№43 როგორ გახდა ჯონ მალხაზ შალიკაშვილი ამერიკული ჯარების მთავარსარდალი და რა წარმატებებს მიაღწიეს ქართველმა ემიგრანტებმა
ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე
ძმები შალიკაშვილები და სიდამონ-ერისთავები ის ქართველები არიან, რომლებმაც ამერიკის ისტორიაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს. მათი ცხოვრების შესახებ კინორეჟისორი და მკვლევარი ირაკლი მახარაძე გვიყვება:
ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის მამა, პოდპოლკოვნიკი დიმიტრი შალიკაშვილი, 1918-21 წლებში საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის ჯარში მსახურობდა. წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ დიმიტრი მეუღლესთან ერთად ემიგრაციაში პოლონეთში წავიდა, სადაც მათ სამი შვილი ოთარი, მალხაზი და გეილი შეეძინათ. მეორე მსოფლიო ომში დიმიტრი სხვა ქართველ სამხედროებთან ერთად გერმანელების მიერ შექმნილ ქართულ ბრიგადაში საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ იბრძოდა, რათა საქართველო ბოლშევიკებისაგან გაეთავისუფლებინა. მაგრამ ის ბრიტანელებს ჩაუვარდა ტყვედ და ომის დასრულებამდე ტყვეთა ბანაკში გაატარა. ომის დამთავრების შემდეგ დიმიტრი ოჯახს შეუერთდა და 1952 წელს ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ილინოისის შტატის ქალაქ პეორიაში დასახლდნენ.
როგორც ამბობენ, მალხაზ შალიკაშვილმა ინგლისური ენა ცნობილი ამერიკელი მსახიობის ჯონ უეინისა და ვესთერნების წყალობით შეისწავლა. 1958 წელს მან მანქანათმშენებლობის ბაკალავრის ხარისხი მიიღო ბრედლის უნივერსიტეტში, იმავე წელს კი შალიკაშვილები ამერიკის მოქალაქეები გახდნენ. ამის შემდეგ მალხაზი ამერიკის არმიის რიგებში ეწერება. მან მონაწილეობა მიიღო კორეისა და ვიეტნამის ომებში, რისთვისაც დაჯილდოვდა კიდევაც. ბრწყინვალე სამხედრო კარიერის წყალობით მალხაზ შალიკაშვილი გერმანიაში ამერიკული ჯარების მთავარსარდალი გახდა. 1993 წელს პრეზიდენტ ბილ კლინტონის გადაწყვეტილებით, გენერალი ჯონ მალხაზ შალიკაშვილი შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. თავისი მოღვაწეობითა და ცხოვრებით შალიკაშვილმა დაამტკიცა, რომ „ამერიკული ოცნება” ეს რეალობაა და მისი გახორციელება ნებისმიერ ემიგრანტს შეუძლია. ამ დეტალს საგანგებოდ გაუსვა ხაზი ბილ კლინტონმა, როცა მას უმაღლეს სამხედრო თანამდებობაზე წარადგენდა. კერძოდ მან აღნიშნა, რომ ამერიკა – ეს არის ძლიერი დემოკრატიის ზესახელმწიფო, სადაც თავისუფლადაა შესაძლებელი ემიგრანტების სწრაფი ინტეგრაცია, როგორც ეს ჯონ შალიკაშვილის შემთხვევაში მოხდა. 1997 წელს, 38-წლიანი სამსახურის შემდეგ, ჯონ მალხაზ შალიკაშვილი ამ თანამდებობიდან საკუთარი სურვილით თავისუფლდება. შალიკაშვილის სახელს უკავშირდება „ნატოს“ სწრაფი რეაგირების კორპუსის შექმნა, ამერიკის შეერთებული შტატების არმიაში სხვადასხვა სახის რეორგანიზაცია და ასე შემდეგ. ამერიკის შეერთებული შტატების არმიაში მხოლოდ სამ ემიგრანტს – ჯონ შალიკაშვილს, გერმანელ უოლტერ კრუგერს და კანადელ ჯორჯ ქენის – აქვს მინიჭებული გენერლის სრული წოდება (4 ვარსკვლავი). 2004 წელს შალიკაშვილი ჯონ ქერის საპრეზიდენტო კამპანიის მრჩეველი იყო. ის სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორია და აგრეთვე, ბიზნესშიც საქმიანობს.
ჯონ შალიკაშვილის უფროსი ძმა ოთარი (1935 წელი) ამერიკის შეერთებული შტატების არმიის გადამდგარი პოლკოვნიკია. 1970-1971 წლებში ის 506-ე პარაშუტისტთა ქვეითთა პოლკს მეთაურობდა. მომდევნო წლებში ოთარ შალიკაშვილი ინსტრუქტორად მუშაობდა, ხოლო 1977-78 წლებში კი შეიარაღებული ძალების მე-10 სპეციალური ქვედანაყოფის უფროსი იყო.
– რაც შეეხებათ სიმონ და კონსტანტინე სიდამონ-ერისთავებს, მათი ცხოვრება რით იყო გამორჩეული?
– პოლკოვნიკი სიმონ სიდამონ-ერისთავი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი ქვეითი დივიზიის შტაბის მეთაური იყო. ის მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში ავსტრო-უნგრული და გერმანული არმიის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლებში. 1918 წელს სიმონი საქართველოში დაბრუნდა და დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში თურქებისა და საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა. 1921 წელს, თავის ქალიშვილთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა (მას მეუღლე სრულიად ახალგაზრდა გარდაეცვალა). მრავალი სამუშაო გამოიცვალა, ერთხანს ნიუ-იორკში ვინმე ლოლაძის რადიოსახელოსნოში მოეწყო. მასთან ერთად იმ სარდაფში კიდევ ორი ქართველი – დავით და სერგო მდივნები მუშაობდნენ. 1924 წელს სიმონმა უნივერსიტეტი დაამთავრა ინჟინრის ხარისხით. ორი წლის შემდეგ მეორედ დაქორწინდა, მისი ერთ-ერთი მეჯვარე გიორგი მაჩაბელი იყო. სიდამონ-ერისთავებს ქალ-ვაჟი კონსტანტინე და ანა შეეძინათ. 1934 წელს სიმონმა გახსნა ქართული რესტორანი ,,კავკასიის არწივი”, სადაც ხშირად იმართებოდა ქართველთა შეკრებები და წვეულებანი, ხოლო სამი წლის შემდეგ გიორგი მაჩაბელთან და ირაკლი ორბელიანთან ერთად დააარსა საზოგადოება ,,ალავერდი”. ეს იყო ნიუ-იორკთან ახლოს მდებარე ორსართულიანი სახლი, სადაც იკრიბებოდნენ ქართველები. სახლს ჰქონდა დამხმარე ნაგებობები, ბაღი, საცურაო აუზი და ბოსტანი, სადაც წიწმატი, ქინძი და ტარხუნა მოდიოდა. სიკვდილამდე რამდენიმე წლით ადრე სიმონ სიდამონ-ერისთავმა მოგონებების წიგნი The Memoirs of Colonel Prionce Simon C. Sidamon-Eristoff დაწერა.
იურისტი კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი ფართო პროფილის ადამიანია, მისი პრიორტეტია გარემოს დაცვის ადმინისტრირება. მან დაამთავრა პრინსტონის უნივერსიტეტი სამთო ინჟინრის დიპლომით, შემდეგ იყო 21-თვიანი სამხედრო სამსახური, აქედან ერთი წელი – კორეაში, სადაც მან ღირსეული სამსახურისთვის ბრინჯაოს ვარსკვლავი და უფროსი ლეიტენანტის წოდება დაიმსახურა. სამხედრო სამსახურის შემდეგ მან კოლუმბიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა.
1999 წლის ოქტომბერში კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი გახდა Lacher&, Lovell Taylor-ის წევრი, სადაც ის ეწეოდა გარემოს დაცვით კონსულტაციებს, აწარმოებდა დამატებით კონსულტაციებს სანაოსნო პორტის განვითარებასა და მოდერნიზაციასთან ასოცირებული პროექტების სტრატეგიულ დაგეგმარებასთან დაკავშირებით. ამასთანავე, მის მოვალეობაში შედიოდა, წყლისა და საკანალიზაციო ნარჩენების მართვა, გარემოს დაცვითი თვალსაზრისით სახიფათო უძრავი ქონების აღდგენა, საკანალიზაციო ნარჩენების ტრანსპორტირება და ამოღებული, ნარჩენი მიწებისა და სხვა სახიფათო მასალების მართვა. ის იყო ამერიკის შეერთებული შტატების გარემოს დაცვითი სააგენტოს მეორე რეგიონის ადმინისტრატორი ბუში-უფროსის პრეზიდენტობის პერიოდში. 15 წლის განმავლობაში ის იყო ნიუ-იორკის Metropolitan Transportation Authority-ის რწმუნებული, მანამდე კი, ლინდსეის მერობის პერიოდში ნიუ-იორკის Sity Highway Commissioner and Transportation-ის ადმინისტრატორი. ის იყო ნიუ-იორკის კონსერვატიული ამომრჩევლების საგანმანათლებლო ფონდის ლიგის მდივანი და დირექტორი. ის იყო New-York State Bar Associatio’s Environmental Law Section-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, და საერთაშორისო გარემიოს დაცვითი კანონმდებლობის საკითხებში მოქმედი კომიტეტის თანათავმჯდომარე. 1994 წელს მან დააარსა ასოციაცია ,,საქართველოს ამერიკელი მეგობრები”, რომელიც საქართველოში გაჭირვებულ ოჯახებს ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.