№43 როგორ იმკვიდრებდა თავს ამერიკის მილიონერების სკოლაში გიორგი ჩილინგარაშვილი და რატომ გადაწყვიტა მან ამერიკულ არმიაში სამსახური
ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე
23 წლის გიორგი ჩილინგარაშვილი ამერიკული არმიის ქვეითთა ოფიცერი გახდა. ვიდრე გიორგი და მისი ოჯახი ამერიკაში გაემგზავრებოდა, ახალციხეში ცხოვრობდნენ. 17 წლის იყო, როცა მამასთან გაემგზავრა საცხოვრებლად და კონექტიკუტის შტატში დასახლდა. ცოტა ხნის წინ კი დაამთავრა უნივერსიტეტი ციფრული მარკეტინგისა და ანალიტიკის სპეციალობით. გიორგის მსგავსად, მისი ძმაც ჯარში მსახურობს.
გიორგი ჩილინგარაშვილი: 17 წელი ახალციხეში ვცხოვრობდი. ექვსი წლის ვიყავი, როცა მამა წავიდა ამერიკაში და ათი წელი არ მყავდა ნანახი. მამამ „მწვანე ბარათი“ აიღო და მე და ჩემი ძმა ჩამოგვიყვანა. მაშინ მე ჩვიდმეტი წლის ვიყავი, ჩემი ძმა კი – ცამეტის. დედას საელჩოში რაღაც პრობლემები შეექმნა და ცოტა გვიან ჩამოვიდა. ახლა ჩვენ გვერდითაა. ამერიკის სკოლაში, რომელშიც ჩვენ შევედით, ერთი ადამიანიც არ იყო ქართველი. სკოლის გარეთ რომ ქართველები გავიცანით და დავმეგობრდით, შორს ცხოვრობდნენ, ამიტომ ძირითადად, ამერიკულ გარემოში გვიწევდა ყოფნა. ჩამოვედი თუ არა, მაშინვე სპორტით დავკავდი – სკოლაში ჭიდაობისა და სირბილის წრეზე დავდიოდი, ხოლო სკოლის გარეთ ბრძოლა წესების გარეშეში ვვარჯიშობდი. სანამ ჯარში წამოვიდოდი, ბევრ წარმატებას მივაღწიე ამ სფეროში. არაერთ შეჯიბრებაზე მაქვს პირველობა მოპოვებული, როგორც სკოლაში, ასევე მის გარეთ. „ბრძოლა წესების გარეშეში“ პირველივე ცდაზე 32 წლის საზღვაო ქვეითი დავამარცხე – 38 წამში ნოკაუტით გავთიშე. მაშინ, 20 წლის ვიყავი და ჯართან შეხება არ მქონდა. კოლეჯის დამთავრების შემდეგ, სწავლა უნივერსიტეტში გავაგრძელე, ციფრული მარკეტინგისა და ანალიტიკის განხრით. დიპლომი ცოტა ხნის წინ ავიღე. 21 წლის ვიყავი, როცა ეროვნულ გვარდიაში შევედი და კარანტინში წავედი, რომელიც ხუთ თვეს მოიცავდა. როცა არმიაში შესვლა გადავწყვიტე, სწავლა უკვე დაწყებული მქონდა. ამიტომ ერთი სემესტრი დავეთხოვე. კარანტინს ჯორჯიას შტატში, ფორტ ბენინგში გავდიოდი. როცა დავბრუნდი, მოვინდომე, ოფიცერი გავმხდარიყავი, თან იმ პერიოდში მოქალაქეობაც ავიღე. ვინც სწავლობდა, მათთვის ჰქონდათ შეთავაზება – წვრთნები ღამის სამიდან, დილის შვიდამდე ჩაუტარდებოდათ, ხოლო შემდეგ კი თავისუფლები იქნებოდნენ. დილამდე მქონდა წვრთნები, შემდეგ ვმუშაობდი, ვვარჯიშობდი და საღამოს უნივერსიტეტში მივდიოდი. დღე-ღამეში ხუთ საათზე მეტი არ მეძინა, მაგრამ ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო. დილის რვიდან საღამოს ხუთამდე ვმუშაობდი და მერე მივდიოდი უნივერსიტეტში. ვმუშაობდი „მაკდონალდსის“ ღამის ცვლაში, მაღაზიაში, კაფეში... შემდეგ უკვე ჩემი პროფესიითაც დავსაქმდი ერთ-ერთ წარმატებულ კომპანიაში – ციფრული მარკეტინგით და ვებ-დიზაინით ვიყავი დაკავებული. რთული იყო ჩემთვის ასეთი გრაფიკი, მაგრამ მინდოდა, მიზნისთვის მიმეღწია. შეყვარებული მყავდა და მხოლოდ, შაბათ-კვირას ვახერხებდი მის ნახვას. ეს გოგო ახლა უკვე ჩემი საცოლეა.
– თავიდან რა სირთულეებთან მოგწია გამკლავება?
– სადაც მამაჩემი მუშაობდა, იმ არეალში ვსწავლობდით ჩვენც, მილიონერების სკოლა იყო, მაგრამ ჩვენ არ ვიყავით მილიონერები. აქედან გამომდინარე, სკოლაში საკუთარი თავის დამკვიდრებაც რთული აღმოჩნდა. სპორტში მიღწეული წარმატებები მეხმარებოდა იმაში, რომ საზოგადოებაში ჩემი ადგილი მქონოდა. კარგად ვსწავლობდი, რის შედეგადაც უნივერსიტეტში სკოლიდან გაყოლილი სტიპენდია დამინიშნეს. ამერიკაში ცხოვრება რთულია და მშობლებისთვის დამატებით რამე რომ არ მოგვეთხოვა, ამიტომ მე და ჩემი ძმა სკოლის პერიოდშიც კი ვმუშაობდით.
– რა შეგრძნებაა, როცა ამერიკის არმიის ოფიცერი ხდები?
– ენით აღუწერელი ბედნიერებაა. ეს არ იყო ოცნება, რადგან მე მაქვს მიზნები და არა ოცნებები, მაგრამ, როცა ოფიცრის წოდება მომანიჭეს, განსაკუთრებული შეგრძნება დამეუფლა. იმის გამო, რომ ვიყავი ემიგრანტი, აკადემიაში სწავლის დროს ბევრ სირთულეს გადავაწყდი. კარგია, როცა რიგითი ხარ, პრობლემა არავის აქვს, მაგრამ როცა გინდა, ოფიცერი გახდე და ლიდერი იყო, აქ უკვე ბევრი ხელისშემშლელი გარემოება იჩენს თავს. ცუდი მოგონებებიც მაქვს – იყვნენ ადამიანები, რომლებსაც არ სურდათ ჩემი წინსვლა და ამაში ხელს მიშლიდნენ. საბედნიეროდ, იყვნენ ისეთებიც, ვინც აფასებდა ჩემს მონდომებას, შესაძლებლობას და გამოცდილებას.
– რამდენად რთულია ამერიკულ ჯარში სამსახური? საქართველოსთან დაკავშირებით რა გეგმები გაქვს?
– ადვილი არაა, თუმცა ვერც იმას ვიტყვი, რომ რთულია. თუ დაემორჩილები კანონებს, არ გაგიჭირდება. რიგითობა და ოფიცრობა ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, რადგან ოფიცერმა ბრძანება უნდა გასცეს და დიდი პასუხსიმგებლობა აკისრია. ქვეითების ოფიცერი ვარ და შეიძლება, ჩემს გაცემულ ბრძანებას ავღანეთში ან ნებისმიერ ცხელ წერტილში ადამიანი ემსხვერპლოს. კოლეჯში სწავლის დროს საქართველოდან გამოგზავნილი ქართველი ოფიცრებიც შემხვდნენ. დაშვებულ შეცდომას აქ არ გპატიობენ. წვრთნა ადვილი არაა, თან ახლა რეინჯერთა სკოლის გავლა მიწევს, რაც საკმაოდ რთულია. აკადემიაში ბევრი სასწავლია და გამოცდებიც ხშირად გვაქვს. ამ ეტაპზე ვაშინგტონში გამამწესებენ, ოცმეთაური ვიქნები. შემდეგ პერიოდსაც აქ დავყოფ. მომავალში რა იქნება, არ ვიცი. თუ სამშვიდობო მისიით გამომიშვებენ საქართველოში, ძალიან გამიხარდება. სიამოვნებით დავბრუნდები ჩემს ქვეყანაში.
– ახსენე, რომ საცოლე გყავს, ქართველია?
– კი, ქართველია. გვანცაც 16 წლიდან, ჩემსავით, ემიგრანტია. ისიც იმავე ფაკულტეტზე სწავლობს, რაც მე დავამთავრე. დაქორწინებას უახლოეს მომავალში ვგეგმავთ. ოფიცრის წოდება რომ მომანიჭეს, მაშინ ვთხოვე ხელი და ისეთი მოულოდნელი იყო მისთვის (იცინის)... ალბათ, ფიქრობდა, რომ შემდეგ წელს ვთხოვდი – როცა რეინჯერთა სკოლას და სხვა მნიშვნელოვან წვრთნებს დავამთავრებდი და ბაზაზე გამამწესებდნენ.