო, რომლებიც ვალებს გაცილებით აღემატებოდა.
თუმცა, რაკი ეშმაკს, ანუ ჩვენს ოკუპანტებს არ სძინავთ, ეჭვმა გამკრა, ამ ვალების ჩამოწერის სანაცვლოდ აფრიკელებს ამ ჩვენი სეპარატისტული რეგიონების აღიარება არ მოსთხოვოს. აქედან გამომდინარე კი, იმედი მაქვს, ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო ფხიზლადაა, ყოველ შემთხვევაში, იმდენად მაინც, რომ ჩვენი პარტნიორები შეაფუცხუნონ პრევენციისთვის.