კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 რა ოცნება ვერ აუხდინა გოჩა აბულაძემ ფრანკო ძეფირელის და რატომ გეგმავს ის ჯვრისწერას ღრუბლებში

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  25 სექტემბერს ქუთაისის ოპერის თეატრში უცხოეთში მოღვაწე ქართველი ბარიტონის, გოჩა აბულაძისა და ავსტრალიელი ტენორის ალდო დი ტოროს გამოსვლამ ნამდვილი ფურორი მოახდინა. გოჩა წარმოშობით ქუთაისიდანაა, თუმცა წლებია, უცხოეთში მოღვაწეობს. ფრანკო ძეფირელის საყვარელი მომღერალიც კი გახდა და მის გამო, დაუსწრებლად შეაყვარა ის ქვეყანა, სადაც ფეხის დადგმა, სამწუხაროდ, ვერ მოახერხა.
– ათი წლის წინ, როდესაც ქუთაისიდან უცხოეთში მიდიოდი სასწავლებლად, თუ წარმოიდგენდი, რომ იქ, უცხო მხარეში, ასეთი წარმატებული და პოპულარული მომღერალი გახდებოდი?
– უცხოეთში დიდი ოცნებებით წავედი. არ დაგიმალავთ, გულის სიღრმეში მჯეროდა, რომ წარმატებას სიმღერისადმი დიდი სიყვარულით მივაღწევდი და ოცნებებს ავისრულებდი. მართალია, ბევრი ოცნება ავიხდინე, მაგრამ კიდევ ბევრი დამრჩა.
– მართალია, რომ შენს ამ წარმატებას, ოცნებების ახდენას, იოგებსა და ხმას ქუთაისში მშობლების ბინა შეეწირა?
–  (იცინის) დიახ. მე და ჩემმა ძმამ რომ იტალიაში გადავწყვიტეთ სწავლა, სპონსორი ვერ ვიპოვეთ და მშობლებმა ის ერთადერთი ბინა გაყიდეს, სადაც გავიზარდეთ. ჩვენ გაგვიშვეს უცხოეთში და თავად, სოფელ სიმონეთში გადავიდნენ საცხოვრებლად. ასე რომ, ჩვენს ოცნებების ახდენას ბინა ნამდვილად შეეწირა. ძალიან მინდა იმ ბინის ყიდვა, სადაც დავიბადე და გავიზარდე და იმედი მაქვს, მომავალში დავიბრუნებ.
– ქუთაისში, სადაც დაიბადე და გაიზარდე, ქალაქში, რომელთანაც შენი ბავშვობის მოგონებები გაკავშირებს, 25 სექტემბერს შენი სოლო კოცერტი ჩატარდა.
– საოცარი განცდაა, როცა შენს მშობლიურ ქალაქში ტაშს გიკრავენ. ბავშვობაში რამდენჯერაც ოპერის თეატრს ჩავუვლიდი, ვოცნებობდი, ნეტავ ამ შენობაში როდის დავდგები სცენაზე-მეთქი და ახლა ეს ოცნებაც ავიხდინე. ბევრ ლამაზ მოგონებასთანაა ჩემი ქალაქი დაკავშირებული. იქ სიმღერა და სცენაზე დგომა დიდი პასუხისმგებლობაა. ავსტრალიელი მეგობარი ალდო დი ტორო დამთანხმდა საქართველოში ჩამოსვლაზე. ისიც ჩემ გვერდით იდგა, მღეროდა და იმავე სიხარულს განიცდიდა, რასაც მე. ალდომ ბაგრატი, მოწამეთა და გელათი რომ ნახა, გაგიჟდა – ეს რა სამოთხეში ვარო, ამბობდა. დედაჩემის დაცხობილ იმერულ ხაჭაპურზე და ჩემი ეზოს, მამას მიერ დაწურულ ციცქა-ცოლიკაურზე ხომ სულ გადაირია (იცინის).
– ქუთაისში ამბობენ, გოჩას სახით, საქართველოს ნაკრებმა კარგი მორაგბე დაკარგაო. რომ არა ოპერის მომღერალი, მაგარი მორაგბე დადგებოდაო. ასეა?
– ბავშვობაში, რაგბიზე დავდიოდი, ძალიან მიყვარდა და ახლაც მიყვარს. პირველად რომ ჩავედი მონტელიეში, „ბონ ჯოვანის“ სამღერლად, ოპერის თეატრში სანამ მივიდოდი, სტადიონზე გავქანდი (იცინის). მიხეილ ნარიაშვილი, ჩვენი წარმატებული რაგბისტი და კაპიტანი, დამხვდა და იმან წამიყვანა სტადიონის სანახავად. როგორც საკუთარ ძმას, ისე მივლიდა. რაგბი ჩემი მეორე სამყაროა. ყოველთვის ვგულშემატკივრობ ბიჭებს და ისინიც დიდი ენერგიით მავსებენ თავიანთი წარმატებებით. ჩემთვის სამაგალითოები არიან. სადაც უნდა ჩავიდე, ყველას ვუყვები ჩემი ქვეყნის შესახებ. მინდა, ყველამ გაიგოს, რა მაგარი ქვეყანა გვაქვს და რა წარმატებული ხალხი ვართ.
– როგორც ვიცი, შენი მონაყოლით ისე შეაყვარე უნახავად ფრანკო ძეფირელის საქართველო, რომ ჩამოსვლას გეგმავდა, მაგრამ სამწუხაროდ, გარდაიცვალა. სად გაიცანი მაესტრო?
– პირველივე წელს იტალიაში რამდენიმე კონკურსზე გავიმარჯვე და ჩემმა სააგენტომ ვერონას თეატრში გამაგზავნა სამღერლად. ბოლო წლებში მაესტრო ჩაკეტილი იყო, თეატრში არ დადიოდა.  ისე მოხდა, რომ ორი კვირით ჩამოვიდა ვერონაში და უშულოდ მასთან მომიწია რეპეტიციების გავლა – სიცოცხლის ბოლომდე მემეახსოვრება ეს შეხვედრა. 94 წლის გახლდათ და მითხრა: შენ რომ გიყურებ და გისმენ, ვწუხვარ, საქართვლოში რომ არასდროს ვყოფილვარო. შევპირდი: აუცილებლად ჩაგიყვანთ-მეთქი. მაგრამ სამწუხაროდ, გარდაიცვალა.
– მართალია, როცა ნოსტალგია გაწვება და სულიერად გიჭირს, გიტარას იღებ, ქართულად იწყებ სიმღერას და გულზე გეშვება?
– დიახ, ასეა. ბევრჯერ გადავურჩენივარ ქართულ სიმღერას. როცა მარტოობას ვეღარ ვუმკლავდები, ვიღებ გიტარას ხელში და ვიწყებ მღერას. ასე ვშველი ჩემს თავს და ვებრძვი ნოსტალგიას. მე და ჩემს ძმას ხალხური სიმღერები დედამ შეგვაყვარა. ბევრი ამბობს, რომ ოპერის მომღერლისთვის ხალხური სიმღერები არ არის კარგი. მე კი, პირიქით ვფიქრობ: ჩემი ქართული სიმღერა, ჩემი სიმდიდრეა და თუ რამეს წარმოვადგენ, როგორც ოპერის მომღერალი, იმ ხალხური სიმღერების დამსახურებაა, რასაც დედა მასწავლიდა. ძალიან დაკავებული ვარ, მაგრამ ჩემი ძმისშვილები, დედ-მამა, სოფელი და ქალაქი, სულ მენატრება. ახლა რომ ჩამოვედი, მეგობრებმა ხვამლზე ამიყვანეს და საკუთარ სამშობლოში ჩამოსული ისეთ არაამქვეყნიურ სამყაროში მოვხვდი, ვიფიქრე, აქ მომცა ერთი პატარა ქოხი, დამასახლა და სხვა არაფერი მინდა-მეთქი. ქართველები განსხვავებული ტრადიციებისა და ენერგიის ხალხი ვართ. კავკასიურ სისხლთან ერთად, ევროპული კულტურაც გვაქვს და ეს სინთეზი გვხდის განსაკუთრებულს. უცხოეთში ყველა გაგიჟებული აღნიშნავს: როგორ ხდება, რომ ქართველები სხვანაირი ენერგიითა და ნიჭით მღერითო. ეს ენერგია და ტემპერამენტი მეც მიწყობს ხელს უცხოეთში. 34 წლის ვარ და უკვე ისეთი სერიოზული პარტიები მაქვს ნამღერი, როგორიცაა, მაგალითად, „რიგოლეტო“, რომელსაც 40 წლის შემდგომ ამღერებენ. იცით, რატომ არ მიჭირს ემოციების და ხასიათების შექმნა სცენაზე? მე სამი ომი მახსოვს, ნოსტალგიაც ვიგემე და ის ტკივილი, მწუხარება თუ სიხარული, რაც პერსონაჟებს სჭირდება, გათავისებული მაქვს, შინაგანად გამჯდარი და ბუნებრივად გამომდის. იმ ვითარებამ, რაც ჩემს ქვეყანაში გადავიტანეთ, ევროპელებზე წინ წამწია, წლები მომიმატა და უფრო დიდი ვარ, ვიდრე 34 წლის მამაკაცი. როცა ევროპაში „ფლეისთეიშენს“ თამაშობდნენ, მე და ჩემი ძმა, ლამფის შუქზე, ჩახუტებით ვათბობდით ერთმანეთს.
– თქვი, 34 წლის ვარო. ცოლის მოყვანა ხომ არ დაგიგვიანდა? პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– ვფიქრობ, ჯერ არ დამიგვიანია დაოჯახება, მაგრამ სახლში შეწუხებული ვარ კითხვით: ცოლი როდის მოგყავს? (იცინის) სულ ჰაერში ვარ და ვეუბნები: სულ აეროპორტში ვარ, ჩემოდნით ხელში და სტიუარდესას თუ გამოვკრავ ხელს, თორემ, სხვა გზა არ მაქვს-მეთქი (იცინის). ახლა დავფიქრდი და გადაწყვეტილია: თუ საცოლე ვიპოვე, კავკასიონის თავზე, ღრუბლების ზემოთ ჩოხაში გამოწყობილი დავიწერ ჯვარს (იცინის).

скачать dle 11.3