№43 დედამთილის გათხოვებამ ქმართან და მამამთილთან პრობლემები შემიქმნა
წლებია, დედამთილთან ერთად ვცხოვრობდი და არასდროს გვიწყენინებია ერთმანეთისთვის. ისე მყავდა, როგორც საკუთარი დედა. მივლიდა, ცივ ნიავს არ მაკარებდა, შვილები გამიზარდა. ქმართან კამათის დროს სულ ჩემს მხარეს იჭერდა. მასზე ცუდს ნამდვილად ვერ ვიტყვი. თუმცა, ეს ერთი წელია, ისე შეიცვალა, ისე მიშლის ნერვებს, ჭკუიდან გადავყავარ. რაც წლების განმავლობაში გამიკეთა, სულ ყელში ამომადინა. აიტეხა, საბერძნეთში უნდა წავიდეო. არადა, ჩვენს ოჯახს მატერიალურად არ უჭირს, მამამთილიც მუშაობს, ჩემი ქმარიც და მეც. ჩემი დედამთილიც მუშაობდა სკოლაში პედაგოგად, მაგრამ აიჩემა აღარ მაქვს ბავშვების ნერვებიო და თავისი სურვილით დატოვა სკოლა. მოკლედ, ვეხვეწეთ, ვემუდარეთ, მაგრამ ყური არ გვიგდო და თავისი გაიტანა. დაქალი მუშაობდა საბერძნეთში და იმან გადარია: ჩამოდი, რას ზიხარ მანდ, ქვეყანა ნახე, თან მსუბუქ სამსახურს გიშოვი და ერთად ვიქნებითო. მამამთილი ეუბნებოდა: ამ სიბერეში მარტოს ნუ დამტოვებ. კი, კარგი შვილი და რძალი მყავს, არაფერს მომაკლებენ, მაგრამ რასაც შენ გეტყვი და შენ გამიკეთებ, იმას ამათ ხომ ვერ ვეტყვი და ვერც გამიკეთებენო. ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. გააკეთა საბუთები და არალეგალურად წავიდა. იქ ჩასულს სამსახური კი დაახვედრა დაქალმა, მაგრამ საბუთები რომ არ ჰქონდა, ქუჩაში ვერ გამოდიოდა. იშვიათად გვეკონტაქტებოდა, თუმცა, რომ რეკავდა, ამბობდა, მე კარგად ვარ, თავს მიხედეთ, ფულს ვიშოვი და ჩამოვალო. ერთხელაც დარეკა და მამამთილს უთხრა: ხელი უნდა გავაწერო შენთან, აქ ისე ვერ ჩავეწერები, ვისაც ვუვლი, ის მპირდება თავის ბინაში ჩაწერას და მერე ლეგალურ საბუთებსაც გავაკეთებ და თქვენთანაც ხშირად ჩამოვალო. მამამთილი კი გადაირია, ჯერ ისე წავიდა, არ დამიჯერა და ახლა გაყრასაც მთხოვსო, მაგრამ დავარწმუნეთ, ფორმალური პროცედურაა და თუ ასე უკეთ იქნება, რა პრობლემაა. ქაღალდზე ხელის მოწერა, ამდენი ხნის თქვენს ურთიერთობას ხომ ვერ დაანგრევსო. მოკლედ, მერე გავიგეთ, თურმე, ვიღაც ასაკოვან კაცზე ნდომია გათხოვება და მისი ქონების ხელში ჩაგდება. ასეც მოიქცა, გააწერა ქმართან ხელი და ფორმალურად თუ არაფორმალურად, იმ კაცის ცოლი გახდა. ის კი, აქეთ არ უშვებს. იცის, ქმარი და შვილი რომ ჰყავს და ეშინია, იქნებ, უკან აღარ დაბრუნდესო. მოკლედ, ისე გამოვიდა, მოახლესავით ჰყავს სახლში და ფულს, ხელფასის სახით ცოლს ხომ არ მისცემს? მხოლოდ, აცმევს, აჭმევს, რესტორანი და კაფე არ აკლია ქალბატონს და დაასეირნებს აქეთ-იქით. ქმარს და შვილს ვეღარ ელაპარაკება ტელეფონზე და მე მირეკავს. ისეთ სისულელეებს მეუბნება, ჭკუიდან გადავყავარ. მეუბნება: გამოუშვი ჩემი შვილი აქ, ამ კაცს არ ჰყავს შვილები, მამობილობას გავუკეთებ და ცოტა ხნით იყავით ცალ-ცალკე, ის – აქ და შენ – მანდ და სამაგიეროდ, მომავალში უზრუნველი ცხოვრება გექნებათო. თან, შვილებს მაფიცებს, ჩემი ნათქვამი ჩემს შვილს სიტყვა-სიტყვით გადაეციო. მეც გადავეცი და ისე მაგინა, ლამის ხელით შემეხო, შენც იმის მხარეს იჭერო. მამამთილიც მე მადანაშაულებს, შენ რომ სახლში მჯდარიყავი, მუშაობა არ აგეტეხა და შვილებისთვის მიგეხედა, არ დაანებებდა ჩემი ცოლი მუშაობას თავს და არ ჩაუჯდებოდა შვილიშვილებსო. შვილსაც ჩემ წინააღმდეგ ამხედრებს. ამათ არ ვამტყუნებ, გადარეულები არიან სიტუაციით და რას ამბობენ, არ იციან, არ იაზრებენ, მაგრამ სულ იმას ვამბობ: ერთი ჩემი დედამთილის თავში ჩამახედა, თვითონ რომ ქმარი დაკარგა, ახლა შვილიც რომ უნდა წაიყვანოს და ჩემი მამამთილივით მეც მარტო დამტოვოს, ნეტავ რამ გადარია-მეთქი. ამ დედაკაცმა თავის თავი დაიღუპა, ახლა მეც მღუპავს და არც კი იცის, რას აკეთებს, ვერ ხვდება, რა სისულელეებს სჩადის. სხვის ქონებას დახარბდა, ნახა უზრუნველი ცხოვრება, გადაიდო ფეხი-ფეხზე და ჩვენზე არ ფიქრობს, რას განვიცდით მისი ამ სულელური გათხოვებით. სხვებს დასცინოდა და ამორალურებს უწოდებდა და თვითონ უარესი გააკეთა.
ნატა, 36 წლის.