№43 როგორი ოინი მოუწყო ვახტანგ ფალიაშვილმა ბათუ კრავეიშვილს რეპეტიციაზე
ცნობილი ქართველი მომღერალი ბათუ კრავეიშვილი ასევე ცნობილ დირიჟორს, ვახტანგ ფალიაშვილს ხშირად უწყობდა ხოლმე სხვადასხვა ოინს – ხან ნაცნობს დაარეკვინებდა და ქალთან პაემანზე გაიყვანდა, ხან ვიღაცებს მიუგზავნიდა სახლში – მალიარია და რემონტებზე მუშაობსო და ასე შემდეგ...
ფალიაშვილს ყელში ამოუვიდა ეს და გადაწყვიტა, თავადაც მოეწყო ოინი. ერთ დღეს ბათუ კრავეიშვილი ოპერაში „აბესალომ და ეთერის“ რეპეტიციაზე მივიდა, რომელშიც მურმანის არიას ასრულებდა. შევიდა დარბაზში და... ჰოი, საოცრებავ, დირიჟორი დირიჟორობდა, ორკესტრი უკრავდა, თან ფალიაშვილი, როგორც სჩვეოდა, მუსიკოსებს შენიშვნებს აძლევდა, მაგრამ ეს ყოველივე ახალმოსულ კრავეიშვილს არ ესმოდა... კრავეიშვილი საორკესტრო ორმოს რომ მიუახლოვდა, ფალიაშვილმა მას ჟესტით ანიშნა, – ამოდი და იმღერეო, თან ეს უთხრა კიდეც, რასაც კრავეიშვილი დირიჟორის ტუჩების მოძრაობით მიხვდა... მომღერალი დაიბნა, ყურებზე მიიჭრა ხელები. ამ დროს სცენაზე სხვა მსახიობებიც გამოჩნდნენ. ორკესტრმა დაკვრა გააგრძელა. მსახიობებმა სიმღერა დაიწყეს, მაგრამ კრავეიშვილს არცერთის ხმა არ ესმოდა. უცებ, გაოგნებული და შეშინებული მომღერალი ადგილს მოსწყდა, კარისკენ გაიქცა, თან ყვიროდა, – ექიმი, ჩქარა ექიმიო... ამის შემხედვარე მსახიობებმა სიცილ-ხარხარი ატეხეს და მხოლოდ მაშინღა მიხვდა კრავეიშვილი, რომ დირიჟორმა მას სამაგიერო გადაუხადა. კოლეგებსა და მსახიობებს მოელაპარაკა, რომ მათ სიმღერისა და დაკვრის იმიტაცია გაეკეთებინათ. ყოველივე ამან კი ხუმარა მომღერალზე ძალიან დიდი ეფექტი მოახდინა.
ნიკა ლაშაური